№41 რატომ გადაწყვიტა თამარ ბაღაშვილის შვილმა „რუსთავი 2-ზე“ დარჩენა
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ნინი კუპრაძე უკვე ორი წელია, აქტიურ ჟურნალისტიკაში ჩაერთო. ისე კი, მთელი მისი ცხოვრება ტელევიზიას უკავშირდება, რადგან ჟურნალისტ თამარ ბაღაშვილის შვილია და მიუხედავად იმისა, რომ ფიქრობდა, ამ პროფესიას ახლოს არ გაეკარებოდა, დღეს ჟურნალისტიკა მისი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.
ნინი კუპრაძე: ახალ სეზონს ვიწყებთ ახალი შემართებით, ახალი პროექტებით, ახალი ძალისხმევით და როგორც აქამდე ვიყავით ნომერ პირველი ტელევიზია, იგივენაირად ვაპირებთ გაგრძელებას. ამისთვის ბევრ რამეს ვაკეთებთ და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. აქამდე „პროდაქშენში“ ვიყავი და ახლა ამას დილის ეთერიც დაემატა. შაბათ-კვირის დილის გადაცემაში ვიქნები ჟურნალისტი კულტურის მიმართულებით. ძალიან ვნერვიულობ, პირველად მექნება ჩართვები პირდაპირ ეთერში.
– როგორ მოხვედი აქამდე?
– აქ ზუსტად ორი წლის წინ მოვედი სამუშაოდ. თუმცა მანამდეც სულ აქ ვიყავი, აქაურობა ჩემთვის ყოველთვის სახლივით იყო. თავიდან „რუსთავი 2-ის“ ვებ-გვერდზე დავიწყე მუშაობა, მალევე გადავედი „პროდაქშენში“ და სხვადასხვა პროექტზე ვმუშაობდი. პროფესიას რაც შეეხება, „ტურიზმი და ჟურნალისტიკა“ მაქვს დამთავრებული.
– მგონია, რომ დედის სამსახურიდან გამომდინარე, ჟურნალისტობის სურვილი არ უნდა გქონოდა.
– პატარა რომ ვიყავი, ვამბობდი, ყველაფერი გამოვალ, გარდა ჟურნალისტისა-მეთქი, მაგრამ რომ გავიზარდე, მივხვდი, რომ მომწონს ეს ყველაფერი. ჩემ გარშემო არსებულმა გარემომ ბუნებრივად მიმიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე. თუმცა დღემდე ვამბობ, რომ არასდროს ვიქნები პოლიტიკური ჟურნალისტი. დედა დიდ დროს არ ატარებდა ჩემთან ერთად, ამიტომ არაა გასაკვირი, თავიდან ასეთი დამოკიდებულება რომ მქონდა. სულ სამსახურში იყო, აკიდებული ვყავდი და შესაბამისად, მეც აქ მიწევდა ყოფნა. თუმცა, ვამაყობდი, დედას რომ ცნობდნენ ქუჩაში. როცა ხელში დაიჭრა, ყველა თანადგომას გამოხატავდა მის მიმართ. თუმცა ეს ჩემთვის დიდი სტრესი იყო. როგორც შვილი, ძალიან ვნერვიულობ მსგავს თემებზე, მაგრამ რომ ვფიქრობ, ვხვდები, იმდენად ძლიერია, ყველაფერს გაუმკლავდება.
– „რუსთავი 2-ის“ გუნდი გაიყო. დედა წავიდა, რაც ბუნებრივი იყო. შენ ამ არხზე დარჩი, რაც ალბათ, ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. როგორ მიიღე ეს გადაწყვეტილება?
– ვერ ვხვდები, რატომ აქვთ ასეთი რეაქცია?! დედას თავისი ცხოვრება აქვს, ის პოლიტიკური ჟურნალისტია და სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მე არასდროს მქონია პოლიტიკასთან შეხება, ამ არხზე არასდროს ვყოფილვარ პოლიტიკურ კონტექსტში განხილვადი ადამიანი. ჩემს საქმეს ვაკეთებდი, ვიყავი „პროდაქშენში“ და არ მესმის, რა პრობლემაა, როცა ეს გაყოფა პოლიტიკური ნიშნით მოხდა. მე ეს ყველაფერი არ მეხება. თუ ოდესმე შემეხება, რაც არა მგონია, წასვლა ყველაზე მარტივია.
– თუმცა წასულებისგან არაერთი პოსტი შემხვედრია მათ შესახებ, რომ ვინც აქ დარჩა, არასწორად მოიქცა. ნიკა გვარამიაც წერდა ამის შესახებ და არ გქონია ამის გამო ერთგვარი უხერხულობა?
– ის ლანძღვა, თუ რაც იყო, მე ჩემს თავზე მართლა არ მიმიღია. წასულებთანაც და დარჩენილებთანაც, არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნები, მთავარია, შენი საქმე კარგად აკეთო.
– როცა ჟურნალისტიკაში ჩაები, დედამ როგორ შეგაფასა?
