კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 რომელ სვანურ ტრადიციებს ეწინააღმდეგება მარიამ ხაჭვანი და როგორ შეინარჩუნა მან თავისუფლება გათხოვების შემდეგ

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  რეჟისორი მარიამ ხაჭვანი ქართველ საზოგადოებას ძალიან ხშირად ახარებს სასიამოვნო სიახლეებით – მსოფლიო მასშტაბების აღიარებითა და ახალ-ახალი, წარმატებული პროექტებით. ამჯერად მისმა პროექტმა კორეაში დაფინანსება მიიღო.
  მარიამ ხაჭვანი: ამ პროექტზე მუშაობა ახლა დავიწყე. კორეაში გავაგზავნე და ძალიან გამიხარდა დადებითი პასუხი, იმიტომ რომ საქართველოდან აქამდე არავის აუღია გრანტი ამ ფონდიდან. ამ სეზონზე გრანტი კორეელებმა, ერთმა ამერიკელმა, ერთმა ჩინელმა და მე ავიღეთ. ძალიან გამიკვირდა, მხარი რომ დამიჭირეს და განვითარების გრანტი მეც მომცეს. ეს პროექტი ქალის თემას ეხება. სვანეთის ისტორია ავიღე დოკუმენტური მასალისთვის. მაგალითად, უშგულში ქალებს მიწებს არ აძლევენ. თუ ძმა არ ჰყავთ, ქონება ბიძაშვილზე გადადის, ან გვარის სხვა წარმომადგენელზე.  ვფიქრობ, რომ ნაწილობრივ ეს ტრადიცია სწორია, სხვა გვარის წარმომადგენელზე, მაგალითად, „გადამთიელ სიძეზე“ რომ არ გადავა მიწები, ამით უშგულში ის აუთენტურობა და ბუნებრიობა შენარჩუნდება. მაგრამ, აქვს მეორე – ცუდი მხარე, ქალები, რომლებიც გაზრდილი არიან მამაპაპურ სახლში, ძალიან განიცდიან მის დაკარგვას. მე ყოველთვის ვცდილობ, მედლის ორივე მხარე ვაჩვენო და ყველაფერი ისე მივიტანო მაყურებლამდე.
– რა აღმოჩნდა კორეელებისთვის გადამწყვეტი? როგორც თქვი, საკმაოდ რთულად გასცემენ გრანტს.
– ამ ფონდის თავმჯდომარე კანში გავიცანი, მან კარგად იცის ჩემ შესახებ. ამიტომ კორეაში ჩათვალეს, რომ მე თავისუფლეად შემიძლია ამ თემაზე ფილმის გაკეთება. ზოგადად, როცა ვინმეს ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებენ, ყოველთვის აკვირდებიან, როგორი რეჟისორია, აქამდე რა გაუკეთებია და რამდენად შეუძლია კონკრეტული პროექტისთვის თავის გართმევა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ბუნებრივია, რადგან თავისთავად რისკია, როცა განვითარების ეტაპზე ადამიანს მხარს უჭერ და ფულს აძლევ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეჟისორს, მის ბიოგრაფიას, გამოცდილებასა და იმდროინდელ აქტიურობას.
– წელს განსაკუთრებით აქტუალური იყო ტურისტების მოზიდვა საქართველოში და როგორც ვიცი, იყო რამდენიმე შემთხვევა, რომ ტურისტებმა ზუსტად იმიტომ გადაწყვიტეს საქართველოსა და სვანეთის მონახულება, რომ „დედე“ ჰქონდათ ნანახი.
– დიახ. სვანეთში დაახლოებით ერთი თვის წინ ვიყავი და „ვიზიტ ჯორიჯიას“ წარმომადგენელი შემხვდა. რომ გაიგო „დედეს“ რეჟისორი ვიყავი, მითხრა: დაახლოებით, ოცკაციანი ჯგუფი მახლავს, რომელიც ჰოლანდიიდან სვანეთის გასაცნობად „დედეს“ ნახვის შემდეგ ჩამოვიდაო. ეს არ იყო პირველი შემთხვევა. ბევრ ადამიანს უთქვამს მსგავსი რამ. შარშან უშგულში ვიყავი, ბარში ფილმის ჩვენება გვქონდა. ჩინელებს რომ გაუგიათ, „დედეს“ აჩვენებენო, შემოვიდნენ. იქ რომ დამინახეს და გაიგეს, ამ ფილმის რეჟისორი ვიყავი, ისტერიკაში ჩავარდნენ. ემოციებით მიყვებოდნენ, რომ შანხაიში, კინოფესტივალზე ნახეს ეს ფილმი და საქართველოში ამიტომ ჩამოვიდნენ. ფილმი რომ დასრულდა, ერთ-ერთმა უცხოელმა იკითხა, „დედე“ თუ არის უცხოეთში ნაჩვენებიო და ესენი გაგიჟდნენ, რას ჰქვია არის,  ჩვენ შანხაიში ვნახეთო. ჩინეთის დასავლეთ ავიახაზების ბორტზე არის შესაძლებელი ამ ფილმის ნახვა. ალბათ, იქაც ბევრი ნახულობს. მილიონობით ადამიანი მგზავრობს სხვადასხვა მიმართულებით. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა და უზომოდ მიხარია.
– ამ ყველაფრის მიუხედავად, როგორც შენი სოციალური ქსელიდან ჩანს, ძალიან უბრალო და უშუალო ცხოვრება გაქვს.
– ზამთარია თუ ზაფხული, როგორც კი საშუალება მეძლევა, სულ ვცდილობ, დრო სვანეთში გავატარო ჩემს ახლობლებთან. სადაც გავიზარდე, იქ თავს ბევრად უფრო კომფორტულად ვგრძნობ. ძალიან ჩვეულებრივი ცხოვრების წესი მაქვს, თუ არ ჩავთვლი იმას, რომ ხშირად მიწევს მოგზაურობა. თუმცა განვითარებისთვის ძალიან კარგია, რომ სხვადასხვა კულტურას ვეცნობი და საინტერესო ადამიანებს ვხვდები. ასევე,  ყოველთვის ვაქტიურობ, როცა საქმე ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას ეხება. უშგულში კოშკებისა და მაჩუბების უმრავლესობა საგანგაშო მდგომარეობაშია და ძალიან მწყდება გული, რომ შეიძლება, ისტორია, რომლითაც ვამაყობთ, ამ საუკუნეში განადგურდეს. იმედია, მათ გადარჩენას შევძლებთ და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია.
– ევროპაში დიდ დროს ატარებ, რამდენად ტრადიციული გოგო ხარ?
– არ ვამბობ, რომ ყველა ტრადიცია კარგი გვაქვს, მაგრამ ძალიან ვცდილობ, რაც კარგია, შევინარჩუნო. არანაირად არ ვეთანხმები გოგოსა და ბიჭის დაუკითხავად დანიშვნას, ძალით გათხოვებას და ამ ურთიერთობაში მშობლების ჩარევას. ზოგადად, რაც უფლებების შეზღუდვას ეხება, ყველაფრის სასტიკი წინააღმდეგი ვარ. ევროპაში ცხოვრება კი, პირიქით, ჩვენი ტრადიციებისა და კულტურის დაფასებაში დამეხმარა. მაგალითად, მომწონს და ვეთანხმები იმას, რომ ჩვენთან – უშგულში არასვანებზე და მით უმეტეს, უცხოელებზე მიწებს არ ყიდიან. ასე სოფელს ავთენტურობა უნარჩუნდება. სოფლის ხიბლი მარტო კოშკები და მთები არ არის, მთავარი იქ მცხოვრები ადამიანებია.
– შენთვის მიუღებელი ტრადიციები პირადად შეგხებია?
– კი, ეს მეც გამომიცდია. როცა დავქორწინდი, ოჯახიდან უსიამოვნება მქონდა, რადგან წინასწარ ყველასთვის არ მიკითხავს და ნებართვები არ ამიღია. ამას აპროტესტებდნენ, რაც ჩემთვის არ იყო სასიამოვნო. მე ვფიქრობ, თავისუფალი არჩევანი ყველას უნდა ჰქონდეს.
– მეუღლეც ჩართულია საქმიან ამბებში?
– ეს ახალი პროექტი მე და ჩემმა მეუღლემ  – თემო ჩხვიმიანმა  ერთად გავაკეთეთ, ჩვენი პირველი ერთობლივი ნამუშევარია. ყველანაირად მიდგას გვერდით და როცა ასეთი მძიმე სამუშაო გაქვს, ოჯახის წევრისგან ასეთი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. სულ მიბიძგებს, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთო და როგორც „ქმარი“ არასდროს იქცევა. დღემდე ვერ ვგრძნობ, რომ გათხოვილი ვარ და შებოჭილი, თავისუფლება არ დამიკარგავს.

скачать dle 11.3