№41 ტერენტი გრანელი: „ვიცი, დრო მოვა ჩემი გაგების“
ნინო კანდელაკი ეკა პატარაია
„ჩემგან გულით პატივცემულო ძვირფასო სანდრო (საშა) ტერენტი გრანელის შენახვით მოვბეზრდი, მე ეხლა სახლი აღარ მაქვს, ერთ ოთახში ვდგევარ, აქვე მიწყვია შენი წიგნები. ტერენტის ჩემთან დგომა აღარ შეიძლება, რადგან ალაგი აღარ მაქვს, ვინაიდგან ჩემი ოთახი ისეთია, რომ შიგ ძაღლი არ შეიგდება. ტერენტის არა აქვს ლოგინი, არა აქვს კუშეტკა, მაგიდა, სკამი, პირსახოცი და სხვაც კიდევ სხვანი. მე რომ ლოგინი წავართო, მაშინ იგი ძირს უნდა ეგდოს იატაკზედ ულოგინოდ. ამისათვის საჭირო არის, რომ 50 მანეთი იშოვნოს, რომ ლოგინი შეიძინოს, ტახტი, მაგიდა, სკამი, პირსახოცი და ნიფხავ-პერანგი. იქონიეთ ამისი სიბრალული, ტიტველა იყო, ნიფხავ-პერანგი ტანზედ სულ შემოხეული ჰქონდა. მე ვუყიდე, 3 მანეთი მივეცი, კოსტუმიც მე ვუყიდე. მე არ მაქვს შეძლება. და ამიტომ გატყობინებთ, რომ თქვენ უპატრონოთ ამ კაცს, რომ იგი ქუჩაში არ მოკვდეს. ამისათვის საჭიროა სულ 50 მანეთი, რომ ყველაფერი შეიძინოს და ოთახშიც ცალკე დადგეს. გთხოვთ მაცნობოთ პატარა წერილით, მოახერხებთ თუ არა დახმარებას:“ – ეს 1928 წელს ზაქარია ჭიჭინაძის წერილია გაგზავნილი ალექსანდრე აბაშელისადმი. ტერენტი გრანელი ერთადერთი პოეტია, ვისაც შეცდომა არ დაუშვია და არცერთი სტრიქონი არ დაუწერია გაწითლებულ საქართველოზე. ქედი არასოდეს მოუდრეკია და ამისათვის დათმო ყველაფერი ამქვეყნიური და დაქორწინდა სიღარიბეზე. ეს უცნაური პოეტის უცნაური და სევდიანი დღიურებია, რომელსაც მისტიკურ სამყაროში გადაჰყავხართ.
„1927 წლის ერთ დილას ორი კაცი მოადგა ჩემს ბინას და ალექსანდრე სიგუა იკითხა. მე გახლავართ, ბატონო-მეთქი.
– ტერენტი გრანელი თქვენთან ცხოვრობს, არა?
– დიახ ჩემთან ცხოვრობს, ბატონო, – შევიპატიჟე ოთახში.
ესენი იყვნენ ვლადიმერ მაიაკოვსკი და ცნობილი პუბლიცისტი ალი არსენიშვილი. პოეტები ერთმანეთს გაეცნენ. ბევრი ისაუბრეს ლიტერატურასა და ხელოვნებაზე. განსაკუთრებით დიდი ადგილი დაუთმეს სერგეი ესენინს, რომელიც ტერენტი გრანელმა თბილისში გაიცნო.
– მე თქვენს პოეზიაზე, ბევრი საინტერესო მიამბეს ქართველმა პოეტებმა: ტიციან ტაბიძემ, პაოლო იაშვილმა, ვალერიან გაფრინდაშვილმა, კოლაუ ნადირაძემ და სხვებმა. ამიტომ გადავწყვიტე თქვენი ნახვა, როგორც პოეტის. ხომ არ მომცემთ ლექსებს, რომ გადავთარგმნო და დავბეჭდო რუსულ პრესაში, – უთხრა ტერენტის ვლადიმერ მაიაკოვსკიმ.
