№42 სიყვარული შემთხვევით
ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #37-41(980)
კოკამ და ტატამ ერთმანეთს შეშფოთებით და განცვიფრებით შეხედეს. პირველად ტატა მოეგო გონს.
– მოიცა, შენ ახლა რა თქვი? მომესმა, თუ მართლა გავიგონე ის, რომ შენ თიკოზე სერიოზულად აპირებ დაქორწინებას. ანუ... გიყვარს?
კოკამ პირი დააღო გაკვირვებისგან, მერე კი გახარებულმა წამოიძახა:
– აჰა, ასეც ვიცოდი. თიკო ხომ ნათელი სხივივით შემოიჭრა შენს ცხოვრებაში. აღარც მეგონა, თუ ეს როდესმე მოხდებოდა. რას ჩამოგტირის სახე, შენ ახლა ყველაზე ბედნიერი უნდა იყო. ჯერ ერთი, რომ ბაბუაშენისთვის აღარ მოგიწევს ტყუილის თქმა, მეორე და კიდევ უკეთესი – მარტო აღარ იქნები. გვერდით გეყოლება ქალი, რომელიც შენზეც იზრუნებს და ბავშვსაც ძალიან უყვარს.
– ასეა, თუმცა ერთი „მაგრამ“ არსებობს, – ვატომ ისევ მიმოიხედა და ამოიოხრა – თიკოსთვის ჯერ არაფერი მითქვამს. ვერ გავბედე. ვიფიქრე, ეს ამბები ჩაივლიდა და მერე ვეტყოდი. შესაფერის სიტუაციას და სიტყვებს გამოვნახავდი. ბეჭედი კი ნამდვილი ვიყიდე...
ვატომ ჯიბიდან ხავერდის კოლოფი ამოიღო და გახსნა. ტატამ აღფრთოვანებით წამოიყვირა.
– ეს ნამდვილი ბრილიანტია? ვაიმეე, როგორი ლამაზია! თიკო გაგიჟდება. ნახა უკვე?
– კი, მაგრამ ყალბია-მეთქი, ვუთხარი. ისე შეწუხდა, ამდენი ფული როგორ გადაიხადე ერთი საღამოსთვისო, რომ ბეჭედზე სიმართლე დავუმალე.
– შენ, მართლა შეყვარებული ხარ, ხომ იცი... – გაიცინა კოკამ.
– ჰო, არც ვიცი, ეს როგორ მოხდა. როცა ვუყურებდი, როგორ იჩვევდა ნელ-ნელა ბავშვს, როგორ ზრუნავდა მასზე, სულ ახალ-ახალ გასართობს იგონებდა... ისეთი საყვარელი იყო... საკუთარ თავსაც ვერ ვუტყდებოდი და მხოლოდ მაშინ, ბეჭედს რომ ვარჩევდი, მივხვდი – ბედნიერი ვიყავი. ეს პროცესი – თიკოსთვის საქორწინო ბეჭდის შერჩევა მაბედნიერიებდა. ჰოდა, ახლა არ ვიცი, რა ვქნა. თქვენი დახმარების იმედი მაქვს. ეს დღე გადავაგორო და მერე აღარც ბაბუაჩემისთვის მომიწევს ტყუილის თქმა. მთავარია, თიკო დამთანხმდეს და მალევე შევირთავ ცოლად.
ტატას სახე გაებადრა.
თიკო დაიღალა ოთახებში დაჩის ძებნით. დიდი სახლის დერეფნებში დაკარული ჯერ საბილიარდოში აღმოჩნდა, შემდეგ წიგნებით სავსე თაროებით გაძეძგილ, ძველებური საწერი მაგიდითა და ტყავის კომფორტული სავარძლებით მოწყობილ კაბინეტში, რომელსაც ვრცელი და მოჩუქურთმებული რიკულებით დამშვენებული აივანი ჰქონდა. თიკომ მინებიანი კარი გააღო და აივანზე გავიდა. აქიდან მთელი შიდა ეზო ჩანდა. აუზი და მის გარშემო შეკრებილი სტუმრები, რომელთა სიმრავლე შორიდანაც შესამჩნევი იყო. დაჩი კი მაინც ვერსად დაინახა. ისევ ოთახში შებრუნდა და პირისპირ შეეჯახა ახალგაზრდა, კარგად მოვლილ და გემოვნებით ჩაცმულ ქალს, რომელსაც თვალები მაცდურად უელავდა.
– გამარჯობა, ისეთი სახე გაქვთ, თითქოს დაიკარგეთ, – უთხრა თიკოს და შინაურულად გაუღიმა. პასუხს არ დაელოდა, ისე გააგრძელა, – ჰო, ეს სახლი შემაშინებლად დიდია. ჩემი ნება რომ იყოს, ყველაფერს შევცვლიდი, მაგრამ მოხუცი ძალიან ჯიუტია.
თიკო მიხვდა, რომ ქალს ვატოს ოჯახთან რაღაც საერთო ჰქონდა.
– გამომყევით, სტუმრებთან ჩაგიყვანთ. ხომ ხედავთ, არ გეკითხებით, აქ როგორ აღმოჩნდით. წვეულება უკვე დაიწყო, ღელავთ, რომ კოქტეილი აღარ შეგხვდებათ?
– არა, მე კოქტეილი არ მაინტერესებს; ბავშვს ვეძებ, – გამოტყდა თიკო, – და ძალიან ვნერვიულობ. დაჩის ბევრი ხალხი აშინებს. შეიძლება, დაიმალოს და დიდხანს ვეღარ ვიპოვოთ. მე ხომ მასზე პასუხისმგებლობა მაქვს.
ლანამ წარბი ასწია და ჩაიცინა.
– აჰა, თქვენ ვატოს შვილის ძიძა ხართ?.. ბავშვს ვერ მიხედეთ და ახლა ეძებთ? იცით, მე შემიძლია, დაგეხმაროთ. დაჩის ამ სახლში ერთი კუთხე აქვს ამოჩემებული. იქ იქნება.
– თქვენ საიდან იცით? – ცოტათი გაუკვირდა თიკოს, მაგრამ ისე გაახარა ბავშვის პოვნის პერსპექტივამ, რომ ქალს ხმის ამოუღებლად გაჰყვა უკან.
დაჩი სამზარეულოს გვერდით, იარაღების ოთახში იპოვა თიკომ. კედლებზე სხვადასხვა კალიბრის სანადირო თოფები ეკიდა. ცხოველების ფიტულებთან ერთად. თიკომ ბიჭთან მიირბინა. ხელი მაგრად ჩასჭიდა და მკერდზე მიიკრა. მერე აუზთან გაიყვანა. დაჩი მაშინვე მოიხიბლა წყლის ზედაპირზე მოცურავე ვარდისფერი ფლამინგოებით და გადაწყვიტა, წყალში ჩამხტარიყო. თიკომ არ გაუშვა. ცდილობდა, აეხსნა, რატომ არ შეიძლებოდა ამის გაკეთება. ვერ შენიშნა, როგორ მიუახლოვდა სოლიდური ასაკის, სასიამოვნო გარეგნობის, სპორტული აღნაგობის, თმაშევერცხლილი მამაკაცი.
– მე რომ მისი ასაკის ვიყო, აუცილებლად გავაკეთებდი იგივეს, – უთხრა სიცილით თიკოს. ქალიშვილი ინტერესით შეათვალიერა და თვალები კმაყოფილებით გაუბრწყინდა, – გაუშვით, ჩემი შვილიშვილი ძალიან კარგად ცურავს. არაფერი დაშავდება, თუ ცოტას გაერთობა. ჩვენც არ გვაწყენს ცოტა გართობა. ნება მომეცით, შამპანიურზე დაგპატიჟოთ.
