№42 ძარცვა დეტექტივისთვის
ფლორა ფლეტჩერი
კერძო დეტექტივმა გაზეთს თავი ანება და თანაშემწეს მიუბრუნდა:
– დღისით-მზისით საიუველირო მაღაზიის გაქურდვაზე რას იტყვი?
– კარგი მოფიქრებულია, – უპასუხა ახალგაზრდა კაცმა, – მაგრამ ჩვენს გემოვნებაში არ ჯდება. კაცი ტროსტით საიუველირო მაღაზიის ვიტრინას ამტვრევს და ძვირფასეულობას იტაცებს. კეთილსინდისიერი მოქალქეები კი მას მაშინვე აკავებენ, დამნაშავე დაჭერილია. ძვირფასეულობა თან აქვს. იგი პოლიციის განყოფილებაში მიჰყავთ, იქ კი ირკვევა, რომ ძვირფასეულობა ყალბია! ნამდვილი კი მან თანამზრახველს გადასცა, რომელიც ერთ-ერთი იყო იმ კეთილსინდისიერი მოქალქეებიდან. რა თქმა უნდა, იგი ციხეში ჩაჯდება, მაგრამ, როდესაც გამოვა, დიდი თანხის პატრონი იქნება. ნამდვილად არ არის ცუდად ჩაფიქრებული, მაგრამ მე რამე უკეთესს მოვიფიქრებდი... – ლაპარაკი დასრულებული არ ჰქონდა, რომ კარზე დააკაკუნეს.
ოთახში ახალგაზრდა, ლამაზი ქალი შემოვიდა. მისი ძვირფასი ტანსაცმელი იმაზე მეტყველებდა, რომ საზოგადოების მაღალ ფენას ეკუთვნოდა.
– ბატონებო, – წარმოთქვა მან ნაზი ხმით, – გასაჭირში ვარ. თქვენ ჩემი უკანასკნელი იმედი ხართ. ალბათ, გაგიგიათ ლედი მილისენტ კასლ ვოგანის შესახებ?
განცხადება ლედი მილისენტის და საუთშირის ჰერცოგის დანიშვნის შესახებ გაზეთებში რამდენიმე დრით ადრე გამოჩნდა. ლედი მილისენტი გაღარიბებული ირლანდიელი პერის მეხუთე შვილი იყო, ხოლო საუთშირის ჰერცოგი – ერთ-ერთი საუკეთესო სასიძო ინგლისში.
– ლედი მილისენტი მე ვარ, – განაგრძო ქალმა, – მსოფლიოში უბედნიერესი ქალი უნდა გავმხდარიყავი, მაგრამ საშინელება დამემართა! ეს საშინელი კაცი, გვარად ლავინგტონი... მან... არც კი ვიცი როგორ გითხრათ. მე მაშინ მხოლოდ 16 წლის ვიყავი. წერილი ერთ ახალგაზრდა ჯარისკაცს მივწერე. მე ის მიყვარდა... იგი ომში დაიღუპა. ეს სულელური წერილი იყო, მაგრამ მასში იყო ფრაზები, რომლებიც შეიძლება, სხვანაირადაც გაიგო. წერილი ხელში მისტერ ლავინგტონს ჩაუვარდა და მემუქრება – თუ კარგად არ გადავუხდი, ჰერცოგს აჩვენებს.
– უკეთესი ხომ არ იქნება, რომ თქვენს საქმროს ყველაფერი მოუყვეთ?
– მეშინია. ჰერცოგი ეჭვიანია და ცუდს უფრო იჯერებს, ვიდრე კარგს. შეიძლება, ნიშნობა ჩაშალოს. ვიფიქრე, რომ მისტერ ლავინგტონისთვის თქვენთან შეხვედრა მეთხოვა. ვეტყოდი, რომ თქვენ ჩემი წარმომადგენლები ხართ და ჩემი საქმეების გაძღოლა თქვენ გევალებათ. იგი ოცი ათას ფუნტს ითხოვს.
– იმის გაფიქრებაც კი აუტანელია, რომ თქვენ თანხის გადახდა მოგიწევთ, – თქვა დეტექტივმა, – გამომიგზავნეთ ეს მისტერ ლავინგტონი. დარწმუნებული ხართ, რომ წერილი მას აქვს?
– დიახ, მაჩვენა, როდესაც მასთან სახლში მივედი. ბუანა ვისტაში ცხოვრობს, უიმბლდონში. მითხრა: ის ჩინურ ზარდახშაში იქნება, რომელსაც საიდუმლო საკეტი აქვს. თავად ზარდახშას კი სამალავში დავმალავ, რომელსაც ვერაფრით იპოვიო. კედელში ჩამოტაჟებულ სეიფს გავხედე, მაგრამ მითხრა, უკეთესი სეიფიც მაქვსო, – როგორ ფიქრობთ, შეძლებთ დამეხმაროთ?
