კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 ქართველი ცოლ-ქმარი ნიუ-იორკში ოქროს მედლების მფლობელები გახდნენ

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

  ქართველმა მხატვრებმა, ანგელინა დამენიამ და გელა ფილაურმა, მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო გამოფენა-კონკურსში ART & SHADOW, რომელიც ნიუ-იორკში ჩატარდა და ოქროს მედლები მოიპოვეს. მათი ნამუშევრების ნაწილი დაცულია საქართველოს, რუსეთის, პოლონეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, იაპონიის, კორეის, დანიის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და სხვა მრავალი ქვეყნის კერძო და სახელმწიფო კოლექციებში.
  ანგელინა დამენია: ეს იყო საერთაშორისო ონლაინკონკურსი ART & SHADOW – „ხელოვნება და ჩრდილები“. მასში მრავალი ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. საქართველოდან მხოლოდ ორნი ვიყავით – მე და ჩემი მეუღლე. გვიხარია, რომ ასე დაგვაფასეს. მეუღლემ აიღო „ოქროს არწივი“ რეალიზმის კატეგორიაში და მე – „ოქროს პალიტრა“ აბსტრაქციის კატეგორიაში. ჩვენთვის ეს უკვე მეორე შემთხვევაა, თუმცა ამ კონკურსის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ორი მთავარი პრიზი ცოლ-ქმარმა დაიმსახურა. საერთოდ, სადაც კი მონაწილეობას ვიღებთ, ყველგან აღნიშნავენ ხოლმე, ცოლ-ქმარი ერთ სფეროში რომ ვართ. მართალია, სხვადასხვა კატეგორიაში, მუშაობის სხვადასხვა სტილით, მაგრამ ვცდილობთ, მსგავს აქტივობებში ყოველთვის ერთად მივიღოთ მონაწილეობა. გარდა ამისა, გავხდით 2019 წლის ამერიკის ხელოვნების ლაურეატები. ახლა დოკუმენტური ფილმი მზადდება, შემდეგ სტატია უნდა დაიწეროს. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ცნობადობისთვის.
– ამ პრიზის მფლობელები პირველად ამ გამხდარხართ და აქედან გამომდინარე, ალბათ, არც წლევანდელი გამარჯვება იქნებოდა მოულოდნელი.
– სიმართლე გითხრათ, ნაკლებად ველოდი, უბრალოდ, გვაინტერესებდა შედეგი და სასიამოვნოდ გახარებულები დავრჩით. ამ კონკურსში პირველად 2016 წელს მივიღეთ მონაწილეობა და მოულოდნელობის ეფექტი, რა თქმა უნდა, მაშინ უფრო დიდი იყო. მათ მოწვევა გამოგვიგზავნეს და გადავწყვიტეთ, კონკურსში ჩავრთულიყავით. ჩვენი ნამუშევრები გავაგზავნეთ, შემდეგ ჟიურიმ აარჩია კონკურსანტები და ჩვენ მათ შორის მოვხვდით. დანარჩენი უკვე იცით (იცინის). ასე იყო მაშინაც და წელსაც.
– როგორ შეიძლება, გახდე ამ კონკურსის ნაწილი?
– ჩვენ საკმაოდ ბევრ გამოფენაში ვიღებთ მონაწილეობას. მათ შორის ონლაინ თუ ცოცხალ გამოფენებში. პარალელურ რეჟიმში, ბევრგან ვერ ვახერხებთ ფიზიკურად ჩასვლას, ამიტომ ინტერნეტის საშუალებით უფრო მარტივია. ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად გვეხმაურებიან. უკვე თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ გვიცნობენ და ბევრ მიწვევას ვიღებთ სხვადასხვა ქვეყნიდან, სხვადასხვა კონკურსსა თუ გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსები და გამოფენები კი გვაძლევს საშუალებას, ჩვენი შემოქმედება ფართო აუდიტორიას გავაცნოთ, გამოვავლინოთ საკუთარი შეხედულებები და დამოკიდებულებები სამყაროსადმი. ესაა საშუალება, მიაწოდო ყველას საკუთარი ხმა, სიტყვისა და თარგმანის გარეშე – მხატვრობა ხომ უნივერსალური ენაა.
– წელს მხოლოდ „ოქროს პალიტრა“ და „ოქროს არწივი“ არ დაგიმსახურებიათ. თქვენს აქტივობებს კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოხმაურება
მოჰყვა.
– ეს უშუალოდ ამ კონკურსის შედეგი არაა, დამოუკიდებელი შემთხვევაა. ნამუშევრები გავაგზავნე და მომივიდა შეტყობინება, რომ არჩეული ვარ 2019 წლის მხატვრად ნიუ-იორკში.  მიმიწვიეს MNN Television Studios და ArtTour-ში მანჰეტენზე. ამ ტელევიზიებმა თითო საათი გამოყვეს ჩვენთან ინტერვიუებისთვის. გარდა ამისა, აგვისტოში შვეიცარიაში ჩატარდა გამოფენა. რაც გაშუქდა, დაიბეჭდა ჩვენი კატალოგები, გავრცელდა პრესრელიზები. ახლაც ჩვენი ნახატები შვეიცარიაში, „არტ ბოქსის“ გალერეაში ტრიალებს.  ეს – როგორც ბონუსი, რადგან ამ კონკურსში წარმატებული შედეგი გვაქვს.
– საერთაშორისო კონკურსებში აქტიური მონაწილეობითაა განპირობებული ის, რომ საქართველოზე უკეთ საზღვრებს გარეთ გიცნობენ და არაერთ ქვეყანაში?
– ჩვენ ვართ საქართველოს მხატვართა კავშირის წევრები, ამავე დროს, საერთაშორისო ასოციაციისაც, რომელიც მხატვრებსა და დიზაინერებს აერთიანებს. მისი შტაბი პარიზშია. ვართ, ასევე, ევრაზიული კავშირის წევრები. ევრაზიული კავშირი ძალიან ბევრ გამოფენას აწყობს იტალიაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, ისრაელში. საქართველოში გამოფენები ნაკლები ინტენსივობით ეწყობა – წელიწადში ერთხელ, მაქსიმუმ ორჯერ. იმ ქვეყნებში გამოფენებში მონაწილეობის გარდა, ჩვენი ნამუშევრები იბეჭდება კატალოგებში, რომლებიც ვრცელდება კოლექციონერებში, მსოფლიოს წამყვან მუზეუმებსა და ასე შემდეგ. შესაბამისად, იქ უფრო აქტიურად ეცნობა საზოგადოება ჩვენს ნახატებს. ამიტომაცაა, რომ სხვა ქვეყნებში უფრო დიდი გამოხმაურება გვაქვს, ვიდრე საქართველოში.
– რა თანხებში მერყეობს თქვენი ნამუშევრების ფასი?
– მე ძირითადად, თანამედროვე ფერწერაში ვმუშაობ, მეუღლე – კლასიკურში, ილუსტრირებასაც აკეთებს. სხვადასხვა ნამუშევარს სხვადასხვა ფასი აქვს 1 500-8 000 დოლარის ფარგლებში. საქართველოშიც ყიდულობენ და უცხოელებიც ხშირად ჩამოდიან შესაძენად, ასევე, გვიკვეთავენ ელექტრონულად.
– როგორი იყო მხატვრობაში თქვენი პირველი ნაბიჯები?
– ორი წლიდან ვხატავ, როგორც კი ხელში ფანქარი ავიღე, მაშინვე ხატვა დამიწყია. პირველად დამიხატავს მზე, რომელიც იცინოდა. ძალიან დიდი პირით
და თვალებით (იცინის). მას შემდეგ არ გავჩერებულვარ. ჩემი პრეცედენტი მეორეა საქართველოში: რუსუდან ფეტვიაშვილი იყო პირველი, ვინც გამოცდების გარეშე მოხვდა სამხატვრო აკადემიაში და მე – მეორე. მაშინდელი კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, ჩემი შემოქმედების განსახილველად სპეციალური კომისია შეიქმნა და მათი გადაწყვეტილებით, უგამოცდოდ მიმიღეს თეორიულ ფაკულტეტზე. იმისთვის, რომ ჩემი ხელწერა შემენარჩუნებინა და დამოუკიდებლად განმევითარებინა, მხოლოდ თეორიას ვსწავლობდი, ტექნიკა აბსოლუტურად ნატურალური და ჩემეულია. მთელი ჩემი დრო ხატვას მიჰქონდა. თუმცა, სამედიცინო სფეროზეც ვფიქრობდი, რადგან დედა პედიატრი იყო და საკმაოდ აქტიური შეხება მქონდა იმ ყველაფერთან. მაგრამ მხატვრობამ გადასძალა.
– ალბათ, თქვენი და მეუღლის შეხვედრაც ხელოვნებას უკავშირდება...
– მე რომ სტუდენტი ვიყავი, ის უკვე კათედრაზე იყო, ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობაა. მაგრამ ჩემი პედაგოგი არ ყოფილა. თუმცა, ჯერ კიდევ აკადემიიდან ვიცნობდი. მერე და მერე ბევრჯერ გადაიკვეთა ჩვენი გზები და საბოლოოდ ასე დაგვირგვინდა. ორი ხელოვანის თანაცხოვრება ძალიან მარტივია. ლაპარაკიც არაა საჭირო, ზუსტად გვესმის ერთმანეთის პროფესიულად თუ ოჯახურ ცხოვრებაში. 29 წლის შვილი გვყავს – საბა. პიანისტია, ახლახან კონსერვატორიის მაგისტრატურა დაამთავრა და დოქტურანტურისთვის ემზადება. ასე რომ, ახლა უკვე ცოცხალი მუსიკის თანხლებით გვიწევს ხატვა (იცინის).
– რაც შეეხება გეგმებს?
– ახლა ვემზადებით გამოფენისთვის, რომელიც ლეონარდო და ვინჩის ხუთასი წლის იუბილეს ეძღვნება. ის იტალიაში, კერძოდ, ვატიკანში გაიმართება. იქედანაც მოწვევა მოგვივიდა, ჩვენი ნამუშევრები გავაგზავნეთ და ჟიურიმ დაადასტურა ჩვენი მონაწილეობა. ასე რომ, თხუთმეტ ნამუშევარს წარვადგენთ.  

скачать dle 11.3