კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 მგლები 6

ნინო კანდელაკი გოჩა მანველიძე

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #38-41(980)

  ის იყო ლუკა საწოლზე წამოწვა, რომ კარზე დააკაკუნეს. „ვერშინის“ მთავარ ოფისში საფრთხე არ ემუქრებოდა. ოფისი საიმედოდ იყო დაცული. მცველების შეუმჩნევლად შიგნით ვერავინ შეაღწევდა. მაგრამ ჩვეულებამ მაინც თავისი გაიტანა. ლუკამ ბალიშის ქვეშიდან პისტოლეტი გამოიღო, დამცველი გახსნა და კარი გააღო. ზღურბლზე ვასილიჩი იდგა.
  ადვოკატის ღამეული სტუმრობა სრულიად მოულოდნელი იყო. ის „ვერშინის“ ხელმძღვანელობასთან ერთად ესწრებოდა შეხვედრას, რომელიც ერთი საათის წინ დამთავრდა. შეხვედრისას ვასილიჩი ჩუმად იჯდა. ერთხელაც არ დაუპირებია თათბირში ჩართვა. ახლა კი მარტო ესტუმრა ლუკას. ჩანს, ისეთ საკითხზე სურდა საუბარი, რაზედაც სხვისი თანდასწრებით არაფერს იტყოდა.
– შემოდი, – უთხრა ლუკამ და კარს მოშორდა.
ვასილიჩი ოთახში შევიდა, ბარიდან ვისკის ბოთლი გამოიღო, დივანზე ჩამოჯდა და სასმელი ჭიქებში ჩამოასხა. ლუკა მის პირისპირ დაჯდა და ყურადღებით შეათვალიერა. ვასილიჩს დაღლილობა ეტყობოდა. თვალები ამღვრეული ჰქონდა. ჩანდა, აქ მოსვლამდეც დაელია სასმელი.
ლუკამ მოიცადა, ვიდრე ვასილიჩმა ჭიქა არ გამოსცალა და შემდეგ უთხრა.
– ცუდად გამოიყურები.
– დავლიე, – ჩაილაპარაკა ვასილიჩმა და ისევ შეავსო ჭიქა.
– მხოლოდ ამისთვის არ მოხვიდოდი აქ, – ვისკის ბოთლზე მიანიშნა ლუკამ.
– რისი თქმაც მინდა, ფხიზელი ვერ გეტყოდი, – ამოიოხრა ვასილიჩმა.
– ადრე არ გქონია ასეთი პრობლება.
– ადრე სხვა იყო. მე და შენ ყოველთვის ერთი პრობლემის მოგვარებაზე ვსაუბრობდით და ვმუშაობდით. ახლა კი... – ვასილიჩმა ხელი ჩაიქნია, ვისკი მოსვა და  განაგრძო, – ოდესმე ყველაფერი მთავრდება, კარგიცა და ცუდიც. სწორედ გამიგე, ლუკა, არც შიში მალაპარაკებს და უმადურიც არ ვარ, მაგრამ „ვერშინაში“ ვეღარ დავრჩები!
– რატომ?
– პირდაპირ გეტყვი. შენ გარეშე კომპანიისთვის რაიმე პერსპექტივას ვეღარ ვხედავ. თავის დროზე ელიამ იდეალური მექანიზმი შექმნა. მაგრამ მას მაინც აქვს ერთი სუსტი წერტილი. ჯაბას, ვოვას, დირექტორატის, ჩემ გარეშე მექანიზმი არ მოიშლება. ელიას დაღუპვამაც ვერ შეაფერხა მისი მუშაობა. ყველას შეცვლა-ჩანაცვლება შეიძლება. მაგრამ მექანიზნი უშენობას ვერ აიტანს. „ვერშინა“ ერთი თვე იმუშავებს, ორი... წელსაც გაქაჩავს, მაგრამ ადრე თუ გვიან, მაინც მოიშლება და მე ვერ შევაჩერებ ამას!
– მე არასოდეს ჩავრეულვარ „ვერშინის“ საქმიანობაში, – უპასუხა ლუკამ.
– ჰო... პირდაპირ არასოდეს ჩარეულხარ და ეს არც იყო საჭირო. მექანიზმის გამართული მუშაობისთვის შენი ავტორიტეტიც საკმარისი იყო. ყველამ, დირექტორატიდან დაწყებული – რიგითი თანამშრომლით დამთავრებული, იცოდა, რომ შენ სადღაც აქ, მათ სიახლოვეს იყავი. და ისიც იცოდნენ, რომ არასწორი საქციელისთვის ნებისმიერი დაუყონებლივ დაისჯებოდა. ეს ჩვენ მრავალ პრობლემას გვიხსნიდა. იოლად ვაგვარებდით ურთიერთობას მათთანაც, ვინც ჩვენს ხარჯზე წაბალახებას აპირებდა. ამდენი წლის განმავლობაში „ვერშინის“ შიგნით ასეთი პრობლემა არ გვქონია. გარედან რამდენჯერმე შემოგვიტიეს, მაგრამ... რად გვინდა ზედმეტი ბაზარი, შენც კარგად იცი, როგორც მოგვარდა ის პრობლემები.
