№43 სიყვარულის კანონები
ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე
სიყვარული არსებობს და რა თქმა უნდა, სიყვარულის კანონებიც მუშაობს. მთავარია, ვიპოვოთ გზა ჩვენთვის სასურველი ადამიანის გულამდე და შევქმნათ მშვიდი, უსაფრთხო, რომანტიკული ურთიერთობა. რა არის ამისთვის აუცილებელი? უკუაგდეთ სტერეოტიპები, რომლებიც ხელს გიშლიან სიყვარულში.
დავივიწყოთ მოძველებული აზრი, რომ სიყვარულს, უბრალოდ, შემთხვევით შეიძლება გადაეყაროთ – სიყვარული მისტიკა არ არის. ის რეალური, მიწიერი გრძნობაა. ანუ, სიყვარულის წესების შესწავლაც შესაძლებელია. დაიჯერეთ – თქვენ უფრო მეტი კონტროლი გაქვთ ემოციებზე, ვიდრე გგონიათ. ამის გაცნობიერება ურთიერთობის დალაგებაში დაგეხმარებათ.
ეცადეთ, ყოველდღე მოითხოვოთ ყურადღება ან სიყვარული. ჩვენ არ ვართ მოწყობილნი ისე, რომ მხოლოდ საკუთარი თავი ვიმყოფინოთ. სიყვარული გადარჩენის უძველესი და გამოცდილი ხერხია. ბევრად ბედნიერი, ჯანმრთელი, მშვიდი იქნებით, უფრო დიდხანსაც იცოცხლებთ, თუ საყვარელ ადამიანებთან თქვენს ურთიერთობას შეუწყობთ ხელს. სიყვარულის მოთხოვნილება სიძლიერის ნიშანია.
როდესაც თავს ცუდად გრძნობთ, უთხარით ამის შესახებ თქვენს პარტნიორს, გაუზიარეთ მას ემოციები. სიყვარული ის სივრცეა, სადაც თავის შეფარება და ემოციური ბალანსის პოვნა შეგიძლიათ. დამტკიცებულია, რომ საყვარელი ადამიანის ხელის მოკიდებაც კი დაგამშვიდებთ და შიშებს გაგიქრობთ. გახსნილობა ძლიერი, მყარი ურთიერთობების ფუძეა.
გაუზიარეთ ერთმანეთს – როდის ხართ ყველაზე მეტად კმაყოფილი ურთიერთობით და როდის განიცდით მარტოობას?
ჩხუბის, კამათის დროს ეცადეთ, სიტუაცია უცხო თვალით დაინახოთ. შეიძლება, ეს ჩვეულებრივი სიგნალია, რომელსაც პარტნიორის მიმართ გასცემთ. მას ან კრიტიკა ესმის და უკან იხევს ან თავადაც შეტევაზე გადმოდის. გაარკვიეთ, რამდენად სწორად ამოიცანით ერთმანეთის ემოციები და ისაუბრეთ აღქმაზე და ემოციის გამომწვევ მიზეზებზე. გჭირდებათ კომფორტი, თავდაჯერებულობა, მხარდაჭერა ან მესიჯი იმის შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანი ხართ თქვენი პარტნიორისთვის. თუ ამის გაზიარება გიჭირთ, აუხსენით, რამდენად რთულია ეს თქვენთვის და რა გბოჭავთ.
გახსოვდეთ, ემოციური ტრავმა ურთიერთობებისთვის ძალიან საზიანოა. ერთმანეთისთვის ზიანის მიყენება ადვილია. ნებისმიერი წყენა შეიძლება, ტრავმად იქცეს. ადამიანის ტვინი ამ წყენებს, როგორც ფიზიკურ ტკივილს, ისე აღიქვამს. ჰკითხეთ თქვენს რჩეულს, აქვს თუ არა გულში შენახული წყენა. ეს თავისით არ გაივლის. ზოგ ოჯახში ემოციების გამოხატვას ერიდებიან, შესაბამისად, ასეთ ოჯახებში აღზრდილ ადამიანებს თავადაც უჭირთ გახსნილობა, ზოგან პირიქით – ზედმეტად ემოციურები არიან. გაიგეთ მეტი თქვენი პარტნიორის შესახებ, ეს ძალიან გაგიადვილებთ მასთან ურთიერთობას. ფაქტია, როდესაც ვინმეს მხარდაჭერას გრძნობენ, უფრო თავდაჯერებულები და გაბედულები ხდებიან, მიზნებსაც უფრო მარტივად აღწევენ და იმედგაცრუებებიც ნაკლებად აქვთ. შექმენით პატარა რიტუალები თქვენი სიყვარულის გამოსახატავად. ეს შეიძლება, იყოს კოცნა დილით, სახლიდან გასვლისას ან 10-წუთიანი მხოლოდ მისთვის დათმობილი დრო სახლში მისვლისას. ამ დროს ყველანაირი საქმე, პრობლემებზე ფიქრი ან ყურადღების გადატანა მობილურ ტელეფონზე აკრძალულია!
მაღალქუსლიანი
ფეხსაცმელი
ძალიან ბევრ ქალს მოსწონს მამაკაცი, რომელიც მასზე ბევრად მაღალია. ამის მიზეზი შესაძლოა, ისიც იყოს, რომ ასეთ შემთხვევაში, ქალბატონები მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს უფრო თამამად ჩაიცვამენ და იმაზე არ იდარდებენ, რომ პარტნიორზე მაღალი გამოჩნდებიან. ახალი კვლევის მიხედვით, თუ რომანტიკულ პარტნიორებში მამაკაცი ქალზე გაცილებით მაღალია, ეს ურთიერთობის ბედნიერების განმსაზღვრელია.
ნამდვილად შეუძლია თუ არა მაღალ მამაკაცს ქალის გაბედნიერება? ამ კვლევაში ჩართული ქალებიდან 70 პროცენტმა უპასუხა – „დიახ“. ფსიქოლოგიური კვლევებით დადგინდა, რომ ქალები მაღალ კაცებს უფრო სანდოდ და საიმედო პარტნიორებად მიიჩნევენ, რადგან მათი დაცვა ყველა სიტუაციაში შეუძლიათ. შესაძლოა, ამის მიზეზი ის იყოს, რომ მაღალი კაცები უფრო თავდაჯერებულები არიან. ამავდროულად, ქალების აზრით, მაღალი მამაკაცები უფრო მომხიბვლელები არიან, ხოლო მომხიბვლელი პარტნიორის გვერდით ყოფნა ქალს განსაკუთრებით აბედნიერებს.
ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ დაბალი მამაკაცის გვერდით ქალი ბედნიერი ვერ იქნება და რომ დაბალი კაცები მომხიბვლელები არ არიან. ვერანაირი კვლევა ზუსტ მტკიცებულებად ვერ გამოდგება. მაგრამ ბევრმა ფაქტმა დაადასტურა, რომ ძალიან ბედნიერები არიან ის წყვილებიც, რომელთა შორისაც ქმარი დაბალია, ხოლო ცოლი – მასზე მაღალი. შედეგად კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წყვილის ბედნიერებაზე გავლენას, უბრალოდ, პარტნიორებს შორის სიმაღლეში სხვაობა ახდენს.