– ვიპოვით გამოსავალს...
***
მისტერ ლავინგტონი ლანჩის შემდეგ ეწვიათ. მბრძანებლური და მუქარის შემცველი ტონი ჰქონდა. დეტექტივები მის სინდისზე შეგდებას ცდილობდნენ, მაგრამ ის მხოლოდ იღიმოდა და ეტყობოდა, რომ თავს სიტუაციის ბატონ-პატრონად გრძნობდა.
– მაშ ასე, ჯენტლმენებო, – თქვა ლავინგტონმა, როდესაც ქუდი აიღო, – საუბრის გაგრძელების აზრს ვერ ვხედავ. დღეს პარიზში მივფრინავ. სამშაბათს დავბრუნდები. თუ იმავე დღის საღამოს ფულს არ მივიღებ, წერილს ჰერცოგს გავუგზავნი.
– ალბათ, კანონის დარღვევა მოგვიწევს, – ჩაილაპარაკა დეტექტივმა.
– ლავინგტონის არყოფნაში მისი სახლის გაჩხრეკას აპირებთ? – ჰკითხა თანაშემწემ.
– პატარავ, ზოგჯერ თქვენ ძალიან სწრაფადაც კი აზროვნებთ.
შუაღამე გადასული იყო, როდესაც ისინი ლავინგტონის სახლს მიადგნენ. სახლში სიბნელე და სიჩუმე გამეფებულიყო. დეტექტივმა ფანჯარა უხმაუროდ ასწია და თანაშემწესაც ანიშნა მომბაძეო.
– საიდან იცოდით, რომ ფანჯარა ღია იქნებოდა? – წასჩურჩულა მან.
– იქიდან, რომ ურდული თავად გადავხერხე.
– რა?
– ეს ძალიან ადვილი იყო. დღისით მოვედი. მოსამსახურეს ვუთხარი, რომ სკოტლანდ-იარდის რეკომენდაციით მოვედი, რათა სახლში სიგნალიზაცია დავაყენო, რაც მისტერ ლავინგტონმა თავად მოითხოვა. მოსამსახურეს ჩემი გამოჩენა გაუხარდა კიდეც, ახლახან სახლის გაქურდვა ორჯერ სცადესო..
– ვფიქრობ, სეიფი ერთ-ერთ კედელში იქნება ჩადგმული?
დეტექტივმა გაიცინა.
– სეიფი? სისულელეა! არავითარი სეიფი არ არსებობს. მისტერ ლავინგტონი ჭკვიანი კაცია. მას წერილი უფრო სამალავში ექნება დამალული. ყველა ხომ სეიფში დაუწყებს წერილს ძებნას.
დეტექტივს სახეზე სასოწარკვეთა გამოეხატა, თუმცა მალევე ამოისუნთქა შვებით.
– რა სულელი ვარ! სამზარეულო დამავიწყდა.
– მან ყველა ქვაბს ჩამოუარა, ბოლოს კი თავი გაზის ღუმელში შერგო. ქვანახშირის კალათშიც ჩაძვრა, კარგა ხანს კალათის გვერდზე რამდენიმე შეშის ნაჭერს ჩაჰკირკიტებდა. მოულოდნელად დაიძახა:
– დანა, მომიტანე, ჩქარა.
მან დანა შეშის ერთ ნაჭერში შეარჭო და ისიც შუაზე გაიყო. დეტექტივმა იქიდან ხის პატარა ზარდახშა ამოიღო.
– რა უცნაური ადგილია სამალავისთვის! – შეშის ნაჭერი ხომ შეიძლებოდა ვინმეს დაეწვა? გაუკვირდა დეტექტივს.
– ივლისში? თან ის ყველაზე ქვემოთ იდო. ძალიან ჭკვიანური სამალავია.
მეორე დილით დეტექტივმა ზარდახშა გახსნა და წერილი წაიკითხა.
– მართალია, – ამოიოხრა მან, – ჰერცოგი ასეთ წერილს არასოდეს აპატიებდა! ის სიყვარულის ისეთ ექსტრავაგანტურ ახსნას შეიცავს, როგორიც აქამდე არ შემხვედრია.
– არ მგონია, რომ ამ წერილს უნდა კითხულობდეთ, – უხერხულად შეიშმუშნა დეტექტივის თანაშემწე.
– კიბეზე ფეხის ხმა ისმის, – ეტყობა, ლედი მილისენტი ამოდის.
