№40 რას უნდა მიაქციოთ ყურადღება კონკრეტულ მთვარის ფაზაში
თუ გეცოდინებათ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება კონკრეტულ დღეს, რა გააკეთოთ თამამად და რას მოერიდოთ, ადვილად გაართმევთ თავს ნებისმიერ საქმეს და წარმატებასაც იოლად მიაღწევთ.
ორშაბათი – კარგი დროა ყველა იმ საქმის გასაკეთებლად, რაც წყალს უკავშირდება. ასევე, შეგიძლიათ, მოინახულოთ ახლო ნათესავები და დაიტვირთოთ მათგან დადებითი ემოციებითა და ენერგეტიკით. შესაძლოა, ორშაბათს განმარტოებამ ცუდი შედეგი გამოიღოს – სევდა შემოგაწვეთ და ტირილამდე მიხვიდეთ. განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ ბავშვების მიმართ. არავითარ შემთხვევაში არ ეჩხუბოთ, ნუ იქნებით მათ მიმართ რადიკალურად მკაცრი. ამ დღეს, ნერვიულობა კატეგორიულად იკრძალება.
სამშაბათი – იგრძნობა ძალის მოზღვავება. ამ დღეს სწრაფად გაუმკლავდებით იმ საქმეს, რომელსაც აქამდე ხელს ვერ ჰკიდებდით. სამშაბათს გეკრძალებათ სიზარმაცე. ამ დღეს საყვარელ ადამიანს ადვილად აიყოლიებთ ტკბილი სიტყვით და თქვენ სასარგებლოდ მომართავთ. თუ ბავშვისთვის შენიშვნის მიცემა გსურთ, ამისთვის სამშაბათი საუკეთესო დროა, ოღონდ, ეცადეთ, ზედმეტი არ მოგივიდეთ. ამ დღეს იმატებს გაღიზიანება და, ამიტომ, უმჯობესია, თუ საღამოს საათებს ვარჯიშს ან სუფთა ჰაერზე სეირნობას მოახმართ.
ოთხშაბათი – საუკეთესოა ურთიერთობებისა და მეგობრებთან შეხვედრებისთვის. ამ დღეს, ახლობლებთან და მეგობრებთან „წაჭორავება“ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ყურადღებით იყავით. ნუ დაუჯერებთ დაპირებებს, რადგან დიდი შანსია, მოტყუვდეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაარიგოთ ბავშვს ჭკუა, რადგან ის ამას ვერ შეისმენს, გაღიზიანდება და პროტესტს აგრესიით გამოხატავს. ეს დღე საუკეთესოა ოჯახის წევრებთან ერთად დროის გასატარებლად.
ხუთშაბათი – კარგი დროა მაღალ საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის. არ გირჩევთ მაღაზიებში საყიდლებზე სიარულს. სასურველია, ბავშვებთან სერიოზულ თემებზე ისაუბროთ. კარგი იქნება თუ სამომავლო გეგმებს მათთან ერთად დასახავთ. საყვარელი ადამიანი კი მეტად გულახდილი იქნება. საერთოდ, ეცადეთ, ამ დღეს ნაკლები იფიქროთ საყოფაცხოვრებო პრობლემებზე. გეკრძალებათ კამათიც, რადგან ის სერიოზულ სახეს მიიღებს და მომავალში დიდ ჩხუბსა და უთანხმოებაში გადაიზრდება. მაღალია წონაში მომატების ალბათობა, ამიტომ, აკონტროლეთ კვება.
პარასკევი – სიყვარულის დღეა. ეცადეთ, სახლში შექმნათ სასიამოვნო გარემო. თუ საქმის კეთება გეზარებათ, სიზარმაცე გეპატიებათ. ეს დღე ყველაზე კარგია იმიჯის შესაცვლელად და რაიმე ახლის საყიდლად. შეგიძლიათ, დაივიწყოთ ზედმეტი კალორიები და ჭამოთ ის, რაც გსიამოვნებთ. ნუ დაიტვირთებით საქმით და ნუ დაისახავთ დიდ გეგმებს. ეს დღე საუკეთესოა ურთიერთობების გასარკვევად და სიყვარულის ასახსნელად.
შაბათი – ზღუდავს ჩვენს სურვილებს და აბრკოლებს მათ ახდენას. ამ დღეს მოერიდეთ გრძნობების აფიშირებასა და ზედმეტ საუბარს. ადვილად დაამარცხებთ მავნე ჩვევებს. კარგია სახლის დალაგება და რაიმეს ყიდვა. ასევე, სასიკეთოდ იმოქმედებს განმარტოება. სასურველია მომავლის დაგეგმვა და ახალი მიზნების დასახვა.
კვირა – არ დაიტვირთოთ სახლის საქმეებით. უკეთესი იქნება, თუ ამ დღეს ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად გაატარებთ. შეგიძლიათ, თავს უფლება მისცეთ, გაერთოთ და დახარჯოთ ფული, თქვენთვის სასურველი ნივთების შესაძენად.
ასევე, ბევრი ადამიანი უჩივის თვის გარკვეულ დღეებში სისუსტეს, გაღიზიანებას, მგრძნობელობის მომატებას და ვერ ხსნის მიზეზებს. ადამიანის განწყობაზე დიდ გავლენას ახდენს მთვარის ფაზები. თავი რომ დააღწიოთ ნერვიულობას, გაღიზიანებასა და მშფოთვარე ძილს, უნდა შეასრულოთ მარტივი და აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები:
* თუ სავსე მთვარეა, საძინებელი ოთახი კარგად დააბნელეთ, რადგან, შესაძლოა, მთვარის ნათებიდან წამოსული ენერგია ძილთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზად იქცეს. მწარე და ცხარე კერძების ნაცვლად, ვახშამზე მსუბუქად დანაყრდით. კარგია, თუ ასტროლოგიურად რთულ დღეებში აბაზანას ხშირად მიიღებთ, რადგან ის ადვილად მოგიხსნით სტრესს. სავსე მთვარის დღეებში დამზადებული ზამთრის პროდუქტის მარაგი მალევე იწყებს გაფუჭებას. გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს არც მოსავლის აღება-დაბინავებაა მიზანშეწონილი, ადამიანის ჯანმრთელობაც შესუსტებულია. უმჯობესია, ეს პერიოდი სახლში გაატაროთ და დაისვენოთ.
* მთვარის შევსებამდე ერთი დღით ადრე და შევსების მეორე დღეს, ადამიანის ორგანიზმში აქტიურად მიმდინარეობს ცხიმების დაგროვება. ამას თავიდან აიცილებთ, თუ მთვარის შევსების წინ ხილით მოიწყობთ განტვირთვის დღეს, ტკბილეულს კი მოერიდებით. ამ დღეებში ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას.
* ახალ მთავრეზე, იმატებს გაღიზიანება, მგრძნობელობა და კონფლიქტისადმი მიდრეკილება. ნუ გამოხატავთ აგრესიას. ეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე. ერიდეთ მგზავრობას და ბევრ ხალხთან კონტაქტს. ენერგია საყვარელი საქმის კეთებაში დახარჯეთ.