№43 რა სცენარით ვითარდება მოვლენები ახლო აღმოსავლეთში და რა გაკვეთილი ჩაატარეს სირიელმა ქურთებმა ქართველებისთვის
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ახლო აღმოსავლეთში მოვლენები ელვის უსწრაფესად განვითარდა, მას შემდეგ, რაც თურქეთის, რუსეთისა და ირანის პრეზიდენტებმა ერთობლივი სამიტი ჩაატარეს და მტკიცედ გადაწყვიტეს, მხარი დაუჭირონ სირიის ტერიტორიულ მთლიანობას და ალაგმონ სეპარატიზმი (იგულისხმება ქურთული) და ამისკენ ცივილიზებულ მსოფლიოსაც მოუწოდეს, თურქეთის სახელმწიფომ სირიელი ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია წამოიწყო და, მიუხედავად იმისა, რომ დიდწილად სწორედ ქურთების ანგარიშზეა ისლამური სახალიფოს განადგურება, იმთავითვე ცხადი იყო, რომ თურქეთის სამხედრო მანქანას ამერიკელების მიერ რაოდენ კარგად შეიარაღებული და პრაქტიკაში გამოცდილებამიღებული ქურთი მებრძოლები ჯეროვან წინააღმდეგობას ვერ გაუწევდნენ. ამასობაში კი, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებში აშშ-მა გვერდზე გაიწია (საკუთარ ამბებს უნდა მივხედოო), ევროკავშირი კი კარგა ხანია, ჩაწეულია და ქურთები, ფაქტობრივად, მარტონი დარჩნენ. თუმცა მოვლენები მოულოდნელი სცენარით განვითარდა, სირიელი ქურთების დასახმარებლად ასადის სამხედრო ნაწილები გაემართნენ, რამაც ახლო აღმოსავლეთის ომის თეატრში დამატებითი შტრიხი შეიტანა. ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით, რა პროცესები ვითარდება ახლო აღმოსავლეთში, ოღონდ ერთი შეხედვით, რჩება შთაბეჭდილება, რომ აშშ-მა თავისი მოკავშირე ქურთები მიატოვა, მეორე მხრივ კი, დათმო პოზიციები ახლო აღმოსავლეთში, რაც, ცხადია, აჩენს კითხვას, რა ბედი ეწევა საქართველოს უსაფრთხოებას, იმას გარდა, რომ სამთა (რუსეთი, თურქეთი, ირანი) შეთანხმება სამხრეთ კავკასიაზეც ხომ არ გავრცელდება, რომლის ყველაზე მოწყვლადი რგოლი საქართველოა? – ამ თემას ახლო აღმოსავლეთის საკითხთა ექსპერტთან, ვასილ პაპავასთან ერთად განვიხილავთ.
– როგორი პრეცედენტია, რაც დაემართათ ქურთებს?
– ბევრი კომენტარი ვნახე, თუ ვინ როგორ აღიქვამს ამერიკელების გასვლას ახლო აღმოსავლეთიდან და ძირითადად, ასეთი აზრია, რომ ამერიკელებმა მიატოვეს ქურთები. ჯერ ერთი, ქურთებით განსახლებული არეალი არ არის სახელმწიფო, ისინი ოთხ სახელმწიფოში სახლობენ, სადაც არიან ეთნიკური უმცირესობები. ამ ოთხიდან ორი დაშლილია, ორი კი უძლიერესი რეგიონული სახელმწიფოა – ირანი და თურქეთი. ანუ ამერიკამ უნდა აიღოს ვალდებულება, რომ დაშალოს ირანი და თურქეთი, ამას მოაყოლოს სამხედრო და ფულადი რესურსი, რომ ერთიანი ქურთისტანი შედგეს?! მაგრამ ერთიანი ქურთისტანი ვერ შედგება, იქიდან გამომდინარე, რომ ლინგვისტურად, კულტურულად, ტომობრივად, რელიგიურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. თუმცა თურქეთსა და სირიაში, ძირითადად, მონათესავე ქურთები ცხოვრობენ.
– ეს გასაგებია, მაგრამ, მეორე მხრივ, ქურთები, მათ შორის, უპირველესად, სირიელი ქურთები, არის ხალხი, რომლებიც იბრძოდნენ ისლამური სახალიფოს წინააღმდეგ. მოკავშირეს არ აქვს ვალდებულება, რომ ასეთი ხალხი პირისპირ არ დატოვოს მსოფლიოს შეიარაღებული ძალების ათეულში მყოფი სახელმწიფოს სამხედრო მანქანის პირისპირ? არ მგონია, ეს სწორი იყოს.
