№42 ბექა ადამაშვილმა ევროპის ლიტერატურული სამყარო საქართველოზე აალაპარაკა
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ბექა ადამაშვილი პირველი მწერალია საქართველოდან, ვინც ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის მფლობელი გახდა. მისი ნაწარმოები – „ამ რომანში ყველა კვდება“ ინგლისურ და ფრანგულ ენებზე ითარგმნება.
ბექა ადამაშვილი: ასეთ დროს, ძირითადად, ამბობენ ხოლმე, ბედნიერი ვარ, რომ ეს მოხდა ჩემს ცხოვრებაშიო და ჩემს ცხოვრებაშიც მართლა ასე დაემთხვა. ნებისმიერ ადამიანს შეეძლო, ყოფილიყო პირველი, ეს არ არის მაინცდამაინც გადამწყვეტი. თუმცა, როგორც წესი, პირველი ვინც იმარჯვებს, ისინი უფრო მეტად ამახსოვრდებათ, ვიდრე შემდეგი გამარჯვებულები. წელს პირველად ჩაერთო საქართველო ამ კონკურსში და ვიღაც უნდა ყოფილიყო პირველი. გამიხარდა, რომ მე აღმოვჩნდი.
ორი რაღაცის გამოა ეს პრიზი მნიშვნელოვანი. პირველი ის, რომ სათაურში არის სიტყვა „ევროკავშირი“, რაც უკვე იმაზე მიუთითებს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯით მივდივართ მისკენ. ამჯერად, თუნდაც, ლიტერატურული კუთხით მიგვიღეს ევროპულ ოჯახში. მეორე – ეს ჯილდო დიდი მოტივაციაა ქართველი ავტორებისთვის. კიდევ ერთი კონკურსი გაჩნდა, სადაც შეუძლიათ, საკუთარი თავის გამოვლენა და საკუთარი ნაწერის უფრო მეტი ადამიანისთვის გაცნობა. გამარჯვებულს ეხმარებიან მათი ნამუშევრის სხვადასხვა ენაზე თარგმნაში ინგლიურად და ფრანგულად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
– როგორი იყო გამოხმაურება ცერემონიაზე?
– ყველა კეთილგანწყობილი იყო – იქ ვინც მოხვდა, ყველა გამარჯვებულია და შესაბამისად, გულდაწყვეტილი არავინაა. ძალიან მცირე დრო გაქვს სიტყვის წარმოსათქმელად. თითოეული წარმომადგენელი მშობლიურ ენაზე კითხულობდა და მთელი ეს დარბაზი ბაბილონის გოდოლს მოგაგონებდათ – ათასნაირი ენა ირეოდა. ადამიანები მოდიოდნენ, გეცნობოდნენ, საკუთარ აზრს გიზიარებდნენ. უმეტესობა დადებითი შეფასება იყო. მითხრეს, ვიცინეთო და მეც გამიხარდა, რომ იცინეს. ზოგი თანამშრომლობაზეც მესაუბრა.
– რაც შეეხება უშუალოდ წიგნს „ამ რომანში ყველა კვდება“ – რატომ ასეთი სათაური და როგორია მისი შინაარსობრივი მხარე?
– წიგნის დაწერის შემდეგ ძირითადი მიზანი იყო, რომ სათაური ყოფილიყო სპოილერი, რომელსაც უნდა ეთქვა მთავარი რამ, რაც წიგნის ბოლოში ხდება. ჩვენ სპოილერობის ეპოქაში ვცხოვრობთ და გადავწყვიტე, მე ვყოფილიყავი ის ადამიანი, ვინც პირდაპირ იტყოდა სპოილერს. ბოლოში ყველა რომ კვდება, დამკვიდრებული მიმართულებაა და ამ შემთხვევაში ინტრიგაცაა, მართლა კვდება თუ არა ყველა ბოლოს? ეს უფრო მარკეტინგულ მიზნებს ემსახურება, ვიდრე ლიტერატურულს. როგორც აქაც აღნიშნეს, შინაარსობრივად ეს არის ერთგვარი მეტატექსტი, ანუ ლიტერატურა ლიტერატურაზე, სადაც მთავარი გმირი გაიაზრებს, რომ თვითონ არის წიგნის მთავარი გმირი და ის, რაც გარშემო ხდება, არის ფიქცია და ლიტერატურა. უნდა, რომ წიგნებში მოგზაურობის უნარი სხვა, კლასიკური ნაწარმოებებიდან ცნობილი პერსონაჟების გადასარჩენად გამოიყენოს. გადაარჩინოს რომეო და ჯულიეტა, შერლოკ ჰოლმსი... და სანამ სხვების გადარჩენაზე ზრუნავს, აღმოაჩენს, რომ თავისივე წიგნში, რომელსაც ჰქვია „ამ რომანში ყველა კვდება“ უნდა მოკვდეს ყველა და გადაწყვეტს – რაღა სხვებს ვდიო?! მოდი, ჩემივე პერსონაჟს გადავარჩენო.
