№42 რატომ ამართლებს ქართული კულტურა ქალს, რომელიც მამაკაცს ხურდად მუშტს დაუბრუნებს
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
პირადად მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ქალები გააკეთილშობილებდნენ ქართულ პოლიტიკას, სადაც არ მოქმედებს არანაირი სტანდარტი, ამიტომ ყველაფერი შეიძლება, იკადრო, ერთ დღეს ოპონენტი ჯვარს გააკრა, მეორე დღეს გააღმერთო, სკამის დაუფლების იმედით და ხელთათმანებივით იცვალო პოლიტიკური ორიენტაცია, ოღონდ გქონდეს თანამდებობა. თუ საჭიროა, შემოჰკრა კიდეც და უშვერი სიტყვებით ილანძღო საჯაროდ, მაგრამ, ჰოი, სოცრებავ და, ქალებმაც აითვისეს ძალისმიერი მეთოდები, პარლამენტარმა ქალმა კოლეგა მამაკაცს ჩასცხო, ის ჟურნალისტმა ქალმა დაიცვა, ყველა ასეთ მამაკაცს უნდა აარტყაო (და მერე იმ მამაკაცმა რომ ხურდა დაუბრუნოს, ეს ქალების ჩაგვრად ჩაითვლება), პარტიის თავმჯდომარე ქალი ლამის ისტერიკას აწყობს პოლიტიკური დებატებისას და საცაა, თმასაც დაიპუტავს პირდაპირ ეთერში. ერთი სიტყვით, იმედი გამიცრუვდა და კითხვებიც დამიგროვდა: რატომ მიბაძეს ქართველმა პოლიტიკოსმა ქალებმა მამაკაცებს, თუ, უბრალოდ, მიზანმიმართულად ხდება ქალის ფაქტორის დისკრედიტაცია? რომლებსაც რამაზ საყვარელიძესთან ერთად განვიხილავთ.
– რატომ გახდა უცებ დასაშვები, რომ ქალებმა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უნდა იძალადონ მამაკაცებზე?
– ქალები ისედაც ვაჟკაცური ხალხია, ხომ იცით?!
– არც მე ვარ დიდად ნაზი და სათუთი, მაგრამ არც არავისთვის მიყვირია, არც დამირტყამს.
– მეორე მხრივ, იგივე „ვეფხისტყაოსანი“ ამბობს, „კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსაო“.
– თუმცა იქვე ნესტანი მოტირალ ტარიელს ეუბნება, რა დროს ტირილია, ხმალს მოჰკიდე ხელი და დახოცე ყველა, ჩემი საქმროს ჩათვლითო.
– დიახ, მაგრამ თქვენ საითაც წაგიყოლიათ ამ ლაპარაკმა, ის უფრო მაინტერესებს. ჩვენ პირველად არ ვსაუბრობთ და ხშირად განვიხილავთ პრობლემის არა ინდივიდუალურ, არამედ კულტურულ პლასტებში. ამ თემაშიც იკვეთება, რომ ამ პროცესს შეიძლება, კულტურა განაგებდეს და არა კონკრეტული პირები.
– იმას ამბობთ, რომ ქალის მიერ ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას წაახალისებს ჩვენი კულტურა?
– დიახ, ამას ვგულისხმობ.
– მაგალითებს ხომ ვერ მოიტანდით? მანამდე მე ვიტყვი, შუშანიკმა რომ დაალეწა ჯოჯიკს თავზე ჯამ-ჭურჭელი, რას მიქვიან, ქალი და მამაკაცი ერთ სუფრასთან ისხდნენო.
– დიახ, სცემა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, თავში ჩაარტყა.
– შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ჩვენი პარლმენტარი ქალი შუშანიკის თანამედროვე ვარიანტია?
– მანდ ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება შუშანიკობაზე, მაგრამ ფაქტია, რომ ქართული კულტურა არ უშლის ამ ქალს, თუ თვლის, რომ მართალია, მამაკაცს დაარტყას. თქვენ მიერ ნახსენები შუშანიკი შესანიშნავი მაგალითია, რომ კულტურა არც ერთის მხარეს არ არის და ამბობს, თუ ადამიანი მართალია, მან შეიძლება, ძალა გამოიყენოს. თუ ძალის გამოყენება შეუძლია მამაკაცს, შეუძლია ქალსაც. არ ასხვავებს ქართველ ქალსა და მამაკაცს. ქალის მიერ ძალის გამოყენება კი, მხოლოდ იმის გამო, რომ ის ქალია, თვით იაკობ ცურტაველის მიერაც არაა შერისხული.
– მაგრამ მერე როგორ სცემა ვარსქენმა შუშანიკი? თვალი დაუბუშტა და თმით ათრია.
– იმიტომ რომ ძალა აღმართს ხნავს.
– სწორედ ამიტომ ვამბობ, იქიდან რომ გვიპასუხონ, გავილახებით აშკარად.
