კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 ვინ არიან „ვარსკვლავურ ომებში“ მონაწილე ქართველი ტყუპი დები და როგორ აღმოჩნდნენ ისინი სამედიცინო სფეროდან „ჰოლივუდში“

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  ლიანა და თეა შენგელაიები ექიმი ტყუპი დები არიან, რომლებიც უცხოეთში არაერთ სფეროში გახდნენ წარმატებულები. მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა დუბაიში მშობლებთან გამგზავრების შემდეგ. ტყუპმა ექიმებმა ჯერ სიმღერების წერა დაიწყეს, შემდეგ შექმნეს საკუთარი ბენდი, სახელად „მკურნალი დები“ და ძალიან მალე პოპულარულებიც გახდნენ. თუმცა, მხოლოდ ეს როდია, ლიანამ და თეამ სამსახიობო კარიერაშიც მოსინჯეს საკუთარი შესაძლებლობები და არც მეტი, არც ნაკლები „ჰოლივუდის“ ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ ფილმ – „ვარსკვლავურ ომებში“ მიიღეს მონაწილეობა. მათ თავიანთი პროფესიაც არ დავიწყებიათ და სამედიცინო სფეროში აქტიურად მუშაობენ სამეცნიერო კუთხით.
  ლიანა: მოსკოვში დავიბადეთ და 3 წლამდე იქ ვცხოვრობდით. მამა ჰელმჰოლცის (გერმანულ) თვალის ინსტიტუტში მუშაობდა ოფთალმოლოგად. მერე საემიროებში მიიწვიეს და ჩვენც გავყევით. დედა კლინიკის მენეჯერი იყო, ასევე, უფროსი ექთანიც. შემდეგ, თავისი მეორე პროფესიით,  მასწავლებლად გააგრძელა მუშაობა და 20 წელია, ამ სფეროშია. არეულობის პერიოდში, 90-იან წლებში დედას მაინც ჩამოვყავდით საქართველოში იმ მიზნით, რომ მატერიალურად დახმარებოდა ოჯახს. მახსოვს, როგორ გვეშინოდა სროლის ხმის. მანქანაში ვიმალებოდით და გავკიოდით: სროლაა, სროლაა. ბავშვობაში ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ის, რომ ზაფხულობით, როცა ბებიასა და ბაბუას სახლში ჩამოვდიოდით, მეზობლებსა და მოწვეულ სტუმრებს ჩვენი კონცერტებით ვახალისებდით.
– როგორ აღმოაჩინეთ, რომ სიმღერის წერა შეგეძლოთ და როდის გაჩნდა ბენდის შექმნის იდეა?
– ბავშვობიდან ვმღეროდით და „სონის ბუმბოქში“ სიმღერებს ვწერდით. პატარაობიდან დედა სხვადასხვა ჟანრის მუსიკაზე გვაძინებდა და შესაბამისად, ძალიან ადრე ვისწავლეთ ინგლისური. სცენაზე ბავშვობიდან კომფორტულად ვგრძნობდით თავს. სამედიცინო რომ დავამთავრეთ, გადავწყვიტეთ მუსიკალური დუეტი შეგვექმნა, რომელსაც Healer Twins – „მკურნალი ტყუპები“ დავარქვით, რადგან კავშირში იყო ჩვენს პროფესიასთან და თან, მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ მუსიკას სამკურნალო თვისებები აქვს, მაგალითად, იმუნური სისტემის გაძლიერებას უწყობს ხელს. ჩვენ ერთ-ერთი პირველი Fusion ჟანრის ჯგუფი ვიყავით დუბაიში, რომელიც 2011 წელს ჩამოყალიბდა. ბენდში გვყავდა ინდოელი კლასიკოსი მუსიკოსი, რომელიც ინდურ საკრავებზე უკრავდა და ასევე, იყო ბექვოკალიც.  მისი ბაბუის ძმისშვილიშვილია Norah Jones.  სწორედ ჩვენი პირველი ტრეკი –Snake in the Desert – მასთან ერთად ჩავწერეთ, წელს ნოემბერში მის ნიშნობის წვეულებაზე მივდივართ ინდოეთში, მას „ჰოლივუდის“ ცნობილი მომღერალი მოჰყავს ცოლად.