თიკომ რაღაცნაირი მოწიწება იგრძნო ამ ადამიანის მიმართ. იმასაც მიხვდა, ვინ იდგა მის წინ და მორიდებით ჩაილაპარაკა:
– ძალიან დიდი მადლობა, დაბადების დღეს გილოცავთ... ბატონო დავით...
– ჩემი ვინაობა გცოდნია. საინტერესოა, მე რატომ არავინ გამაცნო შენი თავი? – მაგრამ მოდი, ჯერ შამპანიური დავლიოთ, მანამდე ვატოც გამოჩნდება და ყველაფერს გავიგებ, – მოხუცმა მრავალმნიშვნელოვნად ჩაიცინა, თიკოს მკლავზე მოჰკიდა ხელი და ბარისკენ წაიყვანა. სანამ ბარმენი მაღალფეხიან, გრაციოზულ ბოკლებში ფრთხილად ასხამდა შამპანიურს, თიკო ცდილობდა, დაემალა თავისი აღელვება, თან მზერით ვატოს ეძებდა.
– შესანიშნავია, ძიძა შამპანიურს სვამს, ბავშვი კი ტანსაცმლით აუზში ბანაობს. ჩემმა ძმამ ვერაფრით ისწავლა შვილისთვის შესაფერისი ძიძის არჩევა, – ლანას ხმა ცივად და პრეტენზიულად ჟღერდა. ის ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ბარს და თიკოს დამცინავად შეხედა:
– შენ ხომ დაჩის ძიძა ხარ. ასე არ არის? დაგინახე, თუ არა, მაშინვე მივხვდი. მერე ბავშვსაც ვკითხე. ცოტას ლაპარაკობს, მაგრამ რაც მაინტერესებდა, გავიგე. ბაბუა, ხედავ შენი საყვარელი შვილიშვილი საერთოდ არ შეცვლილა. არც პასუხისმგებლობა მომატებია და არც შენი პატივისცემა. იმის მაგივრად, რომ დღეს თავისი საცოლე მოეყვანა, როგორც დაგპირდა, ძიძა წამოიყვანა, რომელიც წესიერად ბავშვსაც კი ვერ აქცევს ყურადღებას.
დავითმა წარბი შეიკრა. თიკო გაწითლდა, უხერხულად შეიშმუშნა. ხელში შამპანიურით სავსე ბოკალი ეჭირა და არ იცოდა, რა ექნა.
– ლანა, არ მომწონს ასე რომ ლაპარაკობ. იქნებ ვატოს აცადო, თავად გაგვაცნოს ეს მშვენიერი არსება, – თქვა მკაცრად იუბილარმა.
ლანამ ტუჩი აიბზუა და მხრები აიჩეჩა.
– ჰო, რა თქმა უნდა. ვატო ხომ ყოველთვის მართალია და ყოველთვის მის მხარეს ხარ. თან, ისე გინდა ცოლი შეირთოს, რომ მზად ხარ დაუთმო.
– ლანა...
– გავიგე, ჩუმად ვარ. გვერდზე გავდგები და ისე დავაკვირდები მოვლენებს. პრინციპში, მე ხომ ეს არც მეხება. მე ვინ მკითხავს.
– ლანა. შენი ქმარი სად არის. იმას მიაქციე ყურადღება. მე თვითომ გავერკვევი ყველაფერში.
– გაგახსენდა, ქმარი რომ მყავს? მას ხომ არასოდეს ამჩნევ. ყველაფერს აკეთებს, აღარ იცის შენი გული როგორ მოიგოს, მაგრამ, მაინც არ ხარ მისით კმაყოფილი. ბოდიში, რომ დღეს გეუბნები ამას, მაგრამ გული მტკივა, არაფრად რომ არ აგდებ.
დავითი რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ მათკენ მომავალი ვატო დაინახა. თიკოსკენ შებრუნდა და გამამხნევებლად გაუღიმა. შამპანიურიანი ბოკალი ასწია და მის ჭიქას ოდნავ შეახო.
– დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილიშვილი კარგ ამბავს მეტყვის. დალიეთ, ძალიან კარგი შამპანიურია და გაიღიმეთ, საოცრად გიხდებათ ღიმილი.
ზაზა ფურშეტის მაგიდასთან იდგა და თეფშზე საუზმეს ილაგებდა. ცოლის მიახლოვება არ გაუგია. ლანამ ქმარს მხარი გაჰკრა და შეუბღვირა
– საჭმლის გარდა არაფერი რომ არ გაინტერესებს, დღეს თუ ვატოს თავისი ტრიუკი გაუვიდა, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს დაემშვიდობე.
– რა ტრიუკი. რას გულისხმობ? – ხიზილალიანი სენდვიჩი პირისკენ გააქანა ზაზამ და შამპანიურის მოზრდილი ყლუპიც მიაყოლა. რისთვისაც ისევ ცოლის მრისხანე მზერა დაიმსახურა, – კარგი რა, ლანა. დღეს მაინც ნუ ვილაპარაკებთ საქმეზე. ცოტა შენც მოეშვი. ვერ ვხვდები, რისი გეშინია.
– რისი? ვერ ხვდები? იმ გოგოს საცოლედ წარუდგენს ბებერს და დააჯერებს, რომ ერთადერთი კანდიდატურაა კომპანიის პრეზიდენტის თანამდებობაზე. მერე ისიც გადადგება და მთელ კომპანიას ვატო ჩაიგდებს ხელში. შენ ყლაპე სენდვიჩები და არაფერზე იდარდო. რა გენაღვლება.
– მოიცა, შენ რომ ნერვიულობ, ამით რა იცვლება. ან ვინ გითხრა, რომ ვატოს საცოლე ჰყავს.
– შეიძლება, არ ჰყავს, მაგრამ ახლა ზუსტად იმით არის დაკავებული, რომ ბაბუას იმ გოგოს საცოლის რანგში აცნობს. ბართან დგანან, შეხედე!
– მოიცა და, ვინ გოგოა?
– დაჩის ძიძა. მოურთავს და მოუყვანია. რას ერჩი. კარგად მოუფიქრებია.
– ლამაზია... – თქვა ზაზამ, – მართლა ძიძაა? შენ ვინ გითხრა? იქნებ მართლა საცოლეა.
– ნუ მასწავლი, ვინ არის. გამოვიძიე უკვე და იტყუება ვატო. მოიფიქრე, რა გავაკეთოთ.
– არაფერი. დავიცადოთ. ვნახოთ, რა მოხდება და თუ მოხუცი ვატოს დაუჯერებს, მერე ჩავერიოთ. შენ ეგ არ შეგეშლება.
– ჰო, აბა რა! ისევ მე, შენ ხომ არაფერში გამოადგები ადამიანს. კოკასთან მიდი და დაელაპარაკე, გამოჰკითხე. იქნებ რამე წამოაცდენინო. ყველაფერი მე როგორ გასწავლო? – ლანამ ქმარს ისევ გაჰკრა მხარი და შეუმჩნევლად უჩქმიტა კიდეც.
ვატომ მხარზე მოხვია ხელი თიკოს და ბაბუას შესცინა.
– ვხედავ, უკვე გაგიცნიათ ერთმანეთი... და მოგწონებიათ კიდეც.
– ჰო, მომეწონა, თან, ძალიან. მაგრამ გაცნობით არ გამიცნია. შენ გელოდებოდი.
– კარგი, მაშინ, წვეულების ოფიციალურ ნაწილს აღარ დაველოდები და გეტყვი – ეს თიკოა. ჩემი საცოლე. ქალი, რომელმაც ისევ მაფიქრებინა ოჯახის შექმნა. არაჩვეულებრივად გაუგო ჩემს შვილს და ისევ მაზიარა ბედნიერებას. მინდა, ხმამაღლა, ყველას გასაგონად ვთქვა, რომ მალე ცოლიანი კაცი ვიქნები.