– „ჩუმას“ იმედი არ გაქვს? – ჰკითხა ლუკამ.
– ვოვა უღალატი კაცია. საერთო საქმისთვის არასოდეს დაიხევს უკან, მაგრამ ვოვა მებრძოლია, რიგითი ჯარისკაცი. ჩვენ კი სარდალი გვჭირდება!
– ცოტას ამლაშებ, ვასილიჩ – გაეღიმა ლუკას.
– არა... არა... სწორედ იმას ვამბობ, რაც უნდა ვთქვა. ვოვას შეუძლია ურთიერთობა მოაგვაროს ქურდებთან, გააკონტროლოს „ობშჩიაკი“, რქები დაახერხოს ათასი ჯურის ახვარსა და ნაბოზარს, მაგრამ ის ვერაფერს გააწყობს კიეველ ჩინოვნიკებთან და არც ხელისუფლების წარმომადგენლები მოინდომებენ მასთან ურთიერთობას.
– ამისთვის შენ ხარ.
– გადაჭარბებით ნუ შეაფასებ ჩემს შესაძლებლობებს. მე მაშინ მიწევდნენ ანგარიშს, როდესაც ჩემ უკან შენ ეგულებოდი. იგივე აღარ განმეორდება. ვინ ვარ მე ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის?! კრიმინალებთან შეკრული წუწკი ადვოკატი! არა, ლუკა, ხელისუფლება მე კი არა, ძალას უწევდა ანგარიშს. იმ ძალას რომელიც მე არ გამაჩნია!
– შენ რომ გისმინო, სამყაროს ცენტრი ვყოფილვარ. რა მოხდებოდა, მე რომ დავღუპულიყავი ან ძალიან დიდ „სროკზე“ გავესტუმრებინე მთავრობას?
– მოხდებოდა ის, რაც მოხდება რამდენიმე თვის ან ერთი წლის შემდეგ. „ვერშინას“ ჯერ ერთი მხრიდან წაკრავდნენ ხელს. მერე – მეორიდან. მოსინჯავდნენ, კარგად შეისწავლიდნენ, სუსტ წერტილს მოუნახავდნენ, მთელი ძალით დაჰკრავდნენ და მიწასთან გაასწორებდნენ, – უპასუხა ვასილიჩმა.
– ადვოკატი კი არა, ნაღდი ალფრედ ჰიჩკოკი ხარ! – გაეცინა ლუკას, – რამე კარგი თქვი, თორემ მეც დავიგრუზე.
– კარგს ვერაფერს გეტყვი. საამისო მიზეზი არ მაქვს და ვერც გამოვიგონებ, – ვასილიჩი ჭიქას გადასწვდა, – შენც დალიე, თორემ რა გამოდის. მარტო ვსვამ, ლოთივით.
– ესე იგი „ვერშინიდან“ წახვალ? – ლუკამ აუჩქარებლად გამოსცალა ჭიქა.
– მხოლოდ კომპანიიდან არა. გარკვეული ხნით საერთოდ გავერიდები უკრაინას. შენი წასვლის ამბავი მალე გაბაზრდება. შემდეგ კი შეიძლება, ვეღარც გავასწრო აქედან.
– ასე რამ შეგაშინა, ვასილიჩ?!
– ძალიან ბევრი ვიცი, ლუკა, – ვასილიჩმა საფეთქელზე მიიკაკუნა თითი, – იმაში, რაც აქ არის. ზოგიერთი დიდ მაყუთსაც არ დაინანებს.
– მართლაც ბევრი იცი. იქნებ არც ღირდეს შენი ცოცხლად დატოვება?! – ლუკა მძიმედ წაეტანა პისტოლეტს.
ვასილიჩმა დაბნეული სახით გახედა. შემდეგ კი ხმამაღლა გაეცინა.
– ჩაგეთვალა... კინაღამ ვჭამე. მაგრამ მალე გამახსენდა, ვინც იჯდა ჩემ წინ!
– ნუ გაერთობი. ხომ არ დაგავიწყდა, რომ ქურდი აღარ ვარ და გარკვეული პრინციპები აღარ მბოჭავს. ისიც გაიხსენე, რომ სისხლისღვრაც არ მაშინებს! შენნაირი მოწმის ცოცხლად დატოვება კი მართლაც არიფის შესაფერისი შეცდომა იქნებოდა.
– შენი წასვლის შემდეგ „ვერშინაში“ თუ დავრჩი, მართლაც ეგრე დავასრულებ სიცოცხლეს! – ხელი ჩაიქნია ვასილიჩმა.
– მოდი, სერიოზულად ვისაუბროთ. რა შემოგთავაზო „ვერშინაში“ დასარჩენად? – ჰკითხა ლუკამ.
– მე ვერაფერს შემოგთავაზებ. მაგრამ როგორც მეგობარმა რომ გთხოვო დარჩენა, რას მიპასუხებ? – მზერა გაუსწორა ვასილიჩმა.
ლუკამ მძიმედ გაიქნია თავი.
– მესმის შენი... არაკაცი ვიყო თუ ყველაფერი არ მესმოდეს. მე პირველი დღეებიდან ვარ „ვერშინაში“. ყველაფერი კარგად მახსოვს და ისიც ვიცი, რაც შენ გადაიტანე. წასვლისთვის ვერავინ დაგძრახავს. მაგრამ... – ვასილიჩმა ვისკი მოსვა და ლაპარაკი განაგრძო, – იცი რა მდგომარეობაში ვარ.... ფილმი „კავკასიელი ტყვე ქალი“ გახსოვს?
– მახსოვს, – თავი დაუქნია ლუკამ.
– იქ ერთი პერსონაჟი სადღეგრძელოს ამბობს... მაქვს საშუალება ვიყიდო თხა, მაგრამ არ მაქვს ამის სურვილი. მაქვს სურვილი ვიყიდო მანქანა, მაგრამ არ მაქვს ამის საშუალება... მოდი, დავლიოთ იმის სადღეგრძელო, რომ ჩვენი სურვილები ჩვენს შესაძლებლობებს ემთხვეოდეს!
– მოდი, დავლოთ ამის სადღეგრძელო, – უპასუხა ლუკამ და ჭიქები ვისკით შეავსო.
– მოდი, – უმალ დაეთანხმა ვასილიჩი და ჭიქას გადასწვდა.
– სადღეგრძელო სადღეგრძელოდ დარჩა. ჩვენი სურვილები მაინც არ ემთხვევა ჩვენს შესაძლებლობებს, – განაგრძო ლუკამ, როგორც კი ვასილიჩმა გამოცლილი ჭიქა მაგიდაზე დაუშვა.
– თავი გავანებოთ ოცნებებს. როგორც შენს ძმას, ისე მაინტერესებს. მაინც, რას გეგმავ სამომავლოდ?
– ჯერჯერობით არაფერი გადამიწყვეტია. ეკას მშობიარობას დაველოდები. შემდეგ შევხედავ.
– ერთი თხოვნა მაქვს შენთან.
– მითხარი.
– შინაგანი ხმა მკარნახობს, რომ შენი ყაიდის ადამიანს ადვოკატი მომავალშიც დასჭირდება.
– თავგადასავლებს ეძებ, – გაეღიმა ლუკას.
– ასე გეტყვი. „ფორმულა ერთის“ მრბოლერი კარიერის დასრულების შემდეგ ტრაქტორს ვერ შეეგუება. მინიმუმ, „ფერარიზე“ მაინც უნდა გადაჯდეს!
– მართებულია, – დაეთანხმა ლუკა.
– ჰოდა, მეც მაგას ვამბობ.
– ესე იგი, სამსახურში აყვანას მთხოვ?
– ძვირი არ დაგიჯდება. შემიძლია, წინა დამქირავებლისგან სარეკომენდაციო წერილი მოგიტანო. თუმცა მალე დარწმუნდები, რომ ბალასტი არ ვარ და ჩემს წილ ლუკმას მუქთად არ ვჭამ.
– მოსულა... სარეკომენდაციო წერილი კი არ მინდა. სიტყვაზე გენდობი.
– მაშინ სხვა სადღეგრძელოს ვიტყვი, – ვასილიჩმა სწრაფად შეავსო ჭიქები, – ამით სწორ არჩევანს გაუმარჯოს! სურვილი, სურვილია. არჩევანი – არჩევანი, მაგრამ ყველაფერს მაინც სწორი, უეჭველი გადაწყვეტილება სჯობია!..
