№43 რატომ უწოდეს სსრკ-სა და აშშ-ს შორის გაფორმებულ შეთანხმებას შევარდნაძის ღალატის ხაზი
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

– მართლა წამგებიანი იყო სსრკ-სთვის, ეგრეთ წოდებული, ბეიკერ-შევარდნაძის ხელშეკრულება?
– ეს შეთანხმება 1990 წელს გაფორმდა და მას ხელი მოაწერეს სსრკ-ს მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ედუარდ შევარდნაძემ და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა, მაგრამ აუცილებლად უნდა ავუხსნათ ჩვენს მკითხველს, რომ ეს შეთანხმება ბერინგის სრუტესთან დაკავშირებით არ დაწყებულა 1990 წელს, მას წინ უძღოდა მთელი რიგი მოლაპარაკებები. ისმის კითხვა: რატომ ატყდა ასეთი აჟიოტაჟი ამ შეთანხმების გამო რუსეთში? აჟიოტაჟი ატყდა იმიტომ, რომ მიაჩნდათ და მიაჩნიათ, რომ ეს შეთანხმება იყო უსამართლო, რომ ამ შეთანხმების შედეგად აშშ-ის იურისდიქციის ქვეშ გაცილებით მეტი ტერიტორია გადავიდა და რუსეთმა, დაახლოებით, ათჯერ ნაკლები ტერიტორია მიიღო. მათ მიაჩნიათ, რომ ამ შეთანხმებით, რუსეთს მიადგა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი, თუ არ ვცდები, 150 მილიარდ დოლარს ასახელებენ, თუმცა უცნობია, რა მეთოდოლოგიით დაითვალეს ეს ზარალი. ასევე, მიჩნეულია, რომ იმ ტერიტორიებზე, რომლებიც გადავიდა აშშ-ს მმართველობის ქვეშ, არის საკმაოდ მდიდარი ნავთობსაბადოები, ასევე, თევზრეწვის დიდი შესაძლებლობებია, რაც რუსეთმა დაკარგა.
– 30 წელი გავიდა მას შემდეგ, აქამდე სად იყვნენ?
– ეს საკითხი პერიოდულად შედიოდა განსახილველად რუსეთის „დუმაში“, 1990-იან, 2000-იან წლებში, მაგრამ ამის იქით საქმე არ მიდიოდა, რატომღაც. როგორც ჩანს, რუსეთის იმჟამინდელ ხელისუფლებას ამ საკითხის გამო არ სურდა ამერიკელებთან ურთიერთობის გამწვავება და ამიტომ რჩებოდა კაბინეტური განხილვების დონეზე. ამ ბოლოსაც ეს ინიციატივა წამოაყენა რუსეთის თევზრეწვის ასოციაციამ, შემდეგ ჩუკოტკის გუბერნატორმა ეს ინიციატივა გადასცა ფედერაციის საბჭოს სპიკერ მატვეენკოს და მან წამოსწია ეს თემა. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა წამოიწია, კრემლის ადმინისტრაციას რეაქცია ჯერჯერობით არ ჰქონია. ეს საკმაოდ სიმპტომატურია, რადგან, თუ ისინი თვლიან, რომ თემა მნიშვნელოვანია, როგორც წესი, პრეზიდენტის პრესსპიკერი, ბ-ნი პესკოვი მომენტალურად ეხმიანება. თუმცა ვნახოთ, ჯერ ეს თემა ნედლია, დაველოდოთ, როგორ წარიმართება მისი განხილვა. მთავარია, ვიცოდეთ, რა დგას ამის უკან: რუსეთი აპირებს ამ თემის კულტივირებას, აშშ-სთან ისედაც დაძაბული ურთიერთობები კიდევ უფრო დაძაბოს, თუ ეს არის ინტერესთა ერთი ჯგუფის ინიციატივა და დასრულდება ისევე, როგორც ადრე დასრულებულა მსგავსი ინიციატივები. მე, რატომღაც, მგონია, რომ ეს თემა შემთხვევით არ წამოუწევიათ და ჩვენ უნდა დაველოდოთ ამ თემაზე კრემლის რეაქციას.
– ბალისტიკური რაკეტების შემთხვევაში, გამოვიდნენ მხარეები ამ შეთანხმებიდან და უარესი ის იქნება, რომ ისევ დაიწყებენ საშუალო და მცირე რადიუსის ფრთოსანი რაკეტების წარმოებას, მაგრამ ამ შეთანხმების შემთხვევაში ასე მარტივად ვერ იქნება საქმე. ხომ დადგენილია საზღვრები? გადახედვის შემთხვევაში, როგორ უნდა აღსრულდეს?
