№41 როგორ ვუმკურნალოთ ქალურ პრობლემებს
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
სასქესო ორგანოებიდან გამონადენი ყველა ასაკის ქალს აქვს. გამონაკლისია პერიოდი 1 თვიდან 8-9 წლამდე – ამ დროს მენსტრუალური ფუნქცია ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია, კვერცხუჯრედები არ არის მომწიფებული, ქალური ჰორმონებიც იმდენად მცირე რაოდენობით წარმოიქმნება, რომ ორგანიზმზე გავლენას თითქმის არ ახდენს.
როდესაც გოგონა ცხრა წელს გადააბიჯებს, ჩნდება ლორწოვანი გამონადენი, რომლიც პერიოდულად გამოიყოფა და ბრინჯის ნახარშს ან უმი კვერცხის ცილას მოგვაგონებს. სქესობრივი მომწიფების ასაკში გამონადენი ციკლურ ხასიათს იძენს და მენსტრუალური ციკლის ფაზაზეა დამოკიდებული.
ციკლის შუაში (მენსტრუაციიდან მენსტრუაციამდე არსებულ პერიოდში) გამოიყოფა ლორწოვანი გამონადენი, რომელიც უმი კვერცხის ცილას ჰგავს. ეს ოვულაციის – კვერცხუჯრედის მომწიფებისა და ესტროგენების მაქსიმალური პროდუქციის ნიშანია. მენსტრუალური ციკლის შემდეგ გამონადენის ოდენობა მინიმუმამდე იკლებს. მენსტრუაციამდე მცირე ხნით ადრე ჩნდება ზომიერი ერთგვაროვანი გამონადენი, რომელიც ბრინჯის ნახარშს წააგავს.
თეთრად შლა საშოდან ჭარბი ან უჩვეულო – რძისფერი, მოყვითალო-მომწვანო, უსიამოვნო სუნის მქონე – გამონადენია. თან სდევს ქავილი და მუდმივი სისველის შეგრძნება. თეთრად შლა უმეტესად შინაგანი სასქესო ორგანოების დაავადების (ანთების, სიმსივნის) დროს ვითარდება. შედარებით იშვიათად გამოწვეულია შაქრიანი დიაბეტით, ტუბერკულოზით, სისხლის დაავადებით.
საშოდან უჩვეულო გამონადენის არსებობისას აუცილებელია გინეკოლოგის კონსულტაცია. მიზეზის დადგენამდე მკურნალობის ჩატარება დაუშვებელია, უსიამოვნო შეგრძნებებისგან თავის დასაღწევად რეკომენდებულია მხოლოდ ჰიგიენური ჩაბანა. როდესაც გამონადენი ჩვეულებრივზე სქელია და თან სდევს გარეთა სასქესო ორგანოების კანის გაღიზიანება – სიმკვრივეები, წყლულები, ბუშტუკები - შესაძლოა, ანთებით დაავადებასთან გვქონდეს საქმე (თუმცა, სასქესო ორგანოების მიდამოში კანის გაღიზიანება ყოველთვის ანთებითი დაავადების ნიშანი არ არის. ის შეიძლება იყოს მგრძნობიარე კანის რეაქცია დეზოდორის, საპნის, ტალკის გამღიზიანებელი კომპონენტების მიმართ).
როდესაც გამონადენი სქელია, მაგრამ გარეთა სასქესო ორგანოების მიდამო გაღიზიანებული არ არის, შესაძლოა, ეს იყოს:
* რეაქცია ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებაზე;
* ორსულობით გამოწვეული ჰორმონული ცვლილებები.
თუ გამონადენი მეტისმეტად სქელი და თეთრია:
* მიზეზი, სავარაუდოდ, რძიანა ანუ სოკოვანი დაავადებაა, რომელიც ხშირად ვითარდება ანტიბიოტიკების ან ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ.
თუ გამონადენი მომწვანო ფერისაა:
* შესაძლოა ქალს დაავიწყდა ტამპონის გამოღება. თუ გამონადენი უცხო სხეულის მოცილებიდან 24 საათზე მეტხანს გაგრძელდა, აუცილებელია ექიმის ჩარევა.
თუ გამონადენს ერთვის ტკივილი მუცლის ქვედა არეში ან წელის მიდამოში, საერთო სისუსტე – ეს შესაძლოა საშვილოსნოს მილებისა და ირგვლივ მდებარე ქსოვილების ანთების ნიშანი იყოს. მძიმე შემთხვევებში საჭიროა ჰოსპიტალიზაცია გინეკოლოგიურ კლინიკაში.
* შესაძლოა, ამის მიზეზი იყოს ტრიქომონული ვაგინიტი (კოლპიტი), რომელიც სქესობრივი გზით ვრცელდება. აუცილებლად მიმართეთ ექიმს.