№42 ბორის ბედია: შეიძლება, ქალიშვილი იყოს და ცხოვრება გაგიმწაროს, განათხოვარმა კი გაგაბედნიეროსa
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
35 წლის მომღერალი, ბორის ბედია შეყვარებულია და მალე დაოჯახებასაც გეგმავს. მართალია, საცოლის ვინაობას ჯერჯერობით მალავს, მაგრამ როგორც თავად ამბობს, ეს ის გოგოა, ვისთანაც მთელი ცხოვრების გატარება სურს.
ბორის ბედია: ჩემს ცხოვრებაში, რასაკვირველია, იყო დაღმავალი პერიოდები, თუმცა, ჩემს თავს მაინც წარმატებულ ადამიანად ვთვლი. არ მიყვარს წუწუნი, თუმცა, მომღერალი ვარ და არ მომწონს, რომ საქართველოში, ფაქტობრივად, შოუ-ბიზნესი არ არსებობს. მომღერლებს უფრო მეტი გასაქანი რომ გვქონდეს, კარგი იქნებოდა. ახლახან, „ბლექ სი არენაზე“ „ჩხიკვთა ქორწილში“ ვიმღერე ყვავის არია და ვერ გადმოგცემთ იმ ემოციას, როცა 12 000 კაცი ტაშს მიკრავდა. მინდა, ეს ტაშის ხმა, ხშირად გავიგო. კულისებში რომ გავედი, ვიტირე, ცრემლი ვერ შევიკავე.
– მახსოვს, უცხოეთში აპირებდი წასვლას და იქ სასიმღერო კარიერის აწყობას. თუ არ ვცდები, რუსეთში გინდოდა „ახალი ხმის“ კონკურსზე გასვლა. რატომ შეიკავე თავი?
– დიახ, მოსკოვში მინდოდა კონკურსზე გასვლა, მაგრამ 20 ივნისის მოვლენები დაემთხვა და თავი შევიკავე. სხვათა შორის, რამდენჯერაც დავაპირე უცხოეთში წასვლა და იქ ძალების მოსინჯვა, პოლიტიკურმა პროცესებმა შემიშალა ხელი. სულ შლაგერებს ვმღერი, არ მაქვს ჩემი საკუთარი სიმღერა და მინდა, ჩემი რეპერტუარი მქონდეს. ხალხს მარტივი მუსიკა მოსწონს, ასეთი კი ჩემთვის ჯერ არ დაწერილა. საქართველოში, სამწუხაროდ, როგორც კარგი შემსრულებელი, ისე მოვიაზრები და ჯერ არავის მოსვლია აზრად, კონკრეტულად ჩემთვის დაეწერა სიმღერა. ხშირად ვამბობ: ნეტავ 50 წლით ადრე დავბადებულიყავი – კვერნაძის, ცაბაძის, ლაღიძის ეპოქაში, როცა კარგ შემსრულებლებს აფასებდნენ-მეთქი.
– მერე, მეგრელი კაცი ხარ, მიდექ-მოდექი, გამოიყენე შანსები. ეს რთულია?
– მეგრელი კი ვარ, მაგრამ არა – აფერისტი (იცინის). იმდენად წესიერი ადამიანი ვარ, არ ვიკადრებ სცენაზე ასასვლელად ისეთ რაღაცებს, რასაც სხვა იკადრებს.
– ერთი პერიოდი რესტორანში მღეროდი. თუმცა, პირად საუბარში მითხარი, არასოდეს აღარ ვიმღერებო. რატომ?
– დიახ, გარკვეული პერიოდი ვმღეროდი რესტორანში და უსიამოვნებები მოხდა. ისეთი ფულიანი „ბოგანოები“ შემოდიოდნენ, მათ „ხუშტურებს“, ნახალოვკელი კაცი ვერ მოვითმენ. ჰოდა, არც შევარჩინე, ვერც მოვითმინე და მომიწია ყურის ძირში მოდებაც. მერე დავალაგეთ ურთიერთობა და დღეს, მეგობრები ვართ. როცა მეგობრებთან ერთად ვარ ან დამპატიჟებენ, კი ბატონო, ვიმღერებ, მაგრამ რესტორანში ვეღარ ვიმუშავებ, არ მინდა, ამის ნერვები აღარ მაქვს.
– გეთანხმები, რთულია, მაგრამ როცა მომღერალი ხარ, კონცერტები არ ტარდება, კორპორატიული საღამოებიც იშვიათად არის, ამ შემთხვევაში ხომ უნდა გქონდეს შემოსავლის წყარო, როცა სხვა საქმე არ გაქვს?
– გეთანხმებით, რთულია, მაგრამ კეთდება კორპორატიული და საქველმოქმედო საღამოები, სადაც მიწვევენ და სიამოვნებით ვმღერი. თან, იმდენი სიკეთე მაქვს გაკეთებული, უკან ბუმერანგივით მიბრუნდება. მყავს მეგობრები და ახლობლები, რომლებიც გვერდით მიდგანან და ფინანსურადაც მეხმარებიან. ამ ეტაპზე ასეა. აფერისტობა არ გამომდის და არც სიგარეტის ნაფაზი მაქვს დარტყმული, პლანზე რომ აღარაფერი ვთქვა. ჩემთვის პლანზე და ნარკოტიკზე მაგარი „კაიფი“ კარგი მუსიკაა. ასე რომ, უცნაურად პატიოსანი მეგრელი ვარ, ბიზნესი არ გამომდის, სცენა და სიმღერაა ჩემი საქმე (იცინის).