* * *
  დღე მიიწურა. მზე მძიმედ ჩასცდა ხის კენწეროებს და სადღაც შორეთში მიიმალა. ბაღში ბინდი ჩამოწვა. სიბნელის დადგომისთანავე ჭიშკართან, ღობისა და ბაღში გამავალი ბილიკების გასწვრივ ავტომატურად ჩაირთო განათება. ეს განათების ჩვეული რეჟიმი იყო. ნათურების მეორე წყება მხოლოდ მათთან მიახლოებისას ინთებოდა. რაც უფრო ართულებდა ბაღსა და სახლში შეუმჩნევლად შეღწევას. როგორც წესი, საღამოს დადგომისას მცველები მცირე ხანს კიდევ რჩებოდნენ ბაღში. შემდეგ კი სახლის პირველ სართულზე მოწყობილ ოთახში ინაცვლებდნენ. იქიდან კამერების მეშვეობით მთელი პერიმეტრის გაკონტროლება იყო შესაძლებელი.
ჯაბა ჩამობნელებისთანავე გავიდა სახლიდან და ბაღის შემოვლას შეუდგა. ყველაფერი რიგზე იყო. მცველები, ჩვეულებისამებრ, ყურადღებით ადევნებდნენ თვალს ღობესა და ბაღს. ჭიშკრის სიახლოვეს დაცვის უფროსი შეეგება.
– როგორაა საქმე? – მის პირისპირ შედგა ჯაბა.
– როგორც ყოველთვის... სიმშვიდეა,  – უპასუხა მან.
– არ მოეშვათ. ხომ იცი, სიმშვიდე ქალივითაა – გადუნებს და სიფხიზლეს გაკარგვინებს.
– არ მესწავლება. თხუთმეტი წელია, რაც ამ საქმეში ვარ! – გაღიზიანდა დაცვის უფროსი.
– მართლა? – მოჩვენებით გაიკვირვა ჯაბამ, – ნაღდი პროფესიონალი ყოფილხარ. ნაღდად არ გჭირდება ჩემი რჩევა!
– რაცა ვარ, ესა ვარ, – შემრიგებლური ტონით თქვა დაცვის უფროსმა.
– მე კი ოცდახუთი წელი სხვა საქმეში ვარ!.. და რადგანაც ჯერჯერობით არც „სროკზე“ მოვხვდი და არც საფლავში ვწევარ, გამოდის, რომ ძალიან კარგად მცოდნია ჩემი საქმე... გაიგე?! – აუჩქარებლად თქვა ჯაბამ.
– გავიგე, – ყრუდ ჩაილაპარაკა დაცვის უფროსმა.
– ჰოდა თუ გაიგე, ზედმეტ ბაზარს შეეშვი და საქმეს მიხედე, – დაასრულა ჯაბამ და სახლისკენ დააპირა წასვლა.
– მაშინ ერთი საკითხის მოგვარებაში დამეხმარე, – დაადევნა დაცვის უფროსმა.
– რა გინდა? – შემობრუნდა ჯაბა.
– ნატოსთან ვერაფრით გამოვნახეთ საერთო ენა. ჯიუტი გოგოა. ყოველ საღამოს იგივე მეორდება, – სახლის მეორე სართულზე მიანიშნა დაცვის უფროსმა.
ჯაბა მიხვდა, რასაც გულისხმობდა. ბოლო ხანებში ნატომ სახლის მეორე სართულზე, შემინულ მცირე ორანჟერეაში გადაიტანა თავისი სახელოსნო. ამაში არაფერი იყო უცნაური. გაზაფხული იდგა და მზე კარგად ანათებდა ორანჟერეას. შუშის კედლებს მიღმა კი კრაკოვის ძველი უბნის შესანიშნავი ხედი იშლებოდა. მაგრამ ნატოს მოსაზრებას არ ეთანხმებოდა დაცვის უფროსი.  განსაკუთრებით იმიტომ, რომ დროის უდიდეს ნაწილს ეკაც ორანჟერეაში ატარებდა. იმ შუშის კედლებს მიღმა კი, რომლებიც ასე მოსწონდა ნატოს, ორივე შესანიშნავ სამიზნეს წარმოადგენდა.
– ახლაც იქ არიან. სუფთა ჰაერზე სვამენ ჩაის. შენ სცადე მათი შეგონება. იქნებ გამოგადგეს შენი ოცდახუთწლიანი „გამოცდილება“ და მართლაც შეძლო მათი დათანხმება, – ირონიით დაასრულა დაცვის უფროსმა.
– კარგი, კარგი, ვცდი, –  უპაუხა ჯაბამ და აგარაკს მიაშურა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

tbiliselebi.ge-ზე გამოქვეყნებული სტატიებისა და ფოტოსურათების მთლიანი ან ნაწილობრივი გადაბეჭდვა რედაქციასთან შეთანხმების გარეშე, ისჯება კანონით.скачать dle 11.3