№42 ვინ ჩათვალა იმერელ გოიმად ჯიმი აბესაძე და რატომ თქვა მან უარი ამერიკიდან მოწვევაზე
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ცოტა ხანია, რაც ჯიმი აბესაძე მაყურებელმა გაიცნო. მან საკმაოდ მოკლე ხანში მოახერხა საზოგადოების ყურადღების დამსახურება და უკვე მაყურებლის დიდი სიყვარულითაც სარგებლობს.
ჯიმი აბესაძე: წარმოშობით იმერელი ვარ. იქ დავიბადე და გავიზარდე. მერე რაღაც პერიოდი მოსკოვში ვიყავი ოჯახთან ერთად. რომ დავბრუნდი, ბაღდადში ვცხოვრობდი, ბებიასთან და ბაბუასთან. შემდეგ ჩამოვედი თბილისში და როგორც მახსოვს, ეკონომიურზე ჩავაბარე.
– როგორც გახსოვს, რას ნიშნავს?
– სულ ერთი სემესტრი ვისწავლე. კი, კი ნამდვილად ეკონომიურზე. მაგრამ ეს ჩემი კი არა, დედაჩემის გადაწყვეტილება იყო. მე თეატრალურზე მინდოდა ჩაბარება. პირველ წელს ჩავიჭერი, მაგრამ შემდეგ თავს ძალა დავატანე, კარგად მოვემზდე და მოვხვდი კიდეც დავით ანდღულაძის ჯგუფში. ამის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა „მან-სან-კანი“, სადაც უნივერსიტეტის პარალელურად, სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდ „კოზანოსტრას“ სახელით ვთამაშობდი. მერე ვიყავი „ღამის შოუს“ სტუდიაში სცენარისტად. ჩემი აღმოჩენა, რისთვისაც მას ძალიან დიდ მადლობას ვუხდი, ზვიად ბლიაძეს უკავშირდება. თავიდან „გიორგი გაბუნიას შოუში“ სცენარისტად ვმუშაობდი, მერე ზვიადმა მითხრა, მოდი, შოუში ჯიმის შესვლა გავაკეთოთო. პირველად შევედი ბატონ ემზარ კვიციანთან. ზედაპირულად ვუყურებდი ამას – იმდენი რამ გაკეთებულა იუმორის სფეროში, იმდენი შესვლები და გამოსვლები ყოფილა, ჩემზე ბევრად ნიჭიერი მსახიობები არიან... არაფერი გამოვა, ეს იქნება პირველი და უკანასკნელი-მეთქი და ზვიომ მართლა ძალით შემაგდო. შემდეგ გავიგე, რომ სოციალურ ქსელში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ ყველაფერს. ცუდი კომენტარებიც იყო, მაგრამ კარგი სჭარბობდა და უკვე მომეწონა. თუმცა, მეორეჯერაც ძალით შემაგდო ზვიადმა. მართლა არ მინდოდა, რადგან არ ვთვლი, რომ ეგეთი ნიჭიერი ვარ. მე ვერ ვუყურებ ჩემს თავს ეკრანზე. კომპლექსიანი ადამიანი ვარ. ეკრანზე თამამი ვჩანვარ, ვცდილობ, თავისუფალი ვიყო. სინამდვილეში, ზედმეტად მორიდებული ვარ.
– უარყოფითი კომენტარებიც იყოო. რას გერჩოდნენ?
– ბევრ რამეს, მაგრამ არ ვაქცევ ეგეთ კომენტარებს ყურადღებას. სულ ვამბობ ხოლმე, „მშვიდობის მტრედი“ ვარ-მეთქი. ვერიდები კონფლიქტს, ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვინც იტყვის, რომ ოდესმე რამე ცუდი გავუკეთე. ამიტომ გული მტკივა, თუ რამე ისეთს წავიკითხავ. მაგალითად, მიწერენ ხოლმე „იმერელი გოიმი“. ჯერ მე ვინა ვარ? არავინ. ისეთები გაულანძღავთ, რომ რა ვიცი... ყველას სიკეთე მისცეს ღმერთმა. რამდენჯერმე ცუდი კომენტარი რომ დაუწერიათ, მომიწონებია და მიყვარხარ-მეთქი, მიპასუხია. იმერელი ვარ და მეამაყება ეს. იმერეთი არის ჩემთვის სამყაროს საწყისი. მართალია, უკვე ოცი წელია, თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ იმერეთი მაინც ჩემი სუსტი წერტილია.
– ეკრანზე ნამდვილი იმერელი ხარ, რეალურადაც ასეა?
