№42 ემოციო VS რაციო
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ ხერხი სჯობია ღონესა
მას შემდეგ, რაც სომხურმა საიტმა, თითქოს აზერბაიჯანულ მედიაზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაქოში დავით გარეჯის მიერთებას ზეიმობენ და იმის გამო. რომ სამხრეთული ბუნება თავისას შვება და, თითქოს როგორ უნდა იზეიმო ის, რაც არ მომხდარა, თუნდაც იმიტომ, რომ ორმხრივი კომისია ჯერ კიდევ მუშაობს, ჩვენი საზოგადოების ნაწილი ჩვეულად შეუდგა თავზე ნაცრის წაყრას (ყველა ჩვენ გვაზის თავზე, იმიტომ რომ უგერგილოები ვართო) და გულზე მჯიღის ცემას (აზერბაიჯანი ოკუპანტიაო), არადა დღენიადაგ იმას ვამტკიცებ, რომ სადაც ემოციაა, იქ რაციოს ადგილი აღარ რჩება.
ასეა თუ ისე, სანამ საზოგადოებრივი აზრი თუხთუხებდა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიმართა აზერბაიჯანის უმაღლეს სასულიერო ხელისუფალს, პათოსით, რომ ჩვენს სულიერ კულტურას ვერ დავთმობთ, რის შემდეგაც ბაქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრიც ეწვია, ცხადია, ილჰამ ალიევს შეხვდა და მხარეებმა ფრიად თბილად და ტკბილადაც მოიკითხეს ერთმანეთი.
უფრო ზუსტად, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანული მედიის ნაწილი აგრესიულად გამოეხმაურა საქართველოს პატრიარქის წერილს (პათოსით, რა უნდა მოხუცსო, რაც, მაინცდამაინც, დადებითად ვერ ახასიათებს ამის დამწერთ), ილჰამ ალიევმა (ბევრ სხვა კეთილ სიტყვასთან ერთად) ბრძანა, რომ ისტორია და გეოგრაფია კი არ ყოფს, აერთიანებს.
ჰოდა, რაკი აერთიანებს, საქართველოში დაბრუნებულმა პრემიერ-მინისტრმა გვაუწყა, რომ სასულიერო პირებს აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა შეეძლებათ.
მოკლედ რომ ვთქვა, ცხადზე ცხადია, აზერბაიჯანი არ დათმობს ტერიტორიას, იმიტომ რომ ამას აქვს მისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა და, რაც მთავარია, იდეოლოგიური, შიდა მოხმარებისთვის იყენებს დავით გარეჯის ალბანური კულტურის ძეგლობის ვერსიას, რადგან ყარაბაღშიც ალბანური კულტურის ძეგლებადაა გამოცხადებული შესაძლოა, სომხური კულტურის ძეგლები.
აქედან გამომდინარე კი, თუ მიწა ვერ მოგვაქვს (და ფაქტია, რომ ბაქო მიწას არ თმობს, მიუხედავად ტკბილი სიტყვებისა და არცაა გასაკვირი, ჯერ თავო და თავოო და, მეორეც, იქნებ მისაყრელადაც სჭირდებათ), სულიერი ცხოვრების აღორძინების ნებას თუ მოვიპოვებთ, ესეც საქმეა.
ასე რომ კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რაციო ნებისმიერ შემთხვევაში სჯობს ემოციოს, თუ საქმე ქაჯეთის ციხეში დატყვევებული ნესტანის რიდის ხილვას არ ეხება.