№40 რატომ არ დატოვა ნიკა არაბიძემ „რუსთავი 2“ და რის გამო ხვდებოდა მას ცოლებისგან გვერდებში
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
ბოლო დროს, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, „კომედი ჯგუფის“ ერთმა ნაწილმა „რუსთავი 2“ დატოვა და ახალ არხზე დაიწყო მუშაობა, ნიკა არაბიძემ კი მშობლიურ არხს არ უღალატა და გუნდის დიდ ნაწილთან ერთად, ბევრ სიახლეს გვპირდება. სულ მალე „ვანოს შოუს“ „ნიკას შოუ“ ჩაანაცვლებს და იმედი აქვს, მაყურებელს ახალ ამპლუაშიც შეაყვარებს თავს.
ნიკა არაბიძე: 15 წელია, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2-ზე“ ვმუშაობ და ეს წლები, ნამდვილად არ არის ცოტა. ხალხმა „კომედი შოუდან“ გამიცნო და შემიყვარა. შეიძლება, ბანალურად ჟღერს, მაგრამ, ეს არხი და „კომედი შოუ“ ჩემი მეორე ოჯახია. სახლში არ ვატარებ იმდენ დროს, რამდენსაც სამსახურში. თითოეული გუნდის წევრი ჩემი ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელია და განურჩევლად მიყვარს. თამამად შემიძლია ვთქვა, ორი ოჯახი მაქვს, ორად ვარ გაყოფილი და ორივესთვის მაქსიმალურად ვიხარჯები.
– ბოლო დროს, არხზე განვითარებული მოვლენებისა და ხელმძღვანელობის შეცვლის გამო, „კომედი შოუ“ წამყვანმა და საყვარელმა მსახიობებმა დატოვეს. ისინი სხვა არხზე უკვე გამოჩნდნენ. როგორ იმოქმედა ამ პროცესებმა შენზე და არ გიფიქრია, მათთან ერთად წასვლა, ვის გვერდითაც 15 წელი იმუშავე?
– რასაკვირველია, ის პროცესები, რაც არხზე განვითარდა, საკმაოდ რთული გადასატანი იყო და ჩემზეც იმოქმედა. თუ ადამიანი არ გიყვარს და პატივს არ სცემ, მხოლოდ კოლეგიალობის გამო, ამდენი წელი მის გვერდით ვერ იქნები. ერთ სტუდიაში, ერთ ოთახში ვმუშაობდით და ჩემი მეგობრებისთვისაც მძიმედ გადასატანი პროცესი იყო ეს ყველაფერი. რაც შეეხება არხის დატოვებას, ბევრი ვიმსჯელეთ და ძირითადი შემადგენლობა დავრჩით. კარგი იქნებოდა, გუნდური გადაწყვეტილება მიგვეღო, მაგრამ რას ვიზამთ, ყველას თავისი აზრი და შეხედულება აქვს და არჩევანიც გააკეთეს. მინდა მათ წარმატება ვუსურვო, იმ საქმეში, რასაც ახალ არხზე აკეთებენ.
– იყო ბევრი ჭორი, დაიწერა პოსტები სოციალურ ქსელში, თუნდაც თქვენი ყოფილი ხელმძღვანელისა და თანაგუნდელების მიერ... რომ არ წახვედით, არ გაყევით, რაღაც-რაღაცებზე გაცვალეთ მეგობრობა, კოლეგიალობას მაღალი ანაზღაურება ამჯობინეთ და ასე შემდეგ. ამაზე რას მეტყვი?
– მწყინს რომ ამბობენ, თითქოს „რუსთავი 2“-ზე ფინანსური დაინტერესებისა და სხვა მიზეზის გამო დავრჩით. ეს სრული აბსურდია. კიდევ ვამბობ, ყველას ჩვენ-ჩვენი შეხედულება და აზრი გვაქვს და გადაწყვეტილებებსაც ინდივიდუალურად ვიღებთ. აქ კოლეგიალობა და მეგობრობა არაფერ შუაშია. არ ვიცი, ვის რა უთხრეს და რა შესთავაზეს, სხვებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ჩემთვის არავის არაფერი ზედმეტი არ შემოუთავაზებია. ვინც დავრჩით, ჩვენ – ჩვენს საქმეს ვაკეთებთ და ვერ ვიგებ, როცა ვიღაც-ვიღაცები ამბობენ, თქვენი ამ არხზე დარჩენა ღალატის ტოლფასიაო. ვის ვუღალატე ან რას? არ მესმის. ბევრი სკეპტიკურადაც გვიყურებდა, მაგრამ სულ მალე გავალთ ეთერში და მაყურებელი თავად ნახავს იმ პროდუქტს, რასაც ახლა ვქმნით და ენერგიას და ძალას არ ვზოგავთ.
– მართალია, რომ „კომედი შოუს“ სკეტჩებში იშვიათად გამოჩნდები, რადგან ძირითადად, ახალ შოუში იქნები დაკავებული, რომელსაც „ნიკა არაბიძის შოუ“ ჰქვია? რას ფიქრობ, მაყურებელი მიჩვეული იყო „ვანო ჯავახიშვილის შოუს“ და შენ როგორ მიგიღებს მსგავსი შოუს წამყვანად?