– ბორის, იყო მითქმა-მოთქმა შენი შვილის გამო, რომელიც უკრაინელ გოგონასთან გყავს და საქმე სასამართლომდეც კი მივიდა. მიეცი მას შენი გვარი, ალიმენტს თუ უხდი?
– ეს თემა ტაბუდადებული კი არა, დახურულია! მორჩა, მოგვარდა, გვარიც მივეცი და ბავშვს ალიმენტსაც ვუხდი. დედამისი კი არც ჩემი ცოლი ყოფილა და არც საყვარელი. რახან მომღერალი ვარ, იფიქრა, კირკოროვივით და ბონ ჯოვივით მილიონერი ვარ. პირველი არ ვარ, შეცდომა ყველა კაცს დაუშვია. მთავარია, გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვა.
– ამ ბოლო დროს თვალები სხვანაირად გიბრწყინავს, საკმაოდ დაიკელი წონაში და კარგ ფორმაში ჩადექი. ამბობენ, ეს სიყვარულის დამსახურებაა და მალე ქორწილსაც გეგმავ, ასეა?
– დიახ, მყავს საყვარელი ადამიანი და ვაპირებთ დაოჯახებას. თუმცა, არ ვჩქარობთ, არ გვინდა, მოვლენებს გავუსწროთ. არც მისი ვინაობის გამხელა მსურს. უბრალოდ, გეტყვით, რომ ხუთი თვეა, ერთმანეთს ვხვდებით და თავს ბედნიერად ვგრძნობთ. რაც შეეხება წონას, ფეხსაცმელზე თასმა რომ გამეხსნა, დახრა და შეკვრა გამიჭირდა, მივხვდი, სასწრაფოდ უნდა დამეკლო. გავუჯავრდი ჩემს თავს: კეთილი ინებე და სასწრაფოდ დაიწყე ვარჯიში და სწორი კვება-მეთქი. ასე რომ, დავიწყე სწორი კვება, სირბილი და ვარჯიში, სიყვარულიც დამეხმარა და ოთხ თვეში 17 კილო დავიკელი. კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგით და ქორწილისთვისაც მზად ვარ, მოვირგებ თეთრ ჩოხას ან სმოკინგს (იცინის).
– დედა და შენი და, სოფო ბედია თუ იცნობენ მომავალ რძალს და ისიც მომღერალი ხომ არაა?
– ჯერ ჩემს საცოლეს დედაჩემი და ჩემი და არ იცნობენ, მაგრამ იციან ჩემი ხასიათი, გემოვნება... იციან, ვინ არის ის და მალე გაიცნობენ. გაცნობიდან ერთ წელში ქორწილსაც გადავიხდით და ბევრი სტუმარიც გვეყოლება. მომღერალი არ არის, სტუდენტია, 25 წლის მომავალი ექიმი. მე კი ვარ 35 წლის, მაგრამ არ მეტყობა წლები (იცინის). თავმდაბალი, მეოჯახე გოგონაა, წარმოშობით იმერელი და მეგრულ-იმერული ოჯახური ტანდემი, თუ დედაჩემის და მამაჩემის ქორწინებას გადავხედავთ, იდეალურია. ერთი ნახვით მოვიხიბლე მისით, ენერგეტიკულად ვგრძნობ, რომ ჩემია. ეს ის ადამიანია, ვისაც ამდენ ხანს ველოდი. შევხედე თუ არა, ვიგრძენი, ის ჩემი მეორე ნახევარია და არ შევცდი. არ ვიცი, თვალები როგორ მიბრწყინავს, მაგრამ როგორც შეყვარებული, ტონუსში ვარ და ყოველი დილის გათენება მიხარია.
– თუ გიმღერია მისი ფანჯრების წინ და ზოგადად, ქორწინებმადე სექსზე რა აზრის ხარ?
– ძალიან რომანტიკული ვარ, თუმცა საყვარელი გოგონას ფანჯრების წინ არ მიმღერია და არც შამპანიურები გამიხსნია და დამილევია. რომანტიკა სიყვარულთან ერთად ღვივდება და მერე რას ჩავიდენ, კაცმა არ იცის (იცინის). რაც შეეხება ქორწინებამდე სექსს, თუ ორ ზრდასრულ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, ვფიქრობ, მისაღებია. მთავარია, ადამიანი იყოს, თორემ შეიძლება, ქალიშვილი იყოს და ცხოვრება გაგიმწაროს, განათხოვარმა კი, გაგაბედნიეროს. შინაგანად როგორია ქალი, ამას აქვს დიდი მნიშვნელობა და არა ქალიშვილობას ან არაქალიშვილობას.