№41 ფანჯარაში „მტრედია“
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ხაფანგის ფორმულა
გასულ კვირას უკრაინა და რფ ე. წ. „შტაინმაიერის ფორმულაზე“ შეთანხმდნენ, რაც ამა მსოფლიოს ვეშაპ პოლიტიკოსთა აზრით, კონფლიქტის მოგვარების საწინდარია (ამ ამბავს, ცხადია, საფრანგეთის თანამონაწილეობის გარეშე არ ჩაუვლია).
ზემოხსენებული ფორმულის თანახმად, უკრაინის ორ აფეთქებულსა და პრორუსულ რეგიონს განსაკუთრებული სტატუსი უნდა მიენიჭოს, ცხადია, უკრაინის შემადგენლობაში, ოღონდ, ყირიმის შესახებ სიტყვაც არაა დაძრული.
კრემლი მიესალმა ამ დოკუმენტით ხუთწლიანი კონფლიქტის დასრულებას, ან კი რატომ არ მიესალმებოდა, როდესაც უკრაინა ყურებით ჰყავს დაჭერილი (მისი გეოპოლიტიკური კურსი აწ უკვე ოფიციალურადაა კრემლის ხელში), ოღონდ ზელენსკის ხელმოწერა აწ უკრაინის საკანონმდებლო ორგანომაც უნდა დაამტკიცოს, იმას გარდა, რომ რეალურად უნდა განხორციელდეს ქაღალდზე დაწერილი.
თუ გავითვალისწინებთ, რომ უკრაინელების ნაწილი შეთანხმებით უკმაყოფილოა, არც ვითარების არევაა გამორიცხული უკრაინაში, იმას გარდა, რომ პროდასავლური კურსიდანაც გადახვევა. ერთი სიტყვით, რაც უნდა შეიფუთოს, „შტაინმაიერის ფორმულა“ ცივილიზებული ფორმაა ჩერჩილ-რუზველტ-სტალინისეული მანერისა, რომლებიც რუკაზე პირდაპირ იხაზავდნენ გავლენის სფეროებს (ეს - შენ, ეს - მე, ეს - მას). იმ განსხვავებით, რომ ისინი არ ფარისევლობდნენ და აშკარად ვაჭრობდნენ, აი, ოცდამეერთეში კი ვითარება შეცვლილია: ჯერ სისხლი იღვრება (გამოუვალი ვითარების სცენის შესაქმნელად), რის შემდეგაც „მტრედებიც“ მოფრინდებიან და ვაი, მის ბედს, ვის სარკმელზეც ჩამოსხდებიან.