№40 რომელი ასაკიდან სჭირდება კანს დამატენიანებელი საშუალებები
ნინო კანდელაკი ანი რევია
კანის სიმშრალის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ასაკია – წლების მატებასთან ერთად კანი თხელი და უფრო მშრალი ხდება. უკვე 40 წლიდან ბევრ ადამიანს ყოველდღიურად სჭირდება კანის დამატენიანებელი კრემის გამოყენება. კანს, ასევე, აშრობს მშრალი კლიმატი. კანის დაავადებები – ატოპიური დერმატიტი ან ფსორიაზი, ნებისმიერი ასაკის ადამიანებში იწვევს მშრალი კანის განვითარებას. იმ ადამიანების კანი, რომელთაც ხშირი შეხება აქვთ წყალთან, გაზქურასთან ან დახურულ სივრცეში მუშაობენ, დროთა განმავლობაში ხდება გამომშრალი, მგრძნობიარე და დახეთქილი. ცურვის მოყვარულებმა კი უნდა იცოდნენ, რომ კანის სიმშრალეს აუზში ქლორის მაღალი დონეც იწვევს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ რეგულარულად ცხელი შხაპის მიღება სხეულს ბუნებრივ ბარიერს აცლის. სწორედ ეს ბარიერი ეხმარება კანს წყლის შეკავებაში, უზრუნველყოფს კანის სიგლუვესა და ტენიანობას. ასე რომ, შეამცირეთ ტემპერატურა და არ გაჩერდეთ დიდი ხნის განმავლობაში შხაპის ქვეშ. ასევე, მნიშვნელოვანია აბაზანის მიღების ხანგრძლივობის გათვალისწინებაც – თუ კანის სიმშრალისკენ ხართ მიდრეკილი, დაბანის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.
ზოგადად, კანის მოვლა იწყება კანის დაბანით. თუ გაქვთ მშრალი კანი, მოერიდეთ ჩვეულებრივ საპნებსა და უხეშ საწმენდ საშუალებებს. საპნის საშუალო PH დონე არის 9-დან 10-მდე. კანის ნორმალური PH დონე კი 4-დან 5-მდე მერყეობს. ამ განსხვავებების გამო საპონს შეუძლია, თქვენი კანის PH დონე გაზარდოს არასასურველ ზღვრამდე და გამოიწვიოს ან გააღრმაოს კანის სიმშრალე. ამიტომ, უმჯობესი იქნება, თუ არ გამოიყენებთ ჩვეულებრივ საპონს, რადგან ის, როგორც წესი, შეიცავს ნატრიუმის ლაურილსულფატს, ეს ქიმიური ნივთიერება კი ქმნის საპნის ქაფს და აღიზინებს კანს. მშრალი კანის შემთხვევაში, ასევე, არ არის რეკომენდებული ანტიბაქტერიული საპნის გამოყენება, რადგან ის ხელს უწყობს კანის გამოშრობას. შეაჩერეთ არჩევანი ჰიპოალერგიულ, არომატისგან და ქიმიური დანამატებისგან თავისუფალ საშუალებებზე. სასურველია, შეიცავდეს ცერამიდებს. ცერამიდები არის ცხიმოვანი მოლეკულები, რომლებიც ქმნიან კანის გარე ბარიერს. ისინი ეხმარება კანს ტენიანობის შენარჩუნებაში.
მშრალი კანი შესაძლოა, გაპარსვამაც გააღიზიანოს. პარსვის დროს, არასასურველ თმასთან ერთად, კანს ბუნებრივ ცხიმსაც აცლით. გაპარსვისთვის საუკეთესო დროა შხაპის შემდგომი პერიოდი. თმა უფრო რბილი და დამყოლია. ყოველთვის გამოიყენეთ საპარსი კრემი ან გელი, გაიპარსეთ თმის ზრდის მიმართულებით, რათა თავიდან აიცილოთ კანის დაზიანება.
კანის სიმშრალე წყლის შეკავების დარღვევასთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, კანის ბარიერული შრე დარღვეულია და მზის ულტრაიისფერი სხივები განსაკუთრებით მავნედ მოქმედებენ მასზე, იწვევენ ნაადრევ დაბერებას და ნაოჭების განვითარებას. ამიტომ, სასურველია მშრალი კანის მქონე ადამიანებმა მუდმივად გამოიყენონ მზის დამცავი კრემები.
რაც შეეხება დამატენიანებელი კრემის შერჩევას, მის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს ცერამიდები, სტეარინის მჟავა, გლიცერინი. კრემი დაიტანეთ აბაზანის შემდგომ ოდნავ სველ კანზე, რათა შეინარჩუნოს ტენიანობა.
შეგიძლიათ, სახლის პირობებში თავადაც მოამზადოთ ისეთი ნატურალური და სასარგებლო ნიღბები, დამატენიანებელი საშუალებები, რომლებიც საუკეთესოდ დაიცავს სახის კანს გამოშრობისა და გაუხეშებისგან:
* შეურიეთ 3 წილი ზეითუნის ზეთი 1 წილ აბუსალათინის ზეთს. დაიტანეთ ყოველ საღამოს სახეზე. ჩაიტარეთ ეს პროცედურა, სანამ თქვენი კანი სათანადოდ გლუვი და ხავერდოვანი არ გახდება.
* გარდა კანის ტენიანობისა, სიმინდის ფქვილის ნიღბები საუკეთესოა ნაოჭებისთვისაც. ნიღბის გასაკეთებლად ერთ სუფრის კოვზ ფქვილს დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი თაფლი და იმდენი რძე, რომ სქელი მასა მიიღოთ. წაისვით ნიღაბი და გაიჩერეთ 15 წუთით. ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით.
* წაისვით თაფლი სუფთა კანზე, გაიჩერეთ 10 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
* კანის მოვლის საუკეთესო საშუალება კვერცხის ნიღაბია: შეურიეთ ერთი კვერცხის გული ერთ სუფრის კოვზ ფორთოხლის წვენს, დაუმატეთ თითო სუფრის კოვზი აბუსალათინისა და ზეითუნის ზეთი, ცოტა ვარდის წყალი, სავსე კოვზი თაფლი და ახლად გამოწურული ლაიმის წვენი. აურიეთ და დაიდეთ სახეზე ყოველ დილით, შხაპის მიღებამდე.
* მწიფე ავოკადოს პიურეს დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი იოგურტი და ნახევარი სუფრის კოვზი თაფლი. მიღებული მასა დაიტანეთ მთლიან სახეზე და გაიჩერეთ რამდენიმე წუთით, სანამ არ შეგაშრებათ. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
* 5-5 სუფრის კოვზი კაკაო და თაფლი, 2-2 სუფრის კოვზი სიმინდის ფქვილი და ავოკადოს პიურე აურიეთ ერთმანეთში და მიღებული მასა გაიჩერეთ სახეზე 30 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი.