№41 ბინძური თამაში
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #40(979)
ვახო ყიფიანი 55 წლის მაღალი, სიმპათიური მამაკაცი იყო და ძალიან ელეგანტურად გამოიყურებოდა. მუდამ მოწესრიგებული და გემოვნებით ჩაცმული, დახვეწილი მანერებითა და დინჯი მეტყველებით გამოირჩეოდა და ამ ყველაფრით ამერიკელ სენატორს ჩამოჰგავდა. ერთადერთი უარყოფითი შტრიხი მის გარეგნობაში ორი უზარმაზარი იარა იყო, რომელიც მას მთელ შუბლზე ჰორიზონტალურად აჩნდა. მასპინძელმა გურამს ხელი ჩამოართვა. სთხოვა, სავარძელში დამჯდარიყო, თავად მის პირდაპირ მოკალათდა, ელენე გვერდით მოისვა და ახალმოსულს უთხრა:
– ელენემ ყველაფერი მიამბო და სიმართლე გითხრა, საკმაოდ შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი და როგორც ყველა ქართველი მამაკაცი, გავცეცხლდი კიდეც. თუმცა, შევძელი, თავს მოვრეოდი და ყველაფერი ავწონ-დავწონე, ცივი გონებით გავაანალიზე და აქ იმიტომ მოგიწვიე, რომ გამოსავალი ერთად მოვძებნოთ. პირდაპირ გეტყვი, რომ შენც და ჩვენც ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაში ვიმყოფებით. შალვა კორღალიძე ვერაგი ადამიანია, ჩემი მოსისხლე მტერი და ამ ყველაფრის უკან რა იმალება და სად რომელი ძაღლის თავი დამარხა, გასარკვევია.
– ბოდიშს გიხდით, რომ გაწყვეტინებთ, ბატონო ვახტანგ. რას გულისხმობთ? – მორიდებით ჰკითხა გურამმა მასპინძელს.
– აბსოლუტურად სწორი შეკითხვაა, – თავი დააქნია ვახტანგ ყიფიანმა და დაამატა, – ის კომბინაცია, რისი ჩატარებაც მაგ ნაძირალამ დაგავალა, ჩემი აზრით, მხოლოდ ხილული მხარეა და შეიძლება, მთავარი რამ დამალული იყოს.
– დაფარული? – იკითხა გურამმა.
– კი, ბატონო, დაფარული. შალიკო იმის ჩიტი არაა, რომ ყველა კარტი გაშალოს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ პრიმიტიული სქემის მიღმა უფრო ღრმა ჩანაფიქრი იმალება.
– მეტი რა ღრმა ჩანაფიქრი უნდა იყოს, ბატონო ვახტანგ. თქვენი ოჯახის განადგურება და მთელი ქონების ნახევრის დაუფლება აქვს განზრახული, – თქვა გურამმა. ჩაფიქრდა და დაამატა, – ერთადერთი, ის შეიძლება იყოს, რომ მთელი ქონების დაუფლება უნდოდეს. მას მერე, რაც თქვენ მოგკლავდით, ელენეს გავაგიჟებდი და ქონების პატრონი გავხდებოდი, იგივე მეთოდით უკვე მე დამაშანტაჟებდა და მთელ ქონებას მიითვისებდა.
ვახტანგ ყიფიანს გურამის სიტყვებზე გაეცინა და უთხრა:
– ეს, თავისთავად, ჩემო გურამ. შალიკო ის კაცი არაა, რომ ვინმე წილში გაიყვანოს, თანაც ასეთი კომბინაციის შემსრულებელი ცოცხალი დატოვოს. რა თქმა უნდა, მასე მოქცევას აპირებს და ამაზე თავი შემიძლია დავდო. ღრმა ჩანაფიქრი კი ჩემი აზრით, სულ სხვა რამაა და ეს უნდა გავიგოთ.
– ესე იგი, მეც განწირული ვარ და ჩემი ძმაც?
– დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ მასეა.
გურამი გაფითრდა. სიგარეტის მოწევის ნებართვა ითხოვა და თანხმობა რომ მიიღო, გააბოლა.. ცოტა ხნის მერე მასპინძელს უთხრა:
– კი მაგრამ, ისეთი რა დაუშავეთ, რომ ასე გწირავდათ?
– ორივემ ყურადღებით მომისმინეთ და ყველაფერს მიხვდებით, – თქვა ვახტანგ ყიფიანმა. წამოდგა, თავის ქალიშვილთან მივიდა, მიეფერა. თავზე აკოცა. შემდეგ ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა, თან თხრობას შეუდგა:
– ელენე, იგივე ლენკა მიქელაძე ჩემი მეუღლე იყო და მშობიარობის დროს გარდაიცვალა. ამიტომ ჩემს ქალიშვილსაც მისი სახელი დავარქვი, თუმცა ლენკას უნდოდა, თამარი დაერქმია. ელენე გაჭრილი ვაშლივით ჰგავს დედამისს, ლენკას ასლია. ზოგჯერ დამავიწყდება ხოლმე, რომ ის ამქვეყნად აღარაა და ელენე ლენკა მგონია. ხშირად მომდის ხოლმე ასე. ჩემს ქალიშვილს დედამისის სახელით მივმართავ, მაგრამ ელენემ ეს არ იცოდა და ეგონა, რომ ლენკას მოფერებით ვეძახდი. ეს შესავლის სახით, ჩემო ძვირფასებო, – ვახტანგ ყიფიანმა აცრემლებული თვალები შეიმშრალა და განაგრძო, – მე და შალიკო ერთ უბანში გავიზარდეთ და ისეთი ძმაკაცობა გვქონდა, რომ ყველას უკვირდა. ბაღიც ერთად დავამთავრეთ და სკოლაც. ლენკა ჩვენზე ხუთი წლით უმცროსი იყო და ჩვენ რომ ვამთავრებდით, სწორედ იმ წელს გადმოვიდა ჩვენს სკოლაში. ნამდვილი ანგელოზი იყო და თითქმის ყველა ბიჭს შეუყვარდა და მათ შორის, მეც. მხოლოდ შალიკო არ ამჟღავნებდა ამას. ამბობდა, ჩემი ძმაკაცის შეყვარებულს სხვაგვარად როგორ შევხედოო და ამ ამბავში ყოველთვის გვერდით მედგა. რამდენი ჩხუბი და „რაზბორკა“ არ მომხდარა ამის გამო და ყოველთვის ჩვენ გამოვდიოდით გამარჯვებული. მით უმეტეს, რომ ლენკასაც ძალიან ვუყვარდი და ეს მშველოდა. მაგრამ, მოიცა, თურმე, ჯერ სად ხარ და მთავარი წინაა...
– შალიკოსაც უყვარდა, ხომ დედა? – იკითხა თვალცრემლიანმა ელენემ.
ვახტანგმა ქალიშვილს თავზე გადაუსვა ხელი და უთხრა.
– ჰო. მაგრამ არ შემაწყვეტინო, ლენკა და ყველაფერს გაიგებ.
– ბოდიში, მამა.
ვახტანგ ყიფიანმა განაგრძო:
– მთელი ეს გვერდში დგომა და „რაზბორკები“ შალიკოს, თურმე, იმისთვის სჭირდებოდა, რომ ლენკას სხვისკენ არ გაქცეოდა თვალი. თანაც, ჩემი შეყვარებულისთვის ეჩვენებინა, თუ რა მაგარი ბიჭია და სინამდვილეში კი ჩემი ღალატი და ვერაგობა ედო გულში. თურმე, ლენკა უყვარს, გიჟდება. ღამეებს ათენებს მასზე ფიქრში, თან, გეგმებს აწყობს, როგორ მომიშოროს თავიდან, რომ ლენკა მას დარჩეს.
სკოლა რომ დავამთავრეთ, მე ეკონომიკურ ფაკულტეტზე მოვეწყვე, თბილისის უნივერსიტეტში. შალიკო კი უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, დაუსწრებელზე სწავლობდა, თან, მილიციაში დაიწყო მუშაობა. ამასობაში ხუთი წელი გავიდა. ლენკამ სკოლა დაამთავრა და კონსერვატორიაში მოეწყო. მე და ლენკა შევთანხმდით, რომ როგორც კი ის სრულწლოვანი გახდებოდა, ხელი მოგვეწერა და დავქორწინებულიყავით. ჩემი მეჯვარე, რა თქმა უნდა, შალიკო იქნებოდა, ამიტომ ის ყველაფრის საქმის კურსში იყო. ყველაფერს ერთად ვგეგმავდით და გადავწყვიტეთ, ამ ამბავს მეტი რომანტიკული ელფერი რომ მისცემოდა, გავპარულიყავით. მანქანას შალიკო კისრულობდა – მამამისის „ვოლგა“ უნდა წამოეყვანა. სოხუმში შალიკოს ნათესავებთან ვაპირებდით ჩასვლას და იქ ორი კვირა უნდა დავრჩენილიყავით. ერთი სიტყვით, ახლა რომ იტყვიან, ყველაფერი დეტალურად გავწერეთ... ორი თვე იყო დარჩენილი ჩვენს გაპარვამდე, რომ შალიკომ თავისი შეყვარებულის დაბადების დღეზე წამიყვანა. ერთი ქმარგაცილებული გოგო იყო. შალიკო მასთან დადიოდა და როგორც მითხრა, მიყვარს და ცოლად უნდა მოვიყვანოო. მისი ქმარი „შავი“ იყო, ორჯერ ნასამართლევი და ციხეში იჯდა. მეორედ რომ დაიჭირეს, სწორედ მაშინ გასცილდა მას ის გოგო. ჰოდა, სწორედ იმ გოგოს დაბადების დღეზე წავედით. შუა ქეიფის დროს იმ გოგოს ყოფილი ქმარი მოვიდა. სუფრასთან ყოფილ ქმარსა და შალიკოს შორის კამათი მოხდა. ატყდა ჩხუბი და ციხიდან ახალგამოსულმა ყოფილმა ქმარმა შალიკოს თავში ბოთლი ჩაარტყა და დასისხლიანებული და გათიშული ძმაკაცის დანახვაზე ტვინი გადამიბრუნდა. ვიფიქრე, მოკლა-მეთქი და შალიკოს თავზე გადამსხვრეულ ბოთლს ხელი დავავლე და პირდაპირ ვატაკე. მას არტერია გადაეჭრა და ძლივს გადაარჩინეს. მე კი მკვლელობის მცდელობის მუხლით გამასამართლეს და ჯერ ცამეტი წელი მომისაჯეს, თუმცა მერე ათი მომცეს და გამაციმბირეს. თურმე, ეს ყველაფერი შალიკოს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი და მშვენივრადაც გამოუვიდა. არაფერმა გაჭრა, არც ფულმა და არც მოწმეების ჩემ სასარგებლოდ ჩვენებებმა. შალიკო კი თავის ჩვენებაში წერდა: არაფერი მახსოვს, რადგან ძალიან მთვრალი ვიყავიო. მოკლედ, მან თავიდან მომიშორა, რომ ლენკას დაუფლებოდა და სანამ მე ციხეში ვიჯექი, ის თავისი ვერაგული გეგმის განხორციელებას შეუდგა. ურალს იქით, მკაცრი რეჟიმის შრომა-გაწსორების კოლონიაში ეტაპით ჩამიყვანეს და სულ რაღაც სამი თვე იყო გასული, რომ ლენკამ და შალიკომ ჩამომაკითხეს. ისე ძალიან გამიხარდა, რომ ჩემი მძიმე მდგომარეობა აინუნშიაც არ ჩამიგდია. უკან რომ ბრუნდებოდნენ, ლენკასთან ინტიმური კავშირის დამყარება მოუნდომებია. ლენკამ, რა თქმა უნდა, მას წინააღმდეგობა გაუწია. გამოექცა და თბილისში მარტო დაბრუნდა. ამის შემდეგ შალიკოს კიდევ მრავალჯერ უცდია მსგავსი რამ, მაგრამ ფეხი არ ჩაუვიდა. შალიკო და ლენკა წერილებს მწერდნენ ზონაში და იმის შიშით, რომ გაქცევა არ მეცადა, ლენკა შალიკოს ვერაგობას მალავდა, არაფერს მაგებინებდა და ერთგულად მელოდა. ამასობაში შალიკომ „კაგებეში“ დაიწყო მუშაობა და როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ყველანაირი ხერხის გამოყენებით იკეთებდა კარიერას. ციხიდან რომ გამოვედი, 33 წლის ვიყავი და ლენკაზე ძალიან მალე ვიქორწინე. იმ პერიოდში შალიკო უშიშროების პოდპოლკოვნიკი იყო, მოსკოვში მუშაობდა და ჩვენი ამბავი რომ გაუგია, გაგიჟებულა. მე კი ლენკასგან მთელი მისი ვერაგული საქმეების ისტორია უკვე ვიცოდი და ლენკასვე თხოვნა-მუდარით, პასუხის მოთხოვნა არც კი მიცდია. თანაც, უცხოეთში გამგზავრება გვქონდა გადაწყვეტილი. ლენკა ფეხმძიმედ იყო და მისი მშობიარობიდან ექვსი თვის მერე უნდა გავცლოდით აქაურობას. მით უმეტეს, რომ ქვეყანა არეული იყო, იშლებოდა. სარფიანი ბიზნესი მქონდა დაწყებული და ფულის წყალობით საზღვარგარეთ წასასვლელი ვიზების გაკეთება პრობლემას არ წარმოადგენდა, მით უმეტეს, რომ კარგი ნაცნობობა მყავდა და ხშირად დავდიოდი კიდეც. ერთ-ერთი ასეთი „პაეზდკიდან“ რომ დავბრუნდი, ლენკა ძალიან ცუდად დამხვდა. მეცხრე თვეზე იყო და დღე-დღეზე უნდა ემშობიარა. როგორც მერე შევიტყვე, თურმე, ჩემი აქ არყოფნის პერიოდში მასთან დაურეკავთ, ვითომ უცხოეთიდან ელაპარაკებოდნენ და უთქვამთ, რომ მე მომკლეს. ნერვიულობის ნიადაგზე მიღებულმა სტრესმა თავისი ქნა და ჩემი ლენკა მშობიარობის დროს გამომეცალა ხელიდან. ელენეს გადარჩენის საკითხიც სათუო იყო, მაგრამ ღმერთმა ბოლომდე არ გამწირა და მისი თავი მაჩუქა. ეს ზარი კი, რა თქმა უნდა, შალიკოს დავალებით განხორციელდა და ჩემი ლენკა მაინც გამომაცალა ხელიდან...
ვახტანგ ყიფიანმა უცებ თხრობა შეწყვიტა და ატირდა. ელენე და გურამი მას უხმოდ უმზერდნენ. ადგილიდან ვერ იძროდნენ, მასპინძელმა სული მოითქვა, გააბოლა და რომ დამშვიდდა, თქვა:
– თავიდან შალიკოს მოკვლა მინდოდა და რამდენიმე ვარიანტიც შევადგინე. შემდეგ კი ელენეს გამო თავიდან ამოვიგდე შურისძიება და გადავწყვიტე, ჩემი ცხოვრება შვილისთვის მიმეძღვნა. ამიტომ თბილისიდან საფრანგეთში გამოვემგზავრე და ბიზნესში წარმატებას მივაღწიე... მიუხედავად იმისა, რომ შალიკომ ამდენი უბედურება დამატეხა თავს, არ მეგონა, რომ ასეთ ვერაგობას დააპირებდა და მისი ბუნებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ის უფრო მეტ საშინელებებს აპირებს, ვიდრე ჩემი მოკვლა, ელენეს გაგიჟება და ჩემი ქონების დაუფლებაა. ამიტომ, ჩემო კარგებო, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და მას ამის განხორციელების საშუალება არ მივცეთ, – ვახტანგი წამიერად გაჩუმდა, ელენეს და გურამს მიაპყრო მზერა და დაამატა, – მე, რა თქმა უნდა, შემიძლია, შალიკოს პროფესიონალი „ქილერი“ მივუგზავნო და გავანადგურო, მით უმეტეს, რომ ის ასეთ რამეს სრულად იმსახურებს, მაგრამ რადგან მას მერაბ ბაქრაძე ჰყავს დატყვევებული და შეუძლია, ნებისმიერ დროს გაანადგუროს, სხვა რამეა მოსაფიქრებელი.
– გმადლობთ, ბატონო ვახტანგ, რომ მასე ფიქრობთ, – უთხრა გურამმა მასპინძელს.
ვახტანგ ყიფიანმა ელენე და გურამი თავისთან მიიხმო, ორივეს მხრებზე მოხვია ხელი, სათითაოდ ეამბორა და უთხრა:
– თანახმა ვარ, რომ დაქორწინდეთ და ყოველმხრივ შეგიწყობთ ხელს. დღეიდან გურამს შეუძლია, ჩვენთან იცხოვროს. მე კი რამდენიმე დღით საქმეებზე უნდა გავემგზავრო და იმედია, უკან კარგი ინფორმაციით დავბრუნდები.
გურამი მიხვდა, რომ უარის თქმა ზედმეტი იყო. სასიმამროს მხოლოდ მადლობა გადაუხადა და ყიფიანებთან დარჩა.
ვახტანგ ყიფიანი წყვილს ორიოდე საათის შემდეგ გამოემშვიდობა, მათთან გაძლიერებული დაცვა დატოვა და საკუთარი თვითმფრინავით გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა.
***
შავი ფერის შემინულმა „მერსედესმა“ სოხუმის ველურ სანაპიროსთან დაამუხრუჭა და გაჩერდა. მანქანიდან სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი, საშუალოზე მაღალი მამაკაცი გადმოვიდა და თავქვე დაეშვა. ასიოდე მეტრში მას სლავური გარეგნობის მამაკაცი შეხვდა. ახალმოსული შეათვალიერა, ხელი ჩამოართვა და უთხრა:
– გამარჯობა, „ტურა“.
ახალმოსულს არ ესიამოვნა ეს სიტყვები და მიუგო:
– დრო შეიცვალა, ამხანაგო გენერალო და „ტურა“ წარსულს ჩაბარდა. სასურველია, გენერალი დამიძახოთ ან სახელით მომმართოთ.
– შენი წყენინება არ მინდოდა, – ირონიით უპასუხა დამხვდურმა ახალმოსულს და დაამატა, – დაიხსომე, გენერალო, რომ ჩვენს საქმეში მხოლოდ მკვდრები ბარდებიან წარსულს და ისიც ყოველთვის არა. თუ მასე გინდა, გენერალს დაგიძახებ, მაგრამ ძველი მეგობრები ვართ და რატომ გწყინს? მთელი კარიერა „ტურას“ სახელით გაქვს გაკეთებული და მე რომ „ზღარბი“ დამიძახო, უნდა მეწყინოს?! კარგი. ახლა კი საქმეზე გადავიდეთ.
ბინდდებოდა. ზღვა მშვიდი იყო და ჯერ კიდევ საკმაოდ ცხელოდა. „ტურამ“ აქეთ-იქით გაიხედ-გამოიხედა და გენერალს უთხრა:
– წყალი თბილი იქნება. ზღვა მომენატრა და მოდი, ცოტა გავცუროთ.
– საცურაო ტრუსები არ წამომიღია და არც გასამშრალებელი მაქვს, – თქვა „ზღარბმა“.
– დედიშობილა ცურვა უფრო სასიამოვნოა. კაცები ვართ, თანაც, არავინ გვიყურებს, – თქვა „ტურამ“. ტანსაცმლის გახდას შეუდგა და დაამატა, – გაიხადე, გაიხადე, გენერალო, ცოტა გავერთოთ!
გენერალს გაეცინა. ტანისამოსის გახდას შეუდგა, თან უთხრა:
– აკი „ტურა“ წარსულს ჩაბარდაო, კვლავ ვერ ივიწყებ, ხომ, კანტორაში ნასწავლ ჩვევებს? ფიქრობ, ჩამწერი ან გადამღები აპარატურა ხომ არ უბნევიაო და ცურვა ამიტომ მოიფიქრე.
გაგრძელება შემდეგ ნომერში