№42 უფლის გზაზე მავალთათვის
ეცადე, ყველასთვის სიკეთე აკეთო, როგორც შეძლებ და როდესაც შეძლებ, და არ იფიქრო იმაზე, დაგიფასებს იგი ამას თუ არა, იქნება თუ არა შენი მადლობელი, და გიხაროდეს არა იმ დროს, როცა ვინმეს სიკეთეს გაუკეთებ, არამედ მაშინ, როდესაც ძვირის ხსენების გარეშე გადაიტან შეურაცხყოფას სხვათაგან, განსაკუთრებით კი იმათგან, ვისი კეთილისმყოფელიც ხარ.
თუკი ვინმეს ერთ სიტყვაზევე ვერ დაიყოლიებ, ნუ დაუწყებ კამათს, შენ თვითონ ისარგებლე იმ მადლით, რომელიც მან დაკარგა. რამეთუ ურისხველობა დიდ სარგებელს მოგიტანს, მაგრამ როცა ზიანი ერთისაგან სხვებზეც ვრცელდება, მაშინ ნუ მოითმენ, ეძიე სარგებელი არა საკუთარი თავისთვის, არამედ მრავალთათვის. საერთო სიკეთე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კერძო.
ვახშმობის დროს გაიხსენე იესო ქრისტეს უკანასკნელი სერობა, ევედრე მას, რომ ღირს გყოს ზეციურ სერობას.
სანამ დაწვები დასაძინებლად, განიხილე შენი სინდისი, ითხოვე გონების განათება საკუთარი ცოდვების შესაცნობად, იფიქრე მათზე, ითხოვე შენდობა მათ გამო, აღუთქვი გამოსწორება, ზუსტად განსაზღვრე, თუ როგორ აპირებ გამოსწორებას.
შემდეგ მიანდე შენი თავი უფალს, თითქოს ამ ღამეს უნდა წარდგე მის წინაშე. ჩააბარე შენი თავი ღმრთისმშობელს, მფარველ ანგელოზს, წმიდანს, რომლის სახელსაც ატარებ. წარმოიდგინე ლოგინი სამარედ, ხოლო საბანი – სუდარად. გადაისახავ რა პირჯვარს და ემთხვევი ჯვარს, რომელსაც ატარებ, დაიძინე ისრაელის მწყემსის მფარველობის ქვეშ (ესე იგი, მფარველი ანგელოზისა) – „აჰა არა ჰრულეს, არცა დაიძინოს მცველმან ისრაელისამან“ (ფსალ. 120,4).
თუკი ვერ შეძლებ, დაიძინო ან იფხიზლო ღამის განმავლობაში, გაიხსენე სიტყვები: „შუვა ღამეს ოდენ ღაღადებაი იყო, ვითარმედ: აჰა, ესერა სიძე მოვალს“ ან გაიხსენე ის უკანასკნელი ღამე, როდესაც იესო ევედრებოდა მამას ისე, რომ სისხლიანი ოფლი სდიოდა.
ილოცე მათთვის, ვინც ამ ღამით მძიმე სნეულებაში იმყოფება და სასიკვდილოდ იტანჯება, ილოცე განსაცდელთა შინა მყოფთათვის და მიცვალებულთათვის და ევედრე უფალს იმისთვის, რომ მარადიულმა წყვდიადმა არ დაგფაროს.
ავადმყოფობის დროს, პირველ რიგში, სასოება უფალზე დაამყარე და ხშირად გაიხსენე იესო ქრისტეს ტანჯვა და სიკვდილი, რათა უფრო და უფრო მეტად განამტკიცდეს შენი გული. განუწყვეტლივ იმეორე ლოცვები, რომლებიც იცი.
ითხოვე უფლისაგან ცოდვათა შენდობა და სულგრძელობა ავადმყოფობის დროს, ყოველნაირად შეიკავე თავი წუწუნისა და გაღიზიანებისაგან, რაც ჩვეულებრივია ავადმყოფობის დროს. თუკი უფალმა იესო ქრისტემ ცხონებისათვის დაითმინა ასე მძიმე სატანჯველი, ჩვენ რა გავაკეთეთ ან რა დავითმინეთ საკუთარი თავის გადარჩენისთვის?