კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 როგორ აღმოჩნდა საქართველო ორმაგ ალყაში და რა შემთხვევაში მოეწონება აშშ-ს თბილისის შეთავაზება, თავად გადაწყვიტოს თავისი პრობლემები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  სამხრეთ კავკასიაში და მის გარშემო საინტერესო გადაჯგუფებებია: ჩრდილოელი მეზობელი რაცაა, ყველამ კარგად ვიცით საქართველოს ტერიტორიაზე სამი სახელმწიფოს ცნობის ფაქტითა და სეპარატისტების წაქეზებით. მისი მოკავშირეა მეზობელი სომხეთი, ხოლო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად წოდებულ აზერბაიჯანს კი რფ-ის პირველი პირიც სტრატეგიულ პარტნიორს უწოდებს. სამხრეთით, ასევე, სტრატეგიული პარტნიორი თურქეთია, რომელიც ფორმალურად, მართალია, „ნატოში“ ირიცხება, მაგრამ, რეალურად, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის უახლოეს პარტნიორად იქცა ირანთან ერთად. დასავლეთიდან ზღვა გვაკრავს, რომლის იქითა ნაპირზეა გამაგრებული ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი, რომელსაც კბილებით უჭირავს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა (იმედი მაქვს, ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდება, ვინაიდან ჩვენი ტერიტორია მათთვის მეტად საჭიროა). აკაკი ასათიანთან ერთად ვიმსჯელებთ ამ ორმაგი ალყის გარღვევის და ჩიხის ხეირად ქცევის შესაძლებლობებზე.
– ჩემი აზრით, ორმაგ ალყაში ვართ. თქვენ როგორ ხედავთ მიმდინარე პროცესს?
– ჩვენ გარშემო ასეთი კვანძი იხლართება, ოღონდ ასე ერთმნიშვნელოვანი ეს ამბავი არ არის, უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან რთული კომბინაციაა. თურქეთი „ნატოს“ წევრია და ახლა ლაპარაკია, რომ ქურთებს დაბომბავს, უფრო ზუსტად, უკვე ბომბავს, ამერიკა გაიწია და როგორც ჩანს, თურქები სერიოზულად აპირებენ მოქმედებას, ამიტომ იქ საკითხი დაისვა, რომ მაშინ შეუჩერდება „ნატოს“ წევრობა. რუსეთის ამბავი ვიცით, თუმცა კეკლუცობს უკრაინასთან, ყოველ შემთხვევაში, უკრაინის ხელისუფლებამ ისეთი ვითარება შეუქმნა, რომ, რასაც ამბობდა მოსკოვი, იმ იმედით, რომ არავინ იზამდა, მინსკის შეთანხმება შესრულდეს და არ ვართ წინააღმდეგიო, დათანხმდა. ანუ უცბად ამ მასხარამ, როგორც უწოდებენ უკრაინის პრეზიდენტს, თუ მისმა მრჩევლებმა, თანხმობა თქვეს. მანამდე ზელენსკი შეხვდა მაკრონსა და მერკელს, რომლებიც, როგორც ჩანს, მის დარწმუნებას  ცდილობდნენ. საერთოდ, ასეთი გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს პოპულარობის პიკზე და, აი, გამოაგორა კიდეც ზელენსკიმ ეს გადაწყვეტილება, რომ თანახმაა მინსკის შეთანხმების შესრულებაზე. კერძოდ, არჩევნების ჩატარებაზე, ცხადია, საერთაშორისო დამკვირვებლებით, რუსების ჯარების ან მათი მომხრე ბანდფორმირებების გაყვანით და სტატუსზე ლაპარაკით. რუსები უარს ხომ ვეღარ იტყოდნენ?! ამას დათანხმდნენ, თუმცა, სტრატეგიულად, ალბათ, ორივესთვისაც ასე უფრო სწორია. უბრალოდ; პუტინის ამოცანაა, თავისი ხალხი დაარწმუნოს, რომ ძალიან მაგარია და არჩევნებითა და რეფერენდუმით კი არ მიაქვს ტერიტორია, არამედ მიაქვს ძალით. არადა, ყირიმში რომ რეფერენდუმი ჩატარებულიყო, უმეტესობა მაინც რუსეთთან მიერთებას მისცემდა ხმას. დონბასში ცოტა განსხვავებული სიტუაციაა, მოსახლეობის რაღაც ნაწილი უკრაინელობს, დიდი ნაწილი რუსობს. ამას გარდა რუსეთს ქვეყნის შიგნითაც ეძაბება ეკონომიკური მდგომარეობა, ახალგაზრდა თაობა გამოდის პოლიტიკური მოთხოვნებით. გამორიცხული მგონია, რუსეთს ჩვენთან რამე სამხედრო მოქმედების დაწყების გეგმა ჰქონდეს, მით უმეტეს, არც „ოცნების“ ხელისუფლება გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომ ამის საშუალება მისცეს. რაც შეეხება სომხეთს, მთლად ასე მარტივადაც არ არის საქმე, თუმცა რუსეთის მოკავშირეები არიან.