მათი მშვენიერი კლიენტის სახეზე სასოწარკვეთა მაშინვე სიხარულით შეიცვალა, როგორც კი წერილი გადასცეს. მან ათასი მადლობა გადაიხადა და დაინტერესდა, სად იყო დამალული. დეტექტივმა ყველაფერი მოუყვა.
– რა ჭკვიანი ხართ! – ქალმა ზარდახშას დახედა, – ამას სუვენირად წავიღებ.
– მილედი, იმედი მქონდა, რომ ნებას მომცემდით, ის მე დამეტოვებინა... სუვენირად.
– უკეთეს სუვენირს გამოგიგზავნით... ჩემი ქორწილის დღეს. გპირდებით უმადურად ნუ ჩამთვლით.
– ჩემთვის თქვენთვის სამსახურის გაწევაც ბედნიერებაა. ანუ, ზარდახშას ვიტოვებ?
– ო, არა, მუსიე ის ჩემი უნდა იყოს, – სიცილით წამოიძახა ქალმა.
– ვფიქრობ, რომ არა, – დეტექტივმა ტონი შეიცვალა.
– რას გულისხმობთ? – ქალს ხმა აუთრთოლდა.
– მომეცით უფლება, მე ის კარგად დავათვალიერო. ალბათ შეამჩნიეთ, რომ რატომღაც უფრო დიდი ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მას ორმაგი ძირი უნდა ჰქონდეს...
დეტექტივმა სწრაფი მოძრაობა გააკეთა და წამში მის ხელისგულზე ოთხი ბრჭყვილა ქვა და ორი რძისფერი მარგალიტი აღმოჩნდა.
– შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ეს არის რამდენიმე დღის წინ ბონდ-სტრიტზე მოპარული ძვირფასეულობა, მაგრამ ჯეფი უფრო კარგად იტყვის.
მეორე ოთახიდან ინსპექტორი ჯეფი გამოვიდა.
– როგორც ვხვდები, ერთმანეთს იცნობთ, – პირვანდელი ზრდილობიანი ტონი დაუბრუნდა დეტექტივს.
– ო, ღმერთო ჩემო, მაინც ჩამავლეს! – წამოიძახა ლედი მილისენტმა. მისი არისტოკრატული მანერებიც მაშინვე შეიცვალა, – ყოჩაღ, ბებერო ეშმაკო! – ქალი დეტექტივს დაუფარავი აღფრთოვანებით უყურებდა.
– აბა, გრეტა, ძვირფასო, – თქვა ჯეფმა, – ვფიქრობ, ამჯერად თამაში დასრულებულია. ჩვენ უკვე ავიყვანეთ შენი თანამზრახველი, ის, რომელიც აქ ლავინგტონის სახელით მოვიდა. ხოლო რაც შეეხება თავად ნამდვილ ლავინგტონს, საინტერესოა, თქვენი ბანდიდან რომელმა მოკლა იგი ჰოლანდიაში? ჯერ გეგონათ, ძვირფასეულობა მას თან ჰქონდა, არა? მან კი არ წაიღო. მოგატყუათ. საკუთარ სახლში დამალა. თქვენ, რა თქმა უნდა, მისი სახლი გაჩხრიკეთ, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ კი საქმეში ცნობილი დეტექტივი ჩართეთ.
– როგორ მიხვდით, რომ საქმე ნამდვილ ლედისთან არ გქონდათ?
– ფეხსაცმელში... – გაიცინა დეტექტივმა, – ინგლისური საზოგადოების ზოგიერთი ჩვევა კარგად შევისწავლე და მივხვდი, აქ ყველა ლედი გულდასმით არჩევს ფეხსაცმელს. შეიძლება, კარგად არ იყოს ჩაცმული, მაგრამ ფეხსაცმელი ყოველთვის გამონაკლისია... ჩვენ ძვირფას ლედი მილისენტს კი – პირიქით, მოდური ძვირფასი კაბა ეცვა. ფეხზე კი იაფფასიანი ფეხსაცმელი. ეჭვები სწორედ მის გამო გამიჩნდა, შემდეგ მთელი ამ წერილის ისტორიის გამო. ჩინური ზარდახშა, მაკომპრომეტირებელი წერილით მთელი ბანდისთვის უნდა ყოფილიყო ცნობილი, ხოლო შეშის სამალავი განსვენებული ლავინგტონის გამოგონება იყო... ხომ ხედავთ, როდესაც დამნაშავეთა სამყაროს თავად არაფერი გამოსდის, ისინი ჩემთან დახმარების სათხოვნელადაც კი მოდიან!
თარგმნა
ნინო წულუკიძემ