კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 მგლები 6

ნინო კანდელაკი გოჩა მანველიძე

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #38-40(979)

– ამის სათქმელად მომიწვიე?! – ზიბკოს არც კი დაუხედავს საქაღალდისთვის.
– შენ ეს უმნიშვნელოდ გეჩვენება?!
– მოდი, ერთი საკითხი გავარკვიოთ. ამ საქმეში მე მხოლოდ შუამავალი ვიყავი. თავადაც ხვდები, რომ ინიციატივის ავტორი, პირადად ვერ შეხვდებოდა გეგეშიძეს. მე მისი სურვილი შენ გადმოგეცი. რამდენადაც მახსოვს, შენ საწინააღმდეგო აზრი არ გამოგითქვამს! ასე რომ, მისამართი შეგეშალა. სხვაგან და სხვასთან უნდა იწუწუნო!
– არ გამომითქვამს, იმიტომ რომ შენ გენდე. თავი მოვიტყუე, რომ გეგეშიძე ცოტა ხნით მაინც შეჩერდებოდა!
– ღმერთო ჩემო, როდის შეწყვეტენ ამ პროფანებით მინისტრობანას თამაშს! – ზიბკომ აუჩქარებლად მოისრისა შუბლი.
– რა თქვი?! – ადგილიდან წამოიწია მინისტრი.
– ის, რომ არიფი ხარ. პროფანი... ოფიციალური ენით, რომ ვთქვა, თანამდებობისთვის შეუფერებელი!..
– მოკეტე! – მინისტრმა მაგიდას მთელი ძალით დაჰკრა მუშტი.
– ნუ ყვირი! გზაჯვარედინზე დგომისგან ტვინგაწყალებული ავტოინსპექტორი ხომ არ გგონივარ?! – არ შეეპუა ზიბკო, – ახლა კი მუშტების ბრახუნს მოეშვი და დალაგებით ამიხსენი, რისთვის მომიწვიე აქ?
– ყველაფერი საქაღალდეშია, – მინისტრმა სიგარეტს მოუკიდა და ღრმა ნაფაზი დაარტყა.
ზიბკომ საქაღალდე გახსნა და სწრაფად გადახედა მოხსენებით ბარათს. ბარათი შეიცავდა მონაცემებს ქურდული თავყრილობის თაობაზე, რომელზეც ვოვა ჩუმაკოვი კანონიერ ქურდად აკურთხეს.
– რას იტყვი ამაზე? – იკითხა მინისტრმა, როგორც კი ზიბკომ საქაღალდე გვერდზე გადადო.
– საინტერესო არაფერია, – მშვიდად უპასუხა მან.
– დამცინი?! – გაღიზიანდა მინისტრი.
– არა. სრულიად გულწრფელად გეუბნები. შენი მონაცემები არასრულია.
– შენ სხვა მონაცემები გაქვს?
– მაქვს.
– არ გამიზიარებ?
– მე შენი ინფორმატორი არ ვარ. მინისტრის თანამდებობა მხოლოდ კომფორტულ კაბინეტს, პერსონალურ ავტომობილს, პირად დაცვას, გრძელფეხება მდივანსა და მაღალ ანაზღაურებას არ ითვალისწინებს. ყველა ამ სიკეთის მისაღებად ტვინი უნდა გაანძრიო. თუ ტვინთან მწყრალად ხარ, უკანალის განძრევა მაინც უნდა შეგეძლოს! – ცივად უპასუხა ზიბკომ.
გაღიზიანებული მინისტრი უკმეხი პასუხისთვის მოემზადა, მაგრამ უმალ გადაიფიქრა. თავადაც ხვდებოდა, რომ ზიბკო უცერემონიო გამოძახებით იყო გაღიზიანებული და ასე უხდიდა სამაგიეროს. ახლა რაიმე უსიამოვნო რომ მოესმინა, შესაძლოა, საერთოდ დაეტოვებინა მისი კაბინეტი. ამიტომაც ტონი შეარბილა და მეგობრულად უთხრა:
– მოდი, ნუ ვიჩხუბებთ. არ დაგავიწყდეს, რომ ერთ საქმეს ვემსახურებით!
ზიბკო წამით ჩაფიქრდა და შემდეგ თქვა:
– სამომავლოდ გაითვალისწინე, რომ მე ის კაცი არ ვარ, რომელსაც ხელქვეითივით იბარებენ კაბინეტში. თუ ერთმანეთს გავუგებთ, თანამშრომლობასაც შევძლებთ, თუ ვერა...
– კარგი, კარგი... ყველაფერი გასაგებია. მოდი დავივიწყოთ, რაც მოხდა და საქმეზე ვილაპარაკოთ.
– კეთილი... ესე იგი, გეგეშიძის შესახებ სხვა მონაცემები არ გაგაჩნია?
– არა. მხოლოდ ეს, – საქაღალდეზე მიანიშნა მინისტრმა.
– რაც შეეხება ვოვა ჩუმაკოვის კანონიერ ქურდად კურთხევას, შენი ინფორმატორი არ შემცდარა, ეს სრული სიმართლეა. ქურდული „სხადნიაკი“ „ვერშინას“ ერთ-ერთ აგარაკზე ერთი კვირის წინ შედგა. ოდესელ და როსტოველ ქურდებს თავად გეგეშიძე მასპინძლობდა. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. შენმა ინფორმატორმა მთავარი არ გაცნობა.
– მაინც რა?
– გეგეშიძემ უარი თქვა ქურდის წოდებაზე!
მინისტრმა ეჭვნარევი მზერა ესროლა.
– ნუ მიყურებ ასე. მე ჰაერზე არასოდეს ვლაპარაკობ. ოდესაში შემდგარ „სხადნიაკზე“ გეგეშიძემ თავად თქვა უარი წოდებაზე, – თქვა ზიბკომ.
– დაუჯერებელია, – აუჩქარებლად ჩაილაპარაკა მინისტრმა.
– თავიდან მეც არ დავიჯერე. მაგრამ გადამოწმებამ  ინფორმაციის სისწორე დაადასტურა. ასე რომ, სანერვიულო არაფერი გაქვს. გეგეშიძემ თავის საკითხი თავად მოხსნა დღის წესრიგიდან.
– არა მგონია. წოდებისა თუ მის გარეშე, ის მაინც საშიშ კრიმინალად რჩება. გასათვალისწინებელია ჩუმაკოვის ფაქტორიც. ის გეგეშიძის დაჯგუფების ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული და საშიში წევრია. ასე რომ, ვითარების გაუმჯობესებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ჩუმაკოვის კანონიერ ქურდად კურთხევა მხოლოდ ერთ რამეზე მიანიშნებს – გეგეშიძეს აზრადაც არ გაუვლია კრიმინალურ საქმიანობაზე უარის თქმა. ის, უბრალოდ, ჩვენი მხრიდან დარტყმას გაერიდა და ჩრდილში გადაინაცვლა. ჩუმაკოვი კი მისთვის მხოლოდ ფარია და სხვა არაფერი. გეგეშიძე მისი მეშვეობით განაგრძობს თავისი კრიმინალური დაჯგუფების მართვას.
– ვერ დაგეთანხმები, – თავი გაიქნია ზიბკომ, – ბოლო ერთი წლის განმავლობაში გეგეშიძემ უფრო გაიმყარა პოზიციები. თავის გარემოცვაში მას კონკურენტი არ ჰყავს. იგივე შეიძლება ითქვას უკრაინის კრიმინალურ სამყაროზეც. კრიმინალების უდიდესი ნაწილი მასთან მეგობრობას ამჯობინებს. გარკვეული ნაწილი ნეიტრალურ პოზიციაზე რჩება და მისგან შორს ყოფნას ცდილობს. არიან მასზე განაწყენებულებიც. ისინი სიამოვნებით მოუღებდნენ ბოლოს, მაგრამ ამასთან ერთად კარგად ახსოვთ, თუ რა დაემართათ მათ „კოლეგებს“, რომლებმაც გზა გადაუჭრეს გეგეშიძეს. ასე რომ, ჩვენს საერთო ნაცნობს არ ჰქონდა კანონიერი ქურდის წოდებაზე უარის თქმის მიზეზი. ჩემი ინფორმაციით, ეს ქურდებისთვისაც მოულოდნელი იყო და რამდენიმე ავტორიტეტი გადაწყვეტილებაზე უარის თქმას სთხოვდა.