– მარტივად არის თუ არა, სამხედრო შეთანხმება აქვთ რუსეთთან, იქ გიუმრის სამხედრო ბაზაა და ჩვენ ვიცით, როგორ იქცევა რუსეთი, თუ მისი ბაზის გატანის საკითხი დგება. რაც უნდა სიგარეტს არ ეწეოდეს ფაშინიანი და ველოსიპედით დადიოდეს, იმ ხელშეკრულებას ვერ დაარღვევს.
– დიახ, მაგრამ სხვანაირად ვერ იზამს, ის ნელ-ნელა, ფრთხილად მიიწევს დასავლეთისკენ. ამას რუსეთიც ხედავს და რეაგირებენ ხოლმე. მაგალითად, ამის დასტურია დაპატიმრებული ქოჩარიანის მილოცვა.
– დიახ, მეც თვალში მომხვდა, ერევანში ყოფნისას ქოჩარიანის ცოლი რომ მოინახულა.
– ფაშინიანი კი მაინც არ ათავისუფლებს ქოჩარიანს... რაც შეეხება აზერბაიჯანს: იქ, ეტყობა, თვლიან, რადგან რუსეთი და თურქეთი ახლა მეგობრობენ, მოეხსნათ ორიენტაციის პრობლემა და თავადაც თუ დაუახლოვდებიან რუსეთს, არ დაკარგავენ თურქეთის მხარდაჭერას. ირანს ამერიკასთან აქვს პრობლემები და ერაყი და სირია არის, აგრეთვე, ადგილი, სადაც ის წამყვან როლს ასრულებს ხმელეთზე, რუსები და ამერიკელები უფრო საჰაერო და სხვა ტიპის მონაწილეობას სჯერდებიან. ირანს პრობლემა აქვს საუდიტებთანაც. ერთი სიტყვით, ყველა თავის პრობლემაშია გახვეული. რაც, ცხადია, იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენთვის არ ეცლებათ. ჩვენ ვართ ამ ორომტრიალის ზუსტად შუაგულში და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე ნაკლებად თურქეთისგანაა აგრესია მოსალოდნელი. ამდენი პასუხისმგებლობა მათ აქვთ და, სხვათა შორის, ცოტა უფრო შორსაც იყურებიან, ხვალ-ზეგ რა იქნება და როგორ გადალაგდება დღევანდელი კომბინაცია, არავინ იცის.
– ჩვენ აქ ხომ მხოლოდ საომარ მოქმედებებზე არ ვლაპარაკობთ? როგორც შეუძლიათ და რითაც, ზეწოლას ცდილობს აზერბაიჯანიც, სომხეთიც, რუსეთიც, თირქეთიც, ირანიც. დაახლოებით, ისეთი სიტუაციაა რეგიონში, ხატოვნად რომ ვთქვა, „ქისტეთში ჩემი ერთგული კენჭიც კი არსად არია“.
– თავს თუ წავუხრით, ასეთი სიტუაცია იქნება, შეიძლება, პარადოქსულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, სერიოზული „ფოკუზი“ ჩავატაროთ ამ ვითარებაში. ცვლის ვითარებას ჩვენი ნებისმიერი გადახრა ვინმესკენ, თითქოს დიდი ძალა არ შეგვწევს, მაგრამ ჩვენი არმიის ბრძოლისუნარიანობის გათვალისწინებით, ყოველ შემთხვევაში, ყველაზე ბრძოლისუნარიანი არმიაა ჩვენს რეგიონში. თუმცა, რა სარდლობა ჰყავდა სახელოვანი, კი ვნახეთ და არც ახლა ჰგვანან ალექსანდრე მაკედონელსა და მის სარდლებს.
– ჩვენ დავით სოსლანის დარიც გვეყოფა, არ გვინდა მაკედონელი.
– ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ჩვენ შეგვიძლია, მნიშვნელოვან სარგებელს გამოვრჩეთ ამ სიტუაციაში.
– დიახ, მეც ეს მაინტერესებს, ეს წინააღმდეგობა როგორ იქცეს ხეირად? ჩიხი გულისხმობს, რომ არსებობს მარტივი და გენიალური გამოსავალი.
– თუ მართლა მხოლოდ ავიარეისების აღდგენაზე იყო ლაპარაკი ლავროვისა და ზალკალიანის შეხვედრაზე, მე მგონია, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არასერიოზული ამბავია.
– მე იმედი მაქვს, რომ სხვა რამეზე ისაუბრეს, ძირითადად.
– მეც იმედი მაქვს, რომ სხვა რამეზეც იყო... ვარწმუნებ ძალიან ბევრს, რომ რეალურია აფხაზეთისა და ცხინვალის ამბის მოგვარება. ვიმეორებ, ეს ნამდვილად შესაძლებელია და იმედი მაქვს, ვიღაც ხვდება ამას ხელისუფლებაში და იმედი მაქვს, გაბედავს ამ მიმართულებით ნაბიჯის გადადგმას. თუ არადა, ვიქნებით იმის მოლოდინში, გარშემო ქარბორბალა როდის აკრეფს ძალას და ჩვენ როდის გადაგვივლის. არც იმხელა ტერიტორია გვაქვს, რომ ჩვენ არ შეგვეხოს ნებისმიერი სერიოზული დაპირისპირება და პრობლემა ჩვენ გარშემო. ეს უკვე გამოიკვეთა. ბრმა ხომ არავინაა?! მგონი, ნებისმიერი ადამიანი ხვდება, ჩვენი ექსპერტების გარდა, რომლებიც 20-იოდე წლის შემდეგ გვეტყვიან, რა იყო მოსალოდნელი, თურმე, დღეს. ასევე არიან პოლიტიკოსებიც. ვითარება ძალიან ჩახლართულია და კიდევ ერთხელ ვიტყვი – ძალიან პერსპექტიული. ყოველ შემთხვევაში, არ აღვიქვამ მოსალოდნელ კატასტროფად.
– არც მე და ამიტომაც ვაზუსტებ, რა შეიძლება, დადებითი მოგვიტანოს ამ ახლებურმა რეალობამ.
– ხეირი არის, მინიმუმ, ტერიტორიის ეტაპობრივად დაბრუნება.
– ჩვენ აქ არ გვიხსენებია ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე აშშ, ჩვენ ვიცით, როგორი რეაქცია აქვს რუსეთს, როცა ეუბნები და ხედავს, რომ მასთან არ გინდა, მაგრამ ჯერ არ ვიცით, როგორ მოიქცევა აშშ, თუ ეტყვი, რომ შენ უნდა მოიქცე ისე, როგორც შესაძლოა, მას არ მოეწონოს, მაგრამ შენ მიგაჩნია შენთვის მომგებიანად.
