№43 კაკლის სამკურნალო თვისებები
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
კაკალი, როგორც ამბობენ, სიცოცხლის ხე, ტვინის დღესასწაული, ენერგიის აკუმულატორი და უნივერსალური წამალია.
ხალხურ მედიცინაში კაკალი ძველთაგანვე გამოიყენებოდა. ჰიპოკრატე კაკლის წენგოს ნახარშით ასკარიდა ჭიებს გამოდევნიდა, ავიცენა რეკომენდაციას უწევდა დანაყილი ნიგვზისა და თაფლის ნარევის გამოყენებას ტუბერკულოზის დროსა და იმუნიტეტის დაქვეითების შემთხვევაში.
კაკალი, მის უზომო სარგებლობასთან ერთად, სიფრთხილითაც უნდა გამოიყენოთ. მაგალითად, არ არის სასურველი, ბავშვმა ნიგოზი 12 თვეზე ადრე მიიღოს. ალერგიულ ბავშვებთან კი მხოლოდ 24-36 თვის შემდეგ შეგვიძლია ჩავრთოთ კვების რაციონში, ისიც, მცირე რაოდენობით. ბავშვებისთვის, განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებისთვის, ნიგოზი ძალიან სასარგებლოა. მათი გონებრივი განვითარებისა და იმუნიტეტისთვის 5-6 ლებანი ნიგოზი სავსებით მისაღები დოზაა.
არ შეიძლება ნიგვზის შემცველი კერძების ყოველდღიურად ჭამა, რადგან ხშირად ნაღვლის ბუშტის გაღიზიანებას იწვევს. ალბათ, იცით, რომ ნიგვზის დაუმუშავებლად ჭამა გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე უკვე კერძებში გამოყენებული – მოხარშული და ასე შემდეგ, რადგან ასეთი სახით ის უფრო მეტად აღიზიანებს ორგანიზმს.
აბიტურიენტებს ურჩევენ, დილით უზმოზე მიიღონ გატარებული ნიგვზის, თაფლისა და ქიშმიშის 1 ჩაის კოვზი ნარევი, ეს აგიმაღლებთ განწყობას, გაგიძლიერებთ იმუნიტეტს.
კაკლის ფოთლებში შედის ფლავინოიდები, გლიკოზიდები, C ვიტამინი, კაროტინი, ეთერზეთები, ორგანული მჟავები და სხვა. ახალი ნაყოფის მწვანე ქერქში აღმოჩენილია A, B, C, P ვიტამინები, ეთერზეთები, შაქარი და სხვა სასარგებლო ნივთიერებები. ის ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ასტიმულირებს სისხლძარღვების მუშაობას. გარდა ამისა, ხელს უშლის სისხლში თრომბების წარმოქმნასა და არეგულირებს არტერიულ წნევას. ნაყენი, რომელიც მწვანე კაკლისგან მზადდება გამოიყენება გულის იშემიური დაავადებების – სტენოკარდიის, არითმიის, გულის შეტევის პრევენციისთვის და სამკურნალოდაც.
ნიგვზისგან დამზადებული ზეთი გამოიყენება კოსმეტოლოგიაში არა მხოლოდ სამკურნალო, არამედ კოსმეტიკური მიზნით. მას აქვს კანის გამაახალგაზრდავებელი ეფექტი, აძლიერებს თმასა და ფრჩხილებს. ამ ზეთს ახასიათებს რეგენერაციული თვისებები. ადვილად შეიწოვება, არ ტოვებს კვალს და კანს აბრეშუმივით ნაზს ხდის.
ნიგვზის ზეთი ორგანიზმში იოდის დონეს აბალანსებს. იოდი კი, მოგეხსენებათ, ადამიანის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესებს არეგულირებს. სწორედ მისი შემცველობის გამო გვიშავდება ხელები, როდესაც კაკალს ვარჩევთ. ეს მიზეზები ხსნის, თუ რატომ არის კაკალი სასარგებლო პროდუქტების ჩამონათვალში. მისი მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაშია საშიში, თუ დიდი რაოდენობით შეჭამთ. საკმარისია, 3-5 ცალი კაკალი, რომ ლამაზი და ჯანმრთელი სხეული შეინარჩუნოთ.