– ტრამპის ადმინისტრაცია სხვაგვარად ფიქრობს. ასე თუ შევხედავთ საკითხს, არც კარტერის ადმინისტრაციას უნდა აენთო მწვანე ისლამისტებისთვის, რომლებმაც გაანეიტრალეს შაჰის არმია და დაემხო ირანის მონარქია. ამის მერე მოვიდა ის ძალა ირანში, რომელსაც ვერ აკავებენ, ოღონდ აღარავინ იხსენებს, თუ როგორ მოვიდნენ ის ძალები ირანის ხელისუფლებაში. შეუძლებელი იქნებოდა შაჰის რეჟიმის დამხობა, გარედან რომ არ ყოფილიყო მანიპულაციები. ისევ ქურთებს დავუბრუნდეთ: მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი უსამართლობა, რაც მეორე მსოფლიო ომამდე, ოსმალეთის იმპერიის დანგრევის შემდეგ მოხდა, იყო ის, რომ ქურთებს არ მისცეს გარკვეული არეალი სახელმწიფოს შესაქმნელად. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მუსტაფა ბარზანი, ერაყის ქურთისტანის პრეზიდენტის, მასუდ ბარზანის მამა, ერაყში ჩავიდა საქართველოს გავლით, ანუ საბჭოთა კავშირი ცდილობდა ქურთების სათავისოდ გამოყენებას, მაგრამ, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ ანტიდასავლური, ნაციონალისტი ძალები, საბჭოთა კავშირმა „გადააგდო“ ქურთები. რაში სჭირდებოდა ქურთების უფლებების დაცვა, როდესაც შეეძლო, ეთანამშრომლა ახალ ხელისუფლებასთან, თან, ქურთების მხარდაჭერა იმ პერიოდში გამოიწვევდა დანარჩენ არაბულ ქვეყნებთან ურთიერთობის გაფუჭებას. ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც გასული საუკუნის 50-ანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, რჩება თავის პოზიციაზე, არის ისრაელი.
– ისრაელმა ახლაც დაუჭირა მხარი ქურთებს.
– დიახ, ისრაელი არ ღალატობს თავის პრონციპებს და ყოველთვის დაეხმარება ქურთებს. მცირე ისტორიული ექსკურსი თუ არ გავაკეთე, დღევანდელ ვითარებას მართებულად ვერ გავაანალიზებთ. ამერიკამ კი არ მიატოვა ქურთები, არამედ ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე ქურთების აშკარა მხარდაჭერა თურქების საწინააღმდეგოდ, არ ღირს და, ფაქტია, რომ ქურთები ამ ეტაპზე თურქეთის უსაფრთხოებისთვის არის ნომერ პირველი საფრთხე და გამოწვევა. თუ შეიქმნა სირიის ქურთისტანის ავტონომიური ერთეული მძლავრი შეიარაღებული ძალებით, ეს მისაბაძი იქნება თურქეთის ქურთებისთვისაც, რომლებიც ათეულობით წელია, უპირისპირდებიან თურქეთის სახელმწიფოს. ამდენად, თურქეთის გადმოსახედიდან, გასაგებია თურქეთის ქმედება. მეორე საკითხია, თურქეთმა რამდენად შეუწყო ხელი ათობით ათასი „ბოევიკის“ გადასვლას თავისი ტერიტორიიდან ქურთებით დასახლებულ ტერიტორიაზე. ისინი აწიოკებდნენ ქურთებს და ამანაც უბიძგა, ხელში აეღოთ იარაღი. სხვათა შორის, 2012 წელს შედგა შეთანხმება სირიელი ქურთების შემორიგების შესახებ და მათ გადაეცათ ასადის სამხედრო ძალების შეიარაღება, იმიტომ რომ ასადის ძალები ვერ სწვდებოდნენ მთელი ტერიტორიის კონტროლს და ჩაითვალა, რომ ანტითურქულად განწყობილი ქურთები მათთვის ნაკლები თავისტკივილი იქნებოდა იმ პერიოდისთვის. ახლა სიტუაცია შეიცვალა და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კვანძი იხსნება, იმ თვალსაზრისით, რომ წინა პლანზე გამოჩნდნენ ის მოთამაშეები, რომლებიც თავიდანვე იყვნენ ამ კონფლიქტში ჩართულები: რუსეთი, თურქეთი და ირანი, რომელიც მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლება, თუმცა წარმოდგენილია სირიაში თავისი შიიტი მოხალისეებით. მანამდეც ჩანდნენ ისინი, მაგრამ ახლა უკვე გამოჩნდა მათ შორის საქმეების გარჩევა. დღეს არავინ ლაპარაკობს სირიის თავისუფლების არმიაზე, სხვა დაჯგუფებებზე, რომლებიც ბაშარ ასადს ებრძვიან. წინა პლანზეა რეგულარული არმიების ჩართულობა: თურქეთის არმია ებრძვის ქურთების სამხედრო დაჯგუფებებს. აქეთ არის ბაშარ ასადის არმია, რომლის უკანაც რუსეთი და ირანი დგანან, ამერიკამ კი გადაინაცვლა უკანა პლანზე.
– „ნატოს“ გენმდივანმა თქვა, რომ თურქეთი რჩება მის წევრად და, მიუხედავად იმისა, რომ პუტინი, ერდოღანი და როუჰანი შეთანხმდნენ სირიის ტერიტორიულ მთლიანობასა და ასადის მხარდაჭერაზე. როდესაც თურქეთის რეგულარული ჯარის ნაწილებმა და პროთურქულმა სამხედრო ნაწილებმა ქურთებს უკან დაახევინეს, ქურთების დასახმარებლად გამოვიდა ასადის არმია. უცნაური კომბინაცია არ არის თურქეთისთვის?
