№42 ბინძური თამაში
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #40-41(980)
„ტურამ“ დედიშობილა გენერალი მობილურის ფანრის შუქზე ყურადღებით შეათვალიერა და უთხრა:
– ქართული ხალხური სიბრძნეა – სიფრთხილეს თავი არ სტკივაო. წამოდი, ზღვაში შევცუროთ.
– შევცუროთ, – თქვა „ზღარბმა“ და წყალში შევიდა, „ტურაც“ უკან გაჰყვა.
– ახლა კი მითხარი, „ზღარბო“, რატომ ჩამომიყვანე აქ, რა ხდება?
– მაინტერესებს, როგორ მიმდინარეობს ოპერაცია და რა სტადიაშია.
– ყველაფერი ნორმალურადაა. ობიექტი მიზანთან ახლო კონტაქტში შევიდა.
– კონკრეტულად?
– როგორც გითხარი, მასეა. ისინი ერთად წვანან და ვფიქრობ, ორ-სამ თვეში დაქორწინდებიან. შემდეგ კი ახალ ეტაპზე გადავალთ. სავარაუდოდ, ცხრა-ათ თვეში, მაქსიმუმ ერთ წელიწადში მიზანს მივაღწევთ.
– ზუსტი ინფორმაციაა?
– ზუსტი და სანდო. ჩემი კაცი მკაცრად აკონტროლებს ყველაფერს და ასეც რომ არ იყოს, ობიექტი ყურებით მყავს დაჭერილი და მისგან სიურპრიზი მოსალოდნელი არ არის.
– კარგია, თუ მასეა, მაგრამ რომ არ გამოვიდეს, მაშინ პასუხს საკუთარი თავით აგებ, ხომ იცი? – მუქარის ტონით უთხრა „ზღარბმა“ „ტურას“.
– როდესმე რამე შემშლია?
– არა, მაგრამ ვინ იცის... დრო გადის, ადამიანები იცვლებიან და იქნებ, რას აპირებ?
– რასაც ვაპირებ, კარგად იცი და რად გინდა ეგ ზედმეტი ლაპარაკი? ჩემი მთავარი მიზანი შურისძიებაა. შენ ფული გინდა, მე ჩემსას მივიღებ, შენ კი – შენსას.
– „ტურა“, ხომ იცი, რომ მართლა ვერსად გამექცევი და ჩემი გადაგდება ფიქრადაც არ გაივლო. შენ მიერ მოკლული მაიორის ტყუპისცალი ახლა „დუმის“ კომიტეტის თავმჯდომარეა და მე რომც გამისხლტე ხელიდან, მას მაინც ვერსად დაემალები. ოც წელზე მეტია, თავისი ძმის მკვლელს ეძებს და საკმარისია, მას პისტოლეტი გავუგზავნო, რომელზეც შენი „დეენემი“ დარჩა, რომ მოგიხელთებს და ისეთ დღეში ჩაგაგდებს, სიკვდილი მოგენატრება.
– არც შენ გადაგისვამს თავზე ხელს. ამიტომ შანტაჟსა და მუქარას მოეშვი. ნუ გეშინია, არსად ვაპირებ გაქცევას. ჩემთვის შურისძიებაა მთავარი. ფული კი იმდენია, რომ ათასი წელი გვეყოფა ჯიშ-ჯილაგიანად.
– როგორც ვიცი, დაოჯახებას არასდროს აპირებ. ისე როგორ მოგნუსხა იმ ძუკნამ, რომ დღემდე ვერ ივიწყებ?
„ტურა“ მოულოდნელად ხორხში სწვდა „ზღარბს“. უკნიდან მოექცა და კბილებში გამოცრა:
– აღარასოდეს წამოგცდეს ასეთი სიტყვები, თორემ ყველაფერს ფეხებზე დავიკიდებ და წამებით მოგკლავ!
„ზღარბს“ ხრიალი აღმოხდა და წყალში აფართხალდა. „ტურამ“ მას ხელი გაუშვა, ნაპირისკენ გამოცურა და წყლიდან ამოვიდა. ორიოდე წუთში „ზღარბიც“ გამოვიდა ნაპირზე. ძლივს სუნთქავდა. დროგამოშვებით კი ახველებდა და ხორხზე იკიდებდა ხელს. სული რომ მოითქვა, „ტურას“ უსაყვედურა:.
– რამ გადაგრია. შენი წყენინება არ მინდოდა. კინაღამ მომკალი.
„ტურამ“ ჩაიცვა. „ზღარბს“ ხელი გაუწოდა და უთხრა:
– ცოტა არ იყოს, გავცხარდი. შევრიგდეთ.
„ზღარბმა“ ხელი ჩამოართვა და თქვა:
– შევრიგდეთ და დავივიწყოთ, რაც მოხდა. ახლა კი წავიდეთ და ვივახშმოთ.
– არა, არა. ამაღამვე უკან უნდა დავბრუნდე. ვახშამი კი სხვა დროისთვის გადავდოთ. აბა, შეხვედრამდე! – თქვა „ტურამ“. შემდეგ ჩქარი ნაბიჯებით დაბრუნდა მანქანასთან. ჩაჯდა და თბილისისკენ გამოემართა, „ზღარბი“ კი დედიშობილა დატოვა პლაჟზე, რომელსაც ხველება აუტყდა, გულში კი „ტურას“აგინებდა...
***
„ზღარბი“, იგივე ოლეგ სავინი, „ფეესბეს“ გენერალ-მაიორი იყო, ხოლო „ტურა“ კი საქართველოს უშიშროების გენერალი – შალვა კორღალიძე. ადრე კოლეგები იყვნენ და პარიზში მიმდინარე ოპერაციის ჩატარება ქართველ გენერალს სწორედ რუსმა გენერალმა შესთავაზა. რუსეთის უშიშროება საფრანგეთში მრავალსვლიან სპეცოპერაციას გეგმავდა და მისი ერთ-ერთი მთავარი ელემენტი ამ ქვეყნის ბიზნესწრეებში თავისი აგენტის ჩანერგვა იყო. „ზღარბს“ ისეთი კაცის მოძებნა და გადაბირება დაავალეს, ვისაც ამ წრეებში თავისი სიტყვა ეთქმოდა. ჩახლართულ კომბინაციებში გამობრძმედილმა სავინმა კი მათ თავისი კომბინაცია შესთავაზა და ასე დაიგეგმა ოპერაცი „როქი“. იცოდა, რა „ზღარბმა“ კორღალიძის ისტორია, სწორედ მისი მეშვეობით, ისე, რომ ჩავარდნის შემთხვევაში, რუსული კვალი არ გამოჩენილიყო, გადაწყდა „როქის“ ჩატარება. ხოლო „ტურას“ რომ უარი არ ეთქვა, ჭირვეულობა არ დაეწყო და ოსტატურად მოფიქრებული კომბინაცია არ ჩაეშალა, „ზღარბმა“ მისი დაშანტაჟება განახორციელა. საქმე ის იყო, რომ ჯერ კიდევ მყარ საბჭოთა პერიოდში, კანტორის („კაგებე“), დავალებით კორღალიძემ თავისივე კოლეგის ლიკვიდაცია მოახდინა, რომელიც ორმაგ აგენტობაში იყო ეჭვმიტანილი და ვერ უმტკიცებდნენ. მოგვიანებით ეს ეჭვი გაქარწყლდა, მაგრამ მკვდარს უკვე ვეღარ გააცოცხლებდნენ. მოკლული „კაგებეს“ მაიორის ტყუპისცალი ძმა შემდგომში ცნობილი და გავლენიანი ბიზნესმენი გახდა და რუსეთის „გორდუმაში“ დიდი თანამდებობა ეკავა. სწორედ მისით აშინებდა „ზღარბი“ „ტურას“ და კორღალიძის ამ საქმეში მონაწილეობაც ამ ფაქტორმა გამოიწვია. „ტურა“ მაინც გეგმავდა „რიჟა ვახოზე“ ახალი იერიშის მიტანას, მაგრამ არა რუსეთის უშიშროების დახმარებით და დაახლოებით, ოპერაცია „როქის“ მსგავსი კომბინაცია თავადაც ჰქონდა შემუშავებული. რუსული „როქის“ მიხედვით, გამომდინარე იქიდან, რომ რუსული კვალი არ უნდა გამოჩენილიყო, კორღალიძის ლიკვიდაცია და ჯაჭვის მასზე გაწყვეტა იყო დაგეგმილი. შემდგომ კი საქმეში უკვე „ეფესბეს“ აგენტი ჩაერთვებოდა და გურამს გადაიბირებდა. შანტაჟის საშუალებად კი მის წინააღმდეგ ვახტანგ ყიფიანის მკვლელობასა და ელენეს გაგიჟებას გამოიყენებდნენ. „ზღარბზე“ არანაკლებად გამოცდილმა და ბევრად უფრო ვერაგმა „ტურამ“ ივარაუდა, რომ სავინი კანტორის დავალებას ასრულებდა, საქმე სულ სხვა რამეში იყო და საკუთარი გეგმა ჰქონდა მომზადებული, რომლის განხორციელებაც მას მერე უნდა დაეწყო, რაც ვახტანგ ყიფიანის ლიკვიდაცია მოხდებოდა. ასე რომ, „ტურა“ რუსების გადაგდებას აპირებდა და საამისოდ თითქმის ყველაფერი მზად ჰქონდა. საჭირო იყო, ხელსაყრელ მომენტს დალოდებოდა. კორღალიძემ კი ლოდინი იცოდა და სოხუმიდან თბილისში რომ ბრუნდებოდა, „მერსედესის“ უკანა სავარძელზე იყო გადაწოლილი და გულში „ზღარბსა“ და მის კანტორას დასცინოდა, რომლის წიაღიდანაც თავად იყო გამოსული.
***
ვახტანგ ყიფიანი ერთი კვირის წასული იყო სახლიდან, როდესაც საფრანგეთის საინფორმაციო არხებმა გაავრცელეს განცხადება მისი ტრაგიკულად დაღუპვის შესახებ. როგორც ცნობაში იყო ნათქვამი, საფრანგეთის მოქალაქეობის მქონე ქართველი მილიონერის კერძო თვითმფრინავი საფრანგეთ-იტალიიის საზღვარზე, ქალაქ შამონის მახლობლად მდებარე ალპების ერთ-ერთ კლდეს შეეჯახა, აფეთქდა და ჩამოვარდა, მასში მყოფი სამი პილოტი და თავად ყიფიანი კი დაიღუპნენ. ტელევიზიებით გავრცელდა ამ კატასტროფის შედეგად დამწვარი თვითმფრინავისა და დანახშირებული ადამიანების კადრები. როგორც ითქვა, თვითმფრინავის პილოტმა ძლიერ ნისლში ორიენტირება ვერ მოახერხა, ასევე, მწყობრიდან გამოვიდა სანავიგაციო მოწყობილობა და ეს ტრაგედია ყოველივე ამან გამოიწვიაო...
ამ ცნობის მიღებისთანავე სავინი თავისმა უშუალო უფროსმა დაიბარა და უთხრა:
– გენერალო, შეიძლება ითქვას, ბედი არ გვწყალობს და თავად ფორტუნა აღუდგა წინ ოპერაცია „როქის“ ნორმალურ მსვლელობას.
– რას გულისხმობთ, ამხანაგო გენერალ-ლეიტენანტო? – იკითხა „ზღარბმა“.
– ნუთუ ვახტანგ ყიფიანის დაღუპვის ამბავი არ იცით?
– ვიცი, – მშვიდად თქვა სავინმა.
– ჰოდა, სწორედ ამას ვგულისხმობ.
– მერედა ეს რა პრობლემაა ჩვენი ოპერაციის წარმატებისთვის?
„ზღარბის“ პასუხმა გენერალ-ლეიტენანტი ისე გააღიზიანა, რომ მას სახე წამოეჭარხლა და ხმას აუწია:
– ნუთუ არ იცი ქართული ტრადიციების ამბავი? დედის, მამის ან სხვა ახლო ნათესავის გარდაცვალების გამო ოჯახში ქორწინება ერთი წელი გადაიდება ხოლმე. ჩვენი ოპერაციის წარმატებას კი სწორედ იმ გოგოსა და ქართული უშიშროების აგენტის ქორწინება სჭირდება. ეს პროცესი თუ ერთი წლით გადაიდო, მაშინ არც ჩვენ გამოგვივა ჩანაფიქრი.
