№41 ვინ იყვნენ ქართველები, რომლებმაც ამერიკაში კოლუმბზე ადრე დადგეს ფეხი და როგორ გამოიჩინა თავი ამერიკის სამოქალაქო ომში ალექს ერისთავმა
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ქართველი ემიგრანტების საინტერესო და გამორჩეული ცხოვრების, რეალობის თუ ლეგენდად ქცეული ისტორიების შესახებ მკვლევარი და კინორეჟისორი ირაკლი მახარაძე გვიყვება.
ირაკლი მახარაძე: ემიგრაცია მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დაიწყო. პირველები, ვინც საზღვარგარეთ გავიდნენ რაჭველი მიწის მუშები და გურული მხედრები იყვნენ. მათგან ბევრი იქ დარჩა. ყველაფრის მიზეზი ფულია, ხალხი საშოვარზე მიდიოდა. იმიტომ რომ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი დასავლეთ საქართველოში, მცირემიწიანობის პრობლემა გვქონდა. არსებული მიწები გლეხს არ ჰყოფნიდა საკუთარი ოჯახის გამოსაკვებად, ამიტომ, როცა შანსი უჩნდებოდათ, შორს გადაკარგულიყვნენ, ასეც იქცეოდნენ. ბევრი რაჭველი დამკვიდრდა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მაგალითად, რეხვიაშვილები გვარად რეხუნები გახდნენ. ბევრი დასახლდა კანადასა და ამერიკაში. გურულებისგან ბევრი არა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი დარჩა. როცა გაიგეს, რომ აქ ასეთი არეულობა იყო, დაბრუნება აღარ ისურვეს. ბევრს, უბრალოდ, იქ ცხოვრება მოეწონა. ძალიან დიდი გადინება 1917 წელს მოხდა, როდესაც რევოლუციური მოძრაობა დაიწყო, შემდეგ კი – 1921 წელს, როცა საქართველოში რუსები შემოვიდნენ. მიდიოდნენ უკან დაბრუნების იმედით. თუმცა ბევრი ემიგრაციაშიც ძალიან გაჭირვებულად ცხოვრობდა, იმიტომ რომ საკუთარი ქონება გაანიავეს. ფიქრობდნენ, რომ ხვალ-ზეგ უკან დაბრუნდებოდნენ და სამომავლო გეგმებს არ აწყობდნენ – ეს ქართული ხასიათია. მუშაობდნენ ტაქსისტებად, ასევე, სხვა სამსახურებში. იყვნენ ისეთებიც, ვინც ძალიან მდიდარი ცოლები შეირთეს. მაგალითად, იყო ასეთი კაცი, გვარად ჩხოტუა. ის სინამდვილეში ჭყონია იყო, სახელად ნიკოლოზი. ამერიკაში ძალიან ცნობილი ადამიანი იყო, მისი რომანი ბესტსელერად იქცა. ძალიან მდიდარი კაცი გახდა. მის შვილთან მაქვს მიწერ-მოწერა. ვიცით პაპაშვილების ცხოვრება, ასევე, ძმები მდივნების.
უფრო ადრეც, ვახტანგ მეექვსის დროსაც, ძალიან ბევრმა დატოვა ქვეყანა. როგორც ვიცით, ვახტანგ მეექვსე ქვეყნიდან გაიქცა. კი, გაუსაძლისი პირობები იყო, მაგრამ გაიქცა და თან გაიყოლა საქართველოს მთელი ნაღები საზოგადოება. ათასზე მეტი კაცი. ამ დროს ხალხი სთხოვდა, ყველაფერს გავიჭირვებთ, ოღონდ დარჩით, რომ წინამძღოლი გვყავდესო. მაგრამ არა, პეტრე პირველს დაუჯერა, წავიდა და დარჩა. მოაზროვნე ხალხი წაიყვანა, საუკეთესო საზოგადოება.
– ვისზეც ეხლა ვაპირებთ საუბარს, ის ადამიანები, ემიგრაციის რომელ ნაკადს მიეკუთვნებიან?
– ამათგან არცერთს. ალექსანდრე ერისთავი, მას ამერიკაში ლადო ამერიკელს ეძახდნენ. ძალიან კარგი მოჭადრაკე იყო. მან 1862 წელს დატოვა საქართველო. არსებობს „ნიუ-იორკ თაიმსის“ ნომერი, სადაც წერია: ჩამოვიდა ალექს ერისთავი.
– რით იყო გამორჩეული, რომ მის შესახებ გაზეთში წერდნენ?
