№42 როგორ დაამარცხეს გაერთიანებული ქართული ლაშქარი ქაიხოსრო ათაბაგმა და მისმა ვაზირმა ოსმალთა ჯარით და როგორ უღალატეს მათ ოსმალებსაც, სპარსელების მოწვევით
ნინო კანდელაკი გიორგი მახობეშვილი
1543 წელს ოლთისთან ახლოს, ქარაღაქთან იმერეთის, გურიისა და მესხთა გაერთიანებული ლაშქარი შეებრძოლა ოსმალთა სულთნის მიერ გამოგზავნილ ჯარს, რომელსაც წინ მოუძღოდნენ სამცხის მთავრობის პრეტენზიის მქონე ქაიხოსრო ჯაყელი და მისი ერთგული ვასალი, ოთარ შალიკაშვილი. ჩვენმა წინაპრებმა შეუტიეს ხონთქრის ჯარს და სასტიკ ბრძოლაში დაამარცხეს თურქები. დამარცხებული ოსმალები გაიქცნენ. ბრძოლაში მოკლეს თურქთა ჯარის მეთაური, მუსა ფაშა. ქართველთა ლაშქარს ხელთ ჩაუვარდა ოსმალთა ჯარის ბანაკი და თოფები.
მაგრამ, ოთარ შალიკაშვილი და ქაიხოსრო ჯაყელი დანებებას არ ფიქრობდნენ. ისევ გაიქცნენ სტამბულში და კვლავ სთხოვეს ოსმალეთის ხონთქარს, სულეიმან პირველს, ჯარი. თვითონ სულთანიც ძალიან გამწარებული იყო იმერეთის მეფის, ბაგრატ მესამის მიერ მისი ჯარის დამარცხებით. სულეიმანი მსოფლიოს მბრძანებლად მიიჩნევდა თავს, და აქ პატარა სამცხის ფლობაზე მას ექიშპებოდა პატარა იმერეთის მეფე, მცირერიცხოვანი ჯარით. ეს წარმოუდგენელ თავხედობად ეჩვენებოდა ავსტრიის დედაქალაქის დასაპყრობად გამზადებულ სულთანს. გააფთრებულმა სულეიმანმა უბრძანა არზრუმისა და დიარბექირის ფაშებს სამცხეში შეჭრა დიდი ჯარით. სულეიმანმა დანდობა არ იცოდა, საკუთარ შვილებსა და შვილიშვილებს ხოცავდა, ძალაუფლების შესანარჩუნებლად.
ჩვენი ხელმწიფე, იმერეთის მეფე ბაგრატ მესამე ემზადებოდა ამისთვის. მართალია, სპარსეთის შაჰისგან, თამაზისგან, რომელიც სულეიმანს ებრძოდა, დახმარება ვერ მიიღო. მაგრამ, წინასწარ ქართველ მეფე-მთავრებთან მოლაპარაკებული იყო, ერთიანად ებრძოლათ დამპყრობელი თურქების წინააღმდეგ. ბაგრატ მეფემ წერილები გაუგზავნა თავის სიძეს, ქართლის მეფე ლუარსაბს, ოდიშისა და გურიის მთავრებს და დახმარება სთხოვა ოსმალებთან ბრძოლაში.
მემატიანე წერს: „მეფესა ქართლისასა ლუარსაბს დაღაცათუ არავინ ეშუელებოდა უსჯულოთა ზედა, არამედ თვით რაოდენ ძალ-ედვა არა დაზოგის თავი და წარვიდის და მიეშუელის, რამეთუ ეძვნებოდა საქართველოსათვის, ვითარცა მამასა შვილთათვის“. შეკრიბა ლაშქარი დიდმა ლუარსაბ მეფემ და გაემართა ქართველთა ინტერესების დასაცავად, ბაგრატ მესამის მისაშველებლად, სამცხის შესანარჩუნებლად.
გურიელიც გამოცხადდა ბაგრატ და ლუარსაბ მეფეებთან ჯარით. დადიანი კი არ დაეხმარა გაერთიანებულ ქართველებს.
ქართლელები, მესხები, გურულები, იმერლები ბასიანს მივიდნენ. ოსმალთა ჯარიც ბასიანში იდგა, უძველეს ქართულ კუთხეში.
იდგა 1545 წელი. სოხოისტას ველზე, ბრძოლის წინ ქართლელებმა მოინდომეს მეწინავეობა. საერთოდ, მეწინავეობა დიდი პატივი იყო ბრძოლებში და ყველაზე გამოცდილ ნაწილებს აყენებდნენ ხოლმე მოწინავე პოზიციებზე. სხვა პოზიციებიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა. ყველას თავისი ფუნქცია ეკისრებოდა. ძველად, დიდი საქართველოს დროს, მეწინავეობა, ჩვეულებისამებრ, ფიცხ მესხებს ჰქონდათ ბრძოლებში. სხვები ფლანგებს იკავებდნენ ან სხვა ფუნქციებს ასრულებდნენ. ამიტომ, მესხებმა ქართლელებს მოსთხოვეს, ყოველთვის ჩვენ ვიყავით მეწინავენი და მართებული იქნება, ისევ ჩვენ ვიყოთ, ჩვენ გვეკუთვნისო.