– ამხანაგო გენერალო, დაე, ქორწილი ნუ ჩატარდება. მთავარია, მათ ოფიციალურად მოაწერონ ხელი და ეს საბუთებში ოფიციალურად დაფიქსირდეს. მეტსაც გეტყვით, კარგიც კია, რომ სწორედ ასე მოხდა.
– რატომ? – იკითხა გენერალ-ლეიტენანტმა.
– იმიტომ, ამხანაგო გენერალ-ლეიტენანტო, რომ ქართველი მილიონერის მკვლელობა ბევრს დააეჭვებდა, ახლა კი ყველაფერი ბუნებრივად მოხდა.
– მერე, მოაწერენ ისინი ხელს?
– ისე უნდა მოვაწყოთ, რომ მოაწერონ. ამაზე „ტურამ“ უნდა იზრუნოს. ის ბიჭი მისი აგენტია და პასუხისმგებლობაც მან უნდა აიღოს საკუთარ თავზე.
– თქმა იოლია, გაკეთება კი არც თუ ისე ადვილი. შენი დაგეგმილია ეს ოპერაცია და მის წარმატებაზე საკუთარი თავით აგებ პასუხს. გასაგებია?
– დიახ. გასაგებია.
– მაშინ, მიდი და იმოქმედე. როგორც გინდა, ისე გააკეთე ეს საქმე. თავისუფალი ხარ!
„ზღარბი“ გულდამძიმებული წამოვიდა გენერლისგან, რადგან იცოდა, რომ „როქის“ ჩავარდნას არავინ აპატიებდა და შეიძლება, თავიც კი დაეკარგა. ამიტომ, მეორე დღესვე შეხვდა „ტურას“ სოხუმში, იმავე ადგილზე და უთხრა:
– შენი აგენტი უნდა აიძულო, რომ რაც შეიძლება, მალე მოაწეროს ხელი იმ გოგოსთან. მაქსიმუმ, თვე-ნახევარში. როგორც ვიცი, ქართველებმა ერთწლიანი გლოვა იცით, დრო კი არ ითმენს.
კორღალიძემ მშვიდად მოისმინა „ზღარბის“ სიტყვები და გაიფიქრა: „დაიწვი, შე ბოზო და კარტებს ხსნი“. მას კი ჰკითხა:
– მოთმინება არ გყოფნის, გენერალო, მალე გინდა, ხომ, დიდი ფულის მოხსნა? მოდუნდი, დამშვიდდი და ერთი წელი მოითმინე. მერწმუნე, ეს ქონება მერე უფრო ტკბილი იქნება. აი, მე, პირადად, არსად მეჩქარება.
სავინი კორღალიძის სიტყვებმა უკიდურესად გააღიზიანა და რომ არ ეფეთქა და კონფლიქტი არ გამოეწვია, მაქსიმალურად შეიკავა თავი და რაც შეეძლო, მშვიდად უთხრა:
– შალვა, ერთ წელიწადს ნამდვილად ვერ მოვიცდი. მაქსიმუმ – სამი-ოთხი თვე. ქონების დაუფლებამდე ხომ ის გოგოა საგიჟეთში გასაგზავნი და ამას დრო სჭირდება. მე კი უკვე კუდზე მასხედან და უნდა ავახვიო. ამისთვის კი ფული მჭირდება.
– ფული ხელის ჭუჭყია, – ირონიით თქვა „ტურამ“ და დაამატა, – აგრეთვე, სულისაც.
– ხუმრობის დროა? – თქვა სახეწამოჭარხლებულმა სავინმა.
– სულაც არ ვხუმრობ, – კვლავ ირონიით თქვა „ტურამ“.
„ზღარბმა“ კოპები შეკრა, მუშტები მოჭიმა და კორღალიძეს მრისხანედ უთხრა:
– არც მე ვხუმრობ და კეთილი ინებე და ის გააკეთე, რასაც გეუბნები. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, „სველი“ პისტოლეტი ადრესატს მონახავს და კარგი დღე არ დაგადგება.