– დედა ყოველთვის კრიტიკული თვალით მიყურებს და მეც მირჩევნია, ასე იყოს, რადგან მგონია, რომ მასზე კარგ რჩევას ვერავინ მომცემს. ყოველთვის ვუსმენ და ვითვალისწინებს მის აზრს.
– მარტო შენი თამარი როგორია?
– ეკრანზე ძალიან მკაცრია, სახლში ასეთი არ არის (იცინის). არაჩვეულებრივი დედაა, ძალიან თბილი და ახლა ამას უკეთ ჩემი შვილი გრძნობს, ფანტასტიკური ბებიაა. მიუხედავად რთული გრაფიკისა, შვილიშვილთან უფრო მეტ დროს ატარებს. მე რომ დავიბადე, მაშინ თვითონაც პატარა იყო და ახლა ნიტასთან ანაზღაურებს. სხვათა შორის, სწავლის მხრივ ძალიან მომთხოვნი იყო. მე ბევრს ვაბრაზებდი. არ ვიყავი ბეჯითი, რაც ახლა მწყინს (იცინის). დედისერთა ვარ და საკმაოდ ეგოისტიც ვიყავი. სულ ვამბობდი, და ან ძმა რომ მყოლოდა, იმისთვისაც უნდა გეყიდა ტანსაცმელი და ახლა ყველაფერი ჩემია-მეთქი (იცინის).
– საკმაოდ პატარა იყავი, როცა ოჯახი შექმენი და როგორც ვიცი, დედას საკმაოდ მძაფრი რეაქცია ჰქონდა.
– 18 წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი. საერთოდ არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი. ეიფორიაში ვიყავი და ეს მთლიანად ემოციებით მიღებული გადაწყვეტილება იყო. ყველაფერი ძალიან უცებ მოხდა. დედამ იცოდა ამ ურთიერთობის შესახებ, მაგრამ არ ელოდა, თუ ამ ნაბიჯს გადავდგამდი. თვითონაც ადრეულ ასაკში გათხოვდა და ეგონა, მის მაგალითზე რამეს ვისწავლიდი. რომ ვუთხარი, უკომენტაროდ ადგა და სახლიდან გავიდა. მეც გავეკიდე. მერე ვილაპარაკეთ და არც გაბრაზებულა, არც დაუშლია, უბრალოდ, ემოციურად ძალიან დათრგუნული იყო. მე და ჩემი მეუღლე ოთხი წელი ვიყავით ერთად, მერე ჩვენი ოჯახი დაინგრა. თუმცა, ყველაფერი ძალიან მშვიდად დასრულდა. დღეს მე და ჩემს ყოფილ მეუღლეს ფანტასტიკური ურთიერთობა გვაქვს, მეგობრული. დღეს მყავს ნიტა, ჩემი ცხოვრების საუკეთესო ნაწილი. სამ-ნახევარი წლისაა, ულამაზესი და უსაყვარლესია. ძალიან უყვარს ჩემთან ერთად ყოფნა, ტელევიზიაზე გიჟდება – აქ რომ მოდის, უბედნიერესია. ეს, მგონი, სისხლში გვაქვს (იცინის).
– დედაც განქორწინებულია. როცა შენც განქორწინების შესახებ იღებდი გადაწყვეტილებას, ალბათ, შვილის გამო, სხვა პასუხისმგებლობას გრძნობდი, რადგან თავად გაქვს ეს გამოცდილება.
– იმის მიუხედავად, რომ მშობლები დაშორებულები იყვნენ, არცერთი წამი არ მიგრძნია უმამობა. არ ვიცი, ეს თამუნას დამსახურება იყო თუ ოჯახის. თან, იმ ფონზე, რომ მამაჩემს ჩემს აღზრდაში მონაწილეობა არ მიუღია. ნიტას მამა ყოველდღიურადაა ჩართული ამ პროცესში. ყველაფერს თანაბრად ვაკეთებთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ნიტაზე ეს სიტუაცია ცუდად არ აისახება. თავიდანვე ზუსტად ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა.
– შენ და დედა ერთმანეთის პირად ამბებში თუ ხართ ჩართული?
– მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, ერთმანეთის პირადზე არ ვსაუბრობთ. პატარა რომ ვიყავი, ერთხელ ვუთხარი, ბავშვი არ გააჩინო-მეთქი, ერთადერთი ეს მოთხოვნა მქონდა (იცინის). მერე გავიზარდე და და ამასობაში მე გავაჩინე ნიტა, ანუ მეორე შვილი გავუჩინე სწორ ასაკში (იცინის).
– ახლა რა ხდება შენს ცხოვრებაში?
– ამ ეტაპზე ვფიქრობ, ძალიან დიდი ხანი უნდა გავიდეს, რომ ოჯახის შექმნა გადავწყვიტო. იმას არ ვამბობ, აღარასდროს გავთხოვდები-მეთქი, მაგრამ მივხვდი, რომ ეს დიდი პასუხისმგებლობაა და ჯერ მზად არ ვარ. ამიტომ, „კარგად რომ გავიზრდები“ მერე ვიფიქრებ (იცინის).