– როგორ აღმოჩნდით „ვარსკვლავურ ომებში“?
– პირველად 2011 წელს ვითამაშე Breakfest at Tiffany’s სპექტაკლზე ჰოლი გოლაითლის როლი. მერე მთავარი როლი შემომთავაზეს,  რომელიც ჩემს დას გადავეცი, რადგან ჩავთვალე, რომ მის ხასიათში უფრო ჯდებოდა. ამის შემდეგ არაერთხელ გვქონია რეჟისორების მიერ შემოთავაზებები მოკლემეტრაჟიან ფილმებში – ხან ქასთინგებით, ხან რეკომენდაციებით გვიწვევდნენ ხოლმე, ასევე დუბაის ყოველწლიურ საერთაშორისო ფილმის ფესტივალზე გვეპატიჟებოდნენ. ერთხელაც, სრულმეტრაჟიანი ფილმის ქასთინგზე მოვხდით. ორ კვირაში დაგვიკავშირდნენ და გვაუწყეს, რომ Star Wars-ის მეექვსე ეპიზოდში სურდათ ჩვენი, როგორც ტყუპების, მიწვევა. ეს იყო სრული შოკი და სანამ გადაღებები არ დამთავრდა, იქამდე ვერც ვიაზრებდით, სად მოვხვდით. გადაღებების დასრულებას ბევრი საერთაშორისო, ამერიკული, ფრანგული თუ გერმანული მედიის გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის Yahoo Movies-მაც დაწერა ჩვენზე, შემდეგ ქართულ მედიასაც მისწვდა ეს სიახლე. „ვარსკვლავურ ომებში“, სადაც ტყუპების თემა ძალიან აქტუალურია და მაყურებელს ყოველთვის ემახსოვრება ამ ფილმის თუნდაც ეპიზოდური როლის მსახიობი, ყველაზე დასამახსოვრებელი ის იყო, რომ რეჟისორი ჯეი ჯეი აბრამსი მოგვიახლოვდა, ხელი ჩამოგვართვა, დაგვაკვირდა და საკუთარი თავი გაგვაცნო, როგორც ჯეი ჯეი. მისი პირველი ასისტენტი, რეჟისორი ტომ გორმლი სულ კომპლიმენტებით გვანებივრებდა. ოთხი დღის განმავლობაში ძალიან დიდი შრომა გავწიეთ. დაუვიწყარი იყო „ვარსკვლავური ომებისთვის“ ჩატარებული 3D ფოტოსესია. ფოტოები National Geographic-ის ცნობილმა ფოტოგრაფმა გადაგვიღო და „დისნეი ლენდმა“ ინტერვიუ ჩამოგვართვა. ოღონდ, ჩვენთვის არ უთქვამთ, სად შეიძლებოდა ამ კადრების ნახვა – არ ჰქონდათ უფლება. მთელ გუნდთან მუშაობის დროს დაუვიწყარი გარემო იყო შექმნილი. ერთ-ერთ მთავარ როლში იყო მსახიობი დეიზი რიდლი, რომელიც კადრში ჩვენთან ერთად ჩანს. ახლახან, სრულმეტრაჟიან ფილმშიც მთავარი როლი შემომთავაზეს ამერიკელი ასტროლოგისა და მუსიკოსის როლში, სადაც ასევე ჩვენი ერთ-ერთი მუსიკა გაჟღერდება.
– სამედიცინო სფეროშიც მუშაობთ? რატომ გადაწყვიტეთ ამ პროფესიას დაუფლებოდით, როცა ბევრ სხვა ნიჭსაც ფლობდით?
თეა: ძალიან კეთილი და კარგი საქმეა ექიმის პროფესია და ამიტომ ავირჩიეთ. თან  საინტერესოა. სამედიცინოზე ინგლისურად ვისწავლეთ და პრაქტიკები ინგლისსა და საემიროებში გავიარეთ. მე სამეცნიერო კუთხით ვმუშაობ, საერთაშორისო კვლევის თანაშემწე ვარ.
ლიანა: დუბაიში პარალელურად ჯანდაცვის საქმეს მოვკიდეთ ხელი. სადაც, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ჯანმრთელობის ივენთებს ვუწევდით ორგანიზებას. 2016  წელს, ჩემი ინიციატივით,  მე და თეამ გადავწყვიტეთ, ლონდონში ჯანდაცვის კუთხით მაგისტრატურაში ჩაბარება, რომელიც წარმატებით დავამთავრეთ. პარალელურად, Genomics England-ის ჯანდაცვის სამინისტროს დიდ კვლევით პროგრამაში ვიმუშავე, სადაც  100 000 გენომის სეკვენსირებას მიაღწიეს, რომელიც მედიცინის განვითარებას ძალიან უწყობს ხელს.
– ხასიათებითაც ისევე ჰგავხართ ერთმანეთს, როგორც გარეგნულად?
თეა: სხვათა შორის, ფიზიკურად ძალიან არ ვგავართ, მაგრამ თავიდან, გაცნობისთანავე, ყველას ჰგონია, რომ  ვგავართ. როცა ახლოს გაგვიცნობენ, ეგრევე გვარჩევენ. ხასიათითაც განვსხვავდებით, გემოვნებით კი ძალიან ვგავართ.
ლიანა: ჩვენ ყველაფრით განვსხვავდებით ერთმანეთისგან, უბრალოდ, ერთი საერთო გვაქვს – სიმღერა.
– რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში?
– ჩემი მეუღლე წარმოშობით ლიბანელია, საამიროებში დაიბადა, პროფესიით ინჟინერია. ის ჩემი ბავშვობის მეგობარმა, ლიბანელმა დაქალმა გამაცნო. 2011 წელს ჩემს თეატრალურ გამოსვლას – Breakfest at Tiffany’s-ს – დაესწრო. მერე ერთმანეთს დავუახლოვდით და აღმოვაჩინეთ, რომ ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს, ორივე ჩოგბურთს ვთამაშობთ. სპორტის ეს სახეობა ბავშვობიდან მიყვარს და ყოველთვის ვცდილობდი, რომ მისთვის დრო გამომენახა. გასული წლის დეკემბერში შეგვეძინა პატარა გოგონა, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბედნიერება შემოიტანა.
თეა: ჩემს პირადში არაფერია აღსანიშნავი. სამწუხაროდ, ძალიან რთულია, დღეს იმას შეხვდე, ვინც ბოლომდე გაგიგებს და შეგიყვარებს ისეთს, როგორიც ხარ. ნდობის ფაქტორიც დიდ როლს ასრულებს. ასე რომ, ჯერჯერობით მოლოდინის რეჟიმში ვარ (იცინის).
– თეა, საცხოვრებლად თბილისში დაბრუნდით, რატომ?
– იმიტომ, რომ არ მსურდა 27 წლის შემდეგ, კვლავ საემიროებში დაბრუნება და ვერც ლონდონში ვახერხებდი დარჩენას. ასე რომ, ვარჩიე, ჩემს სამშობლოში დავბრუნებულიყავი. მომავალში სად გადამაგდებს ზეციური ძალები, ვნახოთ (იცინის).
– ახლა რაზე მუშაობთ და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
ლიანა: ამჟამად ვმუშაობთ ერთ სინგლზე, რომელსაც იმედია, მალე გამოვუშვებთ კლიპთან ერთად და ვაპირებთ ჩვენს მეორე ალბომში შევიტანოთ. ასევე, გვაქვს საინტერესო პროექტები და შემოთავაზებები... ჩვენი გულშემატკივარი ყველაფერს ნელ-ნელა გაიგებს.

скачать dle 11.3