– არც შენ დაგადგება კარგი დღე, თუკი კანტორას ვაცნობებ, რომ იქიდან ახვევას აპირებ, – მიუგო კორღალიძემ „ზღარბს“.
გენერალი სავინი კარგი მსახიობი იყო და გარდასახვის შესანიშნავ უნარს ფლობდა.
სახეზე სევდიანი ღიმილი გამოესახა და „ტურას“ უთხრა:
– ორივე ქაქში ვართ, შალვა და მასში რომ არ ჩავიხრჩოთ, ამიტომ საჭიროა, დავაჩქაროთ ეს პროცესი. ამიტომ გთხოვ, რომ ის გააკეთო, რაც გითხარი.
არც კორღალიძე ფლობდა გარდასახვის ნაკლებ უნარს. რა თქმა უნდა, არ გამოჰპარვია, რომ „ზღარბი“ მას „აბოლებდა“ და მანაც სევდიანი ღიმილით მიუგო სავინს:
– რა თქმა უნდა, ოლეგ, გავაკეთებ. ეს ხომ ჩემს ინტერესებშიცაა. შენ კი ნუ მიწყენ ამ ხუმრობებს.
ძველი კანტორელები ერთმანეთს დაშორდნენ. კორღალიძე კვლავ მანქანის უკანა სავარძელზე გადაწვა და გუნებაში გეგმებს აწყობდა: „უკვე დროა, გეგმის მეორე ეტაპი ავამუშავო, თორემ კანტორელები გამაგორებენ“.
„ტურას“ და „ზღარბს“ შორის სოხუმური საუბრიდან ორი დღის შემდეგ გენერალ შალვა კორღალიძის მეკავშირე გურამ ბაქრაძეს დაუკავშირდა და კონსპირაციულ შეხვედრაზე დაიბარა. საუბარი საათ-ნახევარი გაგრძელდა, მეკავშირემ დაწვრილებითი ინსტრუქციები გადასცა გურამს. დასასრულს კი უთხრა.
– სამი თვის განმავლობაში უნდა მოათავო საქმე, წინააღმდეგ შემთხვევაში გენერალი თავის დანაპირებს შეასრულებს და შენს ძმას თავი არ შერჩება მხრებზე. შენ შესახებ კი საფრანგეთის მთავრობა შეიტყობს და არც შენ დაგადგება კარგი დღე.
კონსპირაციული შეხვედრიდან პირველი გურამი წავიდა. მეკავშირემ კი ნახევარი საათი მოიცადა და უკვე ისიც მიდიოდა, როდესაც მას ოთხი მამაკაცი შეუვარდა ბინაში. ის ჯერ გაკოჭეს და საგულდაგულოდ გაჩხრიკეს, ბოლოს ტრუსებისამარა, ხელბორკილდადებული დასვეს სკამზე და აუწყეს, რომ ფრანგული კონტრდაზვერვიდან იყვნენ.
– თქვენ ეჭვმიტანილი ხართ საფრანგეთის ტერიტორიაზე არალეგალურად შემოსვლაში, ყალბი საბუთების გამოყენებაში, ჯაშუშობასა და ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობაში. გარწმუნებთ, რომ უვადო პატიმრობა გარანტირებული გაქვთ და ვერაფერი გიშველით. თუმცა გაქვთ არჩევნის საშუალება და თუკი ჩვენთან კეთილსინდისიერად ითანამშრომლებთ, დიდ შეღავათს მიიღებთ. იცოდეთ, რომ თქვენი საქმიანობის შესახებ ინფორმირებულები ვართ. თქვენი საუბრები ჩაწერილი გვაქვს და ყველა პირობითი, კოდირებული სიტყვა – გაშიფრული, რასაც იოლად დაგიმტკიცებთ. ასევე, თქვენი გადაადგილებაც ფირზეა დაფიქსირებული და არჩევანი თქვენზეა, – უთხრა მას კონტრდაზვერვის ჯგუფის უფროსმა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში