კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 ალეკო თეთრაშვილი: არ მიყვარს ადამიანები, შენ რომ სიკეთეს უკეთებ და ისიც კი შურთ

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

სახელი: ალეკო.
გვარი: თეთრაშვილი.
პროფესია: ინჟინერი, მსახიობი.
– ბავშვობა...
– ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ტკბილი პერიოდი ბავშვობა იყო. ჩემი უბანი – ვაჟა-ფშაველას პირველი კვარტალი, ერთ-ერთი უძველესია, ხოლო ჩემი კორპუსი ამ ტერიტორიაზე პირველი აშენებულია. ლისის ტბაზე ასასვლელს გორას ვეძახდით. ნუცუბიძის ქუჩა არ არსებობდა, პირდაპირ იწყებოდა გორა, სადაც ვნადირობდით მწყერზე, კურდღელზე, არწივიც კი დავჭერით... ერთხელ ერთმა მეზობელმა გვასწავლა, კურდღელი როგორ უნდა მოგვენადირებინა: ქვაზე დაყარეთ თუთუნი, გამოვა კურდღელი დაყნოსავს, დააცემინებს, ქვას დაარტყამს თავს და მოკვდებაო. მამაჩემს მოვპარე სიგარეტები და წავედით ბავშვები კურდღელზე სანადიროდ. სამეზობლოში ატყდა წივილ-კივილი – სად არიან ბავშვები, დილიდან არ ჩანანო. ბოლოს ამ კაცს უთქვამს, ასე ვასწავლე და ნეტა გორაზე ხომ არ წავიდნენო. მოკლედ, ამოგვაკითხეს და დავხვდით კურდღელზე ჩასაფრებულები. დილიდან საღამომდე  ველოდით, დავიღალეთ, მაგრამ კურდღელი არ გამოჩნდა (იცინის).
– ჩემი პროფესია განაპირობა...
– ბავშვობიდან მიტაცებდა მსახიობობა. ეზოში დიასახლისები თეთრეულს ფენდნენ, მათგან რამდენიმეს ავარჩევდი და თეატრობანას ვთამაშობდი – მაყურებლისა და მსახიობების ადგილებს ვსაზღვრავდი. გავხსნიდი „ფარდას“ და იმ ფილმებიდან ვდგამდი სცენებს, რაც ნანახი მქონდა. ეს იყო ჩემი ბავშვობის ოცნება. მაგრამ კომაროველი ვიყავი და „გეპეიში“ ჩავაბარე, საინჟინროზე. რომ გავიგე, უნივერსიტეტში სახალხო თეატრი არსებობდა, გულმა ბაგაბუგი დამიწყო, მაშინვე მივაშურე და ვთქვი, აქედან ფეხს არ მოვიცვლი, ამ თეატრის მსახიობი უნდა გავხდე-მეთქი... საბოლოოდ ინჟინერიც გამოვედი და მსახიობიც.
– ადამიანში ვაფასებ...
– ერთგულებასა და უბრალოებას. უბრალოება ადამიანის ბრწყინვალებაა. უბრალო ადამიანი განათლებული და კულტურულია. როცა ადამიანი არაფერს წარმოადგენს, ამპარტავანია და მისგან არაჯანსაღი მუხტი, არასასიამოვნო აურა მოდის. ზოგიერთი თავსაც კი გამეტებს. უბრალოება და თავმდაბლობა არის ყველაზე ღირებული და ღირსეული თვისებები.
– მეშინია...
–  უსამართლობის. მთელი  ცხოვრება უსამართლობას ვეჯახები.
–  არ მიყვარს...
–  ბოროტი და შურიანი ადამიანები. როცა შენ სიკეთეს უკეთებ და ისიც კი შურს. იმიტომ შურს, რომ თავად არ შეუძლია იგივეს გაკეთება. ზოგიერთი თვლის, რომ ეს სიკეთე მისთვის ადრე  უნდა გაგეკეთებინა და რომ ამას დიდი ხნის წინ იმსახურებდა. ეს არის ნარცისების თვისება.
– ბედისწერის გჯერათ?
– რა თქმა უნდა, რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში, ყველაფერი უფლის ნებაა. მისი ნებით გავჩნდით და მოვევლინეთ ამ ქვეყანას. „ზემოთ“ იციან, რამდენი ხნით მოვდივართ ამ ქვეყანაზე და რამდენ ხანს ვიცოცხლებთ. ჩვენს ცხოვრებაში უბრალოდ არაფერი ხდება. როცა ადამიანი იბადება, მისი ბედი თან
დაჰყვება. ზოგიერთს ჰგონია, ღმერთი ღრუბელზე მჯდომი თეთრწვერა მოხუცია, ასე არაა. ღმერთი არის ბუნების ძალა, განგება. არ ვიცით, სულიერია, თუ არა. სულიერი განაკაცა და ქრისტე გამოგზავნა. ჩვენ ძალიან უსუსური არსებები ვართ. კოსმოსში ჩვენი საუბარი კი არა, ფიქრიც კი მიდის. არასდროს არავის უსურვო ცუდი, თორემ აუცილებლად უკან დაგიბრუნდება.
– მწამს...
– სიკეთის. არასდროს ცუდი მუხტი არ უნდა მისცე საკუთარ თავს, ყველაფერი მშვიდად და წყნარად უნდა გააკეთო. უფალს დახმარება უნდა სთხოვო – „ითხოვე და მოგეცემა“. თუ გულით იწამებ და ილოცებ, მაშინ ისე კოხტად და ლამაზად გამოგივა საქმე, შენც კი გაოცდები.
– სამაგიერო გადაგიხდიათ?
– სამაგიერო უფრო ბოროტი და ბოღმიანი ადამიანების იარაღია, ღირსეული ადამიანი პატიობს. მეც მიპატიებია. უფალი ყველაფერს ალაგებს და ყველას თავისას მიუზღავს – ვინ რისი ღირსიც არის. ღირსეულმა ადამიანმა უნდა მიუტევოს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ადამიანი შენთან კვლავ იმავე ხარისხში დარჩეს.  ძალიან კარგი გამონათქვამი გვაქვს ქართველებს: „სისხლი სისხლით არ მოიბანება“ და ეს ასეცაა.
– სიზმრების გჯერათ?
– კი და მიხდება ხოლმე. ძალიან ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა ადამიანი 10 წელი არ მინახავს, დამსიზმრებია და მეორე დღეს შემხვედრია. ხშირად არ მესიზმრება, მაგრამ როცა დამესიზმრება, მიხდება. იმდენად უსუსური არსებები ვართ, იმდენად გვმართავენ და იციან „ზემოთ“ ყველაფერი, რომ სიზმარიც კი არ არის შემთხვევითობა.
– ეჭვიანი ხართ?
– ზომიერად. შენი ეჭვიანობა თავზე არ უნდა მოახვიო ადამიანს და პათოლოგიაში არ უნდა გადაგივიდეს. სულ მთლად ეჭვის გარეშეც არ შეიძლება. „ეჭვი სიყვარულის მჭედელია“ .
– როდის ტირით?
– ხანდახან გაგახსენდება საყვარელი მშობლები, ნოსტალგია შემოგაწვება, ღვინო მოგერევა... ვტირი მელოდრამების დროს, როგორ შეიძლება „ჯარისკაცის მამას“ უყურო და არ იტირო, კეთილ ადამიანებს შეხედო და არ იტირო. ძალიან ემოციური ადამიანი ვარ.
– სიყვარული – ეს არის...
– დავესესხები ბატონ ნოდარს: „სიყვარული აბრუებს, აყრუებს და აშტერებს ადამიანს“, ანუ გამოდის, რომ სასიამოვნო დაავადებაა (იცინის). მას აქვს უკიდეგანო წესი – არასოდეს მთავრდება, არც სიბრტყეში და არც სივრცეში. როცა გიყვარს, მაშინ გრძნობ და თვლი, რომ ამად მოსვლა ღირდა ამ ცხოვრებაში. უბედურია  ის, ვისაც სიყვარული არ შეუძლია. სიყვარული არის მსახურება. მისი ცხოვრებით უნდა იცხოვრო, მისი სატკივარი უნდა გტკიოდეს. ასევე უნდა იყოს ისიც შენ მიმართ.
– სიყვარული და დრო...
