№41 როგორ „გადააგდო“ 900 ათას დოლარში თაღლითურმა წყვილმა მოსკოველები
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
მეტსახელად „სეკა“
1950 წლის 25 აგვისტოს იმერეთის ერთ-ერთ სოფელში დაბადებულმა მურად კვიჟინაძემ განსაკუთრებული ნიჭითა და საზრიანობით ადრეული ასაკიდანვე მიიქცია ყურადღება. სკოლაში ფრიადებზეც სწავლობდა და იმდენად გამორჩეული ბავშვი იყო, რომ ჯერ კიდევ ცამეტი წლის ასაკში ოქროს მედლის კანდიდატადაც მოიაზრებოდა. თუმცა ქუთაისში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. 13 წლის მურადი ადგილობრივ ავარებს დაუმეგობრდა და ქუჩური ცხოვრება ისე მოეწონა, რომ ჯერ სწავლას მოუკლო, შემდეგ კი სკოლის გაცდენა დაიწყო და ბოლოს ისე მოხდა, რომ მილიციის ბავშვთა განყოფილებაშიც კი აიყვანეს აღრიცხვაზე. საქმე ის იყო, რომ 13 წლის მურად კვიჟინაძე ბანქოს მოთამაშე გახდა – „სეკისტი“, როგორც მათ მაშინ ეძახდნენ...
„სეკა“ ყველაზე პრიმიტიული თამაშია, ამავდროულად, სარფიანიც და თუკი მოთამაშე მას კარგად ფლობდა, სოლიდურ თანხებსაც იღებდა. მურადმა კი ისე „დაამუღამა“ სეკა, რომ 15 წლის ბიჭს ქუთაისში ვერავინ სჯობდა და დიდ „მაყუთსაც ღუნავდა“. ამის გამო მას მეტსახელად „სეკა“ შეარქვეს. მთელი საიდუმლო კი ის იყო, რომ მურად კვიჟინაძე კარტებს ცნობდა და აბა, რომელი მოწინააღმდეგე დაუდგებოდა წინ. „სეკა“ ისე დაოსტატდა „კარტოჟნიკობაში“, რომ უფროს მეგობრებს ის საბჭოეთის სხვადასხვა ქალაქში მიჰყავდათ, ათამაშებდნენ, დიდ ფულს იგებდნენ და ინაწილებდნენ. 1966 წლის 2 აგვისტოს, სოჭში, პარკ „რივიერაში“ თამაშის დროს „სეკა“ და მისი „პაძელნიკები“ მილიციამ დააკავა. ჩხრეკისას მათ მოგებული 7 ათასი მანეთი აღმოუჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ „სეკა“ მათ გათავისუფლების სანაცვლოდ ფულს სთავაზობდა, ქართველი „კარტოჟნიკი“ მაინც დააკავეს და 2 წლით კრასნოდარის შრომა-გასწორების კოლონიაში მოათავსეს. მთელი „გვოზდი“ კი ის იყო, რომ „სეკა“ მისმა ბევრად უფროსმა და გამოცდილმა კოლეგებმა „ჩაუშვეს“. მილიციას ფული გადაუხადეს და კონკურენტი თავიდან მოიშორეს.
