№41 როგორ იხსნა დაღუპვისგან ქართული გენოფონდი ლავრენტი ბერიამ
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
მავანნი ლავრენტი ბერიას ხშირად თავისი ერის, ანუ ქართველების ჯალათს უწოდებენ. ამით მათ იმის ხაზგასმა სურთ, რომ თითქოს ბერიას საერთოდ არ აღელვებდა თავისი თანამემამულეების ბედი და ქართველებს განსაკუთრებული სისასტიკითაც კი უსწორდებოდა... ისტორიკოსი პაველ ნოჟნიკოვი წერს: „სისულელეა იმის მტკიცება, რომ თითქოს ლავრენტი ბერია თავის თანამემამულეებს უმოწყალოდ უსწორდებოდა და მათ გენოციდს უწყობდა. ეს ყველაფერი შურისმაძიებელი ნიკიტა ხრუშჩოვისეული პროპაგანდაა, რომელიც სამწუხაროდ, დღესაც ჭრის ხოლმე და ობიექტური რეალობის მიჩქმალვას ემსახურება. ობიექტური რეალობა ასეთია – მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში, იმ სისხლიანი რეპრესიების ჟამს, როდესაც მასობრივი ხოცვა-ჟლეტა ხორციელდებოდა მთელი საბჭოეთის მასშტაბით, საქართველო, სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ადგილზე იყო. პირველ ადგილს კი ამ სისხლიან შეჯიბრში რუსეთი და უკრაინა იყოფდნენ. უკრაინას კი იმ პერიოდში ნიკიტა ხრუშჩოვი თავკაცობდა და მოგვიანებით სწორედ ამ თავად სისხლიანმა (ხრუშჩოვმა) შეამკო ბერია სისხლისმსმელის ეპითეტით. ცნობილი ფაქტია, რომ რესპუბლიკების ხელმძღვანელებთან ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელიც სტალინის კაბინეტში ჩატარდა, ბელადმა საქართველოს ცეკას პირველ მდივანს, ლავრენტი ბერიას უთხრა:
– ამხანაგო ბერია, ნუთუ მართლა ისეა საქმე თქვენთან, რომ ხალხის მტრების სტატისტიკამ ოთხნიშნა რიცხვსაც ვერ მიაღწია. აი, – სტალინმა იქვე მყოფი ხრუშჩოვისკენ გაიშვირა ხელი, – უკრაინაში კი ეს მონაცემები უკვე ექვსნიშნას (მილიონს) ბევრად აჭარბებსო.
ხრუშჩოვს ეგონა, რომ სტალინმა ის შეაქო და სახე გაებადრა. ბერია კი ფეხზე წამოდგა და სტალინს მიუგო:
– დიახ, ამხანაგო სტალინ, მშობელ ხალხს ისე უყვარხართ და გაფასებენ, რომ თქვენს მტრობას გულში ცოტა ვინმე თუ გაივლებს და ისინიც აღზრდას ექვემდებარებიანო.
სტალინს გაეცინა და ბერიას უთხრა:
– თქვენი სიტყვებიდან გამოდის, რომ უკრაინელებს არ ვუყვარვარ და არ მაფასებენ, რადგან იქ, თურმე, მილიონობით მტერი მყავს, როგორც ამას ამხანაგი ხრუშჩოვი გვაწვდის.
ბერიას გაეღიმა და სტალინს „ვეფხისტყაოსნის“ ბალმონტისეული თარგმანით (მაშინ შალვა ნუცუბიძეს ჯერ არ ჰქონდა ნათარგმნი შოთას ეს პოემა) უპასუხა:
– „გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა, ტკბილად მოუბარი“.
ამ სიტყვებზე სტალინს გაეღიმა და ხრუშჩოვს უთხრა:
– გესმით, ამხანაგო ხრუშჩოვ, სანამ ადამიანების სასტიკ დასჯაზე მიდგება საქმე, მათთან პროპაგანდისტული სამუშაო უნდა ჩაატაროთ და ეტყობა, ეს საქმე თქვენთან, უკრაინაში დაბალ დონეზეა. ვეთანხმები ამხანაგ ბერიას და გაითვალისწინეო.
ხრუშჩოვს ოფლმა დაასხა და ერთი ამოილუღლუღა: „დიახ, ამხანაგო სტალინ“. და თავჩაგინდრული დაეშვა სკამზე.
მოგვიანებით, როდესაც ბერია უკვე ვერაგულად მოკლეს, ხრუშჩოვი კი საბჭოთა კავშირს ხელმძღვანელობდა, მლიქვნელთა გარემოცვაში მყოფმა ნიკიტამ, ეს ისტორია ასე გაიხსენა:
– გაიძვერა ბერია ყოველმხრივ აქეზებდა სტალინს ჩემ წინააღმდეგ და რაღაც სულელურ ლექსებს უკითხავდაო.
სინამდვილეში კი, თემას რომ არ გადავუხვიოთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ბერიას გულით უყვარდა ის ხალხი, ვისი წიაღიდანაც იყო გამოსული და ცდილობდა, თუკი ეს შესაძლებელი იყო, უმიზეზოდ არავინ გაეწირა. იმის ნათელი მაგალითი, რომ ბერია ქართველებზე ზრუნვას საკუთარი რისკის ფასად ახერხებდა, ქერჩში მომხდარი ტრაგედია გამოდგება. საბჭოთა კავშირის გმირი, ცნობილი ქართველი გენერალი ვლადიმერ ჯანჯღავა ყვებოდა: „1942 წლის მაისში, სულ რაღაც 10 დღის განმავლობაში ქერჩის ბრძოლების დროს, 120 ათასი ეთნიკური ქართველი დაიღუპა, რომლებმაც გმირულად შესწირეს თავი ფაშიზმთან ბრძოლას. ამ ტრაგედიამ სულით ხორცამდე შეძრა ლავრენტი ბერია და როგორც სერგო გოგლიძემ მომიყვა, ბერია ძალიან დათრგუნულ, შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. თურმე, ამბობდა: კიდევ ერთი ასეთი ტრაგედია და ჩვენ (ქართველები) გენოფონდის გარეშე დავრჩებით, ამიტომ რაიმე უნდა მოვიფიქროთო. და მართლაც, ბერიამ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იმ უმოწყალო ომის პერიოდში, ყველა იმ პიროვნებას, ვისაც საქართველოდან მოსახლეობის (ძირითადად, ქართველების) ომში გაწვევა ევალებოდა, სიტყვიერი განკარგულება მისცა, რომ ეს პროცესი მნიშვნელოვნად შეეჩერებინათ. მანვე (ბერიამ) მოიფიქრა ასეთი სქემა: გახსნა კვალიფიციური სპეციალისტების მომზადების კურსები, რომელსაც ჯავშანი დაუწესდათ და ფრონტზე არ იწვევდნენ. ისინი, ვინც იქ სწავლობდა, სხვადასხვა პროფესიას ეუფლებოდა, კურსების გავლის შემდეგ კი მუშაობას იწყებდა. მიუხედავად ამისა, მეორე მსოფლიო ომში 400 ათასი ქართველი წავიდა. აქედან 300 ათასი დაიღუპა და რომ არა ბერიას ძალისხმევა, ფაშიზმთან ბრძოლა, ალბათ, მართლა შეიწირავდა მთელ ქართულ გენოფონდს“.
ცნობილი ქართველი გენერლის მონათხრობი ისტორია თვალნათლივ მეტყველებს იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ბერიას თავისი თანამემამულეების მიმართ. მავანს შეიძლება, მოეჩვენოს, რომ ბერია ქართველებს დეზერტირობას აჩვევდა, თუმცა, სხვა კუთხით შევხედოთ ამ ყველაფერს და მივხვდებით, რომ სწორედ ბერიამ იხსნა ქართული გენოფონდი დაღუპვისგან“.