კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 ნინო ზოზიაშვილს მამრობითი სქესის წარმომადგენლები მანქანის გასაღებს ხელის კანკალით აწვდიან

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  18 წლის ნინო ზოზიაშვილი ყველაზე ახალგაზრდა ქართველი ქალი მრბოლელია. შეიძლება ითქვას, მან მამის, ზაზა ზოზიაშვილის, პროფესიული გზა გააგრძელა და მისი ცხოვრება ავტოსპორტს დაუკავშირა. ნინოს გარეგნობიდან გამომდინარე, ყველას უჭირს დაჯერება, რომ ის მრბოლელია, თუმცა ფაქტია, სილამაზე ხელს არ უშლის საჭის დამორჩილებაში.
  ნინო ზოზიაშვილი: დედ-მამა ცხინვალიდან მყავს, მაგრამ მე არ მიცხოვრია იქ, მხოლოდ ზაფხულობით ჩავდიოდი. ბოლოს 2008 წლის ომის დროს ვიყავი. ომის შუაგულში აღმოვჩნდი და დიდი სტრესი გადავიტანე. მერე წავედი საფრანგეთში და ორი წელი იქ ვიცხოვრე.  ვსწავლობდი კოლეჯში, იქაური განათლება მივიღე და დავბრუნდი საქართველოში. დედასთან ერთად ვიყავი წასული და ორივე ჩამოვედით, ამას პირადი მიზეზებიც ჰქონდა. ლემანსში ვცხოვრობდი, რომელიც ავტორბოლების ერთ-ერთი სერიოზული ქალაქია, 24 საათია რბოლები. აქამდეც მქონდა ამ სპორტის მიმართ სიყვარული, მაგრამ მაშინ უფრო გამიმძაფრდა.
– როგორ მოხვდი ავტოსპორტში?
– ჩემი ამ სპორტთან შეხება ბავშვობიდან დაიწყო, მამაჩემი მრბოლელია და თვეების ვიყავი, რბოლებზე რომ დამატარებდნენ. მამას ბიჭი არ ჰყავს და ამიტომ გადაწყვიტა, რომ ამ სპორტში ჩავრთულიყავი. 6 წლის ასაკში კარტინგით დავიწყე, ერთი-ორი წელი ვიარე კარტინგის სკოლაში. მერე 2008 წლის ომი დაემთხვა და დროებით მომიწია სპორტზე თავის განებება. საფრანგეთიდან რომ დავბრუნდი, რუსთავის ავტოდრომზე გაიმართა ქალთა რბოლა კარტინგში. მონაწილეობა მივიღე და პირველი ადგილი დავიკავე. ასე რომ ვთქვათ, 10 წლის შემდეგ დავბრუნდი ავტოსპორტში. ივნისში კი შედგა ჩემი დებიუტი აღმართის დაძლევის ჩემპიონატში, ოღონდ შტურმანის ამპლუაში, მამაჩემთან ერთად ვიჯექი მანქანაში – ოჯახური ეკიპაჟი გვქონდა. ოღონდ მანქანაში მამაშვილური ურთიერთობა არასდროს იგრძნობა. მე ვიყავი შტურმანი, რომელიც პილოტს ჰკარნახობს მოსახვევებს, კილომეტრებს... შტურმანი არის პილოტის თვალები. ჩემს შემთხვევაში ისე გამოვიდა, რომ მამას შტურმანი ვარ. ჩემთვის ეს რბოლა ძალიან დაძაბული იყო, პირველი იმიტომ, რომ დიდ პასუხისმგებლობას ვიღებდი 16 წლის ასაკში, მეორე – მამას გევრდით რომ ვიჯექი. ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ სტარტზე რომ დავდექი, იმხელა ადრენალინი და სიამოვნება იყო, რომ  ყველაფერი გაქრა, შეიცვალა.
– რბოლის დროს სახიფათო სიტუაცია თუ შეგქმნიათ?
