№42 რა მინიშნებას უნდა მიაქციოთ ყურადღება კვირის ცალკეულ დღეს, რომ იღბალი თქვენს მხარეს დარჩეს
ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი
„ორშაბათიდან დავიწყებ“... და ეს ეხება დიეტას, სწავლას, სამსახურს თუ სულაც ცხოვრების თავიდან დაწყებას, – ალბათ არ არსებობს ადამიანი ასეთი გადაწყვეტილება ერთხელ მაინც რომ არ მიეღოს ცხოვრებაში. მაგრამ, მართლა ასე რაციონალურია კვირის დასაწყისი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეებისთვის? კვირის ყოველ დღეს შეუძლია, მოგვიტანოს კეთილდღეობა, თუ ხალხურ გადმოცემებს მივყვებით და გამაფრთხილებელ მინიშნებებს არ უგულებელვყოფთ. ხალხური სიბრძნე ბევრ უბედურებას აგვარიდებს თავიდან. ამიტომ, კვირის განრიგის სასურველი სურათი რომ ნათლად წარმოვიდგინოთ, ამაში ეზოთერიკოსი, ქალბატონი ქეთევან დ. დაგვეხმარება.
– ორშაბათი მძიმე დღეაო, მაგრამ მაინც ყველაფერს ორშაბათიდან ვიწყებთ...
– მართლაც მძიმე დღეა, მაგრამ არამარტო იმისთვის, რომ სამუშაო კვირის დასაწყისია, გაუაზრებელი საქციელიც გაზარალებთ ამ დროს. თუმცა, ხალხურ გადმოცემებს შეუძლია შველა და გირჩევთ: არ დაიწყოთ ორშაბათს ახალი საქმე, რადგან მაინც არ გამოვა – კვირის დასაწყისი არასახარბიელოა საქმიანი შეთანხმებისა და ფინანსური გარიგებისთვის; ნებისმიერი ცდაც კი, რომ ცხოვრება თავიდან დაიწყოთ, მხოლოდ წინააღმდეგობასა და სიძნელეებს შექმნის, რასაც უსიამოვნო მოვლენები მოჰყვება; ამ დღის მოწყენა და ნაღველი კვირამდე გასტანს, რაც არც სამსახურში წაგადგებათ და არც ცხოვრებას შეგარგებთ – ეცადეთ, ემოციებმა გონება არ დაიმორჩილოს; ასევე, არ ესტუმროთ და არც სტუმრად მიიწვიოთ არასასურველი ნაცნობი, თორემ მთელი კვირა ისეთ ხალხთან მოგიწევთ ურთიერთობა, დასანახად რომ ვერ იტანთ.
– ორშაბათის სიმძიმეს სამშაბათი ამსუბუქებს?
– სამშაბათი მართლაც იღბლიანი დღეა და შეგიძლიათ, თამამად შეეჭიდოთ გრანდიოზულ პროექტებსაც კი. თუმცა ზოგ საქმეს, უმჯობეისია, არ გაეკაროთ, მაინც არ გამოვა. გაფრთხილდით: ფული არც გაასესხოთ და არც ვალად აიღოთ, რადგან რისკია, სულ მშრალზე დარჩეთ; ნაუცბათევად ნურაფერს იყიდით, მაგრამ თუ მაინცდამაინც აუცილებელია, ისე ივაჭრეთ, ხურდის მოცემა არ გახდეს საჭირო – ეს უსიამოვნებას აგარიდებთ; უარი არ თქვათ მომგებიან წინადადებაზე, თორემ იღბალი პირს იბრუნებს თქვენგან – ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ უმჯობესია, ახალი საქმე მოსინჯოთ, ვიდრე პასუხისმგებლობასა და სიძნელეებს გაექცეთ. იღბლიანია ოთხშაბათიც, რადგან მისი ენერგეტიკა რისკიანთა შემწეა. თუმცა, ზოგი რამ, უმჯობესია, გადადოთ, რომ გაუთვალისწინებელ შედეგს უსიამოვნება არ მოჰყვეს. ამიტომ, ცდილობდნენ ძველად, რომ ოთხშაბათს არაფერი წამოეწყოთ. ასევე, არ ვარგა ოთხშაბათს სხვაგან გადასვლა, მით უმეტეს, ხანგრძლივი დროით – მალევე მოგიწევთ ახალი საცხოვრებლის ძებნა; არ აიყვანოთ სამსახურში ახალი თანამშრომლები – მაინც არ გამოდგებიან; უარი თქვით ახალ თანამდებობაზე – გარდა იმისა, რომ შეუფერებელი და დაბალანაზღურებადია, პრობლემები შეგექმნებათ თანამშრომლებთან და ხელმძღვანელობასთანაც.
– ხუთშაბათი ვიცი, რომ კარგი დღეა...