– მესმის, მაგრამ რა იცვლება ამით? ასე თუ ისე, გეგეშიძე მაინც საფრთხეს წარმოადგენს, – შენიშნა მინისტრმა.
– არა. ნათელია, რომ გეგეშიძეს საქმეებიდან ჩამოშორება სურს. ეს მოსალოდნელიც იყო. ის საკმაოდ გონიერი ადამიანია და კარგად იცის, რომ ასე შეიძლება იცხოვრო ერთი, ხუთი... ათი წელი. მაგრამ ადრე თუ გვიან, მაინც ისევე დაამთავრებს, როგორც მრავალმა სხვამ. ქურდის წოდებაზე უარის თქმა, მხოლოდ ამის მიმანიშნებელია. ქურდის წოდებით ის ვერასოდეს დაემშვიდობებოდა წარსულს. მოვალეობებზე, რომლებსაც კანონიერი ქურდის სტატუსი აკისრებს, უარს ვერ იტყოდა. ეს მისი და ქურდების დაპირისპირების მიზეზად იქცეოდა. ამის თავიდან ასაცილებლად გეგეშიძემ წინდახედულად თქვა უარი წოდებაზე და ამისთვის საუკეთესო დრო შეარჩია. ამჟამად მისი დაჯგუფება ძლიერების ზენიტშია. დაჯგუფებას კონკურეტებისგან რაიმე საშიშროება არ ემუქრება. გარკვეულწილად მოგვარებული აქვს ხელისუფლებასთან ურთიერთობის საკითხებიც. პრინციპში, გეგეშიძის დაჯგუფებასა და კომპანია „ვერშინას“ მიმართ სახელმწიფოს კონკრეტული პრეტენზიები არც გააჩნია. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არავის მიუმართავს საჩივრით გეგეშიძის დაჯგუფების წევრების წინააღმდეგ.
– მათი, უბრალოდ, ეშენიათ! – სწრაფად თქვა მინისტრმა.
– მე შემიძლია, დაგისახელოთ მრავალი კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. ამ დაჯგუფებების არნახულად ეშინოდათ, მაგრამ მაინც არსებობდნენ პიროვნებები, რომლებიც საჩივრებით მიმართავდნენ სამართალდამცველ უწყებებს. ასე რომ, თქვენს განმარტებას ვერ დავეთანხმები! – შენიშნა ზიბკომ.
– კეთილი... მაშინ შენ როგორ ახსნი გეგეშიძის დაჯგუფების მიმართ ლოიალური დამოკიდებულების მიზეზს?
– ძალიან მარტივად – ეს არ არის კლასიკური კრიმინალური დაჯგუფება. პრაქტიკულად, ისინი ლეგალურ ბიზნესს ეწევიან. განაგებენ კომპანია „ვერშინას“. „ვერშინის“ კრიმინალური შემადგენელი კი კომპანიას სხვა კრიმინალების თავდასხმებისგან იცავს. ასევე, ისინი მფარველობენ სხვა ბიზნესმენებს, რომლებიც მათ დახმარებისთვის მიმართავენ. ჩემთვის ცნობილია, რომ ისინი არ არიან ჩართული ისეთ დანაშაულებში, როგორებიცაა ძარცვა, ყაჩაღობა, ნარკოვაჭრობა, პროსტიტუცია და ასე შემდეგ. მარტივად რომ ვთქვა, ამ პიროვნებებს აქვთ ფული და უბრალოდ, ათასი ჯურის ავანტიურისტებისგან და მუქთამჭამელებისგან იცავენ მას... რასაც აკეთებს ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი. არა მგონია, ეს დანაშაული იყოს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსი ამას არ კრძალავს.
– „ვერშინა“ კრიმინალური ფულით შეიქმნა! – ბრაზით წამოიძახა მინისტრმა.
– ვიცი, – მშვიდად უპასუხა ზიბკომ, – კარგად მახსოვს ოთხმოცდაათიანი წლები. შენ მაშინ საბავშვო ბაღში დადიოდი. სხვათა შორის, სახსრები, რომლებიც შემდგომ ჩემს ბიზნესში ჩავდე, იმ წლებში იყო მოპოვებული. რას იზამ? მეც კრიმინალად გამომაცხადებ და გეგეშიძესთან ერთად დამსვამ საბრალდებო სკამზე?!
მინისტრმა ბრაზით აღსავსე მზერა ესროლა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
– თავი გაანებე წარსულს. თუ რაიმე მასალები გაქვს „ვერშინას“ წინააღმდეგ, აღძარი საქმე. ზოგადი საუბრებით შორს ვერ წახვალ. გეგეშიძეს შენზე ბევრად გამოცდილი ადვოკატები ჰყავს. მათთან დაპირისპირებით თავს შეირცხვენ!
– გეგეშიძის ძლიერების წყარო „ვერშინაა“. ის თუ გამოვაცალეთ ხელიდან, მასაც ადვილად მოვუღებთ ბოლოს!
ზიბკომ ჩაფიქრებულმა გახედა და შემდეგ ჰკითხა.
– ერთი რამ ამიხსენი. შენ გეგეშიძესთან გაქვს რაიმე პრეტენზია, თუ „ვერშინასთან“?
– მე გასაგებად აგიხსენი, რომ უკრაინის გეგეშიძისგან გათავისუფლება მსურს. ეს კი „ვერშინას“ განადგურების გარეშე არ გამოვა! – უპასუხა მინისტრმა.
– და როგორ წარმოგიდგენია ეს? მაინც რა გზით აპირებ იმ კომპანიის „განადგურებას“, რომელსაც არასოდეს დაურღვევია მოქმედი კანონმდებლობა, რეგულარულად იხდის ყველა გადასახადს და შემოსავლის საკმაოდ სოლიდურ ნაწილს ქველმოქმედებაზე ხარჯავს?! სიმართლე გითხრა, ძალიან მიჭირს ყოველივე ამის კანონიერების ჩარჩოებში წარმოდგენა!
– მეც... და ამიტომაც შენ გთხოვ დახმარებას.
– ჩემი იმედი გაქვს?! – გაუკვირდა ზიბკოს, – საინტერესოა. მაინც, რატომ მთვლი ბრიყვად?!
– პირიქით. ძალიან გონიერ ადამიანად გთვლი და ამიტომაც მოგმართე შენ. ვიცი, რომ განსაკუთრებით არ გიზიდავს ეს საქმე. გამოსავალს შემოგთავაზებ. მე არ მინდა გეგეშიძის ბოლომდე განადგურება. საკმარისი იქნება, თუ ის უკრაინას დატოვებს.
– ესე იგი, შენ გინდა, რომ ცხვრებიცა და მგლებიც ცოცხლები გადარჩნენ და შემდგომ ყველამ სიამტკბილობაში იცხოვროს? – ჰკითხა ზიბკომ.
– სწორედ ამის თქმა მინდოდა, – თავი დაუქნია მინისტრმა.
– მაგრამ შენ ერთ რამეს არ ითვალისწინებ.
– რას?
– მგლებიცა და ცხვრებიც ცოცხლები თუ გადარჩნენ, შეჭმული მწყემსი აღმოჩნდება! – აუჩქარებლად ჩაილაპარაკა ზიბკომ. – მგელი არასოდეს მოითმენს შიმშილს!
– ესე იგი...
– მგონი, გასაგებია, რასაც ვგულისხმობ, – არ დაასრულებინა ზიბკომ.
მინისტრმა აუჩქარებლად მოისრისა შუბლი და შემდეგ თქვა.
– თუ დამეხმარები, სამომავლოდ ყველაფერში გქონდეს ჩემი მხარდაჭერის იმედი!
– შენი მხარდაჭერის იმედი მქონდეს?! – ხმამაღლა გაეცინა ზიბკოს, – ძალიან დიდი წარმოდგენა გქონია საკუთარ თავზე! გაიხსენე, ვინ იყავი, ვიდრე სადღაც ვიღაცას შენი ამ სავარძელზე დასმა არ დასჭირდა? ახლა კი დაფიქრდი იმაზე, თუ ვინ იქნები, როდესაც სადღაც ვიღაცას ამ სავარძლის შენგან გათავისუფლება დასჭირდება?.. მე კი მაშინაც იქ ვიქნები, სადაც მუდამ ვიყავი.... არსად! მე რაიმე თანამდებობა არ მაქვს. არც კარიერული ზრდა მაინტერესებს და არც დაქვეითების მეშინია. ასე რომ, შენი მხარდაჭერაც არაფერში მჭირდება. თანაც, შენ ხომ რაიმე საინტერესოს შემოთავაზება არ შეგიძლია.
– მაშინ, ერთ კითხვაზე მიპასუხე. რამდენი გადაგიხადა გეგეშიძემ მის ადვოკატობაში?! – ბრაზით ჰკითხა მინისტრმა.
– რითაც დავიწყეთ, ისევ იმას ვუბრუნდებით, – ამოიოხრა ზიბკომ, – მთელი უბედურება ისაა, რომ შენ არ შეეფერები ამ თანამდებობას. შენი შესაძლებლობებით განყოფილების ხელმძღვანელობასაც ვერ გაქაჩავდი. მაგრამ შენდა საბედნიეროდ, მე არ ვწყვეტ ამ საკითხს.
– არა აქვს მნიშვნელობა, დამეხმარები თუ არა. ამ საქმეს უშენოდაც მივიყვან ბოლომდე!
ზიბკო ორივე ხელით დაეყრდნო მაგიდას, წინ გადაიხარა და ხმადაბლა თქვა:
– ამის თქმა ნამდვილად არ მსურს შენთვის. უკეთესი იქნებოდა, გვერდზე გავმდგარიყავი და მშვიდად დავლოდებოდი, როდის წაიმტვრევდი კისერს, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. როგორც ვხედავ, შენზე შეგონება არ მოქმედებს და შენი სისულელით შეიძლება, სერიოზული ოპერაცია ჩაშალო.
– რას გულისხმობ? – დაბნეული სახით ჰკითხა მინისტრმა.
– გეგეშიძის უკრაინაში ყოფნა მხოლოდ შენ არ გაღელვებს. მაგრამ შენგან განსხვავებით, ის პიროვნებები ლოზუნგების ყვირილით არ აპირებენ ამ საკითხის მოგვარებას.
– ესე იგი...
– საკმარისია... იმაზე მეტი გითხარი, ვიდრე საჭირო იყო. დანარჩენი თავად გადაწყვიტე. თუ საჭიროდ თვლი, შეგიძლია, საქმე აღძრა გეგეშიძის წინააღმდეგ. თუ არა, ეგ საქაღალდე შორს შეინახე და საერთოდ დაივიწყე მისი არსებობის შესახებ! – ამ სიტყვებთან ერთად ზიბკო ადგა, შებრუნდა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა კაბინეტიდან.
მინისტრმა ჩაფიქრებული მზერით გააცილა სტუმარი და როგორც კი მის ზურგსუკან კარი მიიხურა, მაგიდიდან საქაღალდე აიღო და სანაგვეში მოისროლა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

tbiliselebi.ge-ზე გამოქვეყნებული სტატიებისა და ფოტოსურათების მთლიანი ან ნაწილობრივი გადაბეჭდვა რედაქციასთან შეთანხმების გარეშე, ისჯება კანონით.
скачать dle 11.3