№41 ნუში თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

განსაკუთრებით ძვირფასი პროდუქტია ნუშის ზეთი, რომელიც მრავალმხრივ გამოიყენება. ნუშის ზეთს ორი სახეობის – ტკბილი და მწარე – ნუშისგან ხდიან. ის სასიამოვნო გემოს მქონე მოყვითალო ფერის გამჭვირვალე, უსუნო სითხეა.
ნუში მაღალი კონცენტრაციით შეიცავს ფიტოსტეროლს, ამიგდალინს, ტოკოსტეროლს, ტრიოლეინს, ლინოლენის მჟავას, გლიცერიდს და სხვა მნიშვნელოვან ნივთიერებებს.
ნუშის ზეთი მდიდარია E ვიტამინით, რომელიც აფერხებს უჯრედთა დაბერებას, აცხრობს კანის ანთებით პროცესებს. ნუშის ზეთი ხელს უწყობს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციის ნორმალიზებას, ხელს უშლის ფორების გაფართოებას, უნარჩუნებს თმას ელასტიკურობასა და ბზინვარებას. ის არეგულირებს კანში წყლისა და ლიპიდების ცვლას, ეპიდერმული ბარიერის განვლადობას, ააქტიურებს უჯრედთა რეგენერაციის პროცესს. საუკეთესო საშუალებაა მასაჟისთვის. გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა ზეთებთან კომბინირებულად ცელულიტის სამკურნალოდ. კარგად შეიწოვება კანიდან. აქვს ანთების საწინააღმდეგო, რეგენერაციული და მატონიზებელი მოქმედება, ამშვიდებს, კვებავს და ატენიანებს კანს.
რეკომენდებულია მგრძნობიარე და მშრალი კანის გასაწმენდად, ნაწოლების სამკურნალოდ, მშრალი თმის მოსავლელად. მისი რეგულარული შეზელა აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, აჯანსაღებს და ბზინვარებას მატებს მას.
ნუში კვებავს სისხლის უჯრედებს და ასევე, წმენდს მას. სახალხო მედიცინაში ნუში გამოიყენება ღვიძლის სამკურნალოდ. ის ყველა ორგანოს ასუფთავებს და კენჭების ან მარილების წარმოქმნას უშლის ხელს. ასევე, ის აძლიერებს ტვინს, გიუმჯობესებთ მხედველობას, მკერდსა და ყელს კიბოსგან იცავს.
ნუში გამოიყენება ასთმისა და პლევრიტის პრევენციისთვის. ეს მცენარე კუჭისა და შარდის ბუშტის წყლულისგან გაგათავისუფლებთ.
ნუშში შემავალი მაგნეზიუმი განსაკუთრებულ როლს თამაშობს ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში. ნუში ანტიოქსიდანტების საუკეთესო წყაროა, რომელსაც სტრესის საწინააღმდეგო თვისებები ახასიათებს. მათი დიდი რაოდენობა ნუშის ნაყოფის თხელ ყავისფერ გარსშია, ამიტომ, გარსგაცლილი, თეთრი ან მოხალული ნუში საკვებად ნაკლებად ღირებულია.