– ლექსებს კი მოგცემთ, ბატონო ვლადიმერ, მაგრამ ჩემს ლექსებში არ ჩანს წითელი აგიტაცია-პროპაგანდა, ანუ უკაცრავად, ცხოველური აღტკინება, ბიოლოგიური პათოსი. არც და ვერც იქნება, გამორიცხულია. ჩემს ლექსებში სულიწმიდის მადლია განფენილი. სტრიქონებში ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატებია ჩაწნული, მისტიკური ხედვითაა გაცნობიერებული, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის წარსული და მომავალი, ღვთიური სულის განკაცებისა და ადამიანის უკვდავი სულის განღმრთოების საფეხურები. არამცთუ მთარგმნელის, არამედ ქართველი წამკითხავიც (შემგრძნობი, გამგები) მისტი უნდა იყოს, უფრო მეტიც – განდობილი... ასე, რომ, მარადისობას – პოეზიას არ ეჩქარება. პოეტებიც ნუ აჩქარდებით. ოდესღაც, როცა „ჩემს საფლავს დაადგება მზე შორეული რიცხვის“ და სულიერება აღორძინდება, „ვიცი დრო მოვა ჩემი გაგების“ – ეს სიტყვები ისეთი ხმით წარმოთქვა, გეგონებოდათ, საკურთხეველთან იდგა და ლოცულობდა. როცა მონოლოგი დაამთავრა, გაუღიმა. ასე რომ, შეწუხებად არ ღირს. მადლობას მოგახსენებთ. არსენიშვილი და მე მოჯადოებულებივით ვისმენდით პოეტებს შორის გამართულ დიალოგს.
მაიაკოვსკი ააფორიაქა ასეთმა პასუხმა. ეტყობა, არ ელოდა ასეთ ფინალს. უცებ უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ისევ მაიაკოვსკიმ მოხსნა ეს დაძაბულობა.
– პოეტო, არც მე მოვსულვარ სააგიტაციოდ.
ყველას გაგვეცინა, უშუალობა დაბრუნდა.
ტერენტი გრანელი ძალიან კმაყოფილი ჩანდა მაიაკოვსკისთან შეხვედრით და მასთან ლიტერატურულ-შემოქმედებითი საუბრით.
და აი, როდესაც მაიაკოვსკი წასვლას აპირებდა, ჩემს ოთახს მერძევე მოადგა, ბოთლი რძით გაავსო და შემდეგ კედელზე ხაზი ჩამოუსვა ნიშნად იმისა, თუ
რამდენი ბოთლი რძე აქვს მოტანილი. ეს შენიშნა მაიაკოვსკიმ, იხმო მერძევე და ჰკითხა: – რამდენი ბოთლი რძის ფული აქვთ გადასახდელი ამ ვაჟკაცებსო? – ერთი თვის, ბატონო.
რამდენი ბოთლი რძე აქვს მოტანილი. ეს შენიშნა მაიაკოვსკიმ, იხმო მერძევე და ჰკითხა: – რამდენი ბოთლი რძის ფული აქვთ გადასახდელი ამ ვაჟკაცებსო? – ერთი თვის, ბატონო.
– რა ღირს რძე? – ჰკითხა მაიაკოვსკიმ.
– ოცი კაპიკი, ბატონო.
– ჭაბუკო, მიიღე ექვსი თვის ღირებულება და მაიაკოვსკიმ ფული გადასცა მერძევეს.
ორივე – მაიაკოვსკი და ალი არსენიშვილი დიდად კმაყოფილნი წავიდნენ ჩემი ბინიდან, რამაც ჩემში დაუვიწყარი მოგონება დატოვა. ამ შეხვედრიდან თითქმის ერთ წელზე მეტი დრო იყო გავლილი, როცა მე შევხვდი ტერენტის გამომცემლობის წინ. მას ხელში რუსული ჟურნალი და წერილი ეკავა. ჟურნალი თუ არ ვცდები, „ოგონიოკი“ უნდა ყოფილიყო. წერილი მაჩვენა და მითხრა: ეს ამანათი, წერილიანად, ამ ჟურნალის რედაქტორმა მოსკოვიდან გამომიგზავნა და ჩემი ლექსების გაგზავნას მთხოვს. ლექსებს ჩემს მეგობარს გავუგზავნი მოსკოვში და ის გადასცემს. ეტყობოდა, წერილის შინაარსით და ამანათით უკმაყოფილო არ ჩანდა. ცოტა ხნის შემდეგ მითხრა, – ჩემო საშა, შენ რად უნდა დაგიმალო და, ეს ხალხი მაინც არ მიყვარს და ვერც შევიყვარებ. ტერენტიმ ეს ისე მითხრა, ვერ მივხვდი, თუ ვის გულისხმობდა მაშინ. მითხრა თუ არა ეს, უცებ დამემშვიდობა და წავიდა. თუ რა ბედი ეწია იმ გასაგზავნ ლექსებს, გაგზავნა თუ არა პოეტმა ეს ლექსები მოსკოვში, მე არ ვიცი, არც ამ საკითხზე მქონია საუბარი ტერენტისთან.
