კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 სასიკვდილო გარიგება

დოროთი სეიერსი 

 თავადაც ვერ მიხვდა, როგორ აღმოჩნდა მის ხელში სარეკლამო ფლაერი. მატარებელში ასვლის წინ გაზეთები შეიძინა. შესაძლოა, ერთი მათგანიდან გადმოვარდნილიყო კიდეც, თუმცა, ეს არ იყო მთავარი. რეკლამის ტექსტმა განაცვიფრა. ერთ მხარეს გარკვევით ეწერა ის, რაზეც არაერთხელ უფიქრია: „თუ ბიჭუნა უკვე ზედმეტი გახდა, მიაკითხეთ რაპალოს და გაიგეთ მეტი „სმიტი და სმიტის“ შესახებ – ლიკვიდაცია!“ არც მისამართი, არც ტელეფონის ნომერი, როგორც ჩვეულებრივ არის ხოლმე რეკლამის შემთხვევაში. თრეიდერმა ბილეთი გადაცვალა, ცოლს დაურეკა, მაგვიანდებაო,   იქვე კაფეში დაჯდა და დაფიქრდა. მერე უახლოეს სატელეფონო ჯიხურს მიაკითხა და სატელეფონო ცნობარი მოიძია. „სმიტი და სმიტი“ იქ ვერ აღმოაჩინა. ძიების ობიექტი შეცვალა და ამჯერად გაუმართლა – „რაპალო სენდვიჩ-კოქტეილ ბარი“ კონდიტსტრიტზე მდებარეობდა. ნახევარი საათის შემდეგ თრეიდერი უკვე ბარმენის წინ იდგა და ყოყმანებდა.
– მე მითხრეს, რომ თქვენ გაქვთ ინფორმაცია „სმიტი და სმიტის“ შესახებ, – თქვა გაუბედავად.
ბარმენმა ბარის სიღრმეში პატარა კარისკენ მიუთითა.
– მიბრძანდით, ბატონები უკვე გელიან.
უცნაური გრძნობით შეპყრობილი თრეიდერი ოთახში შევიდა.  მრგვალ მაგიდასთან სამი ადამიანი იჯდა – ორი მამაკაცი და ერთი ქალი, მოყვითალო, კატის თვალებით.
– მობრძანდით, მისტერ თრეიდერ. ჩვენ გელოდებოდით.
– უცნაურია. საიდან იცით ჩემ შესახებ ან ეს ფურცელი რას ნიშნავს. ლიკვიდაცია – რის, ან ვის ლიკვიდაციაზეა ლაპარაკი?!
– ბატონო თრეიდერ, მშვიდი და გონებამახვილი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებთ. ბიჭი, ალბათ, საკმაოდ ჯანმრთელია. ასეც ვიცოდი. გაზეთები წერდნენ მისი ტრაგედიის შესახებ, რომელმაც ექვსი წლის ბიჭი უზარმაზარი ქონების ერთადერთ მემკვიდრედ აქცია. მართალია, თქვენ მისი ბიძა ხართ, მაგრამ ძმის სიკვდილის შემდეგ, მხოლოდ ბავშვზე მზრუნველობა გხვდათ წილად და უღიმღამო ნამცეცები... აი, ბიჭუნას, თუ რამე დაემართება – ამ ასაკში ბავშვები ისეთი ცელქები არიან და იმდენი საშიში ინფექციაა... ოღონდ არ მითხრათ, რომ ამაზე არ გიფიქრიათ.
თრეიდერი შეკრთა. ეს ვიღაც სმიტი თითქოს მის გულსა და ტვინში იჯდა. სული შეეხუთა და მისთვის მომზადებული კოქტეილი მოსვა.
– ვხედავ შევთანხმდებით. ო, ბავშვები. ისინი, ხომ ანგელოზები არიან. მათი ადგილი ზეცაშია. „სმიტი და სმიტი. ლიკვიდაცია“ სწორედ ამისთვის შეიქმნა. მთავარია, შეთანხმებას მივაღწიოთ და დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებთ. მომსახურებაში ძვირს არ გამოგართმევთ. აბა, ათას ხუთასი ფუნტი რა სალაპარაკოა? სამაგიეროდ, შედეგზე გარანტიას ვიძლევით. სირილ თრეიდერს ხომ ჰყავს ძიძა, მაგრამ ის მაინც ახერხებს, ხოლმე გაპარვას მეზობლად მდებარე მიგდებულ მამულში სათამაშოდ. უბედური შემთხვევა კი ყოველ წუთს შეიძლება, მოხდეს.
თრეიდერმა ჟანგბადის ნაკლებობა იგრძნო.
– ხელშეკრულება მზად გვაქვს. თქვენ მარტო  ხელი მოაწერეთ, ფულს მაშინ მივიღებთ, როცა შეკვეთა შესრულდება. ერთ რჩევასაც მოცემთ, შეკვეთის შესრულების ვადაში სადმე გაემგზავრეთ. წადით სანადიროდ. არ გიყვართ ნადირობა? მისტერ თრეიდერ, ზოგჯერ ნადირობა ძალიან სასარგებლოა, რისკის ელემენტებს გამორიცხავს.
თრეიდერმა, ფაქტობრივად, ბურანში მყოფმა მოაწერა ხელი ხელშეკრულებას და ჩეკიც გამოწერა. მერე ხშირად ეკითხებოდა საკუთარ თავს, ეს ყველაფერი სიზმარში ხომ არ ვნახეო, მაგრამ ჩეკების წიგნიდან ამოხეული ფურცელი რეალური იყო. თარიღი ამოუტივტივდა გონებაში. პირველი ოქტომბერი. ძმისა და რძლის სიკვდილის მერე – ისინი ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ, პატარა ძმისშვილის მეურვეობა მას და მის ცოლს დაეკისრა. უსამართლობა იყო ის, რომ თრეიდერების უზარმაზარი იმპერია ამ თითის სიგრძე ლაწირაკს უნდა დარჩენოდა. ყოველი შემთხვევისთვის, ოცდაცხრა სექტემბერს, მაინც უთხრა ცოლს, რომ მეგობართან ერთად სანადიროდ მიდიოდა და სახლიდან წავიდა.
 – ბიცოლა!
– რაო, სირილ, – მისის თრეიდერი სუსტი და მელანქოლიური გარეგნობის ქალი იყო, ბიჭი კი მართლა უყვარდა.
– დღეს ჯადოსნური ამბავი გადამხდა. გეფიცებით, ამჯერად არაფერს ვიგონებ. ფერიას შევხვდი, ნამდვილ ფერიას. კატისებრი თვალები ჰქონდა და გარს ლომები და ლეოპარდები ეხვია.
მისის თრეიდერმა ბავშვს შუბლზე დაადო ხელი.
– სირილ, როგორი ცხელი შუბლი გაქვს, სიცხე გიწევს. იმიტომაც გეჩვენება რაღაცები. ახლავე ვეტყვი ძიძას ლოგინში ჩაგაწვინოს და მიქსტურაც დაგალევინოს.
– არა ბიცოლა, არა... ცოტა მუცელი კი მტკივა, მაგრამ კარგად ვარ. ფერია კი მართლა ვნახე. ჩვენს მეზობლად ცხოვრობს. იმ დიდ, ძველ სასახლეში. ფერიამ ჯადოსნურ სადილზე დამპატიჟა და ოქროს თეფშებდან ვჭამდით. ფერიამ ისიც მითხრა, რომ როცა გავიზრდები, უფლისწული ვიქნები, ჩემი ზღაპრული ქვეყანა მექნება და ფერიას ცოლად შევირთავ.
მისის თრეიდერმა თავზე იტაცა ხელები.
– სირილ, ჭკუიდან ნუ შემშლი. აშკარად ცუდად ხარ. ექიმს ახლავე გამოვიძახებ.
როცა ერთი საათის შემდეგ ექიმი სიმონდსი მოვიდა პატარა სირილი სიცხისგან იწვოდა და ბოდავდა. ლეოპარდებიან ფერიასა და მის სასახლეში ჯადოსნურ ვახშამს ახსენებდა. შეშფოთებულმა ექიმმა სასწრაფოდ კუჭის გამორეცხვა ბრძანა და მისის თრეიდერს სთხოვა, მისტერ თრეიდერი სახლში დაებრუნებინა. მიუხედავად  დამატებით კიდევ ერთი ექიმის გამოძახებისა და ორივე ექიმის ძალისხმევისა, ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა და გამთენიისას გარდაიცვალა. მისის თრეიდერის მწუხარება უსაზღვრო იყო, ის სირილის უსულო სხეულთან ჩაიკეტა ოთახში და გარეთ მაშინაც არ გამოსულა, როცა სახლში დაბრუნებულმა მისტერ თრეიდერმა ექიმის დასკვნის გასაცნობად უხმო. სასამართლო ექსპერტი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ბავშვმა ველური კარტოფილის მწვანე ბოლქვები შეჭამა და მასში არსებული შხამიანი ნივთიერებით – სოლანინით მოიწამლა. მთელი ექსპედიცია გაემგზავრა მეზობელ მამულში, სადაც აღმოაჩინეს კიდეც ველური კარტოფილის ბუჩქები.
– უცნაურია, – თქვა ექსპერტმა, – ასეთი დოზით შხამს, მხოლოდ კარტოფილის იშვიათი ჯიში შეიცავს. ეტყობა, საწყალმა ბავშვმა სწორედ ის ბოლქვი შეჭამა, რომელშიც განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის სოლანინი იყო კონცენტრირებული. აქედან აიხსნება ჰალუცინაციებიც. თანაგიგრძნობთ, მისტერ თრეიდერ.
მისტერ თრეიდერს შუბლზე ცივმა ოფლმა გამოჟონა. კალენდარი პირველ ოქტომბერს უჩვენებდა. მაშინვე ბანკში დარეკა და იკითხა, ხომ არ გაანაღდა ვინმემ მისი ხელმოწერით ათას ხუთასფუნტიანი ჩეკი. ბანკიდან უპასუხეს, რომ ზუსტად ერთი საათის წინ მოხდა ანგარისსწორება. თრეიდერმა თავი ცუდად იგრძნო. სამი დღის შემდეგ კი თრეიდერმა ჯერ ცოლის სიძულვილით სავსე გამოხედვა იგრძნო და მხოლოდ ამის მერე დაინახა მის ხელში წერილი.
– რა მოხდა, ძვირფასო? – ჰკითხა უსიამოვნო წინათგრძნობით შეპყრობილმა. პასუხად ქალმა წერილი გაშალა და ხმამაღლა წაიკითხა.
მე, არტურ თრეიდერი ვაღიარებ, რომ შეგნებულად მოვწამლე ჩემს მეურვეობაში მყოფი, საკუთარი ძმისშვილი სირილ თრეიდერი. მეზობლად მდებარე მამულში მოვძებნე კარტოფილის ბუჩქი და მის ბოლქვებში შპრიცით სოლანინის სასიკვდილო დოზა შევიყვანე. ახალგაზრდობაში ქიმიას ვსწავლობდი და ეს არ გამჭირვებია. ვიცოდი, რომ ბავშვი ადრე, თუ გვიან შეჭამდა მას. დანაშაული თრეიდერების ფინანსური იმპერიისა და მამულების ხელში ჩასაგდებად ჩავიდინე, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით.
თრეიდერს მუხლები მოეკვეთა. გაახსენდა, რომ ხელშეკრულებაზე ხელი მექანიკურად, მის წაუკითხავად მოაწერა. საიდან იცოდნენ, რომ ახალგაზრდობაში ქიმიას სწავლობდა?!..  „ჩვენ პროფესიონალები ვართ“. ჩაესმა თითქოს მისტერ სმიტის ხმა და თვალთ დაუბნელდა.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ

скачать dle 11.3