№42 რატომ ტანჯავენ მშობლები შვილებს ეკლესიაში სიარულით და როგორ ცდილობენ ადამიანები ეკლესიის დახმარებით სულიერი ბიზნესის დამყარებას
ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი
დღეს ადამიანებს ძალიან უჭირთ ბედნიერების პოვნა. მიუხედავად იმისა, რომ დავდივართ ეკლესიაში, ვლოცულობთ, ვეზიარებით, მაინც ხშირად ვკარგავთ ბედნიერებას. ამ ყველაფრის შესახებ გვესუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– ჩვენ იმიტომ არ ვართ ბედნიერები, რომ სხვების გვშურს, მათი სიხარული არ გვიხარია – იმას რატომ აქვს, მე რატომ არ მაქვსო. თუ შენ სხვისთვის გაიმეტებ იმას, რაც ღმერთმა მოგცა, ბედნიერი ადამიანი იქნები. ჩვენ არ ვართ ასეთები. მთელი ცხოვრება ხელი გაშლილი გქონდეს – სიკეთე გაეცი, სიყვარული, სიხარული, დაეხმარე სხვას და აუცილებლად იქნები ბედნიერი, რომ მერე მშვიდად დაიდო ხელები ჯვრის სახით. ჩვენ ხომ სულ ვფიქრობთ: ის მოკვდა, ის დასნეულდა, ის საავადმყოფოშია, ის – საპატიმროში და ჩვენ არაფერი მოგვივაო. იმ მდიდარს ნუ დაემსგავსებით, რომელმაც ბევრი სიმდიდრე დააგროვა და იფიქრა: მოდი, ძველ ბეღელს დავანგრევ და ამ სიმდიდრეს იქ შევინახავ. მერე ვეტყვი ჩემს სულს: ჭამე, სვი და გაიხარეო. ასე ფიქრობს დღეს ბევრი: შემოსავალი მაქვს, ბანკში თანხა მაქვს, არაფერი მიჭირს: ჭამე, სვი და გაიხარე. მაგრამ ამ დროს შეიძლება, კარი შემოაღოს სიკვდილმა, რომელიც უჩინოა და გითხრას: წამოდი. მაცხოვარი ჩვენგან ითხოვს მოწყალებას, მოწყალებას მოყვასის მიმართ. სიმდიდრე ზოგს ცოდვა ჰგონია, მდიდარი ჯოჯოხეთში წავა და ღარიბი – სამოთხეშიო. სიმდიდრე არ არის ცოდვა. მდიდარს სიმდიდრე სულის ცხონებისთვის და ადამიანთა დასახმარებლად მიეცა. რელიგია განახლებული კავშირია ღმერთთან. ვერც თანხით, ვერც ცხვრით ვერ დაამყარებ ღმერთთან კავშირს, ვერც მხოლოდ გარკვეული სურვილებით. წიგნის კითხვაც რომ გეზარება, მხოლოდ იმიტომ კითხულობ, რომ ეკლესიური ადამიანი გქვია. კითხულობ, კითხულობ და რას კითხულობ, სად ხარ, არ იცი, გეზარება და იტანჯავ თავს. ახლა 5 ლარს ჩავაგდებ შესაწირ ყუთში და მომავალ კვირას 25 ლარს ამოვიღებ – ეს არის სულიერი ბიზნესი.
– მამაო, საქართველოში ამდენი ეკლესიაა, ამდენი სასულიერო პირი, მაგრამ რატომ არ არის სიყვარული?
– ჩვენ ვართ ფარისევლები, მწიგნობრები, სადუკევლები და ვიტყუებით. იესო ქრისტე რომ მოვიდა, სწორედ ასეთი ადამიანები ამხილა, კუბოები უწოდა, თეთრად შეფეთქილი საფლავები. დღეს რამდენი ვართ ასეთი. ტკბილად ვსაუბრობთ და ჭეშმარიტი აღმსარებლობისგან შორს ვართ. ღმერთი სამ რამეს ითხოვს ჩვენგან: სხვისთვის – მოწყალებას, თავისთვის – ლოცვას და შენთვის – მარხვას.
– შეიძლება, მუდმივად ხორციელი საქმეებით იყო სავსე და ეკლესიაში დადიოდე?
– ნაყოფი სულისა არის სიყვარული. თუ სიყვარულია, სიხარული იქნება, თუ მშვიდობაა, სულგრძელობა იქნება; თუ სულგრძელობაა, სახიერება იქნება; თუ სახიერებაა, სიკეთე იქნება; თუ სიკეთეა, ერთგულება იქნება; თუ ერთგულებაა, სიმშვიდე იქნება და თუ სიმშვიდეა, თავშეკავება იქნება. ეს ნაყოფებია ჩვენში გამოსაღები. თუ გინდათ, რომ ბედნიერები იყოთ, არ გაგსხლათ მამაღმერთმა ეკლესიის წიაღიდან, ეს ნაყოფი უნდა გამოიღოთ. უპირველეს ყოვლისა, ეს არის სიყვარული, რომელიც ღმერთმა გვასწავლა. თუ ადამიანმა სიყვარული ვერ ისწავლა, ის ვერც სიხარულს მიიღებს, ვერც თავშეკავებას. ასეთი შეიძლება, სასულიერო პირიც იყოს, რომელიც ჩხუბობს: აღარ დადის ხალხი ეკლესიაშიო. ესე იგი, ჩვენ, სასულიერო პირებმა, ვერ გამოვიღეთ სათანადო ნაყოფი და ბუნებრივია, მრევლიც ვერ გამოიღებდა ნაყოფს. ამიტომაც წავიდა ბევრი მღვდელი ეკლესიიდან ან დარჩა, მაგრამ გინდა ყოფილა, გინდა – არა. მთავარია ხარისხი და ის, რომ მუსლიმანებმა, ებრაელებმა დაინახონ: რა ნაყოფი გამოიღეს ქრისტიანებმა. ის ადამიანები, ვინც მხოლოდ სანთლის დასანთებად მოდიან, ბავშვს აზიარებენ და გარბიან, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. უფალი ამბობს: მე მიყვარს არა მხოლოდ ისინი, ვინც სიტყვას ისმენენ, არამედ სიტყვის მომსმენიც და შემსრულებლებიცო. დღეს კი მომსმენი ბევრია, მაგრამ ცოტა თუ ასრულებს მის სიტყვას. ადამიანები წირვის დროს ეზიარებიან, შემდეგ მოძღვარი შედის საკურთხეველში, ტრაპეზზე ბარძიმ-ფეშხუმს შეაბრძანებს, შემობრუნდება და ამბობს: „აცხონე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი“. ამ დროს გამოიხედავს და 5 ადამიანია ტაძარში. ეს არის ძალიან დიდი უმეცრება, უპასუხისმგებლობა, უგუნურება. ერთი სული გაქვს, შეკუმშული ჰაერი გამოუშვა, ვითომ იდექი ტაძარში, გარბიხარ გარეთ და ნაზიარები იწყებ საუბარს. შემდეგ იკითხება კვერექსი და ამ დროს ტაძარში არავინაა. მოგყავთ ბავშვი ეკლესიაში, რომელიც ტირის... რატომ ტანჯავ ბავშვს, რატომ გინდა, ძალით აზიარო, ხომ ხედავ, თავად არ სურს. ეს იმიტომ, რომ შენ არ ეზიარები. შენთვის ზიარება აუცილებელია, მისთვის კი კარგია. ტაძარში დროს ნუ დაკარგავ და თუ მოდიხარ, ბოლომდე იდექი.
– პატარა განსაცდელიც კი გვაშორებს ღმერთთან. ამას შეიძლება, ქრისტიანობა ვუწოდოთ?
– ვისაც პრეტენზია გვაქვს, რომ მართლმადიდებლები ვართ, სწორი ცხოვრების წესით უნდა დავბრუნდეთ ღმერთთან და მთელი მსოფლიო გავიყოლიოთ. ეს არის ჩვენი პირდაპირი მოვალეობა და ვინც ასე არ ცხოვრობს, მას სერიოზული კრიზისი აქვს. უბრალოდ არაფერი ხდება არც მთელ მსოფლიოში, არც ჩვენს ქვეყანაში და საერთოდ, ჩვენში. ეს არის ჩვენი არასწორი ცხოვრებითა და ცოდვებით გამოწვეული კრიზისი, რამაც ადამიანი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. თუმცა, ვინც შეინანებს, ის ამოვა ამ მორევიდან – არა რეგალიებით, ჯვრებით, სასწაულებით, არამედ თუ ვიტყვით: ეს ჩემი ცხოვრების ბრალიაო. ჩვენ სხვების მატერიალურ და სულიერ სახლში ფათური უფრო მეტად გვახასიათებს და მოგვწონს, ვიდრე საკუთარ სახლში წესრიგის დამყარება. ამიტომაც ვვარდებით ხშირად განკითხვაში, სხვების ცოდვების თვალიერებაში. ბევრს საკუთარი თავიც არ უყვარს, რაც თავისადმი უპატივცემულობით, არასწორი ცხოვრებით გამოიხატება. ასეთ ადამიანს არ შეიძლება, უყვარდეს სხვა და დააფასოს მისი თვისებები. ეკლესიაში რომ შემოდიხართ, ღვთაებრივზე იფიქრეთ. თუ მღვდელი, დიაკვანი ან სხვა სასულიერო პირი ეკლესიასთან გაშინაურდება, მაშინ იწყება მისი სულიერი კვდომა.