№41 იოდდეფიციტი – გლობალური პრობლემა
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ფარისებრი ჯირკვალი ყელის წინა ზედაპირზე მოთავსებული პატარა, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ორგანოა, რომლის მიერ გამომუშავებული ჰორმონები სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესზე, გულის, თავის ტვინის, კუნთების, ასევე, საყრდენ-მამოძრავებელი და რეპროდუქციული სისტემების მუშაობაზე.
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების, თიროქსინისა და ტრიიოდთირონინის, ძირითადი შემადგენელი მიკროელემენტია იოდი, რომელიც მათ სინთეზში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. იოდის ძირითადი წყაროა გარემო და საკვები პროდუქტები. შესაბამისად, იოდის დეფიციტმა შეიძლება, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა და ჰიპოთირეოზის ჩამოყალიბება გამოიწვიოს, ასევე, შესაძლებელია, მოხდეს ფარისებრი ჯირკვლის მოცულობის ზრდა, ანუ ჩიყვის განვითარება.
იოდდეფიციტი გლობალური პრობლემაა, რადგან ეს დაავადება მსოფლიოს მრავალ რეგიონში აღინიშნება. 2007 წლის მონაცემებით, იოდდეფიციტი პრობლემას 47 ქვეყანაში წარმოადგენს. იოდს 2 მილიარდი ადამიანი შეითვისებს არასაკმარისი რაოდენობით, მათ შორის, 266 მილიონი სკოლის ასაკის ბავშვი. მსუბუქი იოდდეფიციტის რეგიონებში ბავშვთა ინტელექტის კოეფიციენტი (IQ) 13 ერთეულით დაბალია. რეგიონული იოდის დეფიციტის დადგენა ზოგადი პოპულაციის გამოკვლევით ხდება.
იოდის მიღება შესაძლებელია იოდიზებული მარილის საშუალებითა და იოდის შემცველი პროდუქტების მიღებით, როგორიცაა რძის ნაწარმი, ზღვის პროდუქტები და წყალმცენარეები (ლამინარია), ხორცი, კვერცხი და ასე შემდეგ.
იოდდეფიციტით გამოწვეული სიმპტომები დაკავშირებულია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევასთან. იოდდეფიციტის დროს ფარისებრი ჯირკვალი პროგრესულად იზრდება, რათა დააკმაყოფილოს ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილება თიროქსინის მიმართ. შედეგად ვითარდება ჩიყვი (ფარისებრი ჯირკვლის გადიდება). ასევე, შესაძლებელია, განვითარდეს კვანძები. დიდი ზომის ჩიყვის გამო ადამიანები უჩივიან სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელებას, მოხრჩობის შეგრძნებას, განსაკუთრებით მწოლიარე მდგომარეობაში.
იოდის მნიშვნელოვნად შემცირების შედეგად შეიძლება, განვითარდეს ჰიპოთირეოზი, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, რომელიც ხასიათდება საერთო სისუსტით, უხასიათობით, სიცივის აუტანლობით, კანის სიმშრალით, მეხსიერებისა და შრომისუნარიანობის დაქვეითებით.
იოდის საკმარისი რაოდენობით მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსული და მეძუძური ქალებისთვის. ორსულობის დროს იოდდეფიციტმა შესაძლებელია, გამოიწვიოს სპონტანური აბორტი, მკვდრადშობადობა, ნაადრევი მშობიარობა, თანდაყოლილი ანომალიები. იოდდეფიციტური დედის ბავშვებში აღინიშნება გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა, ზრდის შეფერხება, მეტყველების დარღვევა. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, ვითარდება კრეტინიზმი (სინდრომი, რომელიც ხასიათდება თავის ტვინის დაზიანებით, გონებრივი ჩამორჩენილობით, ყრუ-მუნჯობით, ფიზიკური განვითარების შეფერხებით).
არსებობს მოსაზრება, რომ იოდდეფიციტის პროფილაქტიკა იოდის შემცველი პროდუქტებითაც საკმარისია, თუმცა ზოგიერთი ენდოკრინოლოგის აზრით, ისეთ იოდდეფიციტურ ქვეყანაში, როგორიცაა საქართველო, ადგილობრივი პროდუქტით ეს შეუძლებელია, რადგან ნიადაგიც არ შეიცავს საკმარისი რაოდენობით იოდს, შესაბამისად, ვერც ხილსა და ბოსტნეულში მოხვდება საკმარისი რაოდენობის იოდი. იოდის შემცველია, ძირითადად, ზღვისა და ოკეანის პროდუქტები, ასევე, ყველა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ იოდიზირებული მარილი.
დიდი რაოდენობით იოდის მიღებამ შეიძლება გამოიწვის სხვადასხვა სახის ფუნქციური დარღვევები ფარისებრ ჯირკვალში, განსაკუთრებით კვანძებისა და აუტოიმუნური დაავადების არსებობის დროს. დიდი რაოდენობით იოდი ადამიანის ორგანიზმში შეიძლება, მოხვდეს მედიკამენტების გზით, რადიოლოგიური პროცედურისას (იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერების გამოყენებისას) ან იოდის შემცველი პროდუქტის დიდი რაოდენობით მიღებისას, აგრეთვე, იოდის დეფიციტის რეგიონში მცხოვრები ადამიანის გადასახლებისას იოდით მდიდარ რეგიონში.