კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 რას გვასწავლის ქორწინება და რას განიცდიან წყვილები ერთად ცხოვრების ბევრი წლის შემდეგ

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  მრავალწლიანი ქორწინება გამოცდილებასაც მიგაღებინებს და ბევრ რამესაც გასწავლის. ასეთ დროს ხდება ფასეულობების გადაფასება, ღირებულებების შეძენა და კონკრეტული პრიორიტეტების შეცვლა. წლები რომ გადის, ოჯახის ფასსაც უკეთ იგებ და ხვდები, რატომ უნდა იბრძოლო მის შესანარჩუნებლად. აცნობიერებ, რას ნიშნავს შენთვის ეს ურთიერთობა. წყვილები, რომლებიც ხანგრძლივად ცხოვრობენ ერთად ერთმანეთს ემსგავსებიან. რა თქმა უნდა, ეს კარგია. მსაგვსება ნიშნავს თანამოაზრეობას, ჰარმონიულ ურთიერთობას და ბედნიერ თანაცხოვრებას.
  ლილიკო (32 წლის): როცა ხელი მთხოვა და მეც თანხმობით ვუპასუხე,  20 წლისანიც არ ვიყავით. ეს ასაკი ახლა ქორწინებისთვის  შეუფერებლად მიმაჩნია, მაგრამ მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი უდიდესი სიყვარული საკმარისი იყო ბედნიერებისთვის.
– მარტო თქვენი სიყვარული?
– ჩვენი გრძნობა ორმხრივი იყო, ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა და ერთი დღეც კი ვერ ვძლებდით უერთმანეთოდ. მაგრამ, თურმე, ეს ძალიან ცოტაა ოჯახის შესაქმნელად.
– თუ არა სიყვარული, სხვა რა შეიძლება ედოს საფუძვლად ოჯახს?
– მე თორმეტი წელია, გათხოვილი ვარ და ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე. ფსიქოლოგი არ ვარ, მაგრამ სწორედ საკუთარ ცხოვრებასა და ჩვენს ურთიერთობაზე დაკვირვებამ მომცა საშუალება, ქორწინების შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გამეკეთებინა.
–  ძველი სტერეოტიპები დაანგრიეთ და ახალი ჩამოაყალიბეთ?
– ამხელა ამბიცია არ მაქვს, თუმცა, ვფიქრობ, ჩემი დაკვირვების შედეგები ბევრს გამოადგება. მაგალითად, რამდენიც უნდა ილაპარაკონ გენდერის დამცველებმა და როგორი პროგრესულად მოზროვნე ქმარიც უნდა გყავდეს, ოჯახური მოვალეობების თანაბრად განაწილება გამორიცხულია. ქალს გაცილებით მეტი საქმე აქვს ოჯახში. თავიდან ჩემი  ქორწინება თამაშივით იყო. „მე გავაკეთებ ამას, შენ – იმას, მე თუ ხუთ პუნქტს ჩამოვწერ და საკუთარ თავზე ავიღებ, შენც მინიმუმ  ხუთი  საქმე უნდა გააკეთო. ეს არ შეიძლება. ნურასოდეს მიუდგებით ოჯახურ ყოფას ციფრებით. ოჯახი და ურთიერთობა თამაში არ არის. ზოგჯერ საქმის განაწილება 90/10-ზეც შეიძლება იყოს, არავინ იცის წინასწარ, რომელს რა ტვირთის ზიდვა მოუწევს. სწორია, როცა ცოლ-ქმარი ერთმანეთს გაკეთებულ საქმეებს არ უთვლის. რა თქმა უნდა, თუ ერთი,  საერთოდ, წამოწოლილი არ არის.   
– ანუ, საქმეების გადანაწილება პრობლემას ქმნის?
– გააჩნია, ამას როგორ შევხედავთ. მოვალეობები ნამდვილად არის პრობლემა ოჯახური რომანტიზმისთვის. ქორწინების პირველ ხანებში კიდეც ვსეირნობდით და სანთლების შუქზეც ვვახშმობდით. როცა შვილები გვეყოლა, იმდენი მოვალეობა დაგროვდა, რომ ურთიერთობაში ცეცხლის შენარჩუნებას ვეღარ ვახერხებდით. ამან შედეგად ის მოიტანა, რომ ბევრჯერ გავცივდით ერთმანეთის მიმართ. მერე, თანდათან, მივხვდით და თქვენც გეუბნებით, რომ ცეცხლის შესანარჩუნებლად აუცილებლად პარიზში მოგზაურობა არ არის საჭირო. ადგილობრივადაც  შეიძლება „გაძრომა“, ერთი საღამოთი ძიძასაც „გაუძლებენ“ ბავშვები და მზრუნველ ბებიასაც. ერთი სიტყვით, თუნდაც ხშირად არა, მაგრამ თავგადასავალი მაინც აუცილებელია. წვრილმანებს, სინამდვილეში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
– ანუ, ოჯახური თანაცხოვრების საფუძველი არის...
– გაძლება – ამაზე ზუსტი სიტყვა არ არსებობს. იმის თქმა, რომ ეს სიყვარულია,  ძალიან ადვილია. რეალური ცხოვრება ქაოტური და რთულია. ამიტომ, როცა ოჯახში მძიმე დღეებია, მოთმინება გამოიჩინეთ. ღირსშესანიშნავ მომენტებს ცოლ-ქმარს რა გამოულევს, თუმცა, ძირითადი ცხოვრება მაინც რუტინულ ყოფაში გადის. მოვა დრო და თქვენც ინანებთ, რომ სამუშაოს გამო ბევრი წვრილმანი, მაგრამ ლამაზი მომენტი გამოტოვეთ. რას იზამთ, ასეთია ცხოვრება. მაგრამ შეეცადეთ, ყოველი თავისუფალი წუთი გაატაროთ საყვარელ ადამიანებთან.  დღეს თამამად ვიტყვი, რომ  სიახლოვე და გვერდით ყოფნა სულ სხვადასხვა რამეა. ტელეფონში ყურების ნაცვლად, ერთმანეთს თვალებში ჩახედეთ, „ფეისბუქის“ პოსტების ნაცვლად კი ერთმანეთს მოუსმინეთ. რაც მთავარია, ნუ ჩაებმებით  მეუღლესთან  პაექრობაში. ცხოვრება უკეთესი ხდება, როცა სხვაზეც ზრუნავ. რატომ არ უნდა იზრუნო საყვარელ მეუღლეზე? ქორწინებაში ხშირად ვექცევით ერთმანეთს უსამართლოდ და თანაც, ამას არ ვაღიარებთ. ვიტყუებით, რომ თავი დავიძვრინოთ, გვავიწყდება მნიშვნელოვანი თარიღები, ვბრაზობთ. თავის დასაძვრენად ტყუილის მოფიქრებასა და გაღმა შედავებას სჯობს, ალალად ჰკითხოთ: „მაპატიებ?“ ასეთი ბოდიშები ქორწინებას უფრო ამყარებს, ზუსტად ამ „მაპატიეს“ მივყავართ შერიგებისკენ.
– სიყვარულზე არაფერი ვთქვით. არ არის მნიშვნელოვანი?
– როგორ არ არის მნიშვნელოვანი. არაფერი ისე არ იცავს ქორწინებას, როგორც სიყვარული. ეს გრძნობა ყოველთვის იმარჯვებს, აქრობს ეჭვებს, ამარცხებს შიშს, სწორედ ის გვიბიძგებს ყველაზე დიდი საქმეებისკენ. ოღონდ, თუ ნამდვილად სიყვარულია.

скачать dle 11.3