– გადასარევი ამბავია, – ლანამ თვალები მოწკურა, შამპანიურიანი ბოკალი მაღლა ასწია და ხმამაღლა დაიძახა, – მოდით, გაუმარჯოს ყველაზე იღბლიან ძიძას, რომელმაც ჩემი ძმის გულის მოგება შეძლო და მალე მდიდარი ქალი იქნება. ვატო, შეგიძლია, ხმამაღლა ისიც თქვა, რომ კომპანიის პრეზიდენტობისთვის ყველაფერზე წახვედი და საკუთარი შვილის ძიძა საცოლედ შემოგვასაღე? რატომ მიყურებ ასეთი თვალებით? აბა, გაბედე და თქვი, რომ ტყუილია. თქვი, რომ ასე არ არის. მაგრამ ასეთი უსინდისოც ვერ იქნები, ბაბუასა და შენი მეგობრების თანდასწრებით უტიფრად უარყო ჩემი სიტყვები. აბა, რა გაქვს სათქმელი? თუმცა, სიტყვებიც არ არის საჭირო, ამ გოგოს ყველაფერი სახეზე აწერია.
თიკო ხან ფითრდებოდა, ხან წითლდებოდა. თავი დახრილი ჰქონდა და საკუთარ ფეხსაცმელებს დასცქეროდა. გვერდით ტატა ამოუდგა და მკლავზე გამამხნევებლად მოუჭირა ხელი. ბართან სტუმრები გროვდებოდნენ და ცნობისმოყვარედ ელოდნენ ამბის გაგრძელებას. ბატონი დავითი მკაცრად ტუჩებმოკუმული იდგა და ხმისამოუღებლად შესცქეროდა საყვარელ შვილიშვილს.
– ლანა, ძალიან ბევრის უფლებას ხომ არ აძლევ საკუთარ თავს? – კოკამ გადაწყვიტა, რომ აუცილებლად უნდა ჩარეულიყო და მეგობარი შექმნილი უხერხული სიტუაციიდან გამოეყვანა. მაგრამ მეტის თქმის უფლება ბატონმა დავითმა არ მისცა. ის ვატოს უყურებდა. აშკარად მისგან ელოდებოდა განმარტებას. ვატო ისევ ჩუმად იყო. ცალი ხელი თხელი, საზაფხულო პიჯაკის ჯიბეში ედო და ბეჭდიან კოლოფს თითებს უჭერდა.
ლანამ საერთო დაბნეულობით ისარგებლა და ისევ გესლიანად მიახალა ძმას:
– ძალიან უზნეო საქციელია ბაბუას მოტყუება მის დაბადების დღეზე. მე ყველაფერი გავაკეთე, რომ ეს დღე მისთვის ნამდვილ დღესასწაულად მექცია, მაგრამ მოახერხე და ყველაფერი გააფუჭე.
– ლანა, გაჩუმდი! – დაუყვირა მოთმინებადაკარგულმა დავითმა და ვატოს მიუბრუნდა.
– არაფრის თქმას აპირებ? გელოდები; თქვი, რომ რაც ლანამ თქვა, სიმართლე არ არის. პრობლემა ის არაა, რომ თიკო შეიძლება, მართლა ძიძაა. ხვდები, ხომ რასაც ვგულისხმობ. ახლავე, აქ, ამდენი ხალხის თანდასწრებით უნდა მითხრა, რომ გიყვარს ეს გოგო და მისი ცოლად შერთვა გინდა. კოკამ და ტატამ ერთმანეთს გადახედეს. მერე ორივემ ვატოს შეხედა. მან თიკოსკენ გადადგა ნაბიჯი და მოულოდნელად მის წინ მუხლებზე დაეშვა. თიკომ თვალები დახუჭა. უკან დაიხია, თითქოს გაქცევას აპირებდა, მაგრამ ტატამ ამის საშუალება არ მისცა.
