№41 ამიკო ჩოხარაძე: მეუღლეზე მეუბნებიან – ნამეტანი სტიქია ხომ არ დაგატყდა თავსო
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
ახლახან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ახალი გადაცემა „გვიანი შოუ“ განახლდა. მისი წამყვანი, ამიკო ჩოხარაძე საზოგადოებას არაერთი პროექტიდან, შოუდან და კონკურსიდან ახსოვს. თუმცა, აკადემიურად ჩაცმული, ყელზე „ბაბოჩკით“ გამოჩენა, რაღაც ახალია. როგორც თავად ამბობს, ეს სტილი კარგად მოირგო და გადაცემის ჩაწერის დროსაც არ ნერვიულობს, რადგან იმ საქმეს აკეთებს, რაც ძალიან უყვარს.
ამიკო ჩოხარაძე: იღბლის და ბედისწერის მჯერა, მაგრამ ვფიქრობ, ადამიანმა ბევრი უნდა იშრომო, რომ ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიო. უშრომლად არაფერი გამოდის. ხომ ამბობენ: რომ დავიბადე, შუბლზე ეს დამეწერაო... ჰოდა, ალბათ, მე რომ დავიბადე, შუბლზე დამეწერა: ადამიანი-პოზიტივი (იცინის).
– პირველად საზოგადოებამ წლების წინ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეკრანიდან გაგიცნო და შეგიყვარა. შემდეგ ამ არხიდან სხვა ტელევიზიაში წახვედი, იქიდანაც სხვაგან გამოჩნდი, თუმცა, ახლა ისევ დაბრუნდი „რუსთავი 2-ზე“ და „გვიანი შოუ“ მიგყავს. ეს შენი გადაწყვეტილება იყო თუ შემოთავაზება მიიღე და დათანხმდი?
– მართალია, პირველად, 2007 წელს, ამ არხზე დავიწყე მუშაობა და ფაქტობრივად, აქ ავიდგი ფეხი. აქედან გამიცნო ხალხმა და შემიყვარა. მერე „ჯიდიესზე“ ვმუშაობდი, შემდეგ „იმედზე“ და 7 წლის მერე, ისევ აქ დავბრუნდი. ტელევიზიაში მუშაობა ძალიან მიყვარს. იუმორისტულ გადაცემებში თავს კომფორტულად ვგრძნობ. ბიჭებმა რომ დამირეკეს და შემომთავაზეს „გვიანი შოუს“ წაყვანა, სიმართლე გითხრათ, ბევრი ვიფიქრე, დავთანხმებოდი თუ არა. ავწონ-დავწონე სიტუაცია და საბოლოოდ, მივიღე გადაწყვეტილება, დავბრუნებულიყავი ამ არხზე და ვყოფილიყავი ამ გუნდის წევრი.
– თქვი, იუმორისტული შოუები მიყვარსო და შემოთავაზებაზე რატომ იფიქრე ბევრი?
– სხვა რამის გაკეთებას ვაპირებდი და ახლაც იდეაში მაქვს. ტელევიზიას არ ეხება და იმედია, ამ ოცნებასაც ავიხდენ, მაგრამ ჯერ ვერ გაგიმხელთ, რას ვაპირებ. მერე, რომ დავფიქრდი, მივხვდი, ტელევიზია დამეხმარება იმ საქმეში, რის დაწყებასაც ვაპირებ და დავთანხმდი ბიჭებს. ასე რომ, სულ მალე ახალ ამპლუაში მოგევლინებით და ეს ჩემი იდეა იქნება. სურვილი მაქვს და ვნახოთ, რა გამოვა. ზოგადად, „ღამურა“ ადამიანი ვარ, ღამის ცხოვრება მიყვარს და ალბათ, კარგად ამიტომაც მოვირგე „გვიანი შოუ“. უფრო სწორად, ახლახანს „ჩავიცვი“ გადაცემა და მორგების პროცესში ვარ (იცინის).
– რომ „ჩაიცვი“, როგორ მოგერგო?
– კარგად მაქვს, ცოტა კი მიჭერს მხრებში, მაგრამ იმედია, მომეშვება (იცინის). ძალიან კარგი თანაწამყვანები მყავს, ბენდი და მათ გვერდით, გოგონების გარემოცვაში, ერთი ბიჭი, თავს კომფორტულად ვგრძნობ. ხელის გულზე მატარებენ (იცინის). დიდი მნიშვნელობა აქვს ვის გვერდით გიწევს დგომა და გადაცემის წაყვანა. სოფო გორდაძეს პირადად არ ვიცნობდი და იმედია, ჩვენი დუეტი კიდევ უფრო დაიხვეწება. სიმართლე გითხრათ, გადაცემის ჩაწერისას და კონკურსებზე გასვლისას საერთოდ არ ვნერვიულობ. ეს ის საქმეა, რაც გამომდის და მიყვარს. უფრო შეფასების ლოდინი მანერვიულებს და მღლის.
– პირველ გადაცემაში, ხვიჩა მაღლაკელიძესთან ერთად, გიტარაც დაუკარი, აჭარული ცეკვაც „ჩაახვიე“, იმღერე აკადემიურად ჩაცმულმა, თუმცა მორიგი გადაცემების ანონსებში, ძვირად ღირებული ქურქითა და ოქროს სამკაულით გამოჩნდი. ასე მალე გამდიდრდი?
– გამდიდრებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ყველა მეუბნება, აკადემიურად ჩაცმა და „ბაბოჩკა“ მოგიხდაო და მეც თავს „გამოწკეპილი“ ბრიტანელივით ვგრძნობ, მაგრამ იმ ბეწვის ქურქს და ოქრო-ბრილიანტებს, სხვა ხიბლი აქვს (იცინის). გადაცემისთვის დამჭირდა მილიონერის სტატუსის მორგება და სხვათა შორის, არ გამიჭირდა 3 კილო ოქრო-ბრილიანტის ტარება, მშვენივრად ვზიდე კისრით (იცინის). გადაცემას რომ ვიწყებდით, როგორც წამყვანს, ხან ჰალსტუხი მომარგეს, ხან თვლიანი ბაბთა, მაგრამ „ბაბოჩკა“ რომ გავიკეთე, „დამაკვდა“ (იცინის). რაც შეეხება იმას, გავმდიდრდი თუ არა „რუსთავი 2“-ში დაბრუნებით, ჯიბისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, დიახ, გავმდიდრდი – პოზიტივით! კარგია ბევრი ფული, მაგრამ ფინანსებს დიდ ყურადღებას არ ვანიჭებ, საქმეზე ვარ ორიენტირებული. „შუბების“, მძივების, ბრილიანტებისა და ოქროების ტარება არ მჭირდება იმისთვის, რომ თავი კარგად ვიგრძნო.
– ვინც ტელეეკრანზე გიყურებს, ყველას ხალისიანი ჰგონიხარ, თუმცა ამბობენ, ძალიან რთული ხასიათი გაქვსო და მართალია?
– ვინ თქვა ჩემზე რთული ხასიათი აქვსო? პირიქით, კონტაქტური ვარ. ისე, ბევრისგან მსმენია: სანამ გაგიცნობდით, ცხვირაწეული და ამაყი გვეგონეო. ალბათ, ჩემი გარეგნობა ატყუებთ. ვიზაჟისტებმა მითხრეს: პირველად რომ შემოხვედი, გავიფიქრეთ – „დაგვერხაო“, ახლა დაიწყებს – ეს ასე არ მინდა, ისე მინდაო... ამ დროს, ყველაზე კომფორტული ადამიანი ვარ. ეტყობა, გარეგნულად ვჩანვარ ასეთი, კაცი ვარ და ასეც უნდა იყოს, მკაცრი უნდა ვჩანდე (იცინის). ცხოვრებაში ხდება, როცა არ მეღიმება, ცუდ ხასიათზე ვარ, მაგრამ პოზიტივი მაქვს „დამუღამებული“ და ვცდილობ, მაყურებელმა არ შემამჩნიოს. მიყვარს, როცა პოზიტიურს მხედავს და ასეთი ვუყვარვარ ხალხს. არ ვარ დეპრესიული ადამიანი, არც „ჩაკეტვები“ მახასიათებს. თუ ვგრძნობ, სახლში „ჩაკეტვის“ პერიოდი მეწყება, ქალაქგარეთ გავრბივარ ერთი კვირით და ასე გადამაქვს.
– ვისთან ერთად გარბიხარ ხოლმე?
– ან მეუღლესთან, ან სამეგობროსთან ერთად. ზოგადად, მეუღლე ის ადამიანია, რომელიც სულ გვერდით მიდგას, ჩემი ძალა და დასაყრდენია. წარმოიდგინეთ, სვანი-ქუთაისელია, გვარად – ონიანი და მეუბნებიან: ნამეტანი სტიქია ხომ არ დაგატყდა თავსო... მაგრამ, არც აჭარელი ჩოხარაძეები ვართ ნაკლები სტიქიები (იცინის). ორივე ჯიუტები ვართ და როცა ვხვდები „რქებით დაჯახება“ გვიწევს, ეგრევე, დიპლომატიას „ვრთავ“. ზოგადად, აჭარლები კარგი დიპლომატები ვართ და ეს მშველის ცოლთან ურთიერთობაში.
– კი თქვი, ცოლი ჩემი დასაყრდენიაო, შენ თუ ხარ სანდო და რომანტიკული ქმარი?
– შეიძლება, ვერ წარმოიდგინოთ, მაგრამ რომანტიკულიც ვარ, სიურპრიზების გაკეთებაც მიყვარს და სიმღერაც დავუწერე. მთებში მოგზაურობა უყვარს, საგზური ვაჩუქე და გავახარე. თუმცა, რახან მე ზღვა მიყვარს, საბოლოო ჯამში, მაინც დავაჯერე და ბათუმის შავ ზღვაზე ამოვყავით თავი (იცინის).
– ახლა, ქალების გარემოცვაში რომ ხარ, არ ეჭვიანობს?
– ცოლად რომ გამომყვა, მაშინაც ქალების გარემოცვაში ვიყავი და სულ ასეა. ასე რომ, მიჩვეულია და არ აქვს უფლება, იეჭვიანოს, საბაბს არ ვაძლევ.