№41 რატომ არ ისურვა სტალინმა დიდი ბრიტანეთის ლორდობა
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

საგულისხმო ფაქტია ის, რომ თავად სტალინმა ამის შესახებ გაზეთ „პრავდის“ მოწინავე გვერდიდან შეიტყო, რადგან ჩვენ (მთავრობა და პოლიტბიურო) საიდუმლოდ ვინახავდით. ასეთი გასაიდუმლოება კი იმან გამოიწვია, რომ მას სამჯერ შევთავაზეთ ეს წოდება და სამჯერვე კატეგორიული უარი განაცხადა. ამ ფაქტს ასეთი კურიოზული ისტორია ახლდა – 24 ივნისს, წითელ მოედანზე ჩატარებული გამარჯვების პარადის შემდეგ კრემლში ბანკეტი გაიმართა. მარშალმა ჟუკოვმა მას (სტალინს) მესამედ მიმართა წინადადებით, რომ გენერალისიმუსობა მიეღო და მესამეჯერაც უარი მიიღო. მაშინ, მარშალმა კონსტანტინე როკოსოვსკიმ ნაბიჯი წინ გადადგა და სტალინს უთხრა:
– ამხანაგო სტალინ! მეც მარშალი ვარ და თქვენც. რაიმე რომ დავაშავო, სამხედრო წესების მიხედვით ვერ დამსჯით, რადგან ერთი წოდების პირებს ერთმანეთის დასჯა არ შეუძლიათ და უბრალოდ, ვალდებული ხართ, ეს წოდება მიიღოთ.
სტალინმა გაიღიმა და როკოსოვსკის მიუგო:
– საჭიროების შემთხვევაში გენერალისიმუსს ვინღა დასჯის? – შემდეგ შეკრებილებს მზერა მოგვავლო და დაამატა,
– ვიფიქრებ და პასუხს მოგვიანებით გაგცემთო.
სტალინის სიტყვები თანხმობად მივიღეთ და გადავწყვიტეთ, შესაბამისი კანონი მიგვეღო. თუმცა ეს სტალინს დავუმალეთ და შეთქმულებივით ვმოქმედებდით.
„პრავდაში“ გამოქვეყნებული ამ ახალი ამბის წაკითხვის შემდეგ კი სტალინმა პირველი მე მიხმო და როგორც თვითონ თქვა, „პარტიზანული“ მოქმედებისთვის შემახურა. ასევე სერიოზულად უსაყვედურა დანარჩენებსაც, ვინც ამ „შეთქმულებაში“ მიიღო მონაწილეობა და პოლიტბიუროს წევრებს მომავალშიც ხშირად მოგვიხსენიებდა „შეთქმულ პარტიზანებად“, რომელშიც ხუმრობაც იყო და სიმართლეც...“
სტალინს არაერთმა მსოფლიოში ცნობილმა სასწავლებელმა შესთავაზა საპატიო დოქტორის წოდება, განსაკუთრებით ომში გამარჯვების შემდეგ, მაგრამ ყველას უარი შეუთვალა. თავად ბელადი კი ნახევრად ხუმრობით ამბობდა: რომელი დოქტორი და პროფესორი მე ვარ, უმაღლესი განათლება არ მიმიღია და სასულიერო სემინარიიდანაც კი გამომრიცხესო... ასევე, უარი თქვა ყველა იმ უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე, რომლებსაც მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მეთაურები სთავაზობდნენ.
საგულისხმო ისტორიაა სტალინისთვის ბრიტანეთის ლორდის წოდების შეთავაზება, რომელიც საბჭოთა ბელადს ბრიტანეთის მონარქმა გეორგ მეექვსემ (ჯორჯ მეექვსე) გამოუგზავნა. სამეფოტიტულიან ფურცელზე დაბეჭდილ წერილში მეფე მას ბრიტანეთის ლორდის წოდებას სთავაზობდა. სტალინმა რომ ეს წერილი წაიკითხა, საპასუხო წერილი გაუგზავნა, რომელშიც ეწერა: „თქვენო უმაღლესობავ, დიდ მადლობას მოგახსენებთ ასეთი მაღალი ტიტულის შემოთავაზებისთვის, მაგრამ ვერანაირად ვერ მივიღებ მას. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ბრიტანელ ლორდს დიდი მამული უნდა ჰქონდეს, რაც მე არ გამაჩნია და საერთოდ, უნდა გაუწყოთ, რომ არანაირი პირადი საკუთრება არ მაქვს. ჩემთვის ცნობილია ისიც, რომ მე შემიძლია ამ ტიტულისა და მამულის ყიდვა, მაგრამ არც ამისი ფული მაქვს და არც სურვილი. ვიცი ის, რომ მონარქს, ანუ თქვენ, გაქვთ უფლებამოსილება, ეს ტიტული პირადად მომანიჭოთ, მაგრამ ამაზეც არ ვარ თანახმა. მე და ჩემმა თანამებრძოლებმა მონარქია იმიტომ არ დავამხეთ, რომ თავად გავმხდარიყავით ამ წრის წარმომადგენლები. გაცნობებთ, რომ წარმოშობით პროლეტარისა და გლეხის უბრალო შვილი ვარ და კომუნისტის წოდება ჩემთვის ყველა არისტოკრატიულ ტიტულზე ძვირფასია.
პატივისცემით, სტალინი“.
სტალინისთვის ლორდის ტიტულის მინიჭების ისტორიას ამგვარად დაესვა წერტილი და საბჭოთა ბელადი მსოფლიო ისტორიაში ყოველგვარი არისტოკრატიული რეგალიის გარეშე, უბრალოდ, სტალინის სახელით დარჩა.“