„შავ სამყაროში“
ციხიდან გათავისუფლებული ჯერ კიდევ არასრულწლოვანი „სეკა“, უკვე გამოცდილი „შავი“ იყო და არასრული 18 წლის მიუხედავად, ცხოვრების გზა მყარად ჰქონდა არჩეული. მურადი ჯერ ქუთაისში დაბრუნდა, მაგრამ იქ მხოლოდ ორი კვირა გაჩერდა და მას შემდეგ, რაც ერთ სომეხ „კარტოჟნიკს“ „სეკაში“ 10 ათასი მანეთი „ააფცქვნა“, ნახევარი მშობლებს დაუტოვა, დანარჩენი კი ჯიბეში ჩაიდო და მოსკოვში გაემგზავრა „გასტროლებზე“. საბჭოეთის დედაქალაქში „სეკა“ ცნობილ თაღლითს, მიშა ლიბერმანს, მეტსახელად „ვინტს“, დაუახლოვდა და მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. „ვინტმა“, თავის ქართველ უმცროს მეგობარში თაღლითის ნიჭი აღმოაჩინა და წყვილში მუშაობა შესთავაზა, თან, ყველანაირი თაღლითობის ნიუანსები შეასწავლა. ნიჭიერი ქართველი ძალიან სწრაფად ითვისებდა ყველაფერს და წყვილი დიდ „მაყუთს ღუნავდა“. თაღლითები ძირითადად ძვირფასეულობით მოვაჭრეთა „გადაგდებაზე“ „ჩალიჩობდნენ“. ეს კი პრაქტიკულად ასე ხდებოდა: მავან სპეკულიანტს ისინი ძვირფას სამკაულს უჩვენებდნენ და სარფიან ფასში სთავაზობდნენ. სამკაულს უტოვებდნენ და როცა ფულის ასაღებად უკან ბრუნდებოდნენ, ნამდვილ საქონელს ხელის სისწრაფის მეშვეობით ყალბი დუბლიკატით ცვლიდნენ და მიდიოდნენ. ანუ, როგორც ამას „შავ სამყაროში“ უწოდებენ, „კუკლას“ უკეთებდნენ. ამ გზით წყვილმა 4 წლის განმავლობაში ნახევარი მილიონი მანეთი იშოვა. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, მათი მოხელთება მილიციამ ვერ შეძლო, რადგან მუდმივად იცვლიდნენ „დისლოკაციის“ ადგილს. 1970 წელს, 50 წლის ლიბერმანს ოდესაში გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა. მთელი ნაშოვნი თანხა მურადმა შუაზე გაყო და ლენინგრადში (სანკტ-პეტერბურგი) „ვინტის“ ცოლ-შვილს მიუტანა. თავად კი მარტო განაგრძო საქმიანობა. თაღლითობასა და „კარტოჟნიკობას“ ერთმანეთს უთავსებდა. 1978 წელს 28 წლის „სეკა“ მეორედ მოხვდა ციხეში და მსხვილი თაღლითობისთვის იქ 7 წელი გაატარა. თუმცა, იქ ჯდომა არ გასჭირვებია, რადგან „შავებში“ ავტორიტეტით სარგებლობდა.
აუქციონი
„სეკა“ რომ მეორე „სროკიდან“ გამოვიდა, ქვეყანაში „პერესტროიკა“ მიმდინარეობდა და თაღლითებისთვის ფართო ასპარეზი იყო. მურადს მოსკოვში „ვინტის“ 20 წლის ქალიშვილმა ჩააკითხა და სთხოვა, შენთან ერთად ვიმუშავებო. მცირე ასაკის მიუხედავად, ირა ლიბერმანი უკვე საკმაოდ გამოცდილი თაღლითი გამხდარიყო და მამის საქმეს ღირსეულად აგრძელებდა. სწორედ მისი იდეა იყო, ძვირფასეულობის აუქციონის მოწყობა, რაც დიდი ფულის შოვნის წყარო იქნებოდა. წყვილმა შპს „აუქციონი“ დააარსეს, მოსკოვში ძვირფასი დარბაზი იქირავეს და განცხადებები გამოაქვეყნეს, რომ იმართებოდა ძვირფასი სამკაულების აუქციონი და გაყიდვის მსურველებს შეეძლოთ, დიდი მოგება ენახათ. დაიქირავეს ექსპერტ-იუველირი, რომელიც გასაყიდად მოტანილი საქონლის ნამდვილობას ამოწმებდა. 1985 წლის 2 მაისს გრანდიოზულ აუქციონზე ათასამდე ადამიანი იყო შეკრებილი: იქ თავი მოეყარათ როგორც გამყიდველებს, ასევე მდიდარ მყიდველებსაც. ერთსაათიანი ლოდინის მერე გაირკვა, რომ ირასა და მურადს 900 ათასი დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა წაეღოთ და მიმალულიყვნენ. მათზე ძებნა გამოცხადდა, თუმცა უშედეგოდ. ეს საქმე დღესაც ხანდაზმულ დანაშაულთა სიაშია.