№40 „საქართველოს ბანკი“ სოციალური მეწარმეობის რიგით მეექვსე კონკურსს დააფინანსებს
ნინო კანდელაკი სოფი ლორია
„საქართველოს ბანკის“ პროექტი – შშმ პირების დასაქმებისთვის
„საქართველოს ბანკი“ ხშირად ახორციელებს სოციალურ პროექტებს და ხელს უწყობს როგორც ინდივიდუალურ მეწარმეებს, ასევე მსხვილ საწარმოებს, განავითარონ საკუთარი ბიზნესი. ყველასთვის ცნობილია, რომ ბანკი მუდმივად ცდილობს შშმ პირების დახმარებას, წახალისებასა და მათ ჩართულობას საზოგადოებრივ აქტივობებში. ამ კუთხით მან ბევრი პროექტი განახორციელა და სამომავლოდაც აპირებს მუშაობის გაგრძელებას. ამჯერად „საქართველოს ბანკმა“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სოციალური საწარმოს პროექტების განხორციელებისთვის, რიგით მეექვსე კონკურსის დაფინანსებაზე განაცხადა.
საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოში სოციალური საკითხების მოგვარებას, შშმ პირების დასაქმებას. ეს მიზანი კი წარმატებული სოციალური საწარმოების შექმნისა და მეწარმეობის განვითარების გზით მიიღწევა. საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება სოციალური საწარმოს ის პროექტი, რომელსაც ორმაგი მიზანი ექნება – ეს არის ეკონომიკური და სოციალური. კონკურსში გამარჯვების მოსაპოვებლად პროექტის ეკონომიკური მიზანი უნდა იყოს უფრო მნიშვნელოვნის – სოციალური კეთილდღეობის მიღწევა.
„საქართველოს ბანკი“ 2017 წლიდან ახორციელებს სოციალური საწარმოების დაფინანსებას, ამ დრომდე, ჯამში, 14 სოციალური საწარმოა შექმნილი, რომლებზეც ბანკმა 650 000 ლარამდე მოცულობის თანხა გასცა. თითოეული საწარმოს შექმნა 50 000 ლარით ფინანსდება.
11 სოციალური საწარმო უკვე სრულყოფილად ფუნქციონირებს, ხოლო 2019 წლის ბოლომდე დამატებით 4 ახალი სოციალური საწარმო გაიხსნება.
საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით განაცხადების მიღება 25 სექტემბერს დაიწყო და 25 ნოემბერს 18.00 საათზე დასრულდება. დაინტერესებული პირებისთვის გაიმართება ღია კარის დღეები და ინდივიდუალური შეხვედრები.
განაცხადის შევსება შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ ფონდ „სიცოცხლის ხის“ ვებგვერდზე www.tree.ge დაინტერესებულ პირებს დაკავშირება შეუძლიათ შემდეგ ელფოსტაზე: www.grants@tree.ge და ტელეფონის ნომერზე: 2444493.
არჩილ გაჩეჩილაძე („საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი): თავდაპირველად მინდა აღვნიშნო, რომ „საქართველოს ბანკს“ სოციალური კუთხით არაერთი პროექტი განუხორციელებია და ეს არ არის პირველი და ბოლო. ამ ეტაპზე სოციალური რიგის მეექვსე კონკურსს დავაფინანსებთ. საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოში სოციალური საკითხების მოგვარებასა და შშმ პირების დასაქმებას. განსაკუთრებული ფოკუსი სწორედ შშმ პირების დასაქმებასა და წახალისებაზე გავაკეთეთ. ჩვენ ამ მიმართულებით სხვადასხვა საქმიანობას ვეწევით, მათ შორის, პარაოლიმპიადის დაფინანსებაც დავიწყეთ, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არავისთვის უნდა იყოს დამაბრკოლებელი, მით უმეტეს, როცა შეგიძლია, სხვადასხვა აქტივობებში იყო ჩართული.
– რა ტიპის პროექტს მიანიჭებთ უპირატესობას, სავალდებულოა თუ არა, კონკურსში მონაწილეებს ჰქონდეთ გარკვეული გამოცდილება?
– ჩვენი მიდგომა და რწმენა არის ის, რომ გარკვეული სოციალური პასუხისმგებლობა ნებისმიერ კომპანიას ეკისრება, მაგრამ გვინდა დავაფინანსოთ ისეთი ტიპის მწარმოებლები, რომლებსაც ჩვენი გადასახედიდან, აქვთ დიდი და დადებითი გავლენა იმ გარემოზე, სადაც ისინი ფუნქციონირებენ. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს იყოს ერთჯერადი გრანტი. ჩვენი სურვილია, დავინახოთ ის, რომ საწარმო რეალურად ასაქმებს და ისეთ გავლენას ახდენს გარემოზე, რომ სოციალურად განვითარებადი ხდება. ეს შეიძლება, იყოს შშმ პირების წახალისება. მოგეხსენებათ, რომ მათი დასაქმების შანსები გაცილებით ნაკლებია და შესაბამისად, გვინდა, რომ ეს ამ ხალხისთვის წამახალისებელი იყოს. ახალდაწყებულ ბიზნესზე არ არის შეზღუდვა, მაგრამ ჩვენ არ გვინდა, რომ ეს გრანტი გაქრეს, ანუ მდგრადობა უმნიშვნელოვანესია.
– პროცედურულად როგორ ხდება – როდესაც ბევრი განაცხადია, რის მიხედვით შეირჩევა კონკურსანტი და რას აქცევთ ყურადღებას. აქცენტი უფრო რეგიონებზეა თუ თბილისზე?
– მინდა, აღვნიშნო, რომ რეგიონებს ვანიჭებთ უპირატესობას, რადგან ეკონომიკური განვითარების კუთხით თბილისი უფრო წინ არის, ვიდრე რეგიონები. ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესგეგმა და იდეა, რითაც კონკურსანტმა საკუთარი ისტორიის აღწერითა და გამოცდილებით უნდა დაგვარწმუნოს, რომ ამის გაკეთება შეუძლია. ანუ ბიზნესგეგმა უნდა იყოს დამაჯერებელი. ყველა კონკურსანტს ვუსურვებთ წარმატებას და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენას.