№41 რატომ ამცირებს რუსეთი თავის მოკავშირე სომხეთს თურქეთთან და აზერბაიჯანთან სტრატეგიული დაახლოებით და რა საგანგაშო სიგნალია ეს საქართველოსთვის
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, რფ-ში განიხილავენ ვარიანტს, რომ ვადამდე შეწყდეს რუსეთ-სომხეთს შორის გაფორმებული შეთანხმება რუსეთის მიერ სომხეთის რკინიგზის მართვის შესახებ, იმ მიზეზით, რომ „სომხეთმა შექმნა ვითარება, რის გამოც რუსეთის რკინიგზის შვილობილ კომპანიას, რომელიც მართავს სომხეთის რკინიგზას, არ აქვს ნორმალური მუშაობის საშუალება“. აქვე შეგახსენებთ, რომ რუსეთის რკინიგზას სომხეთის რკინიგზა იჯარით აქვს აღებული და ახლა აცხადებენ, რომ რკინიგზა ძალიან მცირე ობიექტია, სიგრძითაც და გამტარუნარიანობითაც და, თან, მოცემულ მომენტში მხოლოდ საქართველოს მიმართულება მუშაობს, ამიტომ რუსეთის რკინიგზაში ამბობენ, რომ სომხეთის რკინიგზაზე უარის თქმა მათ არანაირ წაგებას არ მოუტანს. უცნობია, რა ახალი თამაში წამოიწყო რუსეთმა სომხეთთან სარკინიგზო მიმართულებით, თუმცა ცნობილია, რომ ახლახან ერევანში ჩატარდა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა (სომხეთი, რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი) სამიტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ირანის პრეზიდენტმა და სინგაპურის პრემიერ-მინისტრმა – მიწვეული საპატიო სტუმრების რანგში და რომელსაც მოლდოვას პრეზიდენტი აკვირდებოდა. მეორე მხრივ, სომხეთისთვის, მაინცდამაინც, სასიამოვნო არ უნდა იყოს რუსეთ-თურქეთის დაახლოება და ბაქოსთან სიამტკბილობაც. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთსა და ირანს, ტრადიციულად, კარგი ურთიერთობა აქვთ, სომეხი პოლიტოლოგები ჩემთან საუბარშიც არ მალავდნენ, რომ მაინც რუსეთია ის ძალა, რომელიც მათ იცავს თურქეთისა და ირანის მოსალოდნელი ინტერვენციისგან. აქედან გამომდინარე კი, იბადება კითხვა, რატომ ექცევა ასე უდიერად მოსკოვი თავის სამხრეთკავკასიელ მოკავშირესა და მეგობარს და რა გაკვეთილი შეიძლება, გამოვიტანოთ ჩვენ ურთიერთობის ამ ფორმიდან? – ამ თემაზე ვახტანგ მაისაიასთან ერთად ვიმსჯელებთ.
– დაძაბულია ურთიერთობა პუტინსა და ფაშინიანს შორის?
– ნიკოლ ფაშინიანი აღმოჩნდა უჩვეულო პოლიტიკოსი, რომელიც ცდილობს, რომ აი, ამ გარშემორტყმული ციხესიმაგრის პოლიტიკური გარემო გააკეთილშობილოს, რომელიც ჩაამყაყა წინამორბედმა სერჟ სარგისიანმა, თუმცა სარგისიანი პრობლემას უქმნიდა პუტინსაც. ასე რომ, სარგისიანის გადაყენება რუსეთისთვისაც მომგებიანი უნდა ყოფილიყო და ფაშინიანის მოსვლაც პოზიტიურად განიხილეს რუსებმა, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში სარგისიანი იქცეოდა ისევე, როგორც იანუკოვიჩი. მაგალითად, სერჟ სარგისიანი მეგობრობდა სააკაშვილთან და მაშინ ის მიიჩნეოდა კრემლთან დაპირისპირებულად, ახლა სააკაშვილი ჩაეხუტა კრემლს და მისი რუპორი გახდა და ესეც საინტერესოა, რადგან აჩვენებს, რამდენად არასტაბილურია პოლიტიკაში მოკავშირეობისა და მტრობის თემა. მეორე მომენტი იყო ის, რომ სარგისიანი ფლირტაობდა ევროკავშირთანაც. საინტერესოა ისიც, რომ ფაშინიანის „ფერადი რევოლუციის“ სომხური ვარიანტი გიუმრის სამხედრო ბაზაზე მომზადდა. იქ დაიწყო ეს პროცესი – რუსებმა ამერიკელებისგან ისწავლეს ფერადი რევოლუციების მოწყობის ხერხები.
რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას: რუსეთმა მოითხოვა სომხეთის რკინიგზის მათთვის გადაცემა და, როგორც ჩანს, ნიკოლ ფაშინიანი ამას შეეწინააღმდეგა. ამიტომ შემთხვევითი არ იყო, რომ ერევანში პუტინის ჩასვლა გახდა საჭირო, მართალია, ეს გაფორმდა, როგორც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტის ფორმატი, მაგრამ, რამდენადაც მახსოვს, ამ ტიპის სამიტებზე მედვედევი დადიოდა. ამდენად, პუტინი ჩავიდა, რომ ფაშინიანი ჭკუაზე მოეყვანა.
– ერთმანეთსაც შეხვდნენ სამიტის შემდეგ.
– დიახ, პუტინის ჩასვლით, მისი იმპერატორული ვოიაჟებით აშკარადაც ჩანდა ეს. ამას გარდა, დაგროვდა სხვა პრობლემებიც, რომლებიც ეხებოდა რუსული სამხედრო ბაზის გაფართოებას, ერთობლივი სამხედრო კოალიციების შექმნის კონკრეტულ პერსპექტივებს და იმ საკანონმდებლო პაკეტების მიღებას, რომლებიც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ამოქმედების წინაპირობა იყო. თავის დროზე პუტინი და მედვედევი ამბობდნენ, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მოთხოვნებს ვერ უბამდა მხარს სომხეთი. ამიტომ, ბუნებრივია, პრობლემები დაგროვდა, მით უფრო, რომ რუსეთმა თურქეთთან შეხმატკბილებული ურთიერთობა გააჩაღა. თქვენ აბსოლუტური სიმართლე ბრძანეთ. სომხეთს ურთიერთობას უბალანსებდა ირანიც, რაც თქვენც შენიშნეთ. ანკარა-ბაქოს საპირისპიროდ შექმნილი იყო ერევანი-თეირანის ღერძი და მოსკოვიც ეხმარებოდა ერევანს. ალბათ, საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტორი – საუბარია აზერბაიჯანის გაწევრიანებაზე კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაში. სწორედ ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგობის გამო არ დაიწყო ეს პროცესი. როგორც ჩანს, აზერბაიჯანი უნდა ყოფილიყო ჯერ „ოდეკაბეს“ მეთვალყურე და, სავარაუდოდ, პუტინი ეცდებოდა, დაერწმუნებინა ფაშინიანი, რომ ამას დასთანხმდებოდა. მაგრამ, მეორე მხრივ, თუ აზერბაიჯანი გაწევრიანდება ამ ორგანიზაციაში, თუნდაც, მეთვალყურის როლში, ეს საქართველოსთვისაც იქნება საგანგაშო სიგნალი, იმიტომ რომ დაირღვევა ძალთა ბალანსი: ერთი მხრივ, რუსეთი-სომხეთი-აზერბაიჯანი იქნებიან ერთ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში, მეორე მხრივ, თურქეთი ფორმალურადაა ნატოს ბლოკის წევრი და არ დაგვავიწყდეს, რომ არის კიდევ ერთი სამხედრო პოლიტიკური ბლოკი რეგიონში: სირია-რუსეთი-ირანი-ერაყი. და ორივე ბლოკს აქვს ინტერესი კავკასიისადმი. ორი პრორუსული სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის პირდაპირი ინტერესები უკავშირდება კავკასიის რეგიონს, რაც, ფაქტობრივად, გადაწონის ნატოს ინტერესებს. ალბათ, ერევანში ამ ევრაზიის ეკონომიკური სამიტის გამართვას ჰქონდა იმ სამი ამოცანის, რომელიც პუტინმა დაისახა, მიღწევის მიზანი. პირველი, რომ სომხეთი დაიყოლიოს და აზერბაიჯანი მოხვდეს „ოდეკაბეს“ ზონაში, რასაც მოჰყვება მთიანი ყარაბაღის დარეგულირების რაღაც ვარიანტი.
– ეს შესაძლებელია?
– როგორც ჩანს, რაღაც მოდელია შემუშავებული, შესაძლოა, შესთავაზოს ფაშინიანს. შემთხვევითი არ იყო მისი პასუხი „რ2-ის“ ჟურნალისტის კითხვაზე, მგონი, პუტინმა უფრო გამოიყენა ეს შეკითხვა სათავისოდ.
– მაინც გავახსენოთ მკითხველს, რაზე საუბრობთ.
– ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა, როდის შეასრულებს რუსეთი 2008 წლის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს და გაიყვანს თავის ჯარებს საქართველოს ტერიტორიიდანო, რაზეც პუტინმა უპასუხა, როდესაც ჩავთვლით საჭიროდ, მაშინ გავიყვანთო. ანუ პირდაპირ გამოაცხადა, რომ ჩვენ ვართ ჰეგემონები რეგიონში და ვმოქმედებთ ჩვენი შეხედულებისამებრო. მეჩვენება, რომ ეს კითხვა სატოპკე იყო, ყოველ შემთხვევაში, პუტინმა გამოიყენა ფორად. მეორეც – სავარაუდოდ, რუსეთი აპირებს განახორციელოს თავისი გეოეკონომიკური პროექტები, რომ გაჭრას ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალი, მას სჭირდება სომხეთის რკინიგზა, რომ საქართველოს მიმართულებაც განიხილოს. ჩინეთიდან ჩამოვედი ახლახან, ორთვიანი ვიზიტი მქონდა, საინტერესო შეხვედრებით და სულ სხვანაირად დავინახე მიმდინარე მოვლენები. მინდა, გითხრათ, რომ ანაკლიის პორტის გამო ეს ჯაჯგური უკავშირდება სამი დიდი გიგანტის ინტერესებს.