– სანამ თეატრალურში ჩავაბარებდი, მეტყველებაზე პრობლემები მქონდა. როგორც მეგრელებს აქვს რბილი „ლ“ ისე გვაქვს იმერლებს. ზოგადად, არ მაქვს მეტყველებაზე გართულება, არ ვცდილობ, რამე შევცვალო. რაცა ვარ, ეგა ვარ. სამსახურშიც ჩვეულებრივი იმერელი ვარ. თუმცა, ისიც ვიცი, სად როგორ უნდა მოვიქცე, რადგან დიდი შრომა მაქვს გაწეული სწორად მეტყველებისთვის. ბერიკაშვილებთან დავდიოდი და ისინი ისეთი ხალხი არიან, რაც უნდა ჩლუნგი იყო, გამოგასწორებენ. ჩემს ლ-ებსაც ეშველა, მაგრამ ისე მაინც ჩვეულებრივი იმერელი ვარ. სხვა გზა არ იყო, რომ არ მშველებოდა თეატრალურზე ვინ მიმიშვებდა?! პირველად რომ გავედი გამოცდაზე, ისეთი საშინელი ლ-მქონდა, მაგის გამო ჩავიჭერი. მერე ერთი წელი ვემზადებოდი ბერიკაშვილებთან, ყველაფერი „დავამხეცე“ და მოვხვდი თეატრალურში.
– შენს ცხოვრებაში იუმორი დიდი დოზითაა?
– ძალიან დიდი დოზით. სახლში მე, მეუღლე და ორი შვილი ვცხოვრობთ. გამორიცხულია, შვილს გავუბრაზდე ან მეუღლეს. სულ მინდა, ყველაფერს ნათელ ფერებში ვხედავდე და ყველაფერს იუმორით მივუდგე. ცოტა დრო გვაქვს ამქვეყანაზე და არ მინდა, „დაგრუზულმა“ გავატარო. ჭკუამხიარული ვარ, არადა, უკვე 35 წლის ვარ და ხანდახან მერიდება, მაინც ცანცარა ბავშვივით რომ ვიქცევი.
– რას უკავშირდებოდა შენი რუსეთში წასვლა და უკან დაბრუნება?
– წარმოშობით თერჯოლიდან ვარ. მე და ჩემი და პატარები ვიყავით, ჯერ მამა რომ წავიდა მოსკოვში, შემდეგ კი – დედა. ჩვენც ჯერ თერჯოლაში ვიყავით, მერე თბილისში გადმოვედით და დედაც რომ მოსკოვში წავიდა, თერჯოლაში დაგვტოვეს ბებია-ბაბუასთან. პატარები ვიყავით და დედის გარეშე ძალიან გაგვიჭირდა. მერე ჩვენც წაგვიყვანეს მოსკოვში. იმ პერიოდში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ძალიან აირია. ჰაბიტუსით მაშინვე მიხვდებოდით, რომ ქართველი ვიყავი და დედას ძალიან ეშინოდა, რამე არ დამმართნოდა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უკან გამოვეშვი. ისინი დარჩნენ და მე და ჩემი და ბაღდათში, დედის მხრიდან ბებია-ბაბუასთან გადავედით. ჩემი და ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია და ერთადერთი ადამიანი, ვისაც ვერასდროს ვერაფერს ვატყუებ. ხანდახან ვხუმრობ, მამაჩემი „მარშუტკის“ მძღოლია თერჯოლა-ბაღდათი-მოსკოვი-თბილისის რეისზე-მეთქი, ასე დავდიოდით სულ.
– ახლაც იქ ცხოვრობენ მშობლები?
– მამა ხუთი წლის წინ გარდაიცვალა. 55 წლის იყო და გულით დაიღუპა. დედა და ბიძები ხან საქართველოში არიან, ხან ევროპაში. მე ცოცხალი თავით არ მივდივარ არსად. ახლა ამერიკიდან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ ფრენის ძალიან მეშინია. საქართველო ძალიან მიყვარს, მაგრამ მგონია, რომ წავალ, მერე აღარ ჩამოვალ-მეთქი და ამიტომ მირჩევნია, აქ, ჩემს მიწაზე მოვკვდე.
– შენი და მეუღლის ისტორია როგორია?
– კლასელები ვიყავით ბაღდათში, მაგრამ მაშინ გრძნობა არ გვქონია. მერე მე თბილისში ვსწავლობდი, ის – ქუთაისში, ვხედავდით ხოლმე ერთმანეთს და ნელ-ნელა დაიწყო ეს ამბავი. ისე რომ, ვარდებით მერბინოს დიდი ხანი და ცეცხლით გულები მენთოს არ ყოფილა. ვუთხარი, რომ მიყვარდა და ანალოგიური პასუხი მივიღე მისგანაც.
– მამის ამპლუაში როგორი ხარ?
– ყველაზე ჭკუამხიარული მამა და მეუღლე ვარ. სახლში შემიძლია, წამოვხტე, ვიცეკვო და ვიმღერო. ქუთაისიდან ჩემი სიდედრი იყო სტუმრად ჩამოსული და უცებ მომინდა ცეკვა და ვცეკვავთ მე და ჩემი გოგო, ღამის თერთმეტ საათზე. სიდედრი მიყურებს და ჩემს ცოლს ეუბნება, ეს გიჟიაო. 35 წლის კაცს რა გახტუნავებს, შორტებით რატომ დარბიხარ სახლში ორი შვილის მამა (იცინის).