– დეზერტირი იყო. სამშობლოდან უსიამოვნებების გამო წავიდა. როგორც ვიცით, სამხედროში იყო და როგორც ქართველს, პოლკის უფროსი ყოველთვის შეურაცხყოფას აყენებდა. ქართულ ენას ძაღლების ენას ეძახდა. ერთხელ აღარ მოუთმენია და უფროსს პოლკის წინ სახეში გაულაწუნა. რა თქმა უნდა, ტრიბუნალს გადასაცეს, მაგრამ გაქცევა მოახერხა. ჯერ თურქეთში გადავიდა, შემდეგ – საფრანგეთში. ბოლოს ამერიკაში მოხვდა. ამერიკაში გემი რომ ჩადიოდა, სია იყო ჩამოწერილი, ვინ მოდიოდა ამ გემით. ეტყობა ასე გაიგეს იქ მის შესახებ. ალექს ერისთავი მდიდარი თავადი იყო, უზარმაზარი მიწები ჰქონდა საქართველოში. მაშინ ამერიკაში ცხოვრობდა ასეთი გენერალი – ივან ტურჩანინოვი. ის იყო ერთადერთი რუსი, რომელსაც იქ გენერლის წოდება პირადად პრეზიდენტმა ლინკოლნმა მიანიჭა. წარმოშობით კაზაკი იყო, ყირიმის ომის მონაწილე, ძალიან მაგარი მეომარი. იგი ამერიკაში გარკვეული მიზეზების გამო გადასახლდა მეუღლესთან ერთად, რომელიც ომში მასთან ერთად იბრძოდა. ტურჩანინოვი მოხალისეებს აგროვებდა, უმეტესწილად მეფის არმიის ოფიცრებს და, როგორც ჩანს, სწორედ, იმ სიიდან შეიტყო ალექსანდრე ერისთავის შესახებ. ისინი ერთად იბრძოდნენ ამერიკაში, სამოქალაქო ომში. ბევრ ცნობილ ბრძოლაში მიუღია მონაწილეობა და არაერთხელ გამოუჩენია თავი. თუმცა ბრძოლების შემდეგ სხვადასხვა მონაცემები გვაქვს. ამბობენ, საქართველოში დაბრუნდაო, თუმცა, ერთგან მითითებულია, რომ 1901 წელს ტურჩანინოვის დასაფლავებაზე ამერიკაში იყოო, რაც რთულად წარმოსადგენია. მოკლედ ზუსტად არ შემიძლია თქმა, როგორ წავიდა შემდეგ მისი ცხოვრება. ვიცი ის, რომ როცა ამერიკაში ჩასულა, უთქვამს, ღმერთმა დაგიფაროთ და ამერიკული დემოკრატია არ დაღუპოთო. ამოიღო ატამი, შუაზე გახლიჩა და თქვა, ამას დაემსგავსება თქვენი დემოკრატიაო. ცოტა უცნაურია, ამას რომ ამბობს კაცი, რომელსაც საკუთარი ქვეყანა თავზე ენგრეოდა. მაშინ დარჩენილიყავი და დაგეწყო ბრძოლა რუსების წინააღმდეგ. თუმცა ამის თქმა წლების შემდეგ ადვილია. ეს არის სულ, რისი თქმაც შემიძლია.
– რაც შეეხება ძმებ მოლაშხიებს?
– რაც შეეხება ამ ამბავს, ეს ლამაზი ლეგენდაა, რომლის მტკიცებასაც ვერ დავიწყებ, წლების წინ, ჟურნალში იური მოლაშხიას წერილი ვნახე. ცნობილი ექიმი იყო და ყვებოდა, რომ მეხიკოში ფოტოგრაფი ნახა, გვარად მოლაშხია. მას უთქვამს, რომ მისი წინაპრები იქ ქრისტეფორე კოლუმბს წაჰყოლიან და იქ დასახლებულან. არავინ იცის, რამდენად მართალია ეს ამბავი, მაგრამ მის ოჯახში ისტორიადაა შემორჩენილი. მე ვესაუბრე ზურა წერეთელს და მან მითხრა, რომ ესპანეთის არქივებში, თითქოს, არის რაღაც გვარი მითითებული, მაგრამ რთულია იმის მტკიცება, ქართულია თუ არა. რადგან ქართული და ბასკური გვარები წააგავს ერთმანეთს. მოკლედ, ლეგენდა ასეთია: ძმებ მოლაშხიებს უსიამოვნება ჰქონდათ ბატონთან. ბატონი შემოაკვდათ, მათგან ერთი დაიჭრა და ახლობლებთან დამალეს. გადარჩენილა და დღეს საქართველოში მცხოვრები მოლაშხიები მისი შთამომავლები არიან. ორი ძმა კი გაიქცა და ბასკეთში აღმოჩნდა. ის ზუსტად ვიცით, რომ იმ პერიოდში კოლუმბის ხალხი ბასკეთში ძლიერ ბიჭებს აგროვებდნენ მოგზაურობისთვის. ქართველი ძმები ამოურჩევიათ, როგორც ჩანს, ფიზიკურად ძალიან ძლიერები იყვნენ და კოლუმბის ხომალდზე მოხვდნენ. შემდეგ კი კოლუმბთან ერთად ჩავიდნენ ამერიკაში და ამერიკის მიწაზე პირველებმა მათ დადგეს ფეხი. ამ ლეგენდის გადამოწმებას მონდომება და ფული სჭირდება.