– „კომედი შოუში“ გამოვჩნდები, მაგრამ მართალი ხართ, იშვიათად, რადგან სულ მალე „ნიკა არაბიძის შოუ“ დაიწყება. ეს შოუ ცხელ პოლიტიკურ თემებზე აწყობილი მონოლოგით, სტუმრებით, მუსიკალური ნომრებითა და ათასი სიახლით იქნება დატვირთული. მაყურებელმა „კომედი შოუს“ სკეტჩებიდან და ჩემი პერსონაჟებიდან შემიყვარა და ვფიქრობ, ამ შოუს წამყვანადაც მიმიღებს და შემიყვარებს.
– ზოგი სიძე სიდედრს არ ენახება ხალათში და შენ მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიჭიმე შენი ახალი შოუს სატელევიზიო რეკლამაში...
– ტრუსიკითაც კი ვყავარ სკეტჩებში ნანახი მთელ საქართველოს და ხალათში „გაწკეპილი“ გაუკვირდებოდათ სიდედრებს ჩემი დანახვა? (იცინის). გითხარით „რუსთავი 2“ ჩემი მეორე სახლია-მეთქი და სიდედრების შიშით, ტრუსიკითა და ხალათით ვეღარ უნდა გავიარო ჩემს სახლში კაცმა? (იცინის).
– გასაგებია, ხალათით და ტრუსიკითაც გვინახიხარ, მაგრამ აი, შარვალ-პიჯაკში გამოწყობილი და ყელზე „ბაბოჩკით“, ნამდვილად პირველად გნახეთ. ასეთი აკადემიური თუ მოეწონები სიდედრებს?
– ასეთ ფორმაშიც ხომ უნდა მნახონ? დამასერიოზულა ამ გადაცემის ფორმატმა, თუმცა, მაინც იუმორისკენ მომიწევს გადახრა და ვხურმობ ხოლმე: შარვალ-კოსტიუმი და „ბაბოჩკა“ კი არა, აბჯარი რომ ჩამაცვათ და „კასკა“ ჩამომაცვათ თავზე, მაინც ვიხუმრებ-მეთქი (იცინის).
– ორი ცოლი რომ გაგექცა შოუდან, როგორ გადაიტანე და თუ აპირებ ახლის მოყვანას? გავიგე, თაკო აბაშიძეს უპირებ ქმრობას და როგორ გგონია, როგორ ცოლობას გაგიწევს? და, ყოფილ ცოლებთან როგორი ურთიერთობა გაქვს ახლა?
– დიახ, ერთდროულად ორი ცოლი „გამექცა“, მაგრამ ცოლების მეტი რა არის? ყოფილ ცოლებთან გადასარევი ურთიერობა მაქვს, მეგობრებად ვთვლი, მიუხედავად იმისა, რომ ამ წუთას ერთად აღარ ვართ. წარმატებები მათ ყველგან და ყოველთვის და ვინ იცის, იქნება ერთ დღესაც უკან დავიბრუნო ორივე ცოლი (იცინის). მიუხედავად იმისა, რომ „კომედი შოუში“ იშვიათად გამოვჩნდები, ქმრობისთვის მაინც სულ მზად ვარ და მთელი ჯგუფი ჩემი ახალი ცოლის ძებნაზეა გადართული (იცინის). რაც შეეხება თაკო აბაშიძეს, კი მომიხდება მეორენახევრად, მაგრამ არც ესაა ჩემს ყოფილ ცოლებზე ნაკლებად ჯანიანი და არც ამისგან ამცდება მოგვერდი, მაგრამ შეჩვეული ვარ ამასაც (იცინის). ისინი არ მაკლებდნენ და ახლა ახალმა ცოლმაც რომ დამიმატოს, ვეღარც გადავრჩები. შეჩვეული ვარ დაჩაგრული ქმრის როლში ყოფნას და მამალი, ვაჟკაცი ცოლების გვერდით დგომას, ამაში კი მიმართლებს. ქალი რომ წინააღმდეგობას მიწევს კი მომწონს, მაგრამ თავზე ვერავის დავისვამ და ამიტომაც მხვდებოდა იატაკის ჯოხი გვერდებში (იცინის). ახლა, ჭკუა ვისწავლე – აღარ მინდა მამალი ცოლი და კი გადავედი, ბატონო, ახალ სტუდიაში შარვალ-კოსტიუმში გამოწკეპილი.
– არსად ჩნდები ცოლთან და შვილთან ერთად და ფაქტობრივად, არავინ იცის ვინ არის შენი რეალური მეორე ნახევარი. როგორი ქმარი ხარ მისთვის?
– თავად არ უყვარს გამოჩენა. რაც შეეხება, როგორი მეორე ნახევარი ვარ მისთვის, სულ მსაყვედურობს: ადრე გადიხარ და სახლში გვიან მოდიხარ, საქმეს რომ გადაყევი, გვენატრები ცოლ-შვილსო. რა ვქნა, მიყვარს ჩემი საქმე და ბევრ დროსაც მოითხოვს. სამაგიეროდ, პანაშვიდზე რომ მივდივარ, მიცვალებულიც კი მიღიმის, უხარია ჩემი დანახვა, ეს ვინ მოსულაო (იცინის).