№41 ბითუმად
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
„დამოუკიდებლობის“ ფასი
რაკი სექტემბერი ჩვენთვის სავალალო, ხოლო ჩვენი აფხაზი სეპარატისტებისთვის საზეიმო თვეა („ფაშისტ“ ქართველებზე გამარჯვებისა „სამამულო ომში“ და მერე რა, რომ გამარჯვების ავტორი რუსული სამხედრო მანქანაა), ეს მათთვის ღირსშესანიშნავი თარიღი ბაშარ ასადმაც მიულოცა „კოლეგა“ ხაჯიმბას და სამომავლო აყვავებაც უსურვა (ერთი სირია აყვავდება და მეორე – სეპარატისტული აფხაზეთი).
ამ ამბავს არც მოსკოვი გამოეთიშა (ისედაც, სულ ჩართულია) და დე-ფაქტო აფხაზეთსა და „იუჟნაია ოსეტიას“ განვითარებაში ხელშეწყობასაც დაჰპირდა, თუმცა, როგორც ყოველთვის წუწურაქულად.
კერძოდ, „რუსეთი აფხაზეთსა და „იუჟნაია ოსეტიას“ დასახმარებლად 7 მილიარდ რუბლს გამოუყოფს (ნუ შეშფოთდებით – ეს, სულ რაღაც, 24 მილიონი ლარია)“, სწორედ ეს ციფრია ჩაწერილი რფ-ის სახელმწიფო სათათბიროში შესული ფედერალური ბიუჯეტის პროექტში.
სახელდობრ – „იუჟნაია ოსეტიისთვის“ 2020 წელს 1,5 მილიარდ რუბლს გამოყოფენ, 2021-ში – 1,7-ს, ხოლო 2022-ში – მხოლოდ 163 მილიონს, დე-ფაქტო აფხაზეთისთვის რფ-მ 2020-ში 1,7 მილიარდი რუბლი გაიმეტა, 2021-ში – 1,9 მილიარდი, 2022-ში კი – 249 მილიონი.
თუ გავითვალისწინებთ, რომ დე-ფაქტო აფხაზეთის მოსახლეობა საგრძნობლად აღემატება „იუჟნაია ოსეტიელებს“, გაუგებარია, რატომ დაჩაგრეს სოხუმი, თუმცა ეს აფხაზი სეპარატისტების საფიქრალია.
ბიუჯეტის თანმხლებ დოკუმენტებში განმარტებულია, რომ ზემომოტანილი თანხა მოხმარდება „რესპუბლიკების“ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და საინვესტიციო მხარდაჭერას.
ამთავითვე აშკარაა, რომ თანხა დასახულ მიზნებს ვერ ეყოფა, სამაგიეროდ, რუსი და, განსაკუთრებით, სეპარატისტი ჩინოვნიკების გამოსაკვებად საკმარისია.
ხოლო, თუ კიდევ ერთხელ გავიხსენებთ, რომ ორივესთვის სამი წლის განმავლობაში გამოყოფილი 7 მილიარდი რუბლი 24 მილიონი ლარია, უნდა ვივარაუდოთ, რომ კრემლს ჩვენებური სეპარატისტები, საერთოდაც, ბითუმად გადაუწყვეტია. -