№41 კეთილმო... სურნე
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ ვლადიმირ „მართალი“?!
მაშინ, როდესაც ჩვენი სატელევიზიო შოუებია დადგმული (თუმცა მსოფლიოს ბებერი დემოკრატიის ამომავალი ვარსკვლავი ვართ და ერთ დროს ეულ შუქურასავითაც ვანათებდით), რა გასაკვირია, რომ რუსეთის ე. წ. „თოქ შოუები“ დადგმულზე დადგმულია და, ვინც თვალს ადევნებს (ან შიგადაშიგ მაინც შეუვლია ხოლმე), იცის, რომ ბოლო ხანია, უკრაინელების დიდი ძაგებაა (თუმცა პერიოდულად ისეთ სტუმრებსაც იწვევენ, რომლებიც ვითომდაც უკრაინის ერთგული დამცველები არიან, რაც არ არის გასკვირი, იმიტომ რომ სახის შენარჩუნება ყველას უნდა).
იმას გარდა, რომ რუსული პროპაგანდა საბჭოურს ვერ გასცდა და ოპონენტთა ძაგება ჩვეული ამბავია. მოკლედ, ასეა თუ ისე, გასულ კვირას თვით პრ.-მა პუტინმა დაგმო რფ-ის ცენტრალური არხების სარედაქციო პოლიტიკა, რის მიხედვითაც უკრაინა მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტშია წარმოჩენილი. რუსული მედიის ცნობით, პრ.-ს აზრით, ამ საკითხს რუსული მედია სათუთად უნდა მიუდგეს, ამის პარალელურად კი, აცნობა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის დიდი იმედი აქვს, რომ ის ძალისხმევას არ დაუშურებს ქვეყნებს შორის კონფლიქტის მოსაგვარებლად.
სავსებით ბუნებრივი, ამ მითითების მიცემა (უკრაინა აუგად არ მოიხსენიოთო) რუსეთის პირველკაცს მანამდეც შეეძლო (და მისი მითითების გარეშე ამდენ ტალახსაც ვერ ესროდნენ უკრაინას), თუმცა, რაკი საჯარო ფორმა არჩია, სავარაუდოდ, ამჯერად კეთილმო...სურნის მანტია მოურგია.