– როგორც ჩანს, მომწიფდა სიტუაცია, რადგან თურქეთმაც გადადგა სხვებისთვის მიუღებელი ნაბიჯები. ორი წლის წინათ შესთავაზა რუსეთმა ქურთებს, ეღიარებინათ ასადის ხელისუფლება, ანუ დაბრუნებულიყვნენ სირიის მმართველობაში, მაგრამ ქურთებმა უარი თქვეს, იმიტომ რომ მათ ზურგს უკან იყვნენ ამერიკელები, რომლებმაც გადასცეს სამხედრო ტექნიკა და შეუქმნეს 60 000-ანი სასაზღვრო ძალები, რასაც მოჰყვა თურქეთის რეაქცია. თავისთავად, თურქეთი ამას ვერ შეეგუებოდა, მათი გადმოსახედიდან ვამბობ, როდემდე უნდა უყურონ ქურთების გაძლიერებას?! თურქეთის ხელისუფლების უპირველესი ამოცანაა ქურთების გასამხედროებული ნაწილების განიარაღება და ზუსტად ამას ემსახურება ბუფერული ზონის შექმნის მცდელობა, სირიელი სამ-ნახევარი მილიონი დევნილის, რომლებიც თურქეთში ცხოვრობენ, ჩასახლება ამ რეგიონში და ამ საფრთხის განეიტრალება. ამას გარდა, თურქეთის ეს ნაბიჯი შეთანხმებული იქნებოდა რუსეთთან, პუტინთან ერდოღანი მუდმივ კოორდინაციაშია და პუტინის შემწყნარებლური განცხადებებით ეს ჩანს. მაგრამ აქ შეიძლება, დაემთხვეს ინტერესები, იმიტომ რომ რუსეთი, თურქეთი და ირანი დაინტერესებულები არიან აშშ-ს თამაშგარედ დატოვებით. ამერიკის სამხედრო ნაწილების გასვლით ქურთებს რჩებათ ერთადერთი ვარიანტი – თურქებთან ისინი ვერ მორიგდებიან, შეთანხმდნენ ასადთან, რაც უკვე შედგა და ეს მოსალოდნელიც იყო. ვნახეთ, რამდენი მნიშვნელოვანი საკვანძო ქალაქი გადავიდა ასადის კონტროლქვეშ. იქ დღეს არსებულ მოთამაშეებს მოუწევთ ტერიტორიის გადანაწილება, ოღონდ სხვა საკითხია, მორიგდებიან თუ არა ისინი. მგონი, ყველა მხარეს ესმის, რომ ერთმანეთთან დაპირისპირება არც ერთ მათგანს შედეგს არ მოუტანს. გამოდის, რომ რუსეთი დიდ ბონუსს იღებს რეგიონულსა და საერთაშორისო დონეზე.
– აშშ-მა რომ ჩაიწია და ჯარი გაჰყავს ახლო აღმოსავლეთიდან, ჩვენ ხომ უფრო დაუცველები ვრჩებით? ახლო აღმოსავლეთს რომ გაინაწილებენ, ჯერი სამხრეთ კავკასიაზე მოდგება.
– ეს ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს, იმიტომ რომ არ შეიძლება ჩვენი ვითომ პოლიტიკოსების რიტორიკის მიყოლა, რომ მხოლოდ „ნატო“ და ამერიკაა ჩვენი ხსნა. დაგეხმარებიან იმ დონეზე, რა დონეზეც ეს ჯდება მათ ეროვნულ ინტერესებში, მაგრამ ჩვენს ინტერესებში თუ ჯდება სახელმწიფოსა და ძლიერი არმიის შექმნა?! მე ვერ ვხედავ მსგავსს. თავდაცვის ახალი მინისტრის განცხადებით იმედი ჩაისახა, მაგრამ შეიძლება, ეს დარჩეს ფურცელზე, რადგან კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი. ისეთი ძალები ამოტივტივდნენ ჩვენი არმიის დისკრედიტაციისთვის, რაც ბევრ ეჭვს ბადებს. ვგულისხმობ „გირჩს“. ეს არის ძალა, რომელიც ურტყამს ჩვენი არმიისა და ძალოვანი უწყებების რეპუტაციას. რუსეთის ოკუპაციას რომ აპროტესტებენ, ვინ დაიცავს ოკუპაციისგან ქვეყანას?! ძალიან ცუდ მაგალითს აძლევს ეს ორგანიზაცია ახალგაზრდებს. თუ სარეზერვო სისტემა არ შეიქმნა, რაზეც თავდაცვის მინისტრი ლაპარაკობს, ჩვენ დავდგებით ისეთი დილემის წინაშე, როგორც 1921, 1990 წლებში და როდემდე უნდა განმეორდეს ერთი და იგივე?!