– თიანეთში სეზონის დახურვაზე ინციდენტი მოგვივიდა – მანქანა უკნიდან აღარ ვარგოდა. მოვწყდით და ხევში ჩავვარდით, უკანა მხრიდან ხეს შევეჯახეთ. საბედნიეროდ, მანქანაში უსაფრთხოების ზომები იმდენადაა დაცული, რომ ჩვენ არაფერი დაგვშავებია. ვერც მივხვდი, რა მოხდა – მანქანას წინ საერთოდ არაფერი სჭირდა. რომ გადმოვედით და უკანა მხარეს შევხედე, მერე დავიწყე ტირილი. რბოლას ჩემს მეგობართან ერთად დედაც ესწრებოდა. დედაჩემმა ვერ გაიგო, მაგრამ ჩემმა მეგობარმა გაიგონა, რომ თქვეს, ზოზიაშვილის მანქანა გადავარდა და ცეცხლი წაეკიდაო. რეალურად ცეცხლი არ გვეკიდა, ისე გავრცელდა. ცდილობდა, დედასთვის მარტივად მიეწოდებინა ეს ინფორმაცია, თუმცა როგორც კი გაიგო, ჩვენს მოსახვევამდე ორი კილომეტრი ფეხით ირბინა. მსგავსი რამ ავტოსპორტში ძალიან ჩვეეულებრივი ამბავია. ერთხელ მამაჩემს მართლა წაეკიდა ცეცხლი – 2002 წელს. ჩვენი შემთხვევის შემდეგ კი ყველა მეუბნებოდა, აი, ახლა მოინათლე ამ სპორტშიო. მანქანის გაკეთებას ერთი წელი დასჭირდა. უკვე გაყიდვაზე იყო საუბარი და მამაჩემს ვუთხარი, მოდი, სპონსორი ვიპოვოთ და იქნებ მე გავაგრძელო-მეთქი. ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებით ოცნება ავუხდინე – ჩემი ინიციატივით მოვინდომე სპორტში დარჩენა.
– შენი სილამაზიდან გამომდინარე, ცოტა უჭირს ხალხს იმის დაჯერება, რომ მრბოლელი ხარ.
– ბავშვობიდან ვგიჟდებოდი მანქანებზე, სულ ბიჭურად ვიცვამდი. მერე, რომ გავიზარდე და ცოტა ფემინური გავხდი, ყველას უკვირდა ჩემი ამ სპორტში დანახვა. იყო კრიტიკაც: „რა უნდა ქალს ავტოსპორტში“, „მომავალი დედა ხარ, შვილო“... არადა, ამ დროს 17 წლის ვიყავი. ბიჭებისგან უფრო მოველოდი კრიტიკულ დამოკიდებულებას, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, მდედრობითი სქესისგან წამოვიდა. მეგონა, ქალური სოლიდარობა იქნებოდა, მაგრამ, არა. ალბათ, ეს უფრო არარეალიზებული ქალების მხრიდან მოდიოდა. ბიჭებს ცოტა უკვირდათ, 18 წლის გოგო ავტოსპორტში რომ ვიყავი. ჩემი გარეგნობა ხანდახან ხელსაც მიშლის, ხანდახან უპირატესობასაც მანიჭებს, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა – ბევრი მინახავს ცუდი მძღოლი კაციც და ქალიც. ეს არის უნარი, სქესს მნიშვნელობა არ აქვს. სტატისტიკურად, ქალები უფრო ნაკლებად არიან სერიოზული ავარიების ავტორები, რადგან მეტად იჩენენ სიფრთხილეს.
– რა რეაქცია აქვთ ხოლმე ბიჭებს, როცა შენს პროფესიას იგებენ?
– ეგ თემა ყველაზე სასაცილოა. თავიდან მუშაობა დავიწყე არაფემინურ თანამდებობაზე – შუამავალი ვიყავი კლიენტსა და ხელოსანს შორის. როცა მოდიოდა მომხმარებელი და მეცვა სპეციალური კომბინეზონი, ხელში მეჭირა ქანჩი, უკვირდათ. აი, მანქანაზე რომ დავიწყებდი საუბარს, მერე კი გაოცებული სახეებით მიყურებდნენ (იცინის). ამ სამსახურმა დიდი გამოცდილება მომცა და მანქანა შიგნიდან შემასწავლა. აქამადე თუ მამა აკეთებდა ყველაფერს, ახლა მეც ჩართული ვარ შეკეთების პროცესში. ისეთი თანამდებობა მქონდა, მანქანის ყველა ნაწილი ზეპირად უნდა მცოდნოდა, თან, თარჯიმანიც ვიყავი - ხელოსნის ენას ვთარგმნიდი სასაუბრო ენაზე. მანქანის გასაღებს კლიენტი გვაძლევდა და ჩვენ უნდა შეგვეყვანა სერვისში, მახსოვს, სულ ხელის კანკალით მაწოდებდნენ ხოლმე გასაღებებს (იცინის). გოგოა, რა იცის ამან... ეგეთი კომენტარები ჰქონდათ. მერე გადავედი სასტუმროს ბიზნესში, იქ რომ მეკითხებოდნენ, სად ვმუშაობდი აქამდე და ჩემი პასუხი იყო – მრბოლელი ვარ-მეთქი, პირველ რიგში, იწვევდა პაუზას, რომელსაც მოჰყვებოდა აუცილებელი შეკითხვა: უკაცრავად? სხვათა შორის, ეს მომენტი ყოველთვის მსიამოვნებს ხოლმე (იცინის).
(ფოტოები ეკუთვნის გიორგი ცოფურაშვილს).

скачать dle 11.3