– დროსთან ერთად სიყვარული ძლიერდება, ჩემს შემთხვევაში ასეა. ზოგ ცოლ-ქმარს გარკვეული დროის მერე ერთმანეთი ბეზრდებათ. ისინი ერთმანეთის მარტო სხეულებს იცნობენ. არ დაფიქრებულან იმაზე, რომ გული გულს უნდა შეეხოს და სული – სულს. თითოეული ადამიანი ამოუცნობია, როცა სულიერს შეეხები, მაშინ ჩაწვდები სიყვარულის არსს. სიკეთე უნდა აკეთო შენი შეყვარებულისთვის, მეუღლისთვის და მაშინ ეს გრძნობა არასოდეს მოკვდება. მხოლოდ ფიზიკური ლტოლვა და სიახლოვე ეს ხორციელი სიყვარულია. სულიერება სულ სხვაა.
–  ქალს ალამაზებს...
– სინაზე და ქალურობა, ასევე ცოდნა იმისა, თუ როგორ მიართვას საკუთარი თავი საზოგადოებას, ძალიან ბევრმა ეს არ იცის. ქალისგან უნდა მოდიოდეს ბუნებრიობა და  არ უნდა თამაშობდეს.
–  ბილწსიტყვაობთ?
– როცა შინაურ წრეში ვარ და თან ძალიან გაბრაზებული.  საზოგადოებაში – არავითარ შემთხვევაში.
– რას ემტერებით?
– გადამტერებით არაფერს, უბრალოდ, არ მომწონს, როცა იჩაგრება ჩემი ქვეყნის ტრადიციები, ისტორია. ისეთი დრო მოვიდა და ისეთი ადამიანები წინაურდებიან, რომლებსაც  განათლება არ გააჩნიათ. სოლომონ დოდაშვილმა თქვა: „ადამიანს ისე არაფერი ამძიმებს, როგორც ცარიელი თავიო“. ვემტერები იმას, რომ ვიღაც დაუმსახურებლად ზის სადღაც და წყვეტს გარკვეული ჯგუფის, ხალხის, ქვეყნის ბედს, მაშინ, როცა მასზე განათლებული და გამოსადეგი ხალხი მასობრივად სახლში ზის.
– ბოდიშის მოხდა გიჭირთ?
– ნამდვილად არ მიჭირს. ბიდიშის მოხდა უჭირთ ამპარტავნებს და სულმოკლე ადამიანებს. შეუცდომელი არავინაა.
– რა გაკვირვებთ?
– ვიღაცის გაკეთებული სიკეთე მაკვირვებს.
– როდის იტყუებით?
– როცა საჭიროდ ვთვლი, ოღონდ ამ ტყუილს ბოროტება არ მოაქვს, პირიქით, იმედს უსახავს ადამიანს. ეს, კეთილი ტყუილია და არავის ზიანს არ აყენებს. ასეთ ტყუილს ყველა ნორმალური ადამიანი ამბობს, უბრალოდ, არ ვაკვირდებით.
– რას აგროვებთ?
– ბავშვობაში ფილატელისტი ვიყავი, ისეთი ძვირფასი მარკები მქონდა, მაგრამ მერე მომპარეს – სამი ალბომი მქონდა სავსე. ახლა რომ ის ალბომები მომცა, მილიონერი ვიქნებოდი.
– რას ნანობთ?
– ბევრ რამეს ვნანობ: ნაჩქარევ გადაწყვეტილებას, არასწორ ქმედებას, ვიღაცას რომ გადაყევი და არ დაგინახა... ყოველთვის ზუსტად ვერ განსაზღვრავ შენს ქმედებას. მერე ხვდები, რომ ასე კი არა, თურმე ასე ჯობდა. არასოდეს არავის დაამადლო საკუთარი თავი, თუმცა შენი თავის ფასი უნდა იცოდე.
– ჩემი თილისმა...
–  5-6 ბეჭედი მაქვს, ზოგს გიშერი აქვს, რომელიც ცუდ აურასა და ცუდ თვალს ირეკლავს.
– რჩევა, რომელიც სულ გახსოვთ?
– სიკეთის კეთება და ღირსეულად ცხოვრება. „წუთისოფელს კაცად შერჩე ბოლომდის, თურმე ესეც გმირობაა დიდი“...

скачать dle 11.3