– თუმცა, ეს არაა შენი პირველი წიგნი.
– პირველი იყო „ბესტსელერი“, რომელიც უფრო პოპულარული გახდა. ალბათ, იმიტომ, რომ სადებიუტო იყო და როცა შენგან არავინ არაფერს ელოდება, უფრო მოსწონთ. მერე, როცა უკვე მოლოდინი აქვთ, უფრო კრიტიკულად აფასებენ. ის შედარებით მარტივად გასაგები წიგნია. როცა წიგნი მარტივად იკითხება, მეტ ადამიანს მოსწონს, მიუხედავად იმისა, რა წერია მასში. ბესტსელერების თვისებაც ეგაა, ადვილად იკითხება და ილუზიას გიქმნის, რომ შესაძლოა, კარგი წიგნი იყოს. „ბესტსელერმა“ ამას მიაღწია.
– რა ასაკიდან წერ?
– მოთხრობების წერა, დაახლოებით, ხუთი წლის ასაკში დავიწყე, ასე ამბობს ოჯახის მემატიანე. არ ვიცი ვინ არის ის, მაგრამ ეგეთი ურბანული ლეგენდა არსებობს, რომ ხუთი წლის ასაკში უკვე მქონდა მოთხრობები, რომელიც ეხებოდა ოთხმოცდაათიან წლებს. ალბათ, იმიტომ, რომ გარშემო მეტი არაფერი ხდებოდა. მერე მივხვდი, ჯობია, ისეთი რამე დაიწეროს, რომელიც მაინცდამაინც დოკუმენტური არაა.
– და რას ყვებიან ლეგენდები, ხუთი წლის ასაკიდან რომ დაიწყე წერა, მოსწონდათ თუ არა სხვებს?
– მაშინ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დავდიოდი. იქ, კონფერენციებზე, საჯაროდ ვკითხულობდით ჩვენს მოთხრობებს და ტაშს უკრავდნენ. თუმცა, იქ ტაშს ყველაფერზე უკრავდნენ, რომელიმე ბავშვისთვის გული რომ არ დაეწყვიტათ. კრიტიკა შემოდის, როცა უცხო ადამიანები კითხულობენ შენს ნაწერებს, როცა ბლოგები გახდა პოპულარული. იყო კრიტიკა. ზოგს არ მოსწონს ის, რომ ფორმას უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევ, ვიდრე შინაარსს, სიტყვების თამაში მეტია, მაინცდამაინც სიღრმისეული ფილოსოფია არ დევს და ციტატად ვერ გამოვიტანთ „ფეისბუქზე“, რომელიც მერე გულს დასწვავს ვიღაცეებს ან გაუთბობს. აქცენტი უფრო მეტად ფორმაზეა, ვიდრე შინაარსზე, მაგრამ შინაარსსაც ვერ დავუკარგავთო. ყველანაირი შეფასება იყო და ასეც უნდა იყოს. არარეალურია, ყველას მოსწონდეს. ყველას თუ მოსწონხარ, მაშინ ხარ მკვდარი.
– სოციალურ ქსელში საკუთარ თავზე გიწერია, არშემდგარი ჟურნალისტი, ცრუ ფსიქოლოგი, პოტენციური ლიტერატურათმცოდნე. რა პროფესიის ხარ?
– ოთხი წელი ვსწავლობდი ჟურნალისტიკაზე, მაგრამ წმინდად ამ პროფესიით თითქმის არასდროს მიმუშავია. მერე გადავწყვიტე, პერსონალიები შევქმნა, მოდი, ფსიქოლოგიას ვისწავლი-მეთქი. ვისწავლე რაღაც ნაწილი, მაგრამ არ დავამთავრე. ამიტომ ჩამოვყალიბდი ცრუ ფსიქოლოგად, რომელსაც არ აქვს დიპლომი, მაგრამ რაღაცები იცის და ბარემ, ლიტერატურათმცოდნეობაც ვისწავლე, თეორიების დონეზე რომ გამეგო, რა ხდება ლიტერატურაში, თუმცა არც ის დამიმთავრებია. მაგრამ მანდ ჯერ კიდევ მაქვს შანსი, თუ ტვინი გადამიბრუნდა და გადავწყვიტე, დიპლომი ავიღო, ბარემ მეორედ, რომელიც არაფერში გამომადგება, შეიძლება, დავამთავრო. ახლა ჩემი ცხოვრების ძირითადი ნაწილი სარეკლამო სფეროს ეთმობა, კრეატიულ სააგენტოში ვმუშაობ.