კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 რა უნდა ვიცოდეთ კუჭის წყლულზე

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ზოგჯერ თორმეტგოჯა ნაწლავში ან კუჭში პეპტიკური წყლული წარმოიქმნება – ეს არის ქრონიკული, მორეციდივე დაავადება. კლასიფიკაცია ასეთია: მდებარეობის მიხედვით გამოყოფენ კუჭის, თორმეტგოჯასა და ერთდროულად ორივეს წყლულოვან დაავადებას. დაავადების განვითარების ფაზის მიხედვით – გამწვავებას, არასრულ რემისიას, რემისიას. მიმდინარეობის მიხედვით – ლატენტურ, არააქტიურ, საშუალო სიმძიმისა და მძიმე ფორმებს.
  წყლულოვანი დაავადების ძირითად მიზეზად მიიჩნევა Helicobacter Pylory, თუმცა გამოყოფენ სხვა მიზეზებსაც, მათ შორის – სტრესულ გარემოს, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების ხანგრძლივ მიღებას, კვების სტერეოტიპისა და რეჟიმის დარღვევას. მნიშვნელოვან როლს ასრულებს თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, გენეტიკურად დეტერმინირებული მდგომარეობა და მემკვიდრეობითი განწყობა. საყურადღებოა, რომ წყლული უფრო ხშირად პირველი ჯგუფის რეზუსდადებითი სისხლის პატრონებს უჩნდებათ.
  ასეთ დროს ადამიანები ხშირად უჩივიან ბოყინს, გულძმარვას, ენაზე ნადებს, ტკივილის გადაცემას ზურგში ან მკერდში. ტკივილის ლოკალიზაცია წყლულის ლოკალიზაციასა და დაავადების ფაზაზეა დამოკიდებული. როდესაც წყლული კუჭის მცირე სიმრუდეზეა ლოკალიზებული, ტკივილი ხშირად აღმოცენდება მახვილისებრი მორჩის ქვეშ. პილორუსთან და თორმეტგოჯა ნაწლავში ლოკალიზაციისას – ეპიგასტრიუმის მიდამოში. კუჭის კარდიული ნაწილის წყლულის შემთხვევაში ხშირად აღინიშნება ტკივილი გულმკერდის არეში მარცხნივ. პოსტბულბური წყლულის დროს ტკივილი ზურგსა და მკერდის არეში იჩენს თავს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია წყლულოვანი დაავადების დიფერენცირება სტენოკარდიისა და მიოკარდიუმის ინფარქტისგან.
  წყლულოვანი დაავადების დროს ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს რამდენიმე ფაქტორი, რომელთაგან მნიშვნელოვანია კუჭის მოტორული ფუნქცია, სეკრეციის გაძლიერება და კუჭის წვენის მჟავიანობის მომატება. წყლულოვანი დაავადების დროს ტკივილს ახასიათებს რიტმულობა, კვებასთან კავშირი, პერიოდულობა და გამწვავების სეზონურობა. კვებასთან დაკავშირებული ტკივილი შეიძლება იყოს ადრეული და მოგვიანებითი, ღამისა და „მშიერი“. ადრეული ტკივილი აღმოცენდება საკვების მიღებიდან 0,5-1 საათის შემდეგ, გრძელდება 1,5-2 საათი და ნელდება კუჭის შიგთავსის ევაკუაციის შემდეგ. ასეთი ტკივილი დამახასიათებელია კუჭისა და მისი ზედა ნაწილის წყლულოვანი დაავადებისთვის. მოგვიანებითი ტკივილი თავს იჩენს საკვების მიღებიდან 1,5-2 საათის შემდეგ, ღამის ტკივილი – ღამით, ხოლო მშიერი ტკივილი – კვებიდან 6-7 საათის შემდეგ, საკვების მიღების შემდეგ კი გაივლის. მოგვიანებითი, ღამისა და „მშიერი“ ტკივილი დამახასიათებელია კუჭის ანტრალურ ნაწილში ლოკალიზებული ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისთვის. „მშიერი“ ტკივილი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის არც ერთ სხვა დაავადებას არ ახასიათებს. მოგვიანებითი ტკივილი შესაძლოა თან ახლდეს ქრონიკულ პანკრეატიტს ან ენტერიტს, ღამისა – კუჭუკანა ჯირკვლის კიბოს. ტკივილის ხასიათი და ინტენსივობა სხვადასხვაგვარია. განასხვავებენ ყრუ, მოვლით, მწველ, მსერავ, მბურღავ, შეტევით ტკივილებს. ათიდან სამ შემთხვევაში ტკივილი საკმაოდ ინტენსიურია. ტკივილის კუპირება ხშირად ხდება ანტაციდების, რძის, საკვების (განსაკუთრებით – „მშიერი“ ტკივილის შემთხვევაში) მიღების ან ღებინების შემდეგ.
  სწორად შერჩეული რაციონის გარეშე მკურნალობა შეუძლებელია. საწყის ეტაპზე საჭიროა მკაცრი დიეტა. უნდა დავიცვათ კვების ჯერადობაც. სასურველია, კვება დღეში საშუალოდ 5-6-ჯერ, მცირე ულუფებით, 3-4-საათიანი შუალედებით. რაციონიდან უნდა ამოვიღოთ მწარე, მჟავე, ცხიმიანი პროდუქტები. საკვები თერმულად კარგად უნდა იყოს დამუშავებული. მან არ უნდა გააღიზიანოს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსი, არ უნდა იყოს უხეში, მეტისმეტად ცხელი ან ცივი. არ უნდა გამოიწვიოს კუჭის წვენის გაძლიერებული გამოყოფა. აუცილებელია, შეიზღუდოს სუფრის მარილის მიღება დღეში 10-12 გრამამდე. ლუკმა კარგად უნდა დაიღეჭოს და დაქუცმაცდეს პირის ღრუში. თუ წყლულოვანი დაავადების გამო სამკურნალო დიეტას იცავთ, ეცადეთ, დღეში მიიღოთ 3 000-3 200 კილოკალორია, რაც მოიცავს 100-110 გრამ ცხიმს, 100 გრამ ცილას, 400-450 გრამ ნახშირწყლებს.

скачать dle 11.3