(ალექსანდრე სიგუას მოგონებებიდან)
***
ერთხელ ბატონმა შალვამ (დადიანი) ბერიასთან წამიყვანა. კაბინეტში ვისხედით. შემთხვევით, სიტყვამ მოიტანა (ბატონი შალვა მწერლებზე საუბრობდა) და იგი მოულოდნელად შეეკითხა ბერიას. ლავრენტი ბატონო, პოეტ ტერენტი გრანელს თუ იცნობდით ან თუ გსმენიათ მის შესახებ რაიმეო. ბერია ფეხზე წამოდგა, ჩვენ წინ დადგა და რიხიანად წარმოთქვა: „ტერენტი დიდებული პოეტი გახლდათ, ბატონო შალვა... პაუზა უმალ შეივსო, – კი, დიდებული პოეტი იყო ის ცხონებული, მაგრამ... – ახლა პაუზა ბატონმა შალვამ გაჭიმა, – მაგრამ ცხოვრებას მან ვერ გაუგო და დამარცხდა, თავი დაიღუპა”. ბერია, რომელიც ნახევრად შებრუნებული იდგა ფანჯარასთან, უეცრად შემოტრიალდა და გამჭოლი, გამყინავი თვალებით შემოგვხედა. მცირე დაყოვნების შემდეგ კი, თითქმის პათეტიკურად წარმოთქვა: „ცხოვრებას კი არა, ბატონო შალვა... – და ამ უკანასკნელს ხაზი გაუსვა, თვით ცხოვრებამ ვერ გაუგო მას”. მაგონდება კიდევ ერთი ეპიზოდი: რედაქციასთან ახლოს ჩამოსასხდომზე ვისხედით. ჩემი და ტერენტის საუბარი, როგორც ყოველთვის, პოეზიას შეეხებოდა. რედაქციიდან ვიღაც ქალი ჩამოვიდა, საუბარი გაგვაწყვეტინა და იკითხა, ბატონი ტერენტი რომელიაო. მე გახლავარ, – უპასუხა პოეტმა და ფეხზე წამოდგა. რედაქტორი თავისთან გიხმობთ. ტერენტი უცებ აენთო და მკვახედ მოუჭრა, – თუ რაიმე საქმე აქვს, აქ თვითონ… ჩამოეთრიოს… ეს ისე იყო ნათქვამი, რომ მსმენელს არ გაუჭირდებოდა, თუ რა იგულისხმა ამაში. ტერენტიმ ქალს სცა პატივი, რადგან სახის გამომეტყველებით სჩანდა, რომ „რედაქციას“ ღირსეულად შეამკობდა. ტერენტი გაბრაზებული და შეურაცხყოფილი წამოვიდა, მეც გავყევი. ცოტა სიარულის შემდეგ მომიბრუნდა და მითხრა: – ჩემო საშა, შენ რა, ეს წყობა გგონია? უცებ ხელები გაიშვირა და წარმოთქვა: „ესენი დამხვრეტელები არიან, დამხვრეტელები!“. მე ტანში გამცრა, მიმოვიხედე, ხომ არავინ გვისმენს-მეთქი. ტერენტიმ ხელი ჩაიქნია და ისევ ჩქარი ნაბიჯებით განაგრძო სიარული. თავში პოეტის ლექსიდან სულის სიღრმემდე ჩამწვდომი სტროფები ამოტივტივდა: „ამ ხალხის ქება არ მიხარია, ეს ხალხი ჩემს სულს როგორ ექცევა? ჩემი ცხოვრება ქარიშხალია და ჩემი გული მიწას ეცემა... თითქმის ყოველდღე ვგრძნობ დამცირებას:. ტერენტიმ შემომხედა, ოდნავ შესამჩნევი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე, თავი მსუბუქად დამიკრა და ხმის ამოუღებლად დამემშვიდობა.
***
კრწანისში ტერენტი გრანელი ხშირად არა მარტო იმისთვის დადიოდა, რომ აქ, ამ ეგზოტიკურ კუთხეში ყარაჩოღელი კინტოები ენახა, არამედ აქ ჯერ კიდევ ისმოდა 1924 წელს წამებულთა კვნესა, აქ ჯერ კიდევ იდგა სისხლის ტბა. მებაღე ანდრია ძიძიგური პოეტს აქ უამბობდა თავის თვალით ნახულ საშინელებაზე. სწორედ ამ საშინელ დღეებს მიუძღვნა პოეტმა თავისი ცნობილი წიგნი Memento mori. ამ სიტყვებით მიმართავდნენ გამარჯვებულ ტრიუმფატორებს ძველ რომში – „გახსოვდეთ სიკვდილი” – თქვენც ხომ მისი შვილები ხართ. საქართველოსთვის თავდატეხილი ამ დიდ ტრაგედიის „შემომქმედს“ იოსებ სტალინს მიმართავს პოეტი, რომლის ერთი სტროფი დღესაც შიშის ჟრუანტელს მგვრის: „იმპერატორო, შენ დიქტატორო, მძვინვარებ სისხლის კორიანტელით, მამის საფლავზე რად დაგავიწყდა აგენთო თუნდაც ერთი სანთელი“.