№42 ქალური ლოგიკა
ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე
ლოგიკა – ეს არის აზროვნების და საუბრის საშუალება. ბევრს მიაჩნია, რომ ქალის შემთხვევაში ლოგიკა ადგილს იმპულსურობას და გრძნობებს უთმობს. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ქალებს აქვთ ლოგიკა, მაგრამ, ისიც რეალობაა, რომ ქალურ ლოგიკას აქვს თავისი „მინუსები“ – უიღბლობის თავიდან არიდება, ყურადღების მიქცევა, ბრძოლა ხელისუფლებისთვის ოჯახში, სამსახურში... და შურისძიება.
როცა ქალი არჩევნის წინაშე დგება, ხშირად ის ეშმაკობას მიმართავს და საკითხს ისე წყვეტს – თავს დიდად არ იწუხებს. მარტივი გამოსავალის პოვნა ნამდვილად ქალის გონების, მისი შინაგანი ინტუიციის ნაყოფია.
მამაკაცები, ძირითადად, ყველაფერს ობიექტურად აფასებენ. ხოლო ქალები – გრძნობებითა და სუბიექტურობით. მამაკაცები ხშირად ლოგიკას ეყრდნობიან, ქალები – საკუთარ ინტუიციას და შეგრძნებებს. თუ მამაკაცმა რამე ჩაიფიქრა, მას შესწევს უნარი, ნებისყოფა გამოიჩინოს, თანმიმდევრული იყოს და საქმე ბოლომდე მიიყვანოს. ქალი კი, უფრო ხშირად, იმპულსურად მოქმედებს. მზად არის, საკუთარი გადაწყვეტილება ჩაასწოროს, შეცვალოს ან, საერთოდ, უარი თქვას მასზე.
არსებობს საყოველთაოდ ცნობილი, ქალური ლოგიკის გამოვლენის რამდენიმე „შედევრი“, რომელიც, მართალია იუმორით არის ნათქვამი, მაგრამ ლოგიკას მოკლებული ნამდვილად არ არის.
* ქალი ყოველთვის წინასწარ ხვდება მამაკაცის განზრახვას, რომლის შესახებ, კაცს ჯერ წარმოდგენაც კი არა აქვს.
* ნუ აწყენინებთ მას, ვისაც უყვარხართ... ის ისედაც შავ დღეშია.
* დაბადების დღე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ისინი, ვისაც დაბადების დღე დიდებულად გადაუხადეს, როგორც წესი, უფრო დიდხანს ცხოვრობდნენ.
* მე ყოველთვის არ ვიცი, რაზე ვლაპარაკობ, მაგრამ ვიცი, რომ მართალი ვარ!...
* ვინც მიცნობს, ორ ჯგუფად შეიძლება გავყო: ისინი, ვისაც მე მოვწონვარ და ისინი, ვინც კარგად ვერ შემათვალიერა…
* გადაწყვეტილების მიღება და მისი სისრულეში მოყვანა სხვადასხვა რამეა.
* შემოდგომა, წელიწადის ის დროა, როდესაც ვერ გაიგებ, ვინ უფრო დიდი სულელია: ის, ვისაც ჯერ კიდევ ქოშები აცვია, თუ ის, ვინც უკვე ჩექმებშია.
როგორ უნდა მართო
მამაკაცი
მამაკაცები ქვეყანას მართავენ, ქალები კი – მამაკაცებს. თუ ქალმა რამე მოინდომა შეუძლებელს შეძლებს, მამაკაცის მართვა მისთვის საკმაოდ ადვილია. გინდათ, საყვარელი მამაკაცი გადარიოთ? ნება თქვენია. გაითვალისწინეთ რჩევები, რომლებსაც გთავაზობთ და ეს არ გაგიჭირდებათ. დავიწყოთ იქიდან, როგორი უნდა იყოს ქალი, რომ მამაკაცმა მაინცდამაინც ის აირჩიოს.
* ჩაიცვით შთაბეჭდილების მოსახდენად – ანუ, რაიმე ისეთი, რაშიც თავს კომფორტულად, ლამაზად და სექსუალურად იგრძნობთ. ჩაიცვით ისე, რომ გამოიკვეთოს თქვენი პიროვნება და სხვებისგან გამოგარჩიოთ. სასურველია, გამოაჩინოთ მხრები და კისერი. ბევრი მამაკაცი სწორედ ქალის მხრებსა და კისერს მიიჩნევს სხეულის ყველაზე მომხიბვლელ და მიმზიდველ ნაწილებად. ხომ იცით, რომ მამაკაცებით მანიპულირების საუკეთესო გზა ქალის სილამაზეა. ლამაზ ქალსაც უფრო მეტს პატიობენ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოუსწორებელი სისულელე ჩაიდინოთ.
* სწორად შეარჩიეთ სიტყვები – ყველა მამაკაცს უნდა თავისუფალი იყოს ქალური პრეტენზიებისგან, ისტერიკებისა და მითითებებისგან, თუ როგორ უნდა იცხოვროს და რა უნდა გააკეთოს. მამაკაცს სიამოვნებს ქალის მზრუნველობა და ყურადღება. მაგრამ ეს არ უნდა გადავიდეს დედობრივ მზრუნველობაში. მნიშვნელოვანია ყურადღების გამოხატვა მცირე დოზებით, რაც მამაკაცს აგრძნობინებს, რომ ის გჭირდებათ. უნდა გახსოვდეთ, რა უყვარს თქვენს მამაკაცს, რა სიამოვნებს და რა აწუხებს. თუ თქვენ ცდილობთ მამაკაცის შეცვლას და აკრიტიკებთ მისი ინტერესების სფეროს, თქვენი საქმე ცუდად არის. კაცის შინაგანი „მე“ მაშინვე განგაშს ატეხს და შემდეგ რაც მოხდება, თქვენს თავს დააბრალეთ.
ჭკვიანი ქალი მამაკაცის ნებისმიერ გადაწყვეტილებას ასეთი კითხვით შეხვდება: „კარგად იფიქრე ამაზე? დარწმუნებული ხარ? მაშინ, იმოქმედე!“ მამაკაცი არასდროს წავა იმ ქალისგან, რომელიც მხარში უდგას.
* ემოციური კავშირი – როდესაც მამაკაცი თავის პრობლემაზე გესაუბრებათ, მოუსმინეთ მას და აუცილებლად მიეცით რჩევა, ოღონდ ნუ დააძალებთ, მიეცით არჩევნის უფლება. არ აგერიოთ ერთმანეთში საკუთარი და მისი სურვილები. ხშირად უთხარით კომპლიმენტი.
* თუ მამაკაცი დარწმუნებულია, რომ მის იქით გზა არ გაქვთ, მაშინ თქვენი სურვილები მისთვის არც ისე მნიშვნელოვანი იქნება. აგრძნობინეთ, რომ თქვენს შესანარჩუნებლად გარკვეულ დათმობებზეც მოუწევს წასვლა. ყველა მამაკაცს უდგება მომენტი, როდესაც საყვარელ ქალზე სერიოზულად ფიქრობს, თქვენ კი ყოველთვის უნდა იყოთ მისი საფიქრალი.
* იყავით ბუნებრივი – ეს ხომ დღეს იშვიათობაა. ქალები მამაკაცების დიდებული აღმზრდელები არიან. თუ ამ საკითხს სწორად მიუდგებით და ემოციების გამოხატვა არ გაგიჭირდებათ, მისთვის შეუცვლელი გახდებით.