კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 ვინ ლანძღავდა ლეონიდე ებრალიძეს მღვდლად კურთხევის შემდეგ და როგორ მოიპოვა მან ვატიკანის დაფინანსება

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  27 წლის ასაკში უკვე მონასტრის წინამძღოლია და ცდილობს, დაკისრებულ პასუხისმგებლობას თავი ღირსეულად გაართვას. პარალელურად, იტალიაში სწავლობს, თან ასწავლის. ვატიკანის დაფინანსება კარგი სწავლით მოიპოვა და ოქსფორდშიც ამის დამსახურებით მოხვდა.
  ლეონიდე ებრალიძე: ეკლესიისადმი ინტერესი ბავშვობიდან გამიჩნდა. ჩემი დიდი ბებია ძალიან მორწმუნე ქალბატონი იყო. ბეთანიაში დადიოდა ცნობილ ბერებთან, რომლებიც რამდენიმე წლის წინ წმიდანებად შეირაცხნენ. ის კომუნისტების პერიოდში ცხოვრობდა. ჩემი დიდი პაპა პოლიციელი ყოფილა და იყო შემთხვევა, როცა ერთ ოთახში ბერებს ჩუმად ვაჭმევდი საჭმელს, მეორე ოთახში პაპას თანამშრომელი პოლიციელები მიირთმევდნენო – იხსენებდა ბებია. ბებიას ეკლესიისა და რწმენისადმი განსაკუთრებულად მოკრძალებულმა დამოკიდებულებამ დამაფიქრა.  პროფესიაზე რომ ვფიქრობდი, ბიოლოგობა ან ვეტექიმობა მიზიდავდა, მაგრამ მერე ჰუმანიტარულით უფრო დავინტერესდი. თუმცა კონკრეტული ერთი მიმართულების არჩევა არ მაკმაყოფილებდა. ბოლოს მივხვდი, რომ თეოლოგია ყველაფრის სინთეზი იყო და ჩემს ინტერესს დააკმაყოფილებდა. თუმცა, მაშინ სასულიერო პირობა არ მქონდა გადაწყვეტილი. მოკლედ, სასულიერო სემინარიაში ჩავირიცხე. ქართულ ენაზე ძალიან მწირი ლიტერატურა გვქონდა და დავიწყეთ თარგმნა სხვადასხვა ენებიდან. ახლაც ვთარგმნი – იტალიურიდან, ინგლისურიდან, რუსულიდან. სემინარიის დამთავრების შემდეგ ერთ-ერთმა პროფესორმა მითხრა, რომ რომში, აღმოსავლეთის პონტიფიკალურ ინსტიტუტში კონკურსი იყო გამოცხადებული. თეოლოგიის მონათესავე ფაკულტეტზე ვაპირებდი სწავლის გაგრძელებას, მაგრამ გადავწყვიტე, ბედი მეცადა. იტალიაში საბუთები სამმა ადამიანმა გავაგზავნეთ. მათ უარი მოუვიდათ, ჩემთან საერთოდ არ მოსულა პასუხი. ჩავთვალე, რომ მეც უარი მივიღე, რომელიც უბრალოდ, დაიკარგა და მშვიდად გავაგრძელე სამაგისტრო გამოცდებისთვის მზადება. ცოტა ხანში საელჩოდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი პასუხი იქ იყო და აღმოჩნდა, რომ ჩავრიცხულვარ. ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. იქ დავიწყე სწავლა ლიტურგიის ისტორიის მიმართულებით და დიპლომი უმაღლესი შეფასებით ავიღე. ახლა ამავე უნივერსიტეტში, სადოქტოროზე ვსწავლობ.
– და, როგორც ვიცი, ასწავლით კიდეც?
– სადოქტორო პროგრამას გავდივარ და ლექტორებს ვეხმარები, რასაც ეს პროგრამა მოიცავს.
– ოქსფორდში როგორ აღმოჩნდით?
– ოქსფორდის საზაფხულო სკოლაში ორი თვე გავატარე. ჩემმა უფროსმა მეგობარმა, ქალბატონმა, რომელიც ძალიან ცნობილი ღვთისმეტყველია, მოულოდნელად შემომთავაზა, ოქსფორდში ხომ არ გააგზავნიდი საბუთებსო?! რა თქმა უნდა, დავთანხმდი და დადებითი პასუხი მოვიდა. ეს იყო ინდივიდუალური პროექტი. ჩემს უფროს მეგობარს ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს, ცნობილი პროფესორია და მან შესთავაზა ოქსფორდს, ერთ სტუდენტს გამოგიგზავნით და თქვენ აიღეთ თქვენს თავზეო, ისინიც დათანხმდნენ.  ისე მოხდა, რომ სწავლის გადასახადი ანგლიკანურმა ეკლესიამ დამიფინანსა, მართმადიდებლურმა ეკლესიამ კი – საცხოვრებელი ხარჯები. ეს საოცარი გამოცდილება იყო. ახლა ისევ იტალიაში ვსწავლობ, სადოქტოროს ვიცავ, მაგრამ ვცდილობ, არდადეგები საქართველოში გავატარო. თეთრი წყაროს რაიონში, ძალიან პატარა სოფელ მაწევანის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში მღვდელი ვარ. ხშირი მიმოსვლა ფინანსებსაც უკავშირდება, რაც არაა მარტივად თავგასართმევი საქმე.
– იტალიაში სწავლას ვინ უზრუნველყოფს?
– ვატიკანის სტიპენტია მაქვს და ჩემი სწავლის ღირებულებას ის ფარავს, ასე იყო წინა საფეხურზეც.
– 2018 წელს საკმაოდ პატარა ასაკში გახდით მღვდელი. როგორი იყო ოჯახის რეაქცია?
– კი. მანამდე დიაკვანი ვიყავი. 2015 წელს აღვიკვეცე ბერად, მაშინ 23 წლის ვიყავი. მეუფემ მითხრა, ისეთ ასაკში ხარ, რომ უკვე უნდა მიიღო გადაწყვეტილება – დაოჯახდე თუ აღიკვეცოო. დავიწყე ჩემს მოწოდებაზე სერიოზული ფიქრი და ლოცვა. დაახლოებით, ერთი წლის შემდეგ დედას ვუთხარი, მეუფესთან მივდივარ და სანთელი დაანთე, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს-მეთქი. არ იცოდა, რისთვის მივდიოდი. რომ დავბრუნდი, მკითხა, როგორ ჩაიარაო და ვუთხარი, რომ აღკვეცა გადავწყვიტე. ძალიან ცუდად მიიღო, იგივე დამოკიდებულება ჰქონდა მამასაც – წინააღმდეგები იყვნენ. შევძელი, მშობლები დამეთანხმებინა, რომ აღკვეცის რიტუალს არ დასწრებოდნენ, რადგან ემოციურად მძიმე სანახავია. რამდენიმე დღეში სახლში უკვე აღკვეცილი რომ დავბრუნდი, სამგლოვიარო განწყობა იყო, მძიმე აურა. ზუსტად ისე მოვიქეცი, როგორც სკოლიდან დაბრუნების დროს ვიქცეოდი ხოლმე. მაცივარი გამოვაღე და ვიკითხე: დე, დღეს სადილად რა გვაქვს? მამას კი ვუთხარი, საღამოს ლუდი ხომ არ დავლიოთ-მეთქი. იმ წამს მათი სახეებიდან ღრუბელი გაქრა. მიხვდნენ, რომ მე ისევ მათი შვილი ვიყავი და ჩვენი ურთიერთობა არ შეიცვლებოდა. დღეს ამაყები არიან იმით, რომ მე სასულიერო პირი ვარ.
– არასდროს გყვარებიათ?
– მეთორმეტე კლასიდან მოყოლებული სტუდენტობის პირველ პერიოდამდე შეყვარებული ვიყავი და ის გოგო ჩემთვის დღემდე ძალიან ძვირფასია. თუ ვინმე მკითხავს, როგორი უნდა იყოს ქალი, მე ვეტყვი – როგორიც ის. თუმცა, მერე ერთმანეთს ვეღარ შევეწყვეთ.   თუმცა კეთილი სურვილებისა და მოკითხვის დონეზე დღემდე გვაქვს ურთიერთობა. თუ იმ გოგოსნაირ იდეალურ ადამიანთან ვერ შევძელი სერიოზულად ოჯახის მამობაზე ფიქრი, თუ ჩემი მოწოდება მასთან ურთიერთობაში ვერ დავინახე, სხვა ვინ უნდა გამოჩენილიყო?!
– როცა ეკლესიის წინამძღოლი გახდით, ასაკიდან გამომდინარე, კრიტიკული დამოკიდებულებები არ გაჩნდა?
– ვინც ღვთისმსახურებაში მონაწილეობს, ის კმაყოფილია, რადგან მოქმედი ტაძარი აქვთ. ვინც არ მონაწილეობს, ის ნეგატივის გამომჟღავნებისგან თავს იკავებს. თუმცა, ჩემი მღვდლადკურთხევის პერიოდში იყო რთული მომენტები – ფანატიკური ჯგუფების თავდასხმა ჩემზე. მლანძღავდნენ, სოციალურ ქსელებში შეურაცხყოფას მაყენებდნენ. მათთვის მიუღებელია, რომ სასულიერო პირს აქვს დასავლური განათლება. მიუღებელი იყო და არის ჩემი პიროვნება და ამიტომაც შეტევის ობიექტი გავხდი. ძალიან რთული პერიოდი იყო. თითქმის სამი-ოთხი თვე დამჭირდა საკუთარ თავზე მუშაობა და ლოცვა რომ შემძლებოდა და მათთვის ეს ყველაფერი მეპატიებინა.

скачать dle 11.3