№42 როგორ უნდა შეიმსუბუქოთ მდგომარეობა კლიმაქსის დროს
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
კლიმაქსის დასაწყისზე მენსტრუალური ციკლის დარღვევა მიუთითებს, მაგრამ თვითონ კლიმაქსის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მესტრუაციის შეწყვეტაა, რომელსაც ქალების შემთხვევაში მენოპაუზა ჰქვია. მენოპაუზას ასაკი ინდივიდუალურია, მაგრამ საშუალო ასაკად 51 წელი მიიჩნევა. თუმცა, შეიძლება, ქალს ციკლი გაცილებით ადრე, თუნდაც, 40 წლის ასაკში შეუწყდეს. ამას ნაადრევ მენოპაუზას ვეძახით, შეიძლება, მესტრუაცია 60 წლის ასაკამდე გაუგრძელდეს და ეს გვიანი მენოპაუზაა. ნორმალურად ითვლება, როდესაც ქალს ციკლი უწყდება საშუალოდ 51 წლის ასაკში. რა თქმა უნდა, არსებობს მამაკაცის კლიმაქსი, მაგრამ იმის განსაზღვრა, თუ როდის იწყება ეს პროცესი მამაკაცებში, სამწუხაროდ, არ შეგვიძლია.
კლიმაქსის დროს სამი სახის ნიშნები ვლინდება – ადრეული ეტაპის, შუა პერიოდისა და გვიანი პერიოდის. ადრეული ეტაპის ნიშნებს განეკუთვნება ფსიქოემოციური დარღვევები, გაღიზიანებადობა, ხასიათის შეცვლა, უძილობა და ძალიან მნიშვნელოვანია ვეგეტოსისხლძარღვოვანი დარღვევები, როგორიც არის ალები, სიწითლე, ცხელების შეგრძნება, ოფლიანობა. შუა პერიოდის პათოლოგიურ ძვრებში იგულისხმება შარდსასქესო სისტემის ცვლილებები, დისკომფორტი საშოში, იმის გამო, რომ საშოს სიმშრალეა, შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები, გახშირებული და უნებლიე შარდვა. ყველაზე მძიმე ბოლო პერიოდის კლიმაქტერული დარღვევებია. ცვლილებები უკვე ვითარდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მხრივ და ძვლოვან სისტემაში. ვითარდება ოსტეოპოროზი, ძვლის სიმყიფე და შესაბამისად, ადამიანს აქვს მიდრეკილება მოტეხილობებისკენ.
ამ შემთხვევაში ძალიან აქტუალურია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა, სტრესებისთვის თავის არიდება და, ზოგადად, ცხოვრების ჯანსაღი წესი – ეს შეიძლება, გამოვიყენოთ კლიმაქსის გართულებების პრევენციისთვის. ადამიანს რაც უფრო ხშირად აქვს ალები, შემდგომში შეიძლება განუვითარდეს ალცჰაიმერის დაავადება, რადგან ამ დროს ტვინში ხდება ჰიპოქსია, ანუ ჟანგბადის ნაკლებობა და რაც უფრო ხშირად მეორდება ეს პროცესი, შემდგომში ის გონებაზე აისახება. ამიტომ ის, რომ კლიმაქსური ჩივილები და სიმპტომები უნდა მოითმინო და რომ ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, არასწორია.
ჰორმონული ძვრები მამაკაცის ორგანიზამშიც ვითარდება, სიბერე თუ ქალებში დგება, რა თქმა უნდა, მამაკაცებშიც დგება და ესეც ჰორმონებით არის განპირობებული. არსებობს მამაკაცის კლიმაქსიც და მას ანდროპაუზას უწოდებენ. შესაბამისად, სიმპტომები – ხასიათის ცვლილება, ცვლილებები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, რა თქმა უნდა, ანალოგიურია, მაგრამ ასაკი განსაზღვრული არ არის.
გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები: ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, ატარეთ თავისუფალი, ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელი, ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან ამოიღეთ ალკოჰოლი, ყავა. კარგია ცურვა, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, აერობიკა, სუნთქვითი ვარჯიშები. ძილის დროს ფანჯარა ღია უნდა იყოს. ეცადეთ არ მოსწიოთ სიგარეტი. თავი აარიდეთ სტრესულ სიტუაციებს. ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მიკროელემენტები – Mg, K და C, B ჯგუფის ვიტამინები, რომელთა დეფიციტსაც ამ დროს ქალის ორგანიზმი განიცდის.