– ნამდვილად იღბლიანია, ოღონდ მათთვის, ვინც გააზრებულ გადაწყვეტილებას მიიღებს, არ იჩქარებს და უარს იტყვის ავანტიურაზე. თუმცა, ამ დღეს არც საფრთხეს სძინავს, ამიტომ მიენდეთ წინათგრძნობას და ყურადღება მიაქციეთ ბედის მინიშნებებს: ნურაფერს დარგავთ ბაღ-ბოსტანში, თორემ მოსავალი გაფუჭდება და შეიძლება მთლიანადაც გაჩანაგდეს. განსაკუთრებით ეს ეხება კარტოფილსა და სხვა ბოლქვიან მცენარეებს; ამ დღეს ჯობია, გაჩუმდეთ, რომ ზედმეტი არაფერი წამოგცდეთ – ფუჭი დაპირებები პრობლემებად გექცევათ, ხოლო გეგმები არაკეთილმოსურნეთა გავლენით ჩაგეშლებათ; თუ ვალს ვერ დააბრუნებთ, უსიამოვნება იმ შემთხვევაში გემუქრებათ, თუ მისი გადახდის ვადა სწორედ ხუთშაბათსაა დათქმული.
– პარასკევი საშიში დღეა?
– პირიქით, სასიკეთო დღეა – შანსი გეძლევათ, იპოვოთ მეორე ნახევარი და ფინანსური კრიზისიც დაძლიოთ. თუმცა, სიფრთხილე მაინც საჭიროა, მოვლენებმა არასასურველი მიმართულება რომ არ მიიღოს: სიყვარულსა და მოგზაურობაში, სწავლის დაწყებისა და საცხოვრებლის გამოცვლისას მაინცდამაინც პარასკევს ნუ მოინდომებთ სერიოზული ნაბიჯის გადადგმას, თორემ პრობლემები შეგექმნებათ. პარასკევს ნურც მიწას შეაწუხებთ – დარგვის, თხრისა თუ სხვა მსგავსი სამუშაოებისგან თავი შეიკავეთ, რათა მოსავალსაც და მცენარეებსაც პრობლემები არ შეექმნას. როგორც წესი, პარასკევის სიზმარი ცხადდება, ამიტომ ნურავის მოუყვებით. ბედნიერი სიზმარი გამართლებაა, ხოლო – ცუდი მაშინვე დაივიწყეთ, რომ უსიამოვნება არ მოჰყვეს. თუ ამ დღეს თეთრეულს გამოცვლით, კოშმარები არ მოგასვენებთ. იატაკის მოწმენდას კი სკანდალი სდევს – ქალი, რომ პარასკევს იატაკს მორეცხავს, ნარეცხ წყალს ოჯახის წევრებსაც გადააყოლებსო, ნათქვამია. რაც შეეხება 13 რიცხვის პარასკევს, ხალხური მინიშნებებით, ამ დღეს უწმინდურება თავისუფლად დათარეშობს მთელ მსოფლიოში და ხალხს ცუდი საქციელისკენ უბიძგებს. ამიტომ 13-ის პარასკევს: მოერიდეთ ახლობლებთან კამათს, არ ენდოთ უცხო პირებს და ნუ იმოგზურებთ, განსაკუთრებით საკუთარი ტრანსპორტით; ზედმეტი მხიარულება ცრემლებამდე მიგიყვანთ; ხოლო მცენარის დარგვა მოსავალს გაანადგურებს. ნუ გამოცდით ბედს თარს პარასკევს – უარი თქვით ავანტიურასა და სარისკო ფულად ოპერაციებზე.
– რას გვპირდება უქმეები?
– შაბათი საბედისწერო დღეა, რომლის ენერგეტიკა გადამწყვეტი ნაბიჯისა და ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლისკენ გიბიძგებთ. მისი პოზიტივი მხოლოდ დაუფიქრებელმა საქციელმა შეიძლება შეცვალოს, რის შესახებაც მინიშნებები გაფრთხილებთ: ნუ იქნებით გულგრილი მოვალეობებისადმი – მკაცრად დაისჯება ყველა, ვინც საქმეს ჰაიჰარად აკეთებს; არ გასცეთ ფული ვალად, თუმცა თავად შეგიძლიათ, თავისუფლად ისესხოთ; ზედმეტი არ ჭამოთ, რადგან, გარდა იმისა, რომ ღორმუცელობა მძიმე ცოდვაა, ხალხური გადმოცემების მიხედვით, ასეთი ქცევა ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებსაც შეგიქმნით. ასევე, არ შეიძლება შაბათობით მკითხაობა და სასიყვარულო რიტუალების ჩატარება. რაც შეეხება კვირას – მართლაც მზესავით თბილი და მხიარულია, რაც ადამიანებსაც ბედნიერებით ავსებს. დატკბით სიცოცხლით და მხოლოდ სიკეთე თესეთ. მაქსიმალური პოზიტივისთვის კი ხალხურ მინიშნებებს მიჰყევით: რადგან კვირა დასვენებისთვისაა განკუთვნილი, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, ამ დღეს მუშაობა არ ღირს; არც ბანაობისა და იმიჯის შეცვლისთვისაა სახარბიელო; ახალი წამოწყებები, სერიოზული საქმეები და ფიზიკური მუშაობა ხომ საერთოდ არ დაგაყრით ხეირს. უპრიანია, კვირა სულიერ განწმენდასა და კეთილ საქმეებს მოახმაროთ. გისურვებთ წარმატებებს!