– მარტივი არ იქნება, მაგრამ ამ შეთანხმებაში არის ასეთი დეტალი: რომ ეს იყო სსრკ-ს ექსკლუზიური ეკონომიკური ზონა, რომელიც ჯერ კიდევ 1977 წელს გადაეცა ამერიკის შეერთებულ შტატებს ექსპლუატაციისთვის, ანუ ამ საკითხს აქვს საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია და, როგორც გითხარით, ის არ დაწყებულა 1990 წელს. რუსების მთავარი პრეტენზია არის ის, რომ თითქოს შევარდნაძე მათ ზურგს უკან გაურიგდა ბეიკერს, არადა არსებობს წინააღმდეგობრივი ინფორმაცია, რადგან არის მაშინდელი, ანუ საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილება, ოღონდ მინისტრთა საბჭოს მაშინდელი თავმჯდომარე რიჟკოვი ამბობს, რომ მას მსგავსი დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერია. ისინი ამბობენ, რომ შევარდნაძემ ეს საკითხი ისე გაიტანა პოლიტბიუროზე, რომ არავისთან გაუვლია კონსულტაცია. ანუ ბევრი წინააღმდეგობრივი ინფორმაციაა დაგროვილი და ვიდრე ჩვენ არ გავიგებთ, რაშია საქმე და მეორე მხარე არ გამოვა და არ იტყვის, როგორ მოხდა ამ დოკუმენტის წარდგენა, ვინ მოახდინა მისი ვიზირება, ვერაფერს ვიტყვით დაზუსტებით. საბჭოთა კავშირის პრაქტიკას თუ გავითვალისწინებთ, წარმოუდგენელია, ეს დოკუმენტი პოლიტბიუროს ვიზირების გარეშე გასულიყო. შევარდნაძისთვის ამ ცოდვის აკიდება, ვფიქრობ, უცნაურია, იმიტომ რომ შევარდნაძეც კი ვერანაირად მოახერხებდა ამ დოკუმენტის შეპარება-გამოპარებას, როგორც დღეს სურთ ამის წარმოჩენა.
– შევარდნაძე გამოჰყავთ ამერიკელების აგენტად.
– ნარატივი არის ასეთი: შევარდნაძეს თითქოს ბეიკერთან ჰქონდა პირადი და საქმიანი ურთიერთობა და, აქედან გამომდინარე, მოახერხა ამ შეთანხმების შეპარება და რუსეთს ამის გამო მიადგა მნიშვნელოვანი ზარალი. ანუ ისრები გადმოაქვთ ეროვნებით ქართველ საგარეო საქმეთა მინისტრზე.
– და ეს არ არის პირველი შემთხვევა, გერმანიიდან საბჭოთა ჯარების წამგებიანი პირობებით გამოყვანის გამოც შევარდნაძეს ადანაშაულებდნენ თავის დროზე.
– მაშინ მოსკოვში ვიყავი და ვიცი, როგორი აჟიოტაჟი ატყდა ამის გამო იქ. მოდი, რეალურად ვთქვათ, საბჭოთა კავშირმა არ ან ვერ მოახერხა იმ პირობების დაცვა, რომლებიც ჩაიდო იმ შეთანხმებაში და რის თანახმადაც, გერმანიას საკუთარ თავზე უნდა აეღო გამოყვანილი სამხედროებისთვის სახლების აშენება. მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ეს პირობა და ჯარების ძირითადი მასა საცხოვრებლის გარეშე დარჩა. მათ ერთ ხანს, მართლაც, კარვებში მოუწიათ ცხოვრება. ამან რუსი სამხედროები ძალიან გააღიზიანა.
– არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთი უკვე დამოუკიდებელ საქართველოს შევარდნაძის მმართველობის დროს ერჩოდა სწორედ ამ ჯარების გამოყვანით მიყენებული ზარალის გამოც, რასაც აბრალებდნენ შევარდნაძეს. ახლა უკვე მეორედ ახსენეს შევარდნაძე და ფაქტია, რიჟკოვის დადანაშაულებას შევარდნაძის დადანაშაულობა სჯობს მათთვის.
– ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაცია და მითითებულია შესაბამისი დოკუმენტები ნომრით. ოღონდ, სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცით, რა წერია იმ დოკუმენტებში. თუ ვიღაც ძალიან მოინდომებს და ბოლომდე მიჰყვება, შეუძლია, ოფიციალური წერილი გააგზავნოს და დოკუმენტი გამოითხოვოს. დოკუმენტები არსებობს, თარიღიანი და ნომრიანი. საქართველოსთვის ამ საკითხში მნიშნელოვანია ის ემოციური ბმა, რომ მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ეროვნებით ქართველი და რომ მან თითქოს უღალატა საბჭოთა კავშირს, ხელი შეუწყო მის დანგრევას და ბერინგის სრუტეზე შეთანხმების ხელმოწერა ამერიკელებთან იყო ამ ღალატის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი.
– ეს შეიძლება, იქცეს შიდა მოხმარებისთვის იმის საჩვენებლად, თუ როგორ ავნეს საბჭოთა კავშირსა და რუსეთს ქართველებმა?
– რა თქმა უნდა. თუ თქვენ უსმენთ რუსეთის ტელეარხებზე პოლიტიკურ თოქ-შოუებს, ეს არის იმის ინდიკატორი, თუ რა განწყობები სუფევს რუსეთის ისტებლიშმენტში, ინტელექტუალურ წრეებში, რომლებიც ქმნიან საზოგადოებრივ აზრს. სპეცსამსახურებისა და ძალოვნების აბსოლუტურ უმრავლესობას, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევიდან 30 წელი გავიდა, დღესაც მტკიცედ სჯერა, რომ ეს იყო პროცესების განვითარების არა ლოგიკური, არამედ ღალატის შედეგი.
– და მოღალატეთა რიგში პირველს აყენებენ შევარდნაძესა და ქართველებს, ზოგადად.
– დიახ, შევარდნაძეს, გორბაჩოვთან და იაკოვლევთან ერთად, ეგრეთ წოდებულ რეფორმატორთა ფრთას. როდესაც ასეთი რწმენაა რუსულ ისტებლიშმენტში და თქვენ იცით, რა რეჟიმი მართავს დღეს რუსეთს, ეს, ფაქტობრივად, არის სამხედროებისა და ჩეკისტების ნაზავი, მათი ღრმა რწმენა, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა ღალატის შედეგად, განაპირობებს მათ მიდგომებს მთელი რიგი საკითხებისადმი, მათ შორის, საქართველოსადმი.