მაგრამ, ქართლელებმა არ დაუთმეს და პირველები გადავიდნენ შეტევაზე. შეიძლება, ლუარსაბ მეფეს და შესაძლოა, ბაგრატ მეფესაც, მესხთა ზოგიერთი დიდებულისადმი ნდობა არ ჰქონდათ. არც იქნებოდა გასაკვირი, რადგან ოთარ შალიკაშვილისა და ქაიხოსრო ჯაყელის აგენტები დაძრწოდნენ მესხეთში და მესხებს „საკუთარი ხელმწიფის“, ათაბაგის, ჯაყელების ერთგულებისკენ მოუწოდებდნენ, „დამპყრობელი იმერეთის მეფის“ წინააღმდეგ. ასეა თუ ისე, მესხები განაწყენდნენ, შეურაცხყოფა მოგვაყენესო, მოტრიალდნენ და ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღეს. იმ დროში, ჯარის ნაწილების მეთაურებს, დიდებულ თავადებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ ლაშქარში და უბრალო ჯარისკაცები წინააღმდეგობას ვერ გაუწევდნენ საკუთარ ბატონებს. ფეოდალურ ლაშქარში ეს წარმოუდგენელი იქნებოდა.
სასტიკი ბრძოლა გაიმართა. უამრავი მებრძოლო მოისრა ორივე მხრიდან. დაიღუპა გურიელის ძე ქაიხოსრო. დიდი ზარალი ნახეს ქართველებმა უკეთ შეიარაღებულ და უფრო მრავალრიცხოვან ჯართან ბრძოლაში. „დამარცხდა ჯარი საქართველოსი“ – წერს ისტორიკოსი.
იმერლები იმერეთის სამეფოში დაბრუნდნენ, გურულები – გურიის სამთავროში, ქართლელები – ქართლის სამეფოში.
შეიჭრნენ გააფთრებული ურუმები (თურქები) მესხეთში, უმოწყალოდ ხოცავდნენ, ვისაც შეიპყრობდნენ. დაიკავეს ციხეები ოთარ შალიკაშვილის წინადადებით, რომელიც ურჩევდა, თურმე, მის მოკავშირე დამპყრობელ თურქებს: „უკეთუ დაიპყრობთ სიმაგრეთა სამცხისათა, ესე ქუეყანა მკვიდრად თქუენდა იქმნებისო“.
მესხებმა „ათაბაგ ყვეს ქაიხოსრო ძე ყუარყუარესი“. ქაიხოსრო ათაბაგს ისევ აშინებდა ბაგრატ მეფის სურვილი, სამცხე იმერეთის სამეფოსთვის შეეერთებინა ისევ და გაეერთიანებინა დასავლეთ საქართველო. ამიტომ, აღმოსავლეთ საქართველოში მოკავშირეს ეძებდა. ამ მიზნით იქორწინა აშოთან მუხრანბატონის ასულ დედისიმედზე. მემატიანე ასე ახასიათებს დედისიმედს: „და იყო ქალი ესე გლისპი და შეუპოვარ და ლაღი“. გლისპი ანჩხლს ნიშნავს.
ერთი დამპყრობლის მეშვეობით ათაბაგის ტახტი, უფრო სწორად ათაბაგის სახელი დაიბრუნა ჯაყელმა. ათაბაგი კი გახდა ქაიხოსრო, მაგრამ სახელმწიფო უკვე მისი აღარ იყო. ციხეებში თურქთა გარნიზონები იდგა. ოსმალები დათარეშობდნენ ქვეყანაში და „უსამართლობდნენ ქუეყანასა სამცხისასა“.
სამცხეს სულთანი სულეიმანი განიხილავდა საკუთარ ტერიტორიად, საიდანაც უნდა შეეტია სხვა ქართული ქვეყნებისთვის და სურდა, აღმოსავლეთ საქართველოსაც დაპატრონებოდა.
ახლა მეორე დამპყრობლის გამოყენება სცადეს ოთარ შალიკაშვილმა და ქაიხოსრო ათაბაგმა. გააგზავნეს ყაენთან (შაჰთან) ელჩი. შეუთვალა ათაბაგმა ქაიხოსრომ შაჰ-თამაზს:
„ძველი დროიდან სამცხის ქვეყანა სპარსეთის მეფეთა საკუთრება იყო. ახლა, თუ გნებავს, გაქვს ძალა და უფლებაც, რომ ისევ თქვენი გახდეს. დაგვეხმარე და „ნურღარა აუფლებ ჩემ ზედა ოსმალთა და თქუენდავე იყოს ქუეყანა ჩუენი, და გმორჩილობდეთ შენ, ვითარცა პირველ“.
შაჰ-თამაზს მოეწონა, ქართველთა მოღალატეები – ათაბაგი ქაიხოსრო ჯაყელი და მისი ვაზირი, ოთარ შალიკაშვილი, ახლა რომ თურქთა სულთნის ღალატს აპირებდნენ და მას იწვევდნენ სამცხის მბრძანებლად და გამოემართა სამცხეში დიდი ჯარით.
სპარსთა ჯარის მანევრი სამცხისკენ, რა თქმა უნდა, არ გამოეპარებოდა ოსმალთა სარდლობას. ოსმალეთსა და სპარსეთს შორის ომი დიდ ტერიტორიაზე იყო გაშლილი. სულთან სულეიმანის ჯარიც გამოემართა მესხეთისკენ იქ მდგომი თურქული გარნიზონების დასახმარებლად, სპარსთა სამცხიდან გასარეკად და ქაიხოსრო ჯაყელისა და ოთარ შალიკაშვილის დასასჯელად.