– თიკო, შენ იცი, მე რა განზრახვით მოგიყვანე აქ. მაგრამ ის არ იცი, რომ მხოლოდ შენ მოგატყუე. სიმართლე ის არის, რომ მიყვარხარ!
თიკოს თვალები გაუფართოვდა. ვატო ძალიან ნიჭიერად თამაშობდა თავის როლს, ან ეს უკვე აღარ იყო სპექტაკლი. როცა ბეჭდის გახსნილი კოლოფი და განათებების შუქზე აელვარებული ძვირფასი თვალი დაინახა, უარესად დაფრთხა და ტატას მიეკრა.
– აი, ახლა კი ყველაფერს ვიტყვი, – განაგრძო ვატომ, – ლანა, მადლობელი ვარ შენი, რომ მომეცი საშუალება, თიკოსთვის ყველაფერი მეთქვა. არ ვიცოდი, ეს როგორ გამეკეთებინა. .
– ვატო, რა ხდება? – დავითმა შვილიშვილს მკაცრად შეხედა, – არ ფიქრობ, რომ მეც უნდა ამიხსნა, ეს რას ნიშნავს?
– იმას, რომ ტყუილი ჩემი ძლიერი მხარე არასოდეს ყოფილა. თავიდანვე შეცდომა იყო, თიკოსთვის ჩემი საცოლის როლის შესრულების თხოვნა. პირდაპირ უნდა მეთქვა, რომ მიყვარს. შემიყვარდა. ჰო, თიკო, შემიყვარდი და მინდა, ჩემი ცოლი გახდე. ვიცი, ცუდად მოვიქეცი, მოგატყუე. თავიდანვე არ გითხარი ჩემი ნამდვილი გრძნობის შესახებ. არც ეს ბეჭედია ყალბი. მე კი არასოდეს ვყოფილვარ ასეთი გულწრფელი.
– მე... მე... არ შემიძლია, ასე არ შემიძლია... – თიკომ სახეზე აიფარა ხელები.
– არ გჯერა ჩემი? მესმის შენი... – ვატო ფეხზე წამოდგა და იქ შეკრებილ, მოლოდინად გადაქცეულ საზოგადოებას მიმართა, – ვინ მეტყვით, რა უნდა გავაკეთო, საყვარელი ქალი ჩემს გრძნობებში რომ დავარწმუნო?
– არაფერი, შენ ეს უკვე გააკეთე, – დავითმა გაიღიმა. თიკოსთან მივიდა, ხელი მოჰკიდა და ვატოსთან მიიყვანა.
– ჩემი შვილიშვილი კარგი ბიჭია. არასოდეს მითქვამს ეს მისთვის. ვაპატიოთ, ჩემი მოტყუებაც რომ უნდოდა და შენიც. ვაპატიოთ და მივცეთ შანსი, თავადვე გამოასწოროს, რაც დააშავა. მგონი, შეგვიძლია, მისი იმედი გვქონდეს. იცი, რა მაძლევს ამის ფიქრის საფუძველს? – მისი ცრემლიანი თვალები. ბავშვობიდან ასე იყო. იშვიათად ტიროდა. მხოლოდ მაშინ, როცა რაღაცას ძალიან განიცდიდა.
თიკო ისევ თავდახრილი იდგა და დუმდა.
– ახალა ამან უარი რომ თქვას, ვერ გადამირჩება, ნამდვილად მოვკლავ, – გადაუჩურჩულა ტატამ კოკას.
– ნუ გეშინია, რადგან თავად ბატონი დავითი ჩაერია საქმეში, ყველაფერი კარგად იქნება. არც ისეთი სულელია შენი დაქალი.
დავითმა კოლოფიდან ბეჭედი ამოიღო და თიკოს თითზე წამოაცვა.
– იმდენი წლის ვარ, მეპატიება ასეთი თვითნებობა. თან დღეს ხომ ჩემი დაბადების დღეა. კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს ოჯახში.
ლანა სიბრაზისგან გაყვითლდა.
დასასარული