პირველი – ეს არის ჩინეთისა და ამერიკის დაპირისპირება ანაკლიის გამო და რუსეთის ინტერესები ფოთის პორტში, რაც ეწინააღმდეგება ჩინეთისა და ამერიკის ინტერესებს. საინტერესო კონფიგურაცია გამოიკვეთა: ამ სამივე გეოპოლიტიკური გავლენის ცენტრს (ამერიკა, რუსეთი და ჩინეთი დღეს არიან ყველაზე მძლავრი გეოპოლიტიკური გავლენის ცენტრები) აქვს თავისი გეოპოლიტიკური პროექტები. დავიწყოთ ჩინეთით – ჩინეთისთვის ეს არის პოლიტიკა „ერთი გზა – ერთი სარტყელი“, ვერ წარმოიდგენთ, რა ძალისხმევას დებს ამის განხორციელებისთვის, ჩათვალეთ, ეს პროექტი მოიცავს ტვირთების გადაზიდვას ევროპისკენ და ამის გამო ის წავა ყველაფერზე. ჩინეთს სურს, ამ პროექტით, იქცეს ეკონომიკურად პირველ სახელმწიფოდ და გახდეს გლობალური პოლიტიკური პროცესის ჰეგემონი. ასეთი ამბიცია აქვს ჩინეთს ამ პროექტით, რომელიც მოიცავს 400 მილიარდიდან ერთი ტრილიონი დოლარის დაფინანსებას. ეს არის მეგა-პროექტი და, ბუნებრივია, მათი ინტერესია ღრმაწყლოვანი პორტები. იტალიაში ჩაიგდეს ხელში პორტები, საბერძნეთშიც, საუბარია ბულგარეთზე, პაკისტანზე. სამი მიმართულებით ჭრიან გზებს – ჩრდილოეთი, ცენტრალური და სამხრეთი და ამ კონტექსტში ანაკლიის პორტს ენიჭება მნიშვნელოვანი როლი.
ამერიკელებს კი აქვთ თავიანთი მეგა-პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ბალტიის, შავი და კასპიის ზღვებისა და ინდოეთის ოკეანის მიმართულებებით ჩრდილოეთი-სამხრეთის სატრანზიტო საკომუნიკაციო დერეფნის შექმნას, რომელიც უპირისპირდება ჩინეთის „ერთი გზა – ერთი სარტყლის“ პოლიტიკას. ამერიკელების მიზანია, დააკავშირონ ბალტიის, შავი და კასპიის ზღვები ინდოეთის ოკეანეს. ესეც საკმაოდ მძლავრი მეგა-პროექტია და მათთვის ამ პროექტის კონტექსტშია საინტერესო ანაკლიის პორტი.
ამავდროულად, გამოდის რუსული პროექტი – ჩრდილოეთ-სამხრეთის, რომელიც ითვალისწინებს ევრაზიის სივრცის დაკავშირებას ინდოეთის ოკეანესთან, ჟირინოვსკის გამონათქვამის, ფეხს დავიბანთ ინდოეთის ოკეანეშიო, კონტექსტში. ამდენად, შემიძლია, გითხრათ, რომ რუსეთისთვის, მაინცდამაინც, არ არის მისაღები, რომ ანაკლიის პორტში განვითარდეს მისი პროექტი, იმიტომ რომ ჩინეთსა და ამერიკას აქვს ინტერესი ანაკლიაში. ანუ აქ სამ ქვეყანას აქვს თავისი განსხვავებული ინტერესები, რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდებიან. მათ შორის, საქართველოშიც.
– ისევ სომხეთს დავუბრუნდები, თავის პარტნიორ სომხეთს რომ ასე ქცევა რუსეთი, ცოტა უხერხული არ არის?
– როდესაც მეგა-პროექტის განხორციელება იწყება და დიდი ფსონია დადებული, არანაირი დანდობა არ არის. მეორეხარისხოვანია: მოკავშირეა, სატელიტი თუ მოწინააღმდეგე. რუსეთს უნდა, მოახდინოს სომხეთის მონოპოლია, რადგან სომხეთი საკვანძო ელემენტია რუსული მეგა-პროექტის განხორციელებაში, რომელიც მოიცავს სომხეთ-ირანის მიმართულებით გზის გაჭრას და ეს გულისხმობს არქტიკიდან ინდოეთის ოკეანემდე მაგისტრალის გაჭრას. ამერიკელებს აქვთ ბალტიიდან ინდოეთის ოკეანემდე დერეფნის გაჭრის პროექტი, ჩინელებისთვის მთავარია ჩინეთის ზღვიდან გაიჭრას გზა ადრიატიკის მიმართულებით. ბუნებრივია, რომ რუსული გავლენა სომხეთში უკავშირდება რუსეთის სასიცოცხლო ინტერესებს და პუტინი შემთხვევით არ ჩავიდოდა ერევანში.