№42 თირკმლის უკმარისობა და მისი მკურნალობა
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
თირკმლის უკმარისობა არის სინდრომი, რომლის დროსაც ირღვევა თირკმლის ყველა ფუნქცია. განასხვავებენ თირკმელების მწვავე და ქრონიკულ უკმარისობას.
თირკმელების მწვავე უკმარისობა წარმოადგენს ერთი ან ორივე თირკმლის ფუნქციის მოულოდნელ შეწყვეტას ან მკვეთრ დაქვეითებას. ამ დროს ირღვევა თირკმლის ყველა ფუნქცია: ფილტრაციულიც, გამომყოფიც და სეკრეტორულიც.
თირკმელების მწვავე უკმარისობა შეიძლება, გამოიწვიოს მძიმე ტრავმამ, სხეულის მოზრდილი უბნის დამწვრობამ, ელექტროტრავმამ, სეფსისმა, ალერგიულმა შოკმა.
სისხლით არასათანადო მომარაგება თავდაპირველად აქვეითებს თირკმლის ქსოვილის უჯრედთა ფუნქციას, შემდეგ კი მათ სიკვდილს იწვევს. ასეთივე შედეგი შეიძლება მოჰყვეს ხშირი ღებინებით, შარდმდენი პრეპარატების უკონტროლო მიღებით, ხანგრძლივი ფაღარათით განპირობებულ სითხის კარგვას. თუ სითხის დეფიციტი დროულად არ შეივსო, თირკმელებში შეუქცევადი ნეკროზული ცვლილებები მოხდება.
მწვავე უკმარისობის დროს თირკმელები სისხლში ელექტროლიტების ბალანსის შენარჩუნების უნარს კარგავენ, რის შედეგადაც იმატებს კალიუმის, კალციუმის, ქლორის იონების რაოდენობა, სისხლში გროვდება ცილოვანი ცვლის პროდუქტები – შარდოვანა და კრეატინინი. თირკმელების სეკრეტორული ფუნქციის დარღვევის გამო ვითარდება ანემია (სისხლის წითელი სხეულაკების რაოდენობის შემცირება) ან ანურია (შარდის არარსებობა). პაციენტი უჩივის გულისრევას, ღებინებას, ფაღარათს, უმადობას, შუპდება კიდურები, დიდდება ღვიძლი. ავადმყოფის ქმედებები შენელებული ან, პირიქით, აგზნებულია.
გამოყოფენ თირკმელების მწვავე უკმარისობის 4 სტადიას:
თირკმელების ქრონიკული უკმარისობის მიზეზი შეიძლება, იყოს ყველა ის დაავადება, რომელიც თირკმლის გორგლების დაზიანებას იწვევს. ასეთია:
* ქრონიკული გლომერულონეფრიტი და ქრონიკული პიელონეფრიტი;
* შაქრიანი დიაბეტი, პოდაგრა, ამილოიდოზი;
* თირკმელების თანდაყოლილი პოლიკისტოზი, თირკმელების თანდაყოლილი განუვითარებლობა, თირკმლის არტერიის თანდაყოლილი შევიწროება;
* ისტემური წითელი მგლურა, სკლეროდერმია, ჰემორაგიული ვასკულიტი;
* არტერიული ჰიპერტენზია და დაავადებები, რომლებიც თირკმელებში სისხლის მიმოქცევას არღვევს;
* შარდკენჭოვანი დაავადება, ჰიდრონეფროზი, შარდსადენზე ზემწოლი სიმსივნე.
ყველაზე ხშირად თირკმელების ქრონიკული უკმარისობის მიზეზია ქრონიკული გლომერულონეფრიტი, შაქრიანი დიაბეტი და თირკმლის განვითარების თანდაყოლილი ანომალიები.
ქრონიკული უკმარისობის საწყის სტადიაშივე ირღვევა სისხლის ელექტროლიტური შემადგენლობა, აღმოცენდება აციდოზი, იცვლება ცილოვანი ცვლა, ხდება ცვლის პროდუქტების (შარდოვანას, კრეატინინის, შარდმჟავას) შეკავება. ამჟამად ცნობილია 200-ზე მეტი ნივთიერება, რომელთა ცვლაც თირკმელების ქრონიკული უკმარისობის დროს ირღვევა.
თირკმელების ქრონიკული უკმარისობის კონსერვატიული მკურნალობა მიზნად ისახავს დაავადების სიმძიმის შემცირებას. ინიშნება შრომისა და დასვენების საგანგებო რეჟიმი, დიეტა, მედიკამენტური მკურნალობა. ავადმყოფი უნდა ერიდოს გადაჭარბებულ ფიზიკურ დატვირთვას. რაციონში იზღუდება ცილოვანი პროდუქტები.
თირკმელების ქრონიკული უკმარისობის ტერმინალურ სტადიაში კონსერვატიული მკურნალობა უშედეგოა. ცვლის პროდუქტებისგან სისხლის გასაწმენდად მიმართავენ ჰემოდიალიზს: ზედა ან ქვედა კიდურის ზედაპირული სისხლძარღვიდან აღებულ სისხლს ატარებენ სპეციალურ სისტემაში, სადაც ის ხელოვნური მემბრანის გავლით კონტაქტში შედის მადიალიზებელ სითხესთან. ამ ხსნარსა და სისხლს შორის არსებული კონცენტრაციული განსხვავების წყალობით დაავადებულის სისხლიდან ცვლის პროდუქტები მადიალიზებელ სითხეში გადადის, გაწმენდილი სისხლი კი ავადმყოფს უკანვე უბრუნდება. კვირაში ტარდება დიალიზის 3 სეანსი. ერთი სეანსი 4-5 საათს გრძელდება. დიალიზი საშუალებას იძლევა, თირკმელების ქრონიკული უკმარისობით დაავადებულს სიცოცხლე 25 წლამდე გაუხანგრძლივდეს.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობის რადიკალურ მეთოდს წარმოადგენს თირკმლის გადანერგვა.