– ცემა მორევაზეაო. მანდ. ალბათ, იმით ხელმძღვანელობს ქართული მენტალიტეტი, რომ მთავარი არ არის, ვინ გაიმარჯვებს ფიზიკურ დაპირისპირებაში. რომც დამარცხდე, შენს სიმართლეს იცავს.
– ანუ ქალი რომ მამაკაცს დაარტყამს და მამაკაცი ხელს შეუბრუნებს. კულტურას ეს უკვე აღარ მოსწონს?
– პატარა ქვეყნებში მასქულანობაა გავრცელებული, რაც ნიშნავს, რომ ქალს მამაკაცური თვისებები შეიძლება, ჰქონდეს. ამხელა ქვეყანაა საფრანგეთი და გმირად ჰყავს მებრძოლი ქალი.
– ჟანა დარკი.
– ამდენად, ქალის ნაზი და ჰაეროვანი მოდელი, ალბათ, არ არის ყველა სიტუაციაში გამართლებული, იმიტომ რომ ქალმა უკან არ დაიხია, შეიძლება, დაფიქრდეს მეორე მხარე, რომ ის ქალი მართალი იყო, ისეთ რამეს იცავდა, რაც დასაცავი იყო და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან მკაცრები ნუ ვიქნებით ქალის მიმართ.
– ოპონენტებთან კამათისას ისტერიკაში რომ ვარდებიან პოლიტიკოსი ქალები, განსაკუთრებით ერთი პარტიის თავმჯდომარე, ამასაც წაახალისებს კულტურა?
– მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ კი, რადგან ეს ისტერიკაც კულტურის საკუთრებაა, ისტერიული კულტურა ბოლო საუკუნეების რეალობაა და, ასევე, დიდი ეჭვი მაქვს, რომ ადრე ქართველი ასე ისტერიული არ იყო, მაშინ ბრძოლისუნარიანი არ იქნებოდა. უფრო რუსეთთან შეერთების შემდეგ, მეტ-ნაკლებად მშვიდობიანობის პერიოდში, დაიწყო ისეთი თვისებების წინ წამოწევა, რომლებიც სხვა თვისებებს, ასე თუ ისე, ესადაგება. ვგულისხმობ თეატრალობას. თეატრალურები კი ნამდვილად ვართ. წარმოდგენის დადგმა გვიყვარს, თეატრალობა და მსახიობობა კი გულისხმობს ისტერიულ ხასიათს.
– მშვიდობიანი ვერ იყო ის პერიოდი, იმიტომ რომ რამდენიმე აჯანყება ჩაახშვეს რუსებმა სისხლში, დახოცეს უამრავი ხალხი, დაანგრიეს სოფლები, ბევრი გადაასახლეს. იქნებ ძალამ რომ აღმართი მოხნა, მაშინ დავიწყეთ თამაში და ისტერიკები, ანუ თავის მოგიჟიანება?
– სამწუხაროდ, არ ვართ დიდად განებივრებულები კვლევებით, როდის რა ხასიათი იყო წამყვანი ქართველის ფსიქოლოგიაში, ამიტომ მერიდება კიდეც, დარწმუნებით ვთქვა რამე, რადგან უამრავი უცნობი ფრაგმენტია ჩვენს ისტორიაში, მაგრამ ის, რომ, მაგალითად, ტარიელი მთელი ამხელა ნაწარმოების განმავლობაში, ძირითადად, ტირის და მხოლოდ ბრძოლაში ეცვლება ხასიათი, შეიძლება, არ არის მხოლოდ მხატვრული მეტაფორა.
– სარაინდო რომანებში რაინდები ტირიან, ეს ევროპულ რომანებშიც ასეა. ეპოქა წაახალისებდა ამგვარ ქცევას.
– მე ვამბობ, რომ შეიძლება, კულტურაში მიღებული იყოს ასეთი ემოციურობა, მიღებული იყო ევროპაში და განსაკუთრებით, აღმოსავლეთში, მუსლიმანურ სივრცეში, იქიდან ავიღეთ ტირილის ტრადიცია.
– ყოველდღიურ ურთიერთობებში კიდევ გასაგებია, მაგრამ პოლიტიკურ სტანდარტად იმის დაწესება, რომ პოლიტიკოსი მამაკაცები ურტყამენ კოლეგა მამაკაცებს, ახლა უკვე პოლიტიკოსი ქალებიც ურტყამენ მამაკაც კოლეგებს, თუ დასჭირდათ, თავს მოიგიჟიანებენ და ისტერიკას ატეხენ, ნორმალურია?
– პოლიტიკა არის რაღაც პროფესიული ასპარეზი და ამ პროფესიულ ასპარეზზე ადამიანები ისეთებად რჩებიან, როგორებიც იყვნენ, ამიტომ დიდი ოპტიმიზმით არ ვუყურებ იმას, რომ, რადგან პოლიტიკოსები დაირქვეს, განსხვავებულები იქნებიან, გინდა – ქალები და გინდა – მამაკაცები.
– რატომ? სწავლულთა და მეცნიერთა ცოდნა უმეტეს არსო.
– და პოლიტიკოსებს თქვენ რომელ კატეგორიას აკუთვნებთ?!
– ეს კარგი კონტრკითხვაა და მე დუმილის უფლებას გამოვიყენებ. მაგრამ ისინი ხომ ფიქრობენ, რომ გამორჩეულები და ერის ნაღები არიან?
– ნაღების ქვეშ რას გულისხმობთ?! არის ასეთი ზმნა ქართულში, აღებინაო... საერთოდაც, ვინ ილტვის პოლიტიკისკენ? ეს ზოგადად ძალიან საინტერესო საკითხია. ფეოდალურ სისტემაში ეს საკითხი არ იდგა, რადგან მემკვიდრეობით გადადიოდა მმართველობის უფლება. დემოკრატიამ კი ეს საკითხი დააყენა, რადგან თანამდებობები არჩევითია. ხოლო ამ დროს პოლიტიკა ნიშნავს ძალაუფლებას. როგორ გგონიათ, ვინ წავა პოლიტიკაში?! მხოლოდ ძალაუფლების სიყვარული არ არის საკმარისი, ალბათ, ის, ვისაც რაღაცაში სჭირდება ეს ძალაუფლება და შეუძლია მისი გამოყენება. რა თქმა უნდა, არც ერთი ფორმულა, რომელიც ადამიანებს ეხება, ასპროცენტიანი არ არის, რადგან არსებობენ ასეთებიც და ისეთებიც, მაგრამ მაინც: პოლიტიკა არ არის უფრო განათლებულების ადგილი, საგანმანათლებლო სფეროში მეცნიერები მიდიან, არც უფრო კეთილშობილების ადგილი არ არის, ვისაც კეთილშობილება აწუხებს, ისინი ეკლესიაში მიდიან. ამიტომ ძალიან ხშირად პოლიტიკაში აღმოჩნდებიან ავანტიურისტები. მარტო ჩვენს ქვეყანაზე არ ვლაპარაკობ. ასე რომ, ძალიან რომანტიკულად არ უნდა შევხედოთ პოლიტიკას, უნდა შევაფასოთ, როგორც პროფესია. უბრალოდ; არსებობს ასეთი პროფესია, მას აქვს უზარმაზარი ფუნქციები და უნდა შევეგუოთ, რომ პოლიტიკაში ხალხზე ზრუნვით შეიძლება, არც მიდიოდნენ ადამიანები, უფრო – საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრით და ამის შემდეგ უფრო უჩნდებათ სხვების კეთილდღეობაზე ზრუნვის მოტივი. პოლიტიკა ავანტიურაა და ძალიან ხშირად პოლიტიკოსები ამ ავანტიურიზმს იყენებენ ხოლმე სიკეთის გასაკეთებლადაც, ოღონდ მას მერე, რაც თავიანთ მიზნებს მიაღწევენ.
– მერე რაღა უჩენთ ხოლმე ასეთ სურვილებს?
– ადამიანს საკუთარ თავზე უკეთესი წარმოდგენა ექმნება, როდესაც კარგ რამეებს აკეთებს.
– გამოდის, ჩემი იმედები, რომ ქალები გააკეთილშობილებდნენ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას, ამაო და ფუჭია?
– ღმერთმა გისმინოთ, რომ გააკეთილშობილონ, მაგრამ რატომ უნდა გააკეთილშიბილონ პოლიტიკა, მაინცდამაინც, ქალებმა, ეგ არ მესმის.
– მე მგონია, რომ მე გავაკეთილშობილებდი.
– არსის მიხედვით ამბობთ თუ სტილის?
– არსის მიხედვით, თავისთავად, მაგრამ ახლა სტილს ვგულისხმობ.
– დიახ, სტილის მიხედვით ქალები ყველგან უფრო მშვიდობისმოყვარეები არიან და სიკეთის მომტანები.
– უბედურებაც ესაა, რომ სტილშიც ჰბაძავენ მამაკაცებს?
– ვიმეორებ, რომელი კულტურიდან მელაპარაკებით?!
– რაღა მაინცდამაინც ისტერიულ ნესტანს დაემსგავსნენ სინორჩეში, მერე ისიც დაღვინდა, თინათინი არ არის ისტერიული.
– თინათინს არ დასჭირდა ნესტანობა, თორემ კაცმა არ იცის, რა იქნებოდა. მებრძოლ ქალს ნუ შევაფასებთ უარყოფითად. ქალი ხშირადაა მებრძოლი და მისი ეს მებრძოლობა მართლაც კარგ საქმეებს აკეთებს. თუმცა არ ვიცი, საპარლამენტო ჩხუბი ბრძოლად უნდა ჩაითვალოს თუ არა.