– თავის დროზე, ბზეჟინსკის რომ შევხვდი, 1991 წელს და ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი კაცი იყო პოლიტიკურ საკითხებში, ვისაც შევხვედრივარ, ვკითხე, საერთაშორისო ამბებისგან პერიფერიაზე რომ ვართ, ეს რას მოგვიტანს-მეთქი. ეს, ანუ ამერიკა უზარმაზარი კუნძულია (მართლაც, კონტინენტები სინამდვილეში კუნძულებია და აქ შიდა ამბები მიიჩნევა ყველაზე მნიშვნელოვნად) და გრანდიოზული ამბავი უნდა მოხდეს, რომ ამერიკელების ყურადღების ცენტრში მოექცეს რამეო. ახლაც „სი ენ ენი“ გადასცემს ტრამპის ამბავს, „დემოკრატებიც“ ერთმანეთს ხოცავენ, კანდიდატიც ვერ შეურჩევიათ და ამით არიან დაკავებული. ქვეყანას აქვს ფანტასტიკური ეკონომიკური მაჩვენებლები, ტრამპის პოლიტიკის წყალობით, მაგრამ საგარეო პოლიტიკაში თქვენც ხედავთ, რომ ისინი ნელ-ნელა განზე იწევიან: ან მოგვარდით, ან კისერი გიტეხიათ და ბოლოს, მაინც მე შემეხვეწებით, როგორც იყო პირველსა და მეორე მსოფლიო ომებში და როგორც იყო ცივი ომის დროს, როდესაც შეერთებული შტატები იცავდა, ფაქტობრივად, ევროპას, ვთქვათ პირდაპირ. შეერთებული შტატები რომ არა, პარიზში, ლონდონში, მადრიდში იქნებოდა „ობკომები“. ამიტომ პრობლემაა ევროპა, სულ გაურკვევლობაშია ბრიტანეთი, ვითომ ეშინიათ, საოცარი აღმავლობაა მემარჯვენე ძალების, დავარქვათ პირდაპირ, ნაციონალური ძალების და ეს უკვე ისტერიკის წინაპირობა აღარ იქნება. არავის უკვირს, რომ საფრანგეთში მოსწონს ლეპენი, იტალიაში რომ, ფაქტობრივად, გერმანელები გაბატონდნენ და უკვე ერთმანეთს ეჩხუბებიან, მოწინააღმდეგეს კი არა, წარმოიდგინეთ, ამ ფონზე მიდიხარ შენ და ეუბნები: ჩემ გარშემო ღრუბლები იქუფრება და იქნებ გამოიხედოთ ჩემკენ და რამე იღონოთ.
– მე ეს არც მიგულისხმია, ჩვენ ნაცვლად იმოქმედოს-მეთქი, ისედაც მოქმედებს, როდესაც სჭირდება. მე ვამბობ, რომ არ მოეწონოს ის გადაწყვეტილება, რაც ჩვენ ხეირს მოგვიტანს.
– გარწმუნებთ, ყველაფერი მოეწონებათ, რაც მათ არ აიძულებს რამე მოქმედებას, მით უმეტეს, სამხედრო მოქმედებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია?! ყველაფერი მისაღები და მოსაწონი იქნება, რაც მათგან არ მოითხოვს სანქციებს, დიპლომატიურ დემარშებს, იმიტომ რომ ახლა ასეთი ვითარებაა. ერთი ნიშანდობლივი რამ მოხდა, პუტინს მისდევდა ჩვენი კორესპონდენტი გოგო, როდის გაიყვან ჯარსო, მობრუნდა და ანგლობის გარეშე უთხრა, როცა გადავწყვეტ, მაშინ გავიყვანო. პუტინისგან ეს ამას ნიშნავს, ერთხელ გადავწყვეტთ, ოღონდ ახლა არა, იმიტომ რომ ამის საბაბი არ მაქვს. ასეთი რამ არ თქმულა არასდროს, უნდა გავიყვანოო და, ვერავინ მიხვდა, რა